8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

„ჰაკი აძბა“ (ისტორიული კონტექსტი)

spot_img

1917-1921 წლებში „ახალი“, ძალღონემოკრებილი, რუსეთი იწევდა საქართველოსკენ.  იგი არა მარტო საქართველოს, არამედ ყველა იმ ტერიტორიის დაპყრობას ცდილობდა, რომელიც ადრე მისი უღლის ქვეშ იყო. გარკვეულმა კოლონიებმა მცირე ხნით, მაგრამ მაინც, მოახერხეს დამპყრობლისგან თავის დაღწევა. ამ ყველაფრით ღირსებაშელახული, ბოლშევიკური რუსეთი კი კვლავაც ცდილობდა გათავისუფლებული ტერიტორიების მისაკუთრებას. აღნიშნული პერიოდი საკმაოდ კრიტიკულადაა აღწერილი ლეო ქიაჩელის ნოველაში „ჰაკი აძბა“.

ახლად გათავისუფლებული, სუსტი კოლონიები, ბოლშევიკური იმპერიალიზმის სულისკვეთებით სავსე, რუსეთის შიშით თრთოდნენ.  1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, სოხუმი აღმოჩნდა ამიერკავკასიის კომისარიატის მმართველობის ქვეშ. 1918 წელს, ქალაქში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების ორი მცდელობა იყო. პირველი ცდა გახლდათ 15-21 თებერვალს.

15 თებერვალს სოხუმის ნავსადგურში გაჩერდა კრეისერი „დაკია“, რომელზეც კავკასიის ფრონტიდან დეზერტირი რევოლუციონერები იმყოფებოდნენ. ინციდენტი მოხდა გემის მატროსებსა და თავად ნიკოლოზ ემხვარს შორის. აღნიშნული კონფლიქტი  სოხუმის დაბომბვისა და ქალაქის აღების საფუძველი გახდა.

1918 წლის 16 თებერვლიდან ხელისუფლება ხელთ იგდო აფხაზეთის სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა ეფრემ ეშბას ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ერთი მხრივ, აფხაზეთის სახალხო საბჭოსა და მეორე მხრივ, რევოლუციურ კომიტეტს შორის. აღნიშნულს მოჰყვა ინტენსიური ბრძოლები სოხუმსა და ეშერაში. გემ „დაკიას“ შემდეგ, სოხუმს შავი ზღვის ფლოტის სხვა გემები, საესკადრო ნაღმოსანი „დერსკი“ და ჯავშნოსანი „პრინც კარლი“ მიადგნენ. ისინი შიშს ნერგავდნენ მოსახლეობაში. შავი ზღვის ფლოტის გემებმა სოხუმი დატოვეს 21 თებერვალს, ქალაქში აღდგა წესრიგი და კანონიერი ხელისუფლება.

ნოველის „ჰაკი აძბა“ მთავარი გმირების პროტოტიპები აფხაზეთის მკვიდრნი ნიკოლოზ ემუხვარი (უჯუშ ემხა) და სმელ ბადია (ჰაკი აძბა) იყვნენ. გემი „დაკია“ მოთხრობაში კრეისერი  „შმიდტის“ სახელითაა ცნობილი.

ნაწარმოები კი შემდეგ ისტორიაზე დაყრდნობით შეიქმნა:

გემი 1918 წლის თებერვალში, სურსათისა და მტკნარი წყლის მოსამარაგებლად, შემოვიდა სოხუმის პორტში. ქალაქის ქუჩებში სასეირნოდ გასული მეზღვაურები, უეცრად აფხაზთა ასეულის პორუჩიკს, ნიკოლოზ ემუხვარს გადაეყარნენ და ოფიცერს სამხრეების მოხსნა უბრძანეს. ემუხვარმა ბრძანება არ შეასრულა, გაგულისებულმა მატროსებმა თავად დააპირეს ოფიცრისთვის სამხრეების ჩამოგლეჯა. ამის პასუხად კი ემუხვარმა ერთი მატროსი მოკლა, მეორე დაჭრა და მიიმალა.

მომხდარმა ქალაქში არეულობა გამოიწვია. სოხუმელმა ბოლშევიკებმა ამ ფაქტით ისარგებლეს და სასწრაფოდ მიტინგი მოაწყვეს. მალე სამხედრო გემის ულტიმატუმიც ცნობილი გახდა. იგი 15 000 მანეთს ითხოვდა. ასევე, მათ ნიკოლოზ ემუხვარის მოძებნა და სოხუმში ხელისუფლების რევოლუციური კომიტეტისთვის გადაცემა სურდათ. „დაკიამ“ ულტიმატუმი დატოვა და იმავე დღეს სოხუმიდან გაემგზავრა.

მალე, ქალაქში ახალი ნაღმოსანი გემი, „დერზკი“ გამოჩნდა და „დაკიას“ ულტიმატუმიც შესრულდა. ნიკოლოზ ემუხვარი ძიძიშვილთან, სმელ ბადიასთან ერთად შეიპყრეს, დრანდის მახლობლად, და გემზე აიყვანეს. ასვლისას ემუხვარმა რევოლვერი ამოიღო და უნტეროფიცერი კონოვალჩუკი მოკლა.  იგი იქვე გამოასალმეს სიცოცხლეს, უდანაშაულო სმელ ბადია კი დახვრიტეს.

მარიამ ჩაჩანიძე  სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

თომა ამირანაშვილი – ლეო ქიაჩელი, „ჰაკი აძბა“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები