26 აპრილი, პარასკევი, 2024

განათლების ხარისხს საინტერესო გაკვეთილი განაპირობებს  – ინტერვიუ ბერიკა შუკაკიძესთან

spot_img

ინტერვიუ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ბერიკა შუკაკიძესთან

 – ბატონო ბერიკა, საუბარი დავიწყოთ 2020 წლის შეფასებით. საკმაოდ რთული წელი აღმოჩნდა განათლების სისტემისთვის…

– პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით და ეს არ არის ფორმალობა ან ვალის მოხდის მიზნით გადახდილი მადლობა. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლებს იმ დიდი შრომისთვის, რაც ამ ურთულეს პერიოდში გასწიეს და  ვულოცავ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და საკლასო ოთახებში დაბრუნებას, რადგან ეს მასწავლებლების და ბავშვების ყველაზე დიდი სურვილია. მართლაც ფასდაუდებელია ამ ადამიანების მიერ გაწეული შრომა. ჩემი შვილი 51-ე სკოლის მოსწავლეა, ამას წინათ მათემატიკის პროექტი გააკეთა, სურათი გადაუღო და მასწავლებელს გადაუგზავნა შესაფასებლად. გამოვკითხე, რამდენი მოსწავლე ჰყავდა ამ მასწავლებელს. გაირკვა, რომ, დაახლოებით, 150-მდე. წარმოიდგინეთ, რამდენი შრომა და დრო სჭირდება პედაგოგს, რომელსაც 150-დან 200 მოსწავლემდე ჰყავს, ტელეფონში ამდენი ნაშრომი რომ შეაფასოს და მერე უკუკავშირი მისცეს. რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, მართლა გმირობის ტოლფასია.

როცა მთელი მსოფლიო ამ გაურკვევლობაში აღმოჩნდა და მათ შორის ჩვენც, ბუნებრივია, გაათმაგებული შრომა მოგვიწია. პირველი, რაც მასწავლებელთა დასახმარებლად გავაკეთეთ, დავიწყეთ ვებინარების ჩაწერა და, დაახლოებით, 133 ვებინარი ჩავწერეთ სხვადასხვა მიმართულებით – პროფესიული განვითარება, სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება და ა.შ. თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად საჭირო და დროული იყო ასეთი ტიპის ვებინარების შეთავაზება, რომ მილიონ 600 ათასი მნახველი ჰყავდა. შესაძლებელია, ზოგმა მხოლოდ ორი წუთით შემოიხედა და დაგვტოვა, მაგრამ უმრავლესობამ ეს სასარგებლოდ გამოიყენა – პროფესიული ზრდისთვის და ძალიან ბევრი მადლობაც მივიღეთ ადამიანებისგან. ჩვენი მხრიდან ეს თანადგომის ჟესტი იყო – თქვენ მარტო არ ხართ ამ რთულ სიტუაციაში.

მეორე, რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა, ეს იმ მასწავლებლების დახმარება იყო, რომლებიც თიმსში კარგად ვერ მუშაობდნენ. ემისთან ერთად, ჩვენ ეს მასწავლებლები გადავამზადეთ. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ემისის მთელ შემადგენლობას, დიტო ბერიძის ხელმძღვანელობით. ამ ადამიანებმა მართლა წარმოუდგენელი რამ შეძლეს. ვერ წარმომედგინა, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყება, ასეთ მოკლე დროში, 525 ათასი მოსწავლისა და 52 124 მასწავლებლისთვის, შეძლებდა პირადი იმეილების გახსნას, მათთან დაკავშირებას და ყველა პროექტში ჩართვას, რაც ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლისთვის განხორციელდა, მათ შორის „ტელესკოლის“ პროექტშიც. ამიტომ, მართლა სასიამოვნოდ გაოცებული ვარ მათი მუშაობით. ასევე, დიდი შრომა გასწია ნაეკმა – ურთულეს პირობებში შეძლო გამოცდების ჩატარება. დავუბრუნდები მასწავლებლების გადამზადების საკითხს – ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ გამოვკითხეთ მასწავლებლები და, თუ არ ვცდები, 15 ათას მასწავლებელს დასჭირდა თიმსში სამუშაოდ გადამზადება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში, გარე დაკვირვების მომლოდინე მასწავლებლებს მივეცით საშუალება, რომ გარე დაკვირვების რუბრიკა ონლაინ გაევლოთ. ცხადია, ამას წინ უძღოდა გარკვეული სამუშაოები. პირველ რიგში კი შევძელით, სახელმწიფოს ონლაინ გაკვეთილები ეღიარებინა ჩვეულებრივ, ტიპურ გაკვეთილებად. ამის შემდეგ, მასწავლებლებს მივეცით უფლება, თავად აერჩიათ როგორ გაივლიდნენ გარე დაკვირვებას – ონლაინ თუ პირისპირ. ბევრმა ონლაინ რუბრიკა აირჩია და ამიტომ, დამკვირვებლები გავაფრთხილეთ, რომ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ ის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დააყენა პანდემიის პერიოდის განათლებამ მასწავლებლები.

ამ პერიოდში ლიდერობის ქოუჩები მოვამზადეთ. ალბათ იცით, რომ ეს მიმართულებაც მასწავლებლის სახლის დაფარვის ზონაა. უკვე მზადაა და ინგლისურ ენაზე ითარგმნება 39 სასკოლო პროექტი იმისთვის, რომ ევროკავშირის ვებგვერდზე აიტვირთოს. ასევე, მოვახერხეთ დირექტორებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის მხარდაჭერის გამოხატვა. როგორც იცით, სქემის ფარგლებში, სკოლის მხარდამჭერთა ჯგუფები უნდა შეიქმნას, რომლებიც დირექტორებს სასწავლო პროცესის სწორად მართვაში დაეხმარებიან. სწორედ ამ მიმართულებით გადავამზადეთ ლიდერობის ქოუჩები. ამის გარდა, მასწავლებლები გადავამზადეთ მრავალი მიმართულებით: დემოკრატიული კულტურა, დაწყებითი განათლება და ა.შ. ალბათ, გახსოვთ მასწავლებლები, რომლებსაც სტატუსის ასამაღლებლად არ ჰქონდათ ცნობილი 4 კრედიტი, მათ, ამ კრედიტების მოსაპოვებლად, ტრენინგები ჩავუტარეთ. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ბევრ პედაგოგს ინტერნეტის მოხმარების მიმართულებითაც ჰქონდა პრობლემები. ჩვენმა ტრენერებმა ისინი სრულფასოვნად მოამზადეს. გასწორდა უამრავი კვლევა, თუმცა, გეტყვით, რომ ამ ტიპის კვლევები აღარ გაგრძელდება და ამ მიმართულებითაც მომზადდნენ მასწავლებლები. განვმარტავ, რომ კვლევა აუცილებლად დარჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობად, რადგან პრაქტიკის კვლევა თანამედროვე მასწავლებლისთვის, ნებისმიერ ქვეყანაში,  სასწავლო პროცესის კარგად მართვის ყველაზე ეფექტურ იარაღად ითვლება. თუმცა, კვლევები ისეთი სახით აღარ იქნება, როგორც ეს აქამდე იყო.

– თუ შეიძლება, ორი სიტყვით რომ გვითხრათ, როგორი სახით დარჩება კვლევა ახალი სქემის ფარგლებში?

– მოდი, სქემა სამ ნაწილად გავყოთ – პროფესიაში შესვლა, სტატუსის შენარჩუნება და სტატუსის ცვლილება. მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ სტატუსის შეცვლა – უფროსი გახდეს წამყვანი და წამყვანი გახდეს მენტორი – შემდეგი პირობები ექნებათ შესასრულებელი: აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდა 50%-ზე ან მეტ ქულებზე. ვისაც 50%-ზე დაბალი შეფასებით აქვს გამოცდა ჩაბარებული და სურვილი აქვს, აიმაღლოს სტატუსი, მას აუცილებლად მოუწევს გამოცდის თავიდან ჩაბარება, რადგან მასწავლებელი, რომელმაც კარგად არ იცის საგანი, რომელსაც ასწავლის, ვერ გახდება წამყვანი ან მენტორი. ამის შემდეგ კი, გამოცდა უნდა ჩააბაროს დიდაქტიკაში – დიდაქტიკის გამოცდა განსხვავებულია უფროსი და წამყვანი მასწავლებლისთვის. თუ ამ გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებს, ის გამოაგზავნის თავის პორტფოლიოს, რომელსაც სამინისტროს, მასწავლებლის სახლის, რესურსცენტრის, ესგ-ეს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს. სწორედ ამ პორტფოლიოში უნდა იყოს ატვირთული მასწავლებლის მიერ განხორციელებული ის აქტივობები, რომელმაც გავლენა იქონია მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე და, მათ შორის, კვლევაც. როგორც გითხარით, მასწავლებლის პორტფოლიოს შეაფასებს ჯგუფი, რომელიც შემდეგ მიდის სკოლაში მასწავლებელთან გასაუბრებაზე, რათა თავის თვალით ნახოს, როგორია მასწავლებლის იმპაქტი საკლასო ოთახში ან მოსწავლეებთან. აბა, სხვაგვარად როგორ შევაფასოთ მასწავლებელი, თუ არ ვიცით როგორია ის მოსწავლეებთან მიმართებაში. რაც შეეხება კვლევას, პრაქტიკის კვლევა კონკრეტულ საკლასო ოთახზე დაწერილი პრაქტიკული კვლევაა. ეს არის ფუნდამენტური კვლევა და მისი გამოყენება შეუძლებელია, მაგალითად, პარალელურ კლასში, რადგან კონკრეტული მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული. ძალიან ეფექტური კვლევის ტიპია და კონცენტრირდება მხოლოდ ერთ საკლასო ოთახზე ან სკოლის რომელიმე საჭიროებაზე.

– ალბათ, თქვენთვისაც ცნობილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხშირად მასწავლებლები, გარკვეული თანხის საფასურად, კვლევებს შეკვეთით აწერინებდნენ. რა მექანიზმებს აამუშავებთ ასეთი შემთხვევებისგან თავის დასაცავად?

– რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჩვენამდეც მოვიდა, თუმცა, ბრალს ვერავის დავდებ, ვერც მასწავლებელს და ვერც კვლევის დამწერს, მაგრამ სადაც პლაგიატი შეინიშნებოდა, ჩვენ ის კვლევა დავახარვეზეთ. ახლა კი მდგომარეობა სულ სხვაგვარადაა. მასწავლებლის მიერ გადმოგზავნილ პორტფოლიოში ატვირთული კვლევის წარდგენა მას სკოლაში მისულ შეფასების ჯგუფთან მოუწევს. 3-5-კაციანი ჯგუფი საფუძვლიანად შეისწავლის, რამდენად ეფექტურია მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში, ოღონდ ეს არ იქნება აქამდე არსებული გარე დაკვირვება. ჯგუფის წევრები მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობას შეაფასებენ, მაგრამ თუ პედაგოგი სათანადო შეფასებას ვერ დაიმსახურებს, მას ამის გამო არავინ დასჯის.  ჯგუფი მას განვითარების გეგმას დაუწერს, შემდეგ ეს პედაგოგი ტრენინგებს გაივლის და მდგომარეობას გამოასწორებს. ანუ ყველა ღონისძიება, რომელიც მასწავლებელთა სახლიდან იქნება წამოსული, ფოკუსირებულია მასწავლებლის განვითარებაზე – როგორ გავხადოთ კონკრეტული მასწავლებელი უკეთესი, რათა საქართველოს საჯარო სკოლებში ყველა მოსწავლეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე.

– ბატონო ბერიკა, რა განსხვავებაა ძველ და ახალ სქემას შორის, ანუ, ძირითადად, რაზე კეთდება აქცენტები ახალ სქემაში?

– პირველი აქცენტი დეცენტრალიზაციაზე გაკეთდა და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვთქვით, რომ თუ X მასწავლებელი ზემო ფლავის საჯარო სკოლაში ასწავლის, მასწავლებლის სახლი მის საჭიროებას ვერ დაადგენს და ვერ დაეხმარება, რომ გახდეს უკეთესი მასწავლებელი. ამიტომ, ზემო ფლავის სკოლამ, დირექციამ, ხარისხის მართვისა და თანამშრომლობის ჯგუფმა უნდა დაადგინონ კონკრეტული მასწავლებლის საჭიროება მისივე  დახმარებით. სწორედ მასწავლებელმა უნდა უთხრას ხარისხის ჯგუფს, რა საჭიროება აქვს, რა მიმართულებით სჭირდება დახმარება და განვითარება. ჩვენ კი, ამ შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ მის პროფესიულ განვითარებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მასწავლებელს ამისთვის არავინ დასჯის, პირიქით, დაეხმარება და მხარს დაუჭერს, რომ განვითარდეს. მასწავლებლის სახლი უზრუნველყოფს მის მხარდაჭერას, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვიქნებით ერთადერთი პროვაიდერი ტრენინგების ჩატარების ან სხვა აქტივობების განხორციელებაში. აუცილებლად ჩაერთვებიან სხვა პროვაიდერებიც, უბრალოდ, ისინი ჩვენთან გაივლიან რეგისტრაციას. ტრენინგების ჩატარება კი, აუცილებლად მოგვიწევს ყოველწლიურად, რადგან სტატუსის შენარჩუნებისთვის უფროსმა მასწავლებელმა პროფესიულ განვითარებაში, წელიწადში ერთხელ, 20-საათიანი ტრენინგი უნდა გაიაროს, წამყვანმა – 12-საათიანი, ხოლო მენტორმა – 8-საათიანი ტრენინგი.

– როგორც ირკვევა, სტატუსის ცვლილება მასწავლებლისთვის არ არის აუცილებელი პირობა, ის შეიძლება სტატუსის შენარჩუნებით დაკმაყოფილდეს.

– როცა მასწავლებელს სტატუსი აქვს, ეს უკვე ნიშნავს, რომ სქემაში ჩართულია, მაგრამ მისი კონსტიტუციური უფლებაა, იყოს უფროსი მასწავლებელი, აწ და მარადის! ან პირიქით, აიმაღლოს სტატუსი და გახდეს წამყვანი ან მენტორი. 

– ახალი სქემის მიხედვით, როდის გამოცხადდება გამოცდები, ანუ როდის შეძლებენ მასწავლებლები კარიერულ წინსვლას და სტატუსის გაუმჯობესებას?

– დიდაქტიკის გამოცდაზე გამოცდების ცენტრი მუშაობს, ჩაერთვება ესგ-ეც, ჩვენ თავისთავად ჩართულები ვართ – გადავეცით სტანდარტი, ლიტერატურა, რომლის მიხედვითაც ამზადებენ ტესტებს. ჩემი ვარაუდით კი (თუმცა, ეს არ არის გადამოწმებული ზუსტი ინფორმაცია), ალბათ გვიან შემოდგომაზე, შეიძლება ჩატარდეს დიდაქტიკის გამოცდა. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი დეტალიც – დიდაქტიკის გამოცდის ჩატარების გამოცდილება არ არსებობს, ანუ ადრე ჩვენ არ გვქონია ცალკე გამოცდა უფროსისთვის და ცალკე – წამყვანისთვის, აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთულია ამ ტიპის გამოცდების მომზადება და ნაეკს მართლა დიდი შრომა  მოუწევს. დიდი მადლობა მინდა  გადავუხადო მათ თავდაუზოგავი შრომისთვის და მონდომებისთვის.

– ბატონო ბერიკა, აუცილებლად მინდა გკითხოთ იმის შესახებაც, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით პასუხისმგებლობა ნელ-ნელა სკოლაზე გადადის. ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რამდენად ობიექტური იქნება სკოლის მხრიდან თავისივე მასწავლებლის შეფასება. გასაგებია, რომ ნდობა უნდა იყოს მაქსიმალური, თუმცა, თქვენი მხრიდან, ამ სანდოობის გამზომი რა მექანიზმი იმუშავებს?

– ამ ეტაპზე, სკოლაზე პასუხისმგებლობა უფრო მეტად სტატუსის  შენარჩუნების შემთხვევაში გადადის. თუმცა, ასევე, სკოლამ უნდა მოამზადოს და ხელი შეუწყოს უფროს მასწავლებელს, რომ აიმაღლოს სატატუსი, მხოლოდ ყველაფერი ფოკუსირებული უნდა იყოს სასწავლო პროცესსა და ბავშვის ინტერესებზე. რაც შეეხება ნდობის ფაქტორს, სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა საზოგადოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი სწორედ დაბალი სანდოობაა. თუ ჩვენ არ ვისწავლეთ ერთმანეთის ნდობა და ამ ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა, მაშინ ჩვენ, როგორც საზოგადოება,  ვერასდროს შევდგებით. ქვეყანა რომ სახელმწიფოდ შედგეს, ამისთვის უმნიშვნელოვანესია, მუნიციპალურ დონეზე, ადამიანებმა და ინსტიტუციებმა ისწავლონ თავიანთი თავის მოვლა და საჭიროებების გამოკვეთა, ამ საჭიროებების მოგვარებაში კი ჩვენ დავეხმარებით.

ხარისხის განვითარების ცენტრი იწყებს სკოლების ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესს. ეს პროცესიც ორიენტირებული იქნება განვითარებაზე. უნდა მივიდეთ სკოლებში და ვნახოთ, რა საჭიროებები აქვთ მათ, რომ შემდეგ რესურსები ამ საჭიროებებზე მივმართოთ. ხარისხიანი განათლებისთვის მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საკმარისი არ არის  (თუმცა, მნიშვნელოვანია კარგი მერხიც, ჩანთაც და ა.შ.). ახლა უკანასკნელი კაპიკები სწავლა-სწავლების პროცესზე უნდა მივმართოთ. არ შეიძლება მხოლოდ მასწავლებელს დავაკისროთ მთელი პასუხისმგებლობა, თანაბრად უნდა გადაინაწილოს დირექტორმაც, სასკოლო საზოგადოებამაც და მშობელმაც. სხვათა შორის X მასწავლებლის კარგი მასწავლებლობა ბევრად არის დამოკიდებული მშობელზე, ის მუდმივად უნდა იყოს საქმის კურსში, თუ რა ხდება სასწავლო პროცესთან მიმართებაში. ამიტომ, საზოგადოებამ თვითონ უნდა ისწავლოს თავის თავის მოვლა.

– ბატონო ბერიკა, დავუბრუნდეთ ისევ გასულ წელს. როგორ ფიქრობთ, რა იყო პანდემიის განათლების პერიოდში განათლების სისტემის ყველაზე სუსტი მხარე?

– ბევრ ბავშვს არ ჰქონდა ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე და ტექნოლოგიებზე, ვფიქრობ, ყველაზე დიდ სისუსტედ მაინც ეს გამოიკვეთა. თუმცა, ასეთი მოსწავლეებისთვის ამოქმედდა „ტელესკოლა“, რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს ამ პერიოდის განათლების სისტემაში. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვაღიარებთ, ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც აღიარებენ. მართალია, ეს არ იყო უნივერსალური, თუმცა, ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი იყო. საპირწონედ ვიტყვი იმასაც, რომ, მაგალითად, ესტონეთში, რომელიც ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, როგორც ელჩმა განაცხადა, „შარშან იძულებულები გავხდით შუა პროცესში შეგვეწყვიტა სასწავლო წელი, რადგან მასწავლებლები გადაიღალნენ  და იმდენად ცხადი იყო ფსიქოლოგიური პრობლემები, რომ მივხვდით, ეს ძალიან ცუდად აისახებოდა მათზე და მთელ ქვეყანაზე“. მართლაც 24-საათიან რეჟიმში მოუწიათ მასწავლებლებს მუშაობა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, რომ გამკლავებოდნენ გამოწვევას.

და მაინც, როგორ ფიქრობთ, განათლების ხარისხს, ძირითადად, რა განაპირობებს?

– ამ შეკითხვაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს – საინტერესო გაკვეთილი. დიმიტრი უზნაძეს დავესესხები: „თუ გაკვეთილი წარმოშობს ცოდნის გაცნობიერებულ წყურვილს“, მაშინ განათლების ხარისხიც იქნება მაღალი. ჩემს ენაზე ეს არის საინტერესო გაკვეთილი, სადაც 45 წუთი ისე გადის, რომ ბავშვები ვერც კი გრძნობენ. ამიტომ, შინაგანი მოტივაცია უნდა გავუზარდოთ ბავშვებს და არა გარეგანი, რომ მივაღწიოთ მიზანს – ხარისხიან განათლებას. თავისთავად, ამას სჭირდება მაღალკვალიფიციური მასწავლებელი, რესურსი და ა.შ. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ დავით სონღულაშვილის ლაბორატორიით ჩატარებულ გაკვეთილს სულაც არ სჭირდება ბევრი თანხა, ამ დროს კი, ის იმდენად საინტერესოა, იმდენად ახლებური ხედვით მიდის პროცესი, რომ მოსწავლისთვის ეს ყველაზე მეტად მიმზიდველია. ვირტუალური ლაბორატორიით ჩატარებული ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გაკვეთილები – აი, ეს წარმოშობს ცოდნის გაცნობიერებულ წყურვილს. ახლანდელი ბავშვისთვის დიაფილმებით და მუყაოსყდიანი წიგნებით ჩატარებული გაკვეთილი ღრმა წარსულია.

– ამ თანამედროვე აქცენტებს რომ აუწყონ ფეხი მასწავლებლებმა და 21-ე საუკუნის გამოწვევებს უპასუხონ, საკმარისია ის, რასაც სქემა სთავაზობს მათ პროფესიული განვითარების კუთხით?

– თანამედროვე გამოწვევებს რომ უპასუხონ, ამისთვის მასწავლებელთა სახლმა სრულიად ახალი კონცეფცია შეიმუშავა და ის მალე გადავა განათლების ელექტრონულ სახლზე – ეს იქნება ონლაინ პლატფორმა. თუმცა, ჩვენ რეგიონებშიც ჩავალთ და მასწავლებლებს პირისპირაც შევხვდებით. დავიწყებთ მასწავლებლების გადამზადებას, რომ მათ საკლასო ოთახებში დანერგონ კეთებით სწავლება, სწავლა ძიებით, პროექტებით, რომ უფრო საინტერესო გახადონ ბავშვებისთვის სწავლის პროცესი. ჯონ დიუის სიტყვებს მოვიშველიებ: „სკოლამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეძლოს მოსწავლეებისთვის სასარგებლო პროდუქტების შექმნა, ასწავლოს მოსწავლეებს და განავითაროს მათში ყველაზე მაღალი სააზროვნო უნარები – შეფასება და რამის შექმნა“. სასწავლო პროცესი მთლიანად ამაზე ორიენტირებული უნდა გავხადოთ, თუმცა, ცოდნის გაცნობიერება პირველი ეტაპია, რადგან თუ ფარადეის კანონი არ იცი, მაშინ როგორ უნდა გამოიყენო ის სასარგებლო პროდუქტის შექმნაში. აი, ეს უნდა ასწავლოს მასწავლებელმა მოსწავლეს, ამავე დროს, მხოლოდ ფასილიტატორის როლში უნდა იყოს და მოსწავლეს მისცეს საშუალება იკვლიოს, ეძიოს, აღმოაჩინოს.

– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას ნიშნავს განათლების ელექტრონული სახლი და რა ფუნქცია ეკისრება?

– განათლების ელექტრონული სახლი გააერთიანებს დირექტორის ეროვნულ სკოლას, მასწავლებლის ეროვნულ სკოლას და, პირველად, მშობლის ეროვნულ სკოლას. ჩვენ შევქმნით ტრენინგ მოდულებს, ვებინარებს, ფორუმებს, სასწავლო რესურსებს, ინტეგრირებულ გაკვეთლებს და გადავამზადებთ მასწავლებელს, მშობელს და დირექტორს სხვადასხვა მიმართულებით. აქცენტები გაკეთდება გამჭოლ კომპეტენციებზე და მასწავლებლისთვის ეს იქნება საგანი და დიდაქტიკა, ხოლო დირექტორებისთვის – ზოგადი მენეჯმენტი და საგანმანათლებლო ლიდერის მიმართულება; მშობლებისთვის კი – სწავლის მეთოდები, სტრატეგიები, ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგია და სხვ.; დამატებით გამჭოლ კომპეტენციებად – სპეციალური განათლება, ისტი, კვლევა, მდგრადი განვითარება და ა.შ. მართალია, ეს იქნება პლატფორმა, მაგრამ ჩამოთვლილი მიმართულებების მიხედვით, მასწავლებელთა სახლში შეიქმნება  7-10-კაციანი ჯგუფები, რომლებიც, სემესტრში ერთხელ მაინც, მოივლიან მთელ საქართველოს და შეხვდებიან მასწავლებლებს. ჩავლენ ცაგერში, ჩხოროწყუში, შეხვდებიან მასწავლებლებს და იმის გაგებაში დაეხმარებიან, რაც ვებინარზე ვერ გაიგეს. მათ კი, ვინცც ვერ შემოვიდა ფორუმზე, ვერ დაესწრო ვებინარს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩანაწერი ნახონ მაშინ, როცა მოესურვებათ. თუმცა, კიდევ გავიმეორებ, რომ მასწავლებლებს მხოლოდ პლატფორმის ამარა არ დავტოვებთ. რაც მთავარია, ეს რესურსები მუდმივად განახლებადი და განვრცობადი იქნება. აქაც გავიმეორებ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის სახლი გააკეთებს. ჩვენი მთავარი მიზანია, მთელი ქვეყნის რესურსი იყოს ჩართული და გამოყენებული იმის კეთებაში, რითაც მასწავლებლებმა უნდა ისარგებლონ. ჩვენ გვინდა ორგანიზება გავუწიოთ მასწავლებლებისა და დირექტორების მუდმივი განვითარების პროცესს და მშობელთა ჩართულობას სასწავლო პროცესებში.

პროექტის წინასწარი მონახაზი წარვუდგინეთ გაეროს ბავშვთა ფონდს, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს, მაიკროსოფტს.  პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მათ ამ პლატფორმის შექმნაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. აუცილებლად წარვუდგენთ usaid-საც და იმედია, ერთობლივად, ამ ჩანაფიქრის განხორციელებას შევძლებთ.

– როცა მასწავლებლების კარიერულ წინსვლასა და პროფესიული განვითარების  თემაზე ვწერ ინტერვიუს, ყოველთვის ხაზგასმით ვკითხულობ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მასწავლებლების შესახებაც, მათ კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, დღემდე, ისინი არათანაბარ პირობებში რჩებიან, როგორია არაქართულენოვანი მასწავლებლების კარიერული წინსვლის მომავალი?

– გვინდა, რომ განათლების ელექტრონული სახლის პლატფორმაზე ადგილი დავუთმოთ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა შვილებსაც ქართულ ენას ვასწავლით, ძალიან წარმატებული პროექტია და ამისთვის მადლობას ვუხდი მარიკა სიხარულიძეს. ასეთივე პროექტი გვინდა დავიწყოთ ეთნიკური უმცირესობებისთვისაც, თუმცა, ამ რესურსით არა მხოლოდ მასწავლებლები ისარგებლებენ, არამედ ჩვენი სურვილია, დირექტორები, მშობლები და მოსწავლეებიც ჩაერთონ, რადგან სახელმწიფო ენის ცოდნა გარდაუვალი აუცილებლობაა და არა გემოვნების საკითხი. აქვე, პირველად, გავამჟღავნებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს პლატფორმა შეთავაზებული იქნება აფხაზი კოლეგებისთვისაც. აფხაზეთის განათლების სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობასთან თანამშრომლობით, ჩვენი სურვილია გაჩნდეს ელემენტები აფხაზურ ენაზეც. ვინ იცის, იქნებ დაინტერესდნენ კოლეგები სოხუმიდან და შეხედონ, რას აკეთებენ ქართველი კოლეგები, მათაც ისარგებლონ ამ სიკეთეებით და ერთგვარი დიალოგი გაჩნდეს ქართველ და აფხაზ მასწავლებლებს შორის. ცხადია, მასწავლებლის სახლი ამით აფხაზეთს ვერ დაიბრუნებს, მაგრამ ერთგვარი პროფესიული ჟესტი იქნება ჩვენგან და თუკი ამას აფხაზი კოლეგები მიიღებენ და დაინტერესდებიან, ძალიან გაგვიხარდება.

– ძალიან საინტერესო შეთავაზებაა და წარმატებებს გისურვებთ. თუმცა, როგორც გავიგე, არაქართულენოვან მასწავლებლებს კიდევ კარგა ხანს მოუწევთ სქემის მიღმა ყოფნა, ყოველ შემთხვევაში, მანამ, ვიდრე ქართულს ისე არ ისწავლიან, რომ გამოცდები ჩააბარონ.

– ასე იქნება რაღაც პერიოდი, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, მალე ვიპოვოთ სიტუაციიდან გამოსავალი. განათლების სამინისტროში მუშაობენ სახელმწიფო პოლიტიკაზე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში და ჩვენ სწორედ ამ სახელმწიფო პოლიტიკას მოვარგებთ შემდეგ სქემას – მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასაც, დირექტორების განვითარებასაც და სასწავლო რესურსებსაც. მაქსიმალურად ვეცდებით, უზრუნველვყოთ მათი ქართულ ენაში გადამზადება, რომ შემდეგ გამოცდებზე გასვლა და სასურველი შედეგების მიღება შეძლონ. 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულების მოძიებას და ამ რესურსის მაქიმალურად გამოყენებასაც ვფიქრობთ. არ გვინდა, სკოლის გარეთ დარჩეს რომელიმე კურსდამთავრებული, მათ შორის, ამ ახალგაზრდებს აუცილებლად ჩავრთავთ დირექტორების არჩევნებშიც.

– რადგან დირექტორების არჩევნები ახსენეთ, აქვე გკითხავთ – სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა, ბოლო თვეების განმავლობაში, საკმაოდ ცუდი ინტერპრეტაციებისა და, გარკვეულწილად,  სადავო თემად იქცა. ალბათ, ეს კითხვა უფრო სამინისტროს ეკუთვნის, მაგრამ მაინც გკითხავთ, რატომ განთავისუფლდა ამდენი დირექტორი ასეთ რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში და რატომ მოხდა მათი ნაწილის გადანიშვნა/არგადანიშვნა გაურკვეველი კრიტერიუმებით? და მეორე – როდის იგეგმება დირექტორების სერტიფიცირება და რა როლი აქვს ამ პროცესებში მასწავლებლის სახლს?

– რა პროცესებშიც მე არ მიმიღია მონაწილეობა, ბუნებრივია, იმაზე ვერ გიპასუხებთ, ხოლო რაც შეეხება დირექტორების სერტიფიცირების საკითხს, აუცილებლად გიპასუხებთ. დირექტორების სტანდარტი მასწავლებლის სახლმა შეიმუშავა და, სხვათა შორის, ქართველი დირექტორების ჩართულობით დაიწერა სტანდარტი, სადაც გაჩნდა მოსწავლის უფლებები, მასწავლებლის უფლებები და ა.შ. ამის შემდგომ, დაიგეგმა გამოცდის ჩატარება. ტესტირებას ემისი ჩაატარებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულზე შევძლებთ გამოცდის ჩატარებას. მასწავლებლის სახლი ამზადებს პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს დირექტორების მომზადებას გამოცდებისა და გასაუბრებისთვის. ამის გარდა, ჩვენ ვაპირებთ, პირველად ქართული განათლების ისტორიაში, არჩეული დირექტორებისთვის 6-წლიანი პროფესიული განვითარების ციკლის შემუშავებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება კრედიტების დაგროვება და ა.შ. ციკლი გულისხმობს მათ განვითარებას ორი მიმართულებით: პირველი – ძირითადი მენეჯმენტი, ფინანსები, იურიდიული მხარე და მეორე – საგანმანათლებლო ლიდერობა. სწორედ ამ ორი მიმართლებით გადავამზადებთ დირექტორებს და ასევე, ვფიქრობთ, მათთვის მენტორების დანიშვნასაც, რომლებსაც მოვიძიებთ განათლების სამინისტროში, რესურსცენტრებში და ა.შ. ასეთი დახმარება განსაკუთრებით  ახლად შემოსულ კადრებს დასჭირდებათ, მათ, ვისაც დირექტორობის გამოცდილება არ ექნებათ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ჩააბარებს გამოცდას, ცხადია, ვისაც უკვე სერტიფიკატი აქვს, აღარ მოუწევს ჩაბარება. გამოცდას მხოლოდ დირექტორობის მსურველები ჩააბარებენ, ვისაც სერტიფიკატი არ აქვს. თუმცა, ორივე კატეგორია შემდეგ აუცილებლად უნდა გავიდეს გასაუბრებაზე სამინისტროში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ მონაწილოებას სკოლის არჩევნებში.

– კიდევ ერთი ნაწილი მასწავლებლების, რომელიც სქემის მიღმა აღმოჩნდა, სპეცმასწავლებლები არიან. განათლების სისტემისთვის სპეციალური მასწავლებელი სერიოზულ  გადაუჭრელ პრობლემად იქცა. მათი გამოცდები კიდევ ერთხელ გადაიდო, ძალიან ბევრი განაწყენებული სპეცმასწავლებელი ამბობს, რომ წავა სკოლიდან, რადგან არ მიეცა პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, შესაბამისად, არც კარიერული წინსვლის უფლება, ეს კი ანაზღაურებაზე  საკმაოდ მძიმედ აისახება. არც ერთ ეტაპზე, მათ არ შეეხოთ ხელფასის მატება (ვერც 2021 წელს). არადა, სისტემაში სულ 1500 სპეცპედაგოგია. რატომ ვერ მოგვარდა ეს საკითხი და რატომ ვერ შეძლო სახელმწიფომ მათი ხელფასების ზრდა? არადა, სპეცმასწავლებლის შენარჩუნება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, კადრების გადინება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ინკლუზიურ განათლებას.

– ეს საკითხი დაიძრა. მათი გამოცდებისთვის მზადება მიმდინარეობს. იცით, რომ ამ მასწავლებლების გადამზადება ჩვენ, გარკვეულწილად, შევძელით, რამდენიმე მოდულიანი ტრენინგი ჩავუტარეთ. ვფიქრობ, 2021 წელი იქნება გარდამტეხი ამ მიმართულებით. ჩემი პირადი აზრით, რწმენით და გამოცდილებით, ეს ადამიანები ტიტანურ შრომას ეწევიან. შეერთებულ შტატებში მუშაობის და სწავლის დროს, როცა პირველად ვნახე, რას აკეთებდნენ სპეციალური მასწავლებლები, გაოცებული დავრჩი. არც ერთი მასწავლებელი არ მიწყენს, ალბათ, თუ ვიტყვი, რომ მათი შრომა შეუფასებელია. ისინი სახელმწიფოს და იმ ოჯახებს, რომელშიც სსსმ მოსწავლეები ცხოვრობენ, ფასდაუდებელ საქმეს უკეთებენ. გეთანხმებით, სახელმწიფომ ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთოს, რომ ასეთი ოჯახები უზრუნველყოს სპეცმასწავლებლებით. მართლა ბედნიერი ვიქნები, როცა მათი კარიერული წინსვლის პროცესი დასრულდება. პირველად, 2000 წელს, როცა ამერიკაში სპეცმასწავლებელი ვნახე, ემოციისგან ვერ გეტყვით, რა დამემართა. მეც კარგი მასწავლებელი ვიყავი, რადგან ბავშვები ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაფერი გადაფარა იმ სიყვარულმა, რაც ამ ადამიანებში დავინახე, ვიგრძენი, რომ მათ ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვართ ბავშვები. მართლა მიხარია, რომ საქართველოშიც გვყავს ასეთი საქმისთვის თავგადადებული ძალიან ბევრი ადამიანი – სპეცმასწავლებლები ამ საქმისთვის სპეციალურად დაბადებული ადამიანები არიან და ძალიან სამწუხაროა, რომ მათი სქემაში ჩართვის პროცესები ასე გაიწელა, მაგრამ, დარწმუნებით გეუბნებით, რომ 2021 წელს სამინისტროსთვის სპეცმასწავლებლები №1 საკითხად იქცევა.

ბოლოს კი, მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა მასწავლებელს შობა-ახალი წელი და ვუთხრა მათ, რომ მასწავლებლის სახლის კარი ყოველთვის ღიაა მათთვის. ჩვენ მათ საჭიროებებზე რეაგირებას, რა თქმა უნდა, ისევ გავაგრძელებთ, მით უფრო ახლა, ამ რთულ პერიოდში, როცა პანდემიის გამო, ყველანი ერთად, აღმოვჩნდით სერიოზული გამოწვევების წინაშე.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები