27 აპრილი, შაბათი, 2024

„მგზავრის წერილები“ (ანალიზი )

spot_img

ილია ჭავჭავაძე XIX საუკუნის ქართული რეალიზმის წარმომადგენელია. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მწერლის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს ,,მგზავრის წერილები“.

პეტერბურგიდან დაბრუნებულ ილია ჭავჭავაძეს ვლადიკავკასში ხვდება რუსი მეეტლე თავისი საფოსტო ეტლით. მწერალი რუსს ამკობს სხვადასხვა ეპითეტით. იგი ამბობს, რომ მას  ბრიყვული სახე, ოყრაყული, უადამიანო და პირუტყვული მიხვრა-მოხვრა აქვს. ასეთი დახასიათებით ილია გვიხატავს ტიპურ რუსეთს. აქედან გამომდინარე, რუსეთის სახეა მეეტლე, ხოლო თვით ეტლი კი – იმპერიისა.

შემოქმედი სამშობლოში დაბრუნების წინ ემშვიდობება ფრანგ მგზავრს, რომელიც ინტერესდება ეტლით, რომლითაც ილიას  უნდა  ემგზავრა. ფრანგი გვევლინება, როგორც განვითარებული და მოწესრიგებული ევროპის სახე-სიმბოლო.  ევროპელი ამბობს: „მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულ-მუცელი“. მისი ამგვარი დამოკიდებულება რუსეთისადმი მიგვანიშნებს, რომ იგი არის ჩამორჩენილი და დრომოჭმული იმპერია. იგივეს ამტკიცებს მეეტლის და რუსი ოფიცრის  ქცევის კულტურა. ისინი გამოირჩევიან: ქედმაღლობით, „სიბრძნეების გადმოფრქვევით“, ქართული განათლების და ზოგადად უძველესი კულტურის  დამცირებით. „პეტერბურგი!.. არა ჰგავს თქვენ წიტიან ქალაქსა. აბა რა ქალაქია თქვენი ქალაქი?“

როცა ილია თერგს მიუახლოვდა, მდინარის ხიდი ისე გაიარა თვალი არ გაუხელია, რადგან იცოდა, რომ თერგდალეულობა ქართველ კაცს ზედმეტად ,,ეჭაშნიკება“. თუნდაც იმის გამო, რომ უბრალოდ თერგდალეულები არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ილია თერგზე საუბრისას იმოწმებს გრიგოლ ორბელიანის სიტყვებს. აქ ჩანს,  მას აქვს ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული ამ დამსახურებული პოეტის მიმართ. ჭავჭავაძე სადგურში მისვლის შემდგომ შედის ოთახში და ჩაის გამზადებას ელოდება. იგი წერს: ,,ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვვეყანა არ მენახა“. მისთვის ეს ოთხი წელიწადი თითქმის მთელი საუკუნე იყო.  სამშობლოში დაბრუნებისას უამრავი კითხვა უჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეეჩვევა თავის ქვეყანას? რას ეტყვის მას? შეძლებს რომ დაცემული ააყენოს და მტირალს ცრემლი მოსწმინდოს? თუმცა, ილია ფიქრობს, რომ სამშობლო მიიღებს, შეიყვარებს და ერთმანეთს გაუგებენ.

ამრიგად,  შემოქმედი ამ ნაწარმოების საშუალებით ცდილობს, რომ ქართველ ხალხს დაანახოს რუსეთის რეალური სახე. ის ეძებს გზებს, რომ რუსეთიდან დაბრუნებულმა, ნანახი გამოცდილება და განცდილი გაუზიაროს სრულიად საქართველოს. ილია ჭეშმარიტი მამულიშილია და მის უმთავრეს სადარდებელსა და საფიქრებელს სამშობლო წარმოადგენს.

ანი ჩიტაური სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ზარიძეების საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები