8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

1832 წლის შეთქმულება (ისტორიული კონტექსტი)

spot_img

საქართველოში რუსეთის იმპერიის მმართველობის დამყარების შემდეგ, ქართველი ხალხი არაერთხელ ჩაება, რუსეთის კოლონიალური პოლიტიკის წინააღმდეგ, ბრძოლაში. მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში, საქართველოში მომხდარი აჯანყებები ლოკალური ხასიათის იყო. მაშინ, როდესაც რუსი მოხელეები მოსახლეობას გამოუალ მდგომარეოაში აგდებდნენ, ხალხი იძულებული ხდებოდა პროტესტი როგორმე გამოეხატა.  ეს ყველაფერი კი სტიქიურ აჯანყებებს იწვევდა.

მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიანი წლების მიწურულს, ყალიბდება თვისებრივად ახალი მოძრაობა. დეკაბრისტების აჯანყებით, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების კონსტიტუციური მოწყობით, საფრანგეთის რევოლუციის იდეებით შთაგონებულ, რუსეთში მყოფ, ქართველი ახალგაზრდების წრეს, გაუჩნდა შეთქმულების იდეა. შეთქმულებისთვის მზადება, 1826-1827 წლებში, სანქტ–პეტერბურგში დაიწყო. დიმიტრი და ოქროპირ ბატონიშვილებმა შემოიკრიბეს რუსეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი ახალგაზრდები და შეუდგნენ მომზადებას მომავალი შეიარაღებული აჯანყებისათვის. შეთქმულების ერთ-ერთ ორგანიზატორ-ხელმძღვანელად ელიზბარ ერისთავი დაინიშნა.

1832 წლის შეთქმულებას სამი რამ განახსვავებს წინა საპროტესტო გამოსვლებისაგან: იგი არ იყო ლოკალური, იყო წინასწარდაგეგმილი, და არა სტიქიური.

დეკაბრისტთა აჯანყების შემდეგ სანქტ–პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდნენ შეეთქმულების ლიდერები: ფარნაოზ ბატონიშვილი, დიმიტრი ბაგრატიონი, ელიზბარ, დიმიტრი და გიორგი ერისთავები, ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანები, სოლომონ რაზმაძე, ზაქარია და ალექსანდრე ჩოლოყაშვილები, დიმიტრი ჯორჯაძე, სოლომონ დოდაშვილი და სხვები. სოლომონ დოდაშვილი იყო შეთქმულების როგორც ორგანიზატორი, აგრეთვე იდეოლოგიც. საქართველოში მყოფ შეთქმულებს მუდმივი კავშირი ჰქონდათ რუსეთში დარჩენილ ქართველ თანამოაზრეებთან.

ორგანიზატორებს სურდათ, აჯანყების წარმატებით განვითარების შემთხვევაში, იგი მთელ კავკასიას  მოსდებოდა.  შეთქმულებს რუსეთთან პოლიტიკური კავშირის სრულად გაწყვეტა არ ჰქონდათ განზრახული. მათი მიზანი იყო, რუსეთ-საქართველოს შორის დამყარებულიყო საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობა. სწორედ ამას ითვალისწინებდა 1783 წელს რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატიც, რომელიც 1801 წელს რუსეთის თვითმპყრობელურმა ხელისუფლებამ მზაკვრულად დაარღვია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეთქმულების მიზანი იყო, რუსეთსა და საქართველოს შორის გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.

1830 წელს საქართველოში ჩავიდნენ ელიზბარ ერისთავი და ოქროპირ ბატონიშვილი. შეთქმულებს მომზადებული ჰქონდათ საქართველოს მმართველობის პროექტი. პროექტის ავტორები იყვნენ გიორგი  და ელიზბარ ერისთავები. გეგმის  მიხედვით, საქართველოში უნდა აღდგენილიყო  მეფობა. მეფედ  კი ალექსანდრე ბატონიშვილს მოიაზრებდნენ.

აჯანყება 1832 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. შეთქმულ არისტოკრატებს, აჯანყების გეგმის, „პირველი ღამის განკარგულების“ მიხედვით, წვეულებაზე უნდა მოეწვიათ მსხვილი რუსული ბიუროკრატიის მოხელეები. განეიარაღებინათ, შემდეგ კი თბილისის მოსახლეობისთვის მოეწოდებინათ და აეჯანყებინათ.

აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 დეკემბერს, შეთქმულების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა იესე ფალავანდიშვილმა შეთქმულების შესახებ აცნობა თავის ძმას, რომელსაც კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობა ეკავა. ამ უკანასკნელმა შეთქმულება გასცა. შეთქმულები დააპატიმრეს, ყაზარმებში გამოამწყვდიეს და მათი „ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის“ გამოსაკვლევად საგანგებო კომისია დანიშნეს, რომელმაც 145 „დამნაშავე“ გამოამჟღავნა. რუსეთის მაშინდელმა იმპერატორმა, ნიკოლოზ I–მა, შეთქმულების სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ისინი რუსეთის შორეულ მხარეებში გადაასახლა.

შეთქმულების საგამოძიებო კომისიამ ელიზბარ ერისთავი მეორე ჯგუფის დამნაშავედ, ანუ ისეთ პირად სცნო, „ვინც იყვნენ შეთქმულების წამომწყები და სხვებსაც უბიძგებდნენ შეთქმულების და თვით აჯანყებისკენ“. იგი გადაასახლეს ფინეთში, სადაც ჯერ კრონშტატში, შემდეგ კი ჰელსინგფორსში (დღვანდელ ჰელსინკიში) ჯარისკაცად მსახურობდა. სასამართლო პროცესი დასრულდა 1834 წლის აპრილში. შეთქმულების 145 მონაწილიდან 38 რუსეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ გუბერნიებში იყო გადასახლებული.

სასამართლო პროცესიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ელიზბარ ერისთავი და ყველა სხვა შეთქმული სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მათ შორის არ იყო სოლომონ დოდაშვილი. მან შორეულ ვიატკაში, 31 წლის ასაკში, დაასრულა სიცოცხლე.

ამ ამბის შემდეგ კი წერტილი დაესვა ქართველთა თავგანწირულ მცდელობას, შეიარაღებული აჯანყების გზით, თავი დაეღწიათ რუსეთის იმპერიის ბატონობისაგან და შელახული ეროვნული ღირსება აღედგინათ.

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. გვ. 704-705; „1832 წლის შეთქმულება“, ტ. 1-3, თბ., 1935-1976; ნარკვევები ქართველი ინტელიგენციის ისტორიიდან თბილისი, 1980.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები