27 აპრილი, შაბათი, 2024

ირონია ილიას შემოქმედებაში

spot_img

ილია ჭავჭავაძე იყო XlX ს-ის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი, იგი იყო ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი ქართველი ერისა და ქართველთა ნათელი სამომავლო გეზის დამსახველი.  მის შემოქმედებაში ირონია ქცეულია ქართველი ხალხის გამოსაფხიზლებელ მთავარ მოტივად. იგი არის   ერთადერთი ადამიანი ქართველთა შორის, რომელსაც ერმა „ერის მამა“ უწოდა, ხოლო ეკლესიამ წმინდა ილია მართლად შერაცხა.

ილია იყო ადამიანი, რომელსაც სწორედაც რომ კარგად ჰქონდა ეს ყველაფერი გააზრებული და ამბობდა:

„მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,

მიწიერი ზეციერსა

ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,

რომ წარვუძღვე წინა ერსა“.

ილია იყო ის, ვინც ეძებდა ადამიანს, რომელიც ჩაუდგებოდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში. სწორედ ამიტომ ჩადგა ბაზალეთის ტბაში აკვანი, რომელშიც მწოლიარე ყმა მისთვის იმედის ნაპერწკალი იყო. მანამდე კი ამბობს, რომ „ამდენ ხალხში კაცი არ არის, რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარო“.

მან ქართველთა ერის გამოსაფხიზლებლად დაიწყო  მანკიერებათა მხილება. თუმცა ისიც კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ ამისთვის გაკიცხავდნენ კიდეც: „ჩემზე ამბობენ: ის ქართლისა სიავეს ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია?! მაგრამ აქვე ამბობდა: „ბრიყვნი ამბობენ კარგი გული კი მაშინვე სცნობს ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია“.

ილიასთვის უმთავრესი მოვალეობა თავის ერზე, ხალხზე ზრუნვა იყო და მას არ ადარდებდა, თუ რას იტყოდნენ „ბრიყვნი“. ამასვე აცხადებს იგი ნაწარმოების „კაცია-ადამიანი?!“ დასაწყისშივე: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“.

ილიას ეს ნაწარმოები ერთ-ერთი გამორჩეულია მის შემოქმედებაში, სადაც ყველაზე მძაფრად ჩანს ირონია. მან ლუარსაბში განაზოგადა ქართველი კაცის სიზარმაცე, შური, უმოქმედობა და ყველა ის მანკიერებანი, რაც შეიძლება დაენახა ერში. ლუარსაბის პერსონაჟის დახატვით, მისდამი მძაფრი ირონიით ავტორი ახსენებს საზოგადოებას როგორ არ უნდა იცხოვრონ. ნაწარმოების ბოლოს მიმართავს მკითხველს: „ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას შენი გაჯავრება უნდა. ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოს, რამოდენადაც შეძლება აქვს შენი ცუდი, შენი ავი რომ იცოდე , რა გაისწორო. მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე თუგინდა მთქმელი ვიქები. დააკვირდი, იქნებ გეცნოს რამე. ესეც იცოდე: მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგო ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე“.

მეც მოყვარესავით გექცევი – სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?!.

ამ ნაწარმოებით ავტორი აღნიშნავს, რომ „თათქარიძეობა“ საერთო ქართული მანკიერებაა.

ხაზი, რომელიც ქართველთა გამოფხიზლებისკენ იყო მიმართული, ილიას მთელს შემოქმედებას გასდევს „ოხ ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება“, ლექსშიც „ელეგია“ ხომ სწორედ  ქართველი ერის უმოქმედობა სტანჯავს პოეტს.

ილიას ერთ-ერთი გამორჩეული ლექსი, „ბედნიერი ერი“, რომლის სათაურშივე აშკარაა ავტორის დამოკიდებულება და ირონია. პირდაპირი მხილებაა თათქარიძეებისა, ეს ლექსი ზუსტად გადმოსცემს ამ პერიოდის საზოგადოების მანკიერებებს.  მწერალი მწარედ და ცინიზმით ახასიათებს იმდროინდელ „ბედნიერ ერს“. ამ ლექსის თითეული სიტყვა „ლუარსაბებთან“ არის დაკავშირებული, სწორედ მისნაირებისთვისაა დამახასიათებელი: სიზარმაცე, უსაქმურობა, გულგრილობა, სიბრიყვე, უსწავლელობა, ტყუილი, ტრაბახი და რომელი ერთი…

ლექსით „ბედნიერი ერი“ სწორედაც ქართველების უდიდეს უბედურებას აღწერს, განა შეიძლება ამაზე უარესი სიტყვებით შემკობა: „თავდახრილი“, „თვალაბმული”, „ყველა ყრუი“, „ყველა ცრუი“, „არ რის მქონე“, „არ რის მცოდნე“, „უზრუნველი და მშიერი“.

მაშასადამე, ირონიით, მანკიერი მხარეების გამოკვეთით და გაკიცხვით ცდილობდა ილია ჭავჭავაძე ქართველების გამოფხიზლებასა და მათში ეროვნული სულისკვეთების გაღვიძებას.  მას სურდა დაენახებინა საზოგადოებისთვის, რომ დროის შესაფერისად მოქცეულიყვნენ, იარაღი თაროზე შემოედოთ, მტერს კი ცოდნითა და შრომით გამკლავებოდნენ.

ვახტანგ მირზიკაშვილი – ყვარლის N2 საჯარო სკოლის Xl ა კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები