8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

შველა ღვთისაგან დავითისა, ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში

spot_img

დაღამდა, სხვა დღე გათენდა, ჩემი მდევარი არავინ ჩანდა. დილით ადრე ავდექი, უძილო, ღამენათევი. წამოვედი, ღმერთმა დღიური საკვები მიბოძა – ორი კიტრი და ნახევარი საზამთროს ნაჭერი. საზამთრო სიცხით დამჭკნარიყო და ხელში ცხელი მეჩვენა. მომდინარე წყალი ახლოს იყო. დავიხარე სანოვაგის გასარეცხად, კიტრი ჯიბიდან გადმომიცვივდა, რაც გულზე ცეცხლივით მომედო, რომ მეყიდა, ას ოქროდაც მიღირდა, ათას ვერცხლადაც. წყალმა წაიღო, გავეკიდე, ვეცადე, მაგრამ ვერ დავიჭირე. კინაღამ მისი დევნით მეც წყალში ჩავიძირე. ღვთისაგან მეწყინა, ვუთხარი, ასე ვიტირე: „თუ მომეცი, რატომღა წამართვი, ახლა ასე რატომ გამწირე?“

მივდიოდი და ვტიროდი, მოვთქვამდი ჩემს დანაკარგს, ღვთის საბოდიშო სიტყვებს ვამბობდი მორიდებულად. უეცრად მივადექი ლამაზ, აყვავებულ ადგილს, ატმითა და ვენახით სავსეს. დავხარე თავი, შევძვერი დახურულ, მოფარებულ ვენახში. უზომოდ გავძეხი ყურძნით, მოვიკალი შიმშილი, წყურვილი, მაგრამ ღვთის ისევ მრცხვენოდა, მე, ცოდვით წაბილწულს, ვამბობდი: „რატომ არ მივენდე შენს სურვილებს?“ ბაღში ხილი დავკრიფე, საგზალი მოვიმზადე, ზოგი ჯიბეში ჩავილაგე, ზოგი – კალთაში. სინდისმა ისევ მამხილა: „დაღამებას დაელოდე, დღისით ნუ წახვალ, მახეში არ გაგაბას ვინმემო.“ წავედი, ისევ ჩალაში დავწექი, სადაც უფრო ხშირია, ღმერთმა თქვენი მტრები შეყაროს, როგორც მე დამატყდა გასაჭირი. წამოიშალა კოღოს ლაშქარი, როცა შევარხიე ჩალა, მახრჩობდნენ, რომ სახე არ დამეფარა. როცა უფრო მეტად შემაწუხეს, ვთქვი გაბრაზებულმა: „ვინც არ უნდა იყოს, მივალ სიცოცხლეგამწარებული.“

აღარ დავიცადე, წამოვხტი, სწრაფად წამოვედი. ახლოს კალოს ლეწავდნენ, მივედი, როგორც დაბარებული. როგორც კი დამინახეს, ჩემ გარშემო კაცებისა და ქალების ჯარი შეიკრიბა. ისინი მხოლოდ პერანგით იყვნენ შემოსილნი, ყელზე კი ჯვარი ეკეთათ, მეც მივედი, ვემთხვიე ჯვარს და პირჯვარი გადავიწერე. ერთმა უთხრა მეორეს ,,დაი ხლებაო, ლაზარი“. „ხლება“ რომ გავიგე, თავზარი დამეცა, ტანმა კი ზანზარი დაიწყო. რუსული კარგად არ ვიცოდი, მაგრამ გაგონილი მქონდა, რომ „ხლებ“ პურს ნიშნავდა. არ მეგონა რუსები თუ იყვნენ, სანამ ეს სიტყვა არ ახსენეს. როცა პურის სახელი თქვეს, შვება მომეცა, სიხარულმა კი კონასავით დამშალა. მაშინ ერთმა ყაზახმა-რუსმა მომიარა, ასე კარგად მამაჩემიც არ მომივლიდა. შევებრალე, გულში ჩამიკრა, გადამკოცნა და ცრემლები ღვარა. ნავით წყალზე გადამიყვანეს, ეკლესიაში შემიყვანეს, ხატს ვეთაყვანე და პირჯვარი გადავიწერე. სოფლის სამმართველოში მიხმეს, მაყვირეს და მაყაყანეს. აინტერესებდათ ვინ ვიყავი, სად მივდიოდი, ან რა მინდოდა ლამისყანაში.

ახლა კი შევამოკლებ ჩემს სათქმელს, თერგიდან სოლაღში წავედი, სოლაღიდან – აშტრახანში, შემდეგ – მოსკოვში, სადაც მეფე ვახტანგს და ბაქარ-შანაოზ ხანს ვეწვიე და თაყვანი ვეცი. ბრძანეს „სჭვრიტე ჯაბახანსა“ (იარაღებზე მიმიქციე ყურადღება). მომცეს წოდება ჯარბადარბაშობა. ღმერთმა ბევრჯერ გაგითენოთ ხარება და ქრისტეს შობა! კარგი იყო აღდგომა, მეფესთან მეჯლისობა: ზმა, შაირი, გალობანი, ჩანგთ კვრა, მღერა და თამაშობა. ჯავახიშვილს გამალექსეს, ისიც ჩემსავით ცუდი მოშაირე იყო. სახით გამხდარი, ტანით სუსტი, როგორც ნუჟრიანი, მრუდი ხე. ჩემი ნათქვამი ნარცეცხლასავით უწვავდა კუდს, ბევრჯერ ისე ეწყინა, ქუდი ძირსაც კი დააგდო.

ლუკა მერებაშვილი – სსიპ გორის №12 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ზურაბ კურდღელაშვილი – სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ტინისხიდის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები