26 აპრილი, პარასკევი, 2024

ალუზია

spot_img

ალუზია რიტორიკული ან მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხია. მისი გაგება ასე ხდება უმეტესად: გადაკვრით ხსენება რაიმე ცნობილი ისტორიული ამბის ან ლიტერატურული ნაწარმოებისა.   სიტყვა allusio  ლათინურად მინიშნების აღმნიშვნელი სიტყვაა. ალუზიას მრავალი მნიშვნელობა აქვს:

⇒ მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხია, რომლის საშუალებითაც ხდება რომელიმე სხვა მხატვრული თხზულების დეტალზე, სახეზე, გამონათქვამზე, ისტორიულ ან ყოფით ფაქტზე მინიშნება. მაგალითად, „ვეფხისტყაოსანში“ ალუზიური ხერხითაა ნახსენები „ვისრამიანი“, ასევე _ საკუთრივ „ვეფხისტყაოსანის“ ერთი ეპიზოდი („მიწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსვლა მწვანისა…“) გამოყენებული აქვს გიორგი ლეონიძეს „ყოვჩაღის პაემანში“.

⇒ სტილისტური ხერხია, რომელიც შეიცავს მინიშნებას ზეპირ ან წერით კულტურაში დამკვიდრებულ რომელიმე ლიტერატურულ, ისტორიულ, მითოლოგიურ ან პოლიტიკურ ფაქტზე. მაგალითად, „თხა და გიგოს“, „კართაგენი უნდა დაინგრეს“ ხსენება ზეპირ ან წერილობით ტექსტში.

⇒ არის სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი (ფრაზა, წინადადება), რომელიც აღძრავს მკითხველის გონებაში ასოციაციურ კავშირს სხვა ტექსტთან, შემოაქვს დამატებითი ინფორმაცია და აქვს მხატვრულ-ესთეტიკური დატვირთვა. მაგალითად, ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში ბიბლიური ციტატები.

⇒ არის მეტყველების ობიექტის ირიბი დაკავშირება რაღაც საყოველთაოდ ცნობილთან, ისეთთან, რომლის ციტირებაც ხშირად ხდება (ანდაზა, ხატოვანი გამოთქმა, ისტორიული მოვლენა, ლიტერატურული ნაწარმოები, სიტყვის მოდელი), მაგრამ ეს დაკავშირება არ ხორციელდება ციტირებით ან პერიფრაზით. შეიძლება გამოკრთეს სულ რაღაც ერთი სიტყვა ან სახე, რომელიც გაგვახსენებს პრეცედენტულ ტექსტს, იმას, რომელიც წინ უსწრებდა ახალს და რომელზედაც კეთდება მინიშნება). მაგალითად, სიტყვა ყვარყვარე ან კვაჭი (მედროვებისა და მოხერხების აღსანიშნავად).

⇒ საკუთარი მნიშვნელობის გარდა მეხსიერებაში აცოცხლებს რაღაც შეფარულს და უფრო მნიშვნელოვანს. მაგალითად, აკრძალული ხილი (ბიბლიიდან).

⇒ გადაკრული ნათქვამია, რომელიც ბოლომდე თავად მკითხველმა ან მსმენელმა უნდა მიიყვანოს. მაგალითად, როცა მიუღწეველს ცდილობს ადამიანი და ვეუბნებით „არა შეჯდა მწყერი ხესა..“ (საუბრისას) და ზოგიერთ მხატვრულ ნაწარმოებში მრავალწერტილით დასრულებული ფრაგმენტი.

⇒ მიგვანიშნებს პოპულარულ, უმრავლესობისათვის ნაცნობ ტექსტზე, რადგან თუ მკითხველმა მინიშნება ვერ დააკავშირა წყაროსთან, ქვეტექსტის შინაარსიც და ალუზიის, როგორც მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალების ეფექტიც იკარგება. გულისხმობს, რომ მკითხველი იცნობს ამ სიტყვების მიღმა დაფარულ აზრს და მიხვდება ავტორის ჩანაფიქრს.

⇒ გარკვეული გაგებით ალუზიაც ციტატაა, მაგრამ დონორი ტექსტის (საიდანაც არის ის აღებული) მთელი გამონათქვამი ახალ ტექსტში მხოლოდ იმპლიციტურად (“დაუსწრებლად”) არსებობს.

⇒ ალუზიის მეშვეობით გარედან შემოტანილი ელემენტები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ტექსტის აზრობრივ-კომპოზიციური სტრუქტურის კვანძებად იქცევა.

ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზა „ძლიერი, როგორც ჰერკულესი“. აქ ნათელია მითითება ძველი ბერძნული მითების გმირის შესახებ, რომელიც განუზომელი ძალის მფლობელია. როცა ჰერკულესს ალუზიურად ვახსენებთ, მიანიშნებს კონკრეტულ ძლიერ პირზე.

დასკვნის სახით, შეგვიძლია, რომ ვთქვათ: ალუზია არის არა მარტო ლამაზი ტექნიკა, წერილობითი ან ზეპირი მეტყველების დამშვენებისთვის, არამედ ადამიანს აძლევს საშუალებას, გამოიჩინოს ერუდიცია.

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის X მოსწავლე, მარიამ ჩაჩანიძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები