26 აპრილი, პარასკევი, 2024

შესაძლებლობა, რომელმაც თითოეული მოზარდის საჭიროებას უნდა უპასუხოს

spot_img
სექტემბრის დასაწყისში დამტკიცდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რიგი უწყებების (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო) ვალდებულებებს განსაზღვრავს, მათ სისტემაში არსებულ საინფორმაციო ბაზებში სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზისა და შემდგომ ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციის მიზნით. სწორედ ამ უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად უნდა აღსრულდეს სათანადო რეგულაციები და შემუშავდეს ის ინტერვენციული მექანიზმები, რომელთა დანერგვა-განხორციელებაზე ბევრად იქნება დამოკიდებული პროგრამის სიცოცხლისუნარიანობა.
პროგრამის ავტორები იმედოვნებენ, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მექანიზმები (სპეციალური საგანმანათლებლო სერვისები, პროგრამები, სოციალური მხარდამჭერი პროგრამები და სხვა), არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, რეალურად უზრუნველყოფს ბავშვების განათლების უფლების რეალიზებას.
სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის პროგრამის ირგვლივ გვესაუბრება ლელა გაფრინდაშვილი, პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ კოორდინატორი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი.

 

– სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის პროგრამა სხვადასხვა უწყებების ვალდებულებებს განსაზღვრავს. ვინ უზრუნველყოფს მათ შეთანხმებულ მუშაობას, ვინ იქნება მაკოორდინირებელი?

 – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაუწევს ადმინისტრირებას უწყებათა შორის მონაცემების მიმოცვლის პროცესებს და მონიტორინგს. აღნიშნული პროგრამის განხორციელების კოორდინაციაზე, კერძოდ, პასუხისმგებელია სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი.

რამდენიმე წელი მიმდინარეობდა, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების აღმოჩენისთვის ყველაზე ეფექტური სისტემის შემუშავება. მონაცემების ჰორიზონტალური მიმოცვლის სისტემის ასაწყობად შეირჩა ქვეყანაში არსებული მონაცემთა ბაზები და მათში დაცული მონაცემები, რომელთა გაცვლითაც მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი მოზარდების პერსონალური მონაცემების დაცვა დასახული მიზნის მისაღწევად.

– თუ ხდებოდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების აღრიცხვა, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და საერთოდ, რა კეთდებოდა ამ მხრივ პროგრამის ამუშავებამდე, რა ვითარება გვაქვს ქვეყანაში?

 – დღეისათვის, ქვეყანაში არსებობს სტატისტიკური მონაცემები სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ, თუმცა, ეს მხოლოდ მშრალი ციფრებია. მათი ანალიზი და რეალური სურათის გარკვევა შეუძლებელია, ვინაიდან არ არსებობს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სისტემა, ანუ ხელმიუწვდომელია ინფორმაცია იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც არასდროს ჩარიცხულან სკოლაში.

პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ბავშვის განათლების მიღმა ყოფნა, ძირითადად, მისი უფლებების დარღვევის და უგულვებელყოფის გამო ხდება. ამის მიზეზი ხშირად ბავშვზე ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობაა, ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია, ტრეფიკინგი, გენდერული დისკრიმინაცია, ბავშვის უგულვებელყოფა, ჩაგვრა და ა.შ.

ასევე ხშირია მშობლის ნაკლები ინფორმირებულობის შემთხვევები ინკლუზიური განათლების მიდგომების შესახებ (ძირითადად, შშმ ბავშვების შემთხვევაში). საზოგადოებაში დღესაც არ არის საკმარისი ცოდნა ზოგად განათლებაში სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პროგრამების შესახებ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული თუ მატერიალური რესურსით მზაობის შესახებ. ამიტომ ირღვევა ასეთი ბავშვების უფლებები, მათი სახლში გამოკეტვით და თანატოლების საზოგადოებისგან ჩამოშორებით.

– წლების განმავლობაში, არაერთი ძალიან კარგად შედგენილი პროგრამა, დადგენილება თუ სხვა დოკუმენტი, ფაქტობრივად, მხოლოდ ფურცელზე დაწერილი რჩებოდა და ვერ ან არ ვიღებდით სათანადო შედეგს. თქვენი აზრით, ამ შემთხვევაში, რა შედეგს მოიტანს აღნიშნული პროგრამის ამუშავება?

 – „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებით მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელი გახდება არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, იმ მიზეზების დადგენა, რომელიც განაპირობებს მოზარდების საგანმანათლებლო სისტემის გარეთ, თანატოლებისგან გარიყულად ყოფნას.

იმის გამო, რომ შეუძლებელია ინფორმაციის მოძიება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რეალური რაოდენობის, ასაკობრივი ჯგუფების, სოციალური მდგომარეობისა და ზოგადად მათი საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ, ფერხდება საგანმანათლებლო და სოციალური სერვისებისა თუ რესურსების შემუშავება და მიწოდება მათთვის, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს მარგინალურ ჯგუფებად ჩამოყალიბებას და მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ეკონომიკას და კეთილდღეობას.

„სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ დანერგვით მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, სახელმწიფოს მხრიდან, შესაძლებელი გახდება როგორც შესაბამისი საპასუხო, ასევე პრევენციული ზომების გატარება ბავშვის უფლებების დაცვის და მისი ძალადობისგან დაცვისთვის. შესაძლებელი გახდება როგორც არსებული რეგულაციების აღსრულება, ასევე აუცილებელი ინტერვენციული მექანიზმების შემუშავება, დანერგვა და განხორციელება, როგორიცაა, მაგალითად, ჰოლისტური მიდგომებით შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო სერვისები, რომლებიც შექმნის შესაძლებლობას, უპასუხოს თითოეული მოზარდის საჭიროებას.

– საგანმანათლებლო სისტემის გარეთ მყოფთ, ხშირად, არც აქვთ სასწავლო პროცესში ჩართვის სურვილი. ასეთ შემთხვევაში, როგორ იმოქმედებს სახელმწიფო, რას ითვალისწინებს პროგრამა?

 – ყველა მოზარდს და ახალგაზრდას აქვს თანატოლების საზოგადოებაში ინტეგრაციის და ღირსეული ადგილის დამკვიდრების სურვილი. თუ ბავშვს, მძიმე ან ტრავმული ცხოვრებისეული გამოცდილების თუ ფსიქოფიზიკური განვითარების თავისებურებების გამო, არ აქვს სწავლის სურვილი და მოტივაცია, ჩვენ უნდა ჩავრთოთ კვალიფიციური და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამორჩეული სპეციალისტები მასთან სამუშაოდ, მოვამზადოთ მისი საჭიროებების და შესაძლებლობების შესაბამისი, თანამედროვე საგანმანათლებო რესურსები, რომ სასწავლო პროცესი დამთრგუნველი არ გახდეს და მისცეს საშუალება ასეთ მოზარდებს და ახალგაზრდებს, საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინონ და ირწმუნონ, დაივიწყონ და გადააფასონ ის ტრავმული გამოცდილება, რაც მათი წარუმატებლობის მიზეზი იყო.

ხშირად, სასწავლო პროცესებისგან ჩამოშორების მნიშვნელოვანი ფაქტორია ასეთი მოზარდების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმა და არაკეთილგანწყობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და მის გადასალახადაც იგეგმება და მიმდინარეობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები.

იმედია, ამ სიახლით მივაღწევთ დასახულ მიზანს, ბავშვებს დავუბრუნებთ წართმეულ ბავშვობას. „არც ერთი ბავშვი სკოლის მიღმა! ყველა ბავშვი სკოლაში!“

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები