26 აპრილი, პარასკევი, 2024

ანალიტიკური კომენტარი 967-ე სტროფის შესახებ

spot_img

„ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ხშირად აქვს გამოყენებული ჰიპერბოლა. საფალავნო-საგმირო ეპოსისთვის გაზვიადება, როგორც მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხი, ბუნებრივია. გარდა იმისა, რომ ეპოსს ვერ მოვთხოვთ დოკუმენტურ სიზუსტეს, აღსანიშნავია ჰიპერბოლის ემოციური ზემოქმედების შესაძლებლობა. დავაკვირდეთ 967-ე სტროფს:

„რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,

მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,

ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან;

იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.“

ავთანდილი, როგორც მრავალმხრივად შემკული პერსონაჟი, ისე მღერის, რომ მის მოსასმენად ტყიდან მხეცები გამოდიან, წყალთაგან – ქვები. მისი ემოცია პირდაპირ გადადის მსმენელებზე: რა ატირდის, ატირდიან. საბრალო ლექსთა იმღერს ავთანდილი და გარემოში ყველა და ყველაფერი „ისმენდიან, გაკვირდიან“. სტროფში, თუ დავაკვირდებით, გაპიროვნებაცაა (პერსონალიზაცია: ქვათა წყლიდან „გამოსხდომა“) და ეპითეტიც (ლექსთა საბრალოთა), მაგრამ მაინც ჰიპერბოლაა გადამწყვეტი სტროფის მხატვრულობის ხარისხისა.

საყურადღებოა კიდევ ერთო დეტალი: მოცემული სტროფი დაწერილია 16-მარცვლიანი მაღალი შაირით (მარცვალთა რაოდენობა ასე ნაწილდება სტრიქონებში 4/4/4/4 – ,,/რა ესმოდის/ მღერა ყმისა,/ /სმენად მხეცნი/ მოვიდიან“). მაღალი შაირი დაბლისგან წარმოთქმის სისწრაფითაც გამოირჩევა, რადგან მარცვალთა რაოდენობის გამეორება ბუნებრივ შეყოვნებათა (ცეზურათა) შორის ამის შესაძლებლობას იძლევა. ვთქვათ ასე: რადგან სტროფი შედარებით სწრაფად იკითხება, თითქოს ადამიანის გონება ვერ აღიქვამს ბოლომდე ჰიპერბოლიზების სიმწვავეს (ქვების წყლიდან ამოსვლა სიმღერის მოსასმენად ჰიპერბოლიზებულ გაპიროვნებად ჩავთვალოთ).

სტროფის ზერელე განხილვაც კი დასტურია იმისა, რომ რუსთაველი უმაღლეს პოეტურ შესაძლებლობებს ფლობს.

ნინი ვარსემაშვილი99-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები