9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

საღამო გამოსალმებისა

spot_img

მზე ჩავიდა, მისი შუქი გამოემშვიდობა კავკასიას, თავზე მოეხვია ალერსით, როგორც ქალი მოხუც მამას. ბუმბერაზი მთები ცამდე აყუდებულნი, მდუმარენი, სხედან, როგორც დევები, არიან მორთული თეთრი, წმინდა გვირგვინით. მათ კლდოვან გვერდებზე წამოწოლილან შავი ღრუბლები და მრისხანებით, წარღვნით ქვეყანას ემუქრებიან. გაზაფხულის გამო, ტყე შემოსილია სიმწვანით, მთების კალთებს ამკობს სასიამოვნო სურნელი. მთიდან მოექანება წყალი და ცვივა უფსკრულში, როგორც ალმასი. თერგი მორბის, თერგი ღრიალებს, კლდეები კი ბანს აძლევენ.

შეწუხებული ვუყურებ გზას, სწრაფად მიმავალ ეტლს, რომელიც ყოველივე კარგის მომპარავია, რაც ამ წუთისოფელში გვაქვს, რაც გვიმშვენებს სიცოცხლეს ზეციური სხივით და აღგვამაღლებს ამქვეყნიურ ცხოვრებაში სულიერი აღმაფრენით! მიდიხარ, საყვარელო? მშვიდობით! მარადიულად მექნება შენთვის ლოცვა, ცისკენ მიმართული, იქამდე, სანამ მედგმევა სული. ვეღარ ისიამოვნებს ჩემი თვალები შენი ნახვით. გავიდა ჩემი სიცოცხლე, უშენოდ შრომით, ზრუნვით.

ეტლი მიდის, სატრფო მშორდება… თან მისდევს მას ჩემი სული, ვუმზერ… შორს ძლივსღა მოჩანს… აღარ ჩანს… რაღატომ ვუყურებ გაგიჟებული? ნისლმა დაფარა მიმავალი ეტლი, გულიდან უნებლიეთ ამოვუშვი სიმწრის ოხვრა… მშვიდობით! ვინც დაატკბო ჩემი სიცოცხლე ბედნიერებით, ვისთვისაც ახლა გული მიკვნესის, სული განშორებით წუხს, ვისი ნახვითაც აღარ შემეტყობა სიხარულის ნათელი. ვეღარ მოვისვენებ დამწუხრებული, თბილი ხმის ალერსით!

ვინ მყავს შენს გარდა წუთისოფელში დამამშვიდებელი, შენც წახვედი, დამტოვე, მწუხარების მსხვერპლად მაქციე. წახვედი, წაიღე ყოველივე სულის სანუგეშო. ვინ გამიღებს ახლა დაკარგული ბედის კარს? ან მე უგუნურს, რატომ მწამდა კარგი დასასრულის. ახლა დავრჩი მარტოდ… მშიდობით! შენს გულს ნუ მოშორდება მშვიდობა! არსებობს სულის მწუხარება, რომელსაც არ აქვს იმედი. ჯობია ენა დადუმდეს, ხმა შეწყდეს, ტირილით გულს რა სარგებელი ექნება? მოსაღამოვდა… მარტო ვზივარ დარდიანი, ჩემი გულისტკივილი ვის ესმის? დაყრუვდა არემარე… მხოლოდ გუშაგების ხმა ისმის. ჩანს მთები, მდუმარე, ცამდე აყუდებულნი. ყაზბეგის მთას, სასიამოვნოდ, ვარსკვლავი ანათებს! მთიდან მოექანება წყალი, უფსკრულში იკარგება. თერგი მორბის, თერგი ღრიალებს, კლდეები ბანს აძლევენ.

ლუკა მერებაშვილი – სსიპ ქ.გორის N12 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები