27 აპრილი, შაბათი, 2024

ორი რუსის სახე „მგზავრის წერილებში“

spot_img

მეცხრამეტე საუკუნე ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი მოვლენით დაიწყო, ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა. 1801 წლის მანიფესტით ქართლ-კახეთში მეფობა გაუქმდა და იგი გამოცხადდა რუსეთის გუბერნიად.

დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საზოგადოება ორად გაიყო: ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ რუსეთი შექმნილ სიტუაციაში საქართველოს ერთადერთი მხსნელი იყო. მეორე ნაწილი კი თვლიდა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ზუსტად ისეთივე დამპყრობელი ქვეყანა იყო, როგორიც სხვანი და უნდა ებრძოლათ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. საზოგადოების ორად გაყოფამ ქვეყანაში შექმნა ეროვნული უიმედობის განცდა. თითქოს საქართველო ვერასოდეს შეძლებდა რუსეთისგან დამოუკიდებლად არსებობას და თუ რუსეთი იქნებოდა ძლიერი, ძლიერი იქნებოდა საქართველოც.

საბრძოლო სულისკვეთება საქართველოში ჩამკვდარი იყო მანამ, სანამ ასპარეზზე არ გამოჩნდა 1850-60-ანი წლების ქართველ საზოგადო მოღვაწეთა თაობა. ამ თაობის წარმომადგენელი იყო ილია ჭავჭავაძე.

ილია კარგად ხედავდა იმდროინდელი საქართველოს მორჩილ  დამოკიდებულებას რუსეთისადმი. დიდი მამულიშვილი ცდილობდა  გამოეფხიზლებინა ჩვენი ქვეყანა და ეჩვენებინა რეალური სახე იმ „მფარველი ანგელოზისა“, რომელსაც  ერი ეთაყვანებოდა.  გამოფხიზლების გზად ილიამ კალამი აირჩია და „მგზავრის წერილებში“ ნათლად წარმოგვიჩინა რუსეთის სახეს. ამავე ნაწარმოებით ის ქართველ ერს საყვედურობს და საქართველოს ალეგორიულ სახედ კი თერგს წარმოგვიჩენს. იგი ამბობს: „ეჰ, ჩემო თერგო, რა ორპირი ყოფილხარ, სადაც მისულხარ იქაური ქუდი დაგიხურავს.“

იამშჩიკისა და პოდპორუჩიკის პერსონაჟებით გვეუბნება – აი, ვის ჰმონებს ქართველი ერი, აი, ვის გამო გვაქვს დაკარგული ძალა და თავისუფლების ჟინი,  აი, რუსეთის ნამდვილი სახე.

ნაწარმოების პირველსავე აბზაცში ვკითხულობთ: „დილის ექვსი საათი შესრულდა თუ არა, იმ სასტუმროს წინ, რომელიშიაც მე წინა ღამეს ჩამოვხტი, რუსის პირდაუბანელმა და თავდაუვარცხნელმა „იამშჩიკმა“ ფოშტის პოვოსკა მოაყენა. ეს იყო ვლადიკავკასში. საკვირველია! რუსის მხატვრების სურათებზედ რა ლამაზად არის ხოლმე გამოყვანილი ამ სქელკისერა „იამშჩიკის“ ბრიყვი სახე, იმისი ოყრაყული სანახაობა, იმისი მიდუნ-მოდუნებული ზლაზვნა, უადამიანო და პირუტყვული მიხვრა-მოხვრა.“

იამშჩიკი მოცემულ მონაკვეთშივე გვიჩვენებს უკულტურო, ბრიყვი, უშნო, უადამიანო რუსეთის სახეს. ავტორი აშკარად გაკვირვებულია იმ რუსი ხელოვანებით, ვისთვისაც იამშჩიკი  პატრიოტია, რადგან მისი რეალური სახე ადამიანებში იწვევს მხოლოდ აპათიას და არანაირ დადებით ემოციას.

იამშჩიკი და ეტლი, რომელსაც იგი მართავს, სწორედ რომ  ეკონომიკურად დაკნინებული, უკულტურო, უბადრუკი სახელმწიფოს სახე-სიმბოლოა, რომელიც  ჩვენს ქვეყანას დაჰპატრონებია.

ცოტა მოგვიანებით, ნაწარმოების მესამე თავში, ილია კვლავ წარმოგვიჩენს რუსეთის მიზნებს საქართველოსადმი და მის რეალურ ჩამორჩენილ შეხედულებებს განათლებასა და განვითარებაზე.

პოდპორუჩიკი, რომელსაც ილია ირონიულად მეცნიერ-აფიცერს უწოდებს, რუსული „ცივილიზაციის“ უბადლო ნიმუშია. მისსავე აღწერაში ჩანს ისიც, რომ პოდპორუჩიკი ახლო ურთიერთობაშია სასმელთან – ტიპური რუსია მედიდური იერით და განათლებაზე საკუთარი  მდაბიო შეხედულებებით.  იგი გუშაგივით დგას დარიალის ხეობასთან და „დარაჯობს“ ქართველ ერს არა იმიტო, რომ დაიცვას იგი, არამედ იმიტომ, რომ არსად გაექცეს, თავისუფლება არ მოიპოვოს. ის უკეტავს ქართველებს დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზას. ის არის რუსული ჯარის სახე.  პოდპორუჩიკი საქართველოს უწოდებს უდაბურსა და ვერანას, ილია კი პატარძალსავით მორთულს. მამულიშვილისთვის მისი ქვეყანა მორთული და მოკაზმულია, რუსეთისთვის უპერსპექტივო და განუვითარებელი.

ამ ორი პერსონაჟის, იამშჩიკისა და პოდპორუჩიკის სახით ილიამ წარმოგვიჩინა მეცხრამეტე საუკუნის რუსეთი, მკაფიოდ დახატა საქართველოს სავალალო მდგომარეობა – სრულიად სახეცვლილი ქართველი ერი, რომელმაც იამშჩიკისა და პოდპორუჩიკისნაირების მმართველობის ქვეშ ცხოვრება არჩია თავისუფლებას.

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნუციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის, XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები