27 აპრილი, შაბათი, 2024

„ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვის „შეშლილის“ თარგმანზედა“

spot_img

XIX საუკუნის 60-იან წლებში  საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ასპარეზზე ჩნდება, თავისუფლებისა და თვითგანვითარების იდეით გამსჭვალული ახალგაზრდა  ილია ჭავჭავაძე. 1861 წელს, ჟურნალ „ცისკრის“ მეოთხე ნომერში, დაიბეჭდა პუბლიკაცია  „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვის „შეშლილის“ თარგმანზედა“. აღნიშნული სტატიის ავტორი, პეტერბურგიდან ახალი დაბრუნებული, 23 წლის ილია ჭავჭავაძე იყო. იგი მკაცრად აკრიტიკებდა რევაზ ერისთავის მიერ, რუსი მწერლის, ივან კოზლოვის პოემის „შეშლილი“ თარგმანს. პუბლიცისტურ წერილს წარმოუდგენელი რეზონანსი ჰქონდა.

არცერთ საზოგადო მოღვაწეს არ გაუკეთებია ისეთი ამბიციური განაცხადი საზოგადოებრივ ასპარეზზე, როგორიც  გააკეთა ილიამ. რუსი მწერლის უნიჭობაზე პირდაპირი ხაზგასმა უდიდეს გამბედაობს მოითხოვდა.   გრიგოლ ყიფშიძე სტატიას ასე აფასებს:  „ნამდვილი ყუმბარა იყო. მისმა ძალა-აფეთქებამ თავ-ზარი დასცა მთელ მაშინდელ მწერალთა კრებულს, ძირამდე შეარყია დაგუბებული, ხავს-მოკიდებული, სალიტერატურო ჭაობი და დიდი მითქმა-მოთქმა, დიდი ალიაქოთიც გამოიწვია“. პუბლიკაციაში ილია რამდენიმე მნიშვნელობან საკითხზე აპელირებს: კოზლოვის უნიჭობა, საკუთრივ პოემის უიდეო, კომპოზიციურად შეუკრავი, ყალბი და უგემოვნო სტრუქტურა და ერისთავის გამიზნული „შეცდომა“.

თავადი რევაზ შალვას ძე ერისთავი პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. იგი წინამძღოლობდა გორის მაზრის თავადაზნაურობას, იყო ძველი თაობის – „მამათა“ ბანაკის წარმომადგენელი. აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, რთული ამოსაცნობი არაა, რომ მას სიმპათიები ჰქონდა რუსეთის იმპერიისადმი. ილიამ კი  ეს ყველაფერი მწვავე სარკაზმით „გააშიშვლა“. „მართლა და საკვირველია! თუ კაცს რუსულიდგან თარგმნა უნდა რისამე, პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი როგორ უნდა დაავიწყდეს და მივარდეს წირპლიანს კაზლოვსა? მერე ნეტავ იმის ცუდ პოემებში უცუდესი მაინც არ ამოერჩია თავად ერისთავს? ეს „შეშლილი“ – მართლა რომ შეშლილი – რა სათარგმნელია?“

აღნიშნული პუბლიკაცია საფუძვლად დაედო ე.წ. მამათა და შვილთა ბრძოლას. ერისთავი „მამათა თაობის“ წარმომადგენელი გახლდათ. მის მიმართ ასეთმა კრიტიკამ გააღიზიანა თანამოაზრეებიც.  „დიახ, ძალიან კარგად მოქცეულა თავადი ერისთავი, რომ პუშკინის და ლერმონტოვისათვის ხელი არ უხლია, თორემ ამათი ქმნილებაც ისე წაეხდინა, როგორც წაუხდენია კაზლოვის „შეშლილი“, სწორედ ღვთის გმობა იქნებოდა!“ ეს სიტყვები არც ისე სასიამოვნო იყო მამათა თაობისთვის.

ამ ყველაფერს კი წინ უძღვოდა ილიას არანაკლებ ცნობილი ლექსი „პოეტი“. იგი 1860 წლის 23 ივლისს დაიწერა და რამდენიმე თვით, წინ უსწრებდა აღნიშნულ წერილს. ლექსში კარგად ჩანს რომ ილია თავს ერის მომავალ წინამძღოლად მიიჩნევს. იღებს ვალდებულებას, გამოაღვიძოს რუსეთის უღლის ქვეშ მყოფი საქართველო. ბრძოლას კი  ერისთავისადმი მიძღვნილი წერილით იწყებს.

საოცარია, რომ ერთმა წერილმა საზოგადოებრივ ასპარეზზე წესრიგი და აზროვნება შეცვალა. სათავე დაუდო ისეთ სიახლეს, რაც შემდეგ ქმედით და უალტერნატივო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობად გარდაიქმნა.

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები