26 აპრილი, პარასკევი, 2024

კონკრეტული მიდგომის არჩევამდე…

spot_img

პანდემიის პირობებში, სახელმწიფოებისთვის, განათლებასთან დაკავშირებული გამოწვევები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად იქცა, ცხადია, ჯანდაცვის გამოწვევების შემდეგ. ქვეყნებმა სხვადასხვა მიდგომები და მეთოდები გამოიყენეს, საკუთარი შესაძლებლობებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასაწყობად. ქეთი ჩაჩხიანი, განათლების პოლიტიკის პროგრამის დოქტორანტი და მკვლევარი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გვიზიარებს თუ როგორ წარიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში სასკოლო განათლება პანდემიის პირობებში და როგორ ემზადებიან არიზონას სკოლებში მომავალი სასწავლო წლისთვის – რა შესაძლო სცენარებს განიხილავენ. ინტერვიუში, ასევე, წაიკითხავთ მის მიერ ქართული სასკოლო განათლების შესაფებასა და მოსაზრებებს იმ მთავარი ხელის შემშლელი პირობის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, მომავალი დაგეგმარების თვალსაზრისით გაჩნდეს.

✅ ქალბატონო ქეთი, პირველ რიგში, დავიწყოთ ინფორმაციით,  რა მდგომარეობაა, დღევანდელი მონაცემებით, არიზონაში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ?

ამერიკაში კორონა ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა აპრილის ბოლოდან დაიწყო. არიზონას შტატში ეს გადაწყვეტილება 15 მაისიდან შევიდა ძალაში. სამწუხაროდ, შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდა. ივნისის შუა რიცხვებში ისეთი მაღალი მაჩვენებელიც კი დაფიქსირდა, როგორიცაა დღეში 2400 ახალი ინფიცირებული. ეს რიცხვი 5-ჯერ მაინც აღემატება 15 მაისამდე, საშუალოდ დაფიქსირებულ, დღიური შემთხვევების რაოდენობას. არიზონაში მოვლენების ასეთი განვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მთავარი გამოწვევა სწორედ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დგება და სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება მხოლოდ სიფრთხილითა და საზოგადოებრივი ჰიგიენური წესების მკაცრი დაცვით არის შესაძლებელი.

✅ ძალიან საინტერესოა, გაგვიზიაროთ როგორია ამერიკული სასკოლო განათლება პანდემიის პირობებში: ძირითადი ორიენტირები. დისტანციური სწავლის რა განსხვავებული მოდელები აირჩიეს ამერიკულმა სკოლებმა და როგორ მოარგეს ეს მიდგომები წინასწარ გაანალიზებულ საჭიროებებსა და სპეციფიკას?

მოგეხსენებათ, რომ ამერიკა ძალიან დიდი ქვეყანაა, 50 შტატში 130 000-ზე მეტი სკოლაა, განსხვავებული სპეციფიკითა და საჭიროებით. ამიტომ სხვადასხვა შტატმა თუ სასკოლო ოლქმა დისტანციური სწავლების სხვადასხვა მიდგომა აირჩია.

კონკრეტული მიდგომის არჩევამდე მაქსიმალურად საფუძვლიანად შეისწავლეს და გააანალიზეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მოსწავლეთა წვდომა კომპიუტერებსა და ინტერნეტზე, 

მათი ძირითადი კონტინგენტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ოჯახებიდან მოსალოდნელი მხარდაჭერა, დისტანციური სწავლებისთვის საჭირო სასწავლო რესურსების არსებობა და ხელმისაწვდომობა სკოლისთვის, ასევე დისტანციური სწავლებისათვის მასწავლებლების მზაობა მეთოდოლოგიური კუთხით. ამ ფაქტორების ანალიზის შემდეგ, ზოგიერთმა სასკოლო ოლქმა მიიჩნია, რომ პანდემიამდე არსებული სასწავლო გეგმის შენარჩუნება არარეალისტური მიზანი იქნებოდა. ამიტომ მათ პრინციპულად თქვეს უარი, პანდემიის პირობებში, ახალი სასწავლო მასალის დაფარვაზე და ძირითად მიზნად განვლილი მასალის გამეორება და უკვე დაუფლებული უნარების განმტკიცება დაისახეს. ეს მიდგომა ითვალისწინებდა მოსწავლეებისთვის სახალისო, ავთენტური და მულტიდისციპლინური დავალებების მიცემას. სასკოლო ოლქების მეორე ნაწილმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად შეენარჩუნებინა პანდემიამდე არსებული გეგმები და დისტანციური სწავლების დროსაც გაეგრძელებინათ ახალ სასწავლო მასალაზე მუშაობა. ეს გადაწყვეტილება იმ სასკოლო ოლქებმა მიიღეს, სადაც როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების მხრიდან სწავლა-სწავლების ახალი ფორმატისთვის მეტი მზაობა არსებობდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, თითოეულ დისციპლინაში შეარჩიეს საკვანძო უნარები და მათზე მოახდინეს ფოკუსირება. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, უმეტესად დაწყებითის და შუა საფეხურის კლასებში, აქცენტი გააკეთეს მათემატიკასა და ინგლისურ ენაზე და საბუნებისმეტყველო თუ საზოგადოებრივი მეცნიერებების საკითხების დაფარვა ამ ორი საგნის ფარგლებში ინტერდისციპლინური დავალებების მიცემით შეძლეს. აღსანიშნავია, რომ ეს სკოლები, მიუხედავად შედარებით ამბიციური გეგმებისა, მაინც რეალისტურად აფასებდნენ არსებულ სიტუაციას და გააზრებული ჰქონდათ, რომ ყველა მოსწავლე თანაბრად ვერ შეძლებდა ახალი სასწავლო მასალის დისტანციურ რეჟიმში დაუფლებას.

ახლა მათი ამოცანაა, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ჩაატარონ სიღრმისეული დიაგნოსტიკა და რემედიაციის პროგრამა შესთავაზონ იმ ბავშვებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ახალი მასალის სათანადოდ დაუფლება.

დაბოლოს, შეინიშნებოდა ე.წ. შერეული მოდელიც. ზოგიერთმა სკოლამ, თავდაპირველად, დისტანციური სწავლება დაიწყო განმეორება/განმტკიცების მიზნით და მხოლოდ გარკვეული გამოცდილების შეძენისა და სწავლის ახალი ფორმატით მიმდინარეობის შეფასების შემდეგ გადავიდნენ ახალი მასალის დაუფლებაზე.

მრავალფეროვნება შეინიშნებოდა დისტანციური სწავლების ფორმებშიც: ციფრული, არაციფრული, სატელევიზიო ისევე, როგორც შერეული ფორმები.

უნდა ითქვას, ციფრული სწავლების ფორმებს, ტრადიციულ ფორმებთან ერთად, სკოლების დიდი ნაწილი პანდემიამდეც იყენებდა. მათთვის ეს ცვლილება ძალიან დიდი გამოწვევა არ ყოფილა. თუმცა, სინქრონული სწავლება, ანუ სკოლის ტრადიციული რეჟიმის ონლაინ რეპლიკაცია სკოლების შედარებით მცირე ნაწილში მოხდა. ზოგადად, სინქრონულ სწავლებას ძალიან სიფრთხილით ეკიდებიან იმ მიზეზით, რომ ეს საჭიროებს მასწავლებლების ონლაინ პედაგოგიკის სტრატეგიების ფლობას, ასევე უკავშირდება დამატებით სტრესს, ოჯახებში განრიგის, კონფლიქტებისა თუ ოჯახის წევრისთვის შესაბამისი სამუშაო სივრცის არარსებობის გამო. რაც მთავარია, სინქრონული სწავლის კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ეთიკურ საკითხებზე, როგორებიცაა საკლასო ოთახების „გასაჯაროება“, მოსწავლეთა საოჯახო სივრცის პრივატულობის დარღვევა და სხვ. ალბათ ამიტომაც, სკოლებმა, უმეტესად, ასინქრონულ სწავლებას მიმართეს. ამ შემთხვევაში, მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით აწვდიდნენ საგაკვეთილო რესურსებს, გაიდებს, დავალებებს. ამასთან ერთად, კვირაში ერთხელ, ისინი ონლაინ რეჟიმში ხვდებოდნენ მთელ კლასს ბუნდოვანი თუ პრობლემური საკითხების განსახილველად ან, იმავე მიზნით, ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავდნენ მოსწავლეებთან. იმ ოლქებში, სადაც მოსწავლეების დიდ ნაწილს არ ჰქონდა წვდომა კომპიუტერებსა და ინტერნეტზე, სწავლების არაციფრული ფორმები გამოიყენეს – მოსწავლეები დავალებებს ყოველკვირეულად ან ყოველდღიურადაც იღებდნენ ფოსტით ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ პაკეტებს ოჯახებში სასკოლო ავტუბუსებით არიგებდნენ. ზოგიერთმა ოლქმა სწავლის ძირითად ფორმად სატელევიზიო გაკვეთილებიც გამოიყენა. გარდა გაკვეთილებისა, არსებობდა ე.წ. ცხელი ხაზი გაკვეთილის მსვლელობის დროს მასწავლებლებთან დასაკავშირებლად.

 პანდემიის დროს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო მოსწავლეთა შეფასება. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ე.წ. განმავითარებელ შეფასებას,

 

რაც შედარებით ადვილი იყო იმ სკოლებში, სადაც ციფრულ ტექნოლოგიებს იყენებდნენ. ასევე ხშირი იყო მასწავლებლის სატელეფონო ზარები, რომლის დროსაც მასწავლებელს შეეძლო ინდივიდუალურად განეხილა მოსწავლესთან კვირის თუ რამდენიმე დღის განმავლობაში განვლილი საკითხები და დახმარებოდა ბუნდოვანი საკითხების გარკვევაში. რაც შეეხება ნიშნებს, უმეტესად, ნიშნების სისტემა შეინარჩუნეს საშუალო საფეხურის კლასებში (IX-XII კლასები). სხვა შემთხვევაში, გაჭირდებოდა ე.წ. GPA-ს, ანუ მოსწავლეთა ნიშნების საშუალო მაჩვენებლების გამოთვლა, რაც უმაღლესში მიღების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. დაბალ კლასებში, უმეტესად, ამოქმედდა ჩათვლების სისტემა.

✅ თქვენი აზრით, ამერიკული გამოცდილებიდან, ყველაზე მნიშნელოვანი ორიენტირი რა იყო სასკოლო განათლებაში?

ჩემი დაკვირვებით, უმთავრესი ორიენტირი, პანდემიის დროს, იყო მაქსიმალურად თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

დისტანციური სწავლება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლებმა დაადგინეს, თუ რა საჭიროებები ჰქონდათ მათ მოსწავლეებს და როგორ შეეძლოთ ამ საჭიროებებზე რეაგირება. მაგალითად, ძალიან ბევრმა სკოლამ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საკუთარი კომპიუტერები, დაურიგეს ლეპტოპები. ასევე, ინტერნეტ-კომპანიებთან თანამშრომლობით, შეძლეს თითოეული ოჯახისთვის, სადაც ერთი მოსწავლე მაინც ცხოვრობდა, სიმბოლურ ფასად, ხელმისაწვდომი გაეხადათ ინტერნეტი. ასევე, როგორც აღვნიშნე, დისტანციური სწავლების მიზნები და ფორმები მოარგეს მოსწავლეების სპეციფიკას. ცხადია, ე.წ. უფსკრული მოსწავლეების მიღწევებს შორის მაინც იარსებებს, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ამ უფსკრულის პრევენციისა თუ ამოვსებისთვის აქვთ წინასწარ შემუშავებული ან მომავლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაშიც შეეცადნენ, ყურადღების მიღმა არ დარჩენოდათ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და მათთვის დისტანციური სწავლების მეთოდებისა და ფორმების ადაპტირება მოეხდინათ. თუმცა, უპირველესი აქცენტი მაინც მოსწავლეების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე გაკეთდა. რადგანაც პანდემიამ არაერთი ოჯახი დააზარალა, სასკოლო ოლქებმა, თითოეული მოსწავლისთვის, დაიწყეს უფასო საკვების დარიგება. ასევე, მშობლებს მუდმივად აწვდიდნენ ინფორმაციას, ვირუსით ინფიცირების პრევენციისა თუ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, საჭირო ქმედებების შესახებ. ასევე, სკოლები მოსწავლეებს სთავაზობდნენ ფსიქოლოგის სერვისს.

ასევე ხაზგასასმელია ის მხარდაჭერა, რაც მასწავლებლებმა მიიღეს სასკოლო ოლქებისა და სკოლებისგან. რადგანაც დისტანციური სწავლება ახალი გამოწვევა იყო უმრავლესობისთვის, მასწავლებლები, ასე ვთქვათ, მარტო არ დატოვეს ამ გამოწვევის წინაშე. სასკოლო ოლქების დონეზე შემუშავდა პანდემიის პირობებში განსახორციელებელი სასწავლო პროგრამები, ასევე მასწავლებლებს ჩაუტარდათ ტრენინგები დისტანციური სწავლების მიმართულებით პროფესიული განვითრებისთვის. ასევე, ამერიკაში, საგანგებო სიტუაციების დროს, და არა მხოლოდ, დიდ ყურადღებას ანიჭებენ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და, ამ შემთხვევაშიც, არ დატოვეს მასწავლებლები უყურადღებოდ. ცხადია, ყველა შტატი და სასკოლო ოლქი ამას თანაბარი წარმატებით ვერ მოახერხებდა, მაგრამ აქტიური მცდელობები ნამდვილად იყო.

✅ აუცილებლად უნდა გკითხოთ ქართულ სასკოლო განათლებაზეც, რადგან საინტერესოა თქვენი შეფასება – რას ფიქრობთ, როგორ გაართვა თავი ჩვენმა სისტემამ ამ გამოწვევას და რა აჩვენა ამ პერიოდმა – რისი გათვალისწინება მოუწევთ სკოლებს სამომავლოდ და სამინისტრომ რის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს დაუყოვნებლივ?

პანდემია განსაკუთრებული გამოწვევაა და დასაფასებელია ყველა მცდელობა სახელმწიფოსა და სამინისტროს თუ სკოლებისა და მასწავლებლების მხრიდან. ჩემი დაკვირვებით, განსაკუთრებით იყოჩაღა მასწავლებლების გარკვეულმა ნაწილმა და, მიუხედავად თანმიმდევრული გაიდლაინების სიმცირისა, შეძლეს მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად საინტერესოდ წარემართათ სასწავლო პროცესი. თუმცა, სახელმწიფო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ცალკეული მასწავლებლის სიყოჩაღესა თუ მონდომებაზე ან ოჯახების მდგომარეობაზე არ იყოს მოსწავლის ბედი სრულად დამოკიდებული, მით უმეტეს, რომ მასწავლებლების უმრავლესობისთვის ობიექტურად ადვილი ვერ იქნებოდა ამ სირთულეებისთვის თავის გართმევა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო არსებული სიტუაციის ანალიზი, კონკრეტული სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით და დისტანციური სწავლების შესაბამისი მიზნებისა და ფორმების დაგეგმვა ისევე, როგორც სკოლებისა და მოსწავლეების ამ პროცესისთვის, შესაძლებლობების ფარგლებში, მომზადება.

ჩვენთან, თავდაპირველად, ქაოტურ რეჟიმში წარიმართა პროცესი ან ზოგან საერთოდაც არაფერი წარიმართა, მხოლოდ მოგვიანებით შეეცადა სამინისტრო ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის სადავეების ხელში აღებას.

რაც შეეხება პროექტს „ტელესკოლა“, ეს არის ნამდვილად ხარისხიანი პროდუქტი. თუმცა, ეს პროექტი შედეგიანი და გამართლებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის მიაღწევს მის სამიზნე ჯგუფამდე, ანუ თითოეულ მოსწავლემდე. ამისთვის მასწავლებლებმა უნდა შეძლონ ამ გაკვეთილების დისტანციური სწავლების პროცესში ინტეგრირება და ამ ხარისხიანი მასალის სასიკეთოდ გამოყენება.

მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ იაქტიურონ უმაღლესმა სასწავლებლებმა, სადაც არსებობს მასწავლებლების მომზადების პროგრამები.

არც რეალისტები ვიქნებით და არც სამართლიანები, თუ მოლოდინები გვექნება, რომ დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიებს მასწავლებლები მიაგნებენ და დაამუშავებენ ინდივიდუალურად თუ მცირე ჯგუფებში. ვფიქრობ, უმაღლესმა სასწავლებლებმა, სადაც, წესით, მეტი ექსპერტიზა და წვდომაა სხვა ქვეყნის გამოცდილებებთან, პრაქტიკოსი მასწავლებლების ჩართულობით, უნდა შეიმუშაონ დისტანციური თუ ონლაინ პედაგოგოკის საკითხები და, სამინისტროსთან თანამშრომლობით, გაუზიარონ მასწავლებლებს. ცხადია, მასწავლებლებს უნდა შეეძლოთ ამ მიდგომების საკუთარი სწავლების სტილისა თუ მოსწავლეების საჭროებების მიხედვით მორგება.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ პანდემიის დროს განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებისა და მუშაობის შედეგების წარმოჩენა გადაჭარბებულად პოზიტიურად ხდება.

ეს, ცხადია, მთავარი ხელის შემშლელი პირობაა, მომავალი დაგეგმარების თვალსაზრისით. ამიტომ, ძალიან სიფრთხილით უნდა შემუშავდეს პანდემიის დროს სისტემის ფუნქციონირების ინდიკატორები და ობიექტურად მოხდეს მათი გაზომვა და შედეგების დამუშავება. მაგალითისთვის, თუ მოსწავლეთა ონლაინ სწავლა-სწავლების რეჟიმში ჩართულობას  მხოლოდ თიმსის პროგრამაში მოსწავლეების ფორმალური დაფიქსირებით გავზომავთ, მცდარ წარმოდგენას შევიქმნით დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობაზე და ვერც მისი გაზრდისთვის საჭირო ქმედით ღონისძიებებს დავგეგმავთ.

✅ როგორ ემზადებიან არიზონას სკოლებში მომავალი სასწავლო წლისთვის? რა სცენარებს განიხილავენ და თქვენ რომელს არჩევთ? ან რა ალტერნატივებს დაასახელებთ?

არიზონაში ისევე, როგორც ამერიკაში და სხვა ქვეყნებში, ცდილობენ გააკეთონ მაქსიმალურად რეალისტური პროგნოზები და განსაზღვრონ რა ფორმით დაიწყებენ მომავალ სასწავლო წელს.

ძირითადად, ოთხ შესაძლო სცენარს განიხილავენ: სკოლების სრულად გახსნა და პრე-პანდემიურ რეჟიმზე დაბრუნება, მკაცრი პრევენციული ზომების გატარების პირობით; ჰიბრიდული მიდგომა, რაც გულისხმობს ალტერნატიული განრიგების ამოქმედებას – სკოლაში სიარული ყოველ მეორე დღეს, ან კვირაში ერთხელ, ან ნახევარდღიანი სასკოლო დღის დაწესება – და არასასკოლო დროის დისტანციური სწავლებით შევსება; დაბოლოს, დისტანციური სწავლების შენარჩუნება იმ ეტაპამდე, სანამ სკოლაში სიარული მკაცრი პრევენციული ზომების გატარების გარეშე იქნება უსაფრთხო. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, მომავალი სასწავლო წელი თავიდანვე დისტანციური სწავლის წლად გამოაცხადონ და შესაბამისად დაგეგმონ. რადგანაც პრე-პანდემიურ მდგომარეობაში დაბრუნების მცირე შანსი არსებობს, ასევე განიხილავენ მთელ რიგ ცვლილებებს, როგორებიცაა: მასწავლებლების ფუნქციების განსხვავებული გადანაწილება, სასკოლო სივრცეების რეორგანიზაცია, გარე სივრცეების მაქსიმალურად გამოყენება სასწავლო პროცესში და სხვ.

მე ვფიქრობ, მომავალი სასწავლო წლისთვის, ჰიბრიდული მიდგომის გამოყენება ყველაზე ოპტიმალურია, რადგან ამცირებს ვირუსის გავრცელების ალბათობას და ამასთანავე ინარჩუნებს მოსწავლეებისთვის თანატოლებთან და პედაგოგებთან ცოცხალი ინტერაქციის შესაძლებლობას. ეს მიდგომა შეიძლება საქართველოს სკოლებმაც განიხილონ.

 ესაუბრა ლალი ჯელაძე

 

 

 

 

 

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები