9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

მე და ლი­ტე­რა­ტუ­რა

spot_img

მა­რი­ამ ქავ­თა­რა­ძე
სა­პატ­რი­არ­ქოს წმ. ილია მარ­თ­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სკო­ლა

 

 

ის, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რა ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უდი­დეს როლს თა­მა­შობ­და, ყო­ველ­თ­ვის ვი­ცო­დი, მაგ­რამ მის ძა­ლა­სა და მადლს ბო­ლომ­დე მა­ნამ ვერ ჩავ­წ­ვ­დი, სა­ნამ სა­კუ­თარ თავ­ზე არ გა­მოვ­ცა­დე მი­სი ზე­მოქ­მე­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის უმ­ცი­რეს ნა­წილს ვიც­ნობ, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ თი­თო­ე­ულ­მა წიგ­ნ­მა, მოთხ­რო­ბამ, ნო­ვე­ლამ, ან თუნ­დაც წი­ნა­და­დე­ბამ ჩემს ფიქ­რებ­სა და აზ­რებს ახა­ლი გზა გა­უკ­ვა­ლა და მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სა, რომ ჩემს თავ­ში შე­უც­ნო­ბე­ლი შე­მეც­ნო. პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მელ­მაც და­მატყ­ვე­ვა, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას მომ­წყ­ვი­ტა, კითხ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა გა­მაც­ნო და „მი­სა­ლოც­თა სი­ა­ში“ ჩამ­წე­რა, რა­ო­დენ სა­სა­ცი­ლოც უნ­და იყოს, ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნის „პე­პი გრძე­ლი წინ­დაა“. რო­დე­საც ამ წიგ­ნის სა­თა­უ­რი მეს­მის, ყო­ველ­თ­ვის მახ­სენ­დე­ბა ზაფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი და 6 წლის მა­რი­ა­მი, რო­მე­ლიც მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ფა­ცი­ცე­ბით ფურ­ც­ლავ­და წიგ­ნის გვერ­დებს და თვა­ლებ­გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი კითხუ­ლობ­და პე­პის სა­ინ­ტე­რე­სო და და­უ­ჯე­რე­ბელ ამ­ბებს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ამ წიგ­ნით და­იწყო ჩე­მი უსას­რუ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ოდი­სეა, რო­მე­ლიც მაძ­ლევს იმის ბედ­ნი­ე­რე­ბას, რომ ვიცხოვ­რო მრა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბით, მოვ­კ­ვ­დე ბევ­რ­ჯერ და მი­ვი­ღო ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ღე­ბაც ადა­მი­ა­ნის ხან­მოკ­ლე სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. „ყო­ვე­ლი ნორ­მა­ლუ­რი მოთხ­რო­ბის წა­კითხ­ვის შემ­დეგ ხდე­ბი ოდ­ნავ უკე­თე­სი, ვიდ­რე ხარ, უფ­რო ჭკვი­ა­ნი, ვიდ­რე იყა­ვი,“ – ამ­ბობს ვა­სი­კო კე­ჟე­რა­ძე („კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და“) და არ შე­მიძ­ლია, არ და­ვე­თან­ხ­მო. ვინ მოს­თ­ვ­ლის, რამ­დენ­ჯერ ვწო­ლილ­ვარ „ისე­დაც ვიწ­რო სა­ძი­ლე ტო­მა­რა­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს შო­რის“ („კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და“) ისე, რომ სუ­ლაც არ მიგ­რ­ძ­ვ­ნია თა­ვი ზედ­მე­ტად, რამ­დენ­ჯერ ჩამ­ვარ­დ­ნია ფე­ხი თათ­ქა­რი­ძე­ე­ბის ალაგ-ალაგ ამოყ­რილ იატაკ­ში, რამ­დენ­ჯერ მიც­დია მარ­გო ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლის დახ­ს­ნა ჯა­ყო ჯი­ვაშ­ვი­ლის ტო­რე­ბის­გან, ან­და რამ­დენ­ჯერ ვმჯდარ­ვარ გი­ორ­გის გან­სას­ვე­ნე­ბელ ოთახ­ში, სიბ­ნე­ლე­ში, სო­სია მე­წის­ქ­ვი­ლის გვერ­დით და რამ­დენ­ჯერ მიგ­ლო­ვია საბ­რა­ლო ოთა­რა­ანთ ქვრი­ვის უკუღ­მარ­თი ბე­დი. თი­თო­ე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის წა­კითხ­ვის შემ­დეგ ჩემს, ალ­ბათ ისე­ვე რო­გორც თქვენს, გო­ნე­ბა­ში ხდე­ბა რე­ვო­ლუ­ცია — „ძირს და­ლა­გე­ბუ­ლი ფიქ­რე­ბი მაღ­ლა“ ექ­ცე­ვი­ან, „მაღ­ლა და­ლა­გე­ბულ­ნი ძირ­სა“ („მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“) და მე­რე ირე­ვი­ან ერ­თ­მა­ნეთ­ში. ნუ­თუ არ­სე­ბობს ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბის“ კითხ­ვი­სას დე­დოფ­ლის დაც­ვი­სა და დახ­მა­რე­ბის სუ­ლის­შემ­ხუ­თა­ვი სურ­ვი­ლი არ უჩ­ნ­დე­ბა, ან­და არ სურს, რომ ნე­ტა­რი აბო უკა­ნას­კ­ნელ გზა­ზე გა­ა­ცი­ლოს. ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან ცო­ტა ერს თუ აქვს იმის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ავ­თან­დი­ლის თავ­გან­წირ­ვის, ტა­რი­ე­ლის ბო­ბო­ქა­რი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მა­თი ენით აღუ­წე­რე­ლი ძმო­ბის მო­ნა­წი­ლე გახ­დეს. ლი­ტე­რა­ტუ­რა ალუ­დას­თან („ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი“) ერ­თად ახა­ლი, სპე­ტა­კი, უცოდ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბის დაწყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, გვას­წავ­ლის, თუ რო­გო­რი უნ­და იყოს „კაი ყმა“, გვა­მოგ­ზა­უ­რებს მთებ­სა და ტყე­ებ­ში, ზღვებ­სა და ოკეა­ნე­ებ­ში, გილ­გა­მეშ­თან ერ­თად უკ­ვ­და­ვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად გვგზავ­ნის და თან ჩუ­მად იღი­მის, რად­გან ზუს­ტად იცის, რომ გაწ­ბი­ლე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად გაზ­რ­დი­ლე­ბი დავ­ბ­რუნ­დე­ბით ამ დამ­ღ­ლე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან. „ლი­ტე­რა­ტუ­რა ეკ­ლი­ა­ნი გზაა გა­ნათ­ლე­ბის და ზნე­ო­ბის და­სა­ფა­სებ­ლად, რო­მე­ლიც ამარ­ცხებს უმეც­რე­ბა­სა და უზ­ნე­ო­ბას,“ – ამ­ბობ­და მა­კი­ა­ვე­ლი. მარ­თ­ლაც, ვკითხუ­ლობთ „ხე­ვის­ბერ გო­ჩას“ და ბე­ჩა­ვი ონი­სეს მა­გა­ლით­ზე ვხე­დავთ, რო­გო­რი არ უნ­და იყოს მე­გო­ბა­რი, შვი­ლი და ადა­მი­ა­ნი, ვის­მენთ ბა­თუ­სა და სა­ფარ­ბე­გის („გამ­ზ­რ­დე­ლი“) „ძმო­ბის“ ის­ტო­რი­ას და სის­ხ­ლი გვე­ყი­ნე­ბა, საბ­რა­ლო თავ­საფ­რი­ა­ნი დე­და­კა­ცის (ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, „თავ­საფ­რი­ა­ნი დე­და­კა­ცი“) უგ­ვა­ნი შვი­ლე­ბი, გა­და­კარ­გუ­ლი დე­დის მო­ნახ­ვა რომ ეძ­ვი­რათ, ჭკუ­ი­დან გვშლი­ან, ადა­მი­ა­ნის ასე­თი სიმ­დაბ­ლე თვალ­ზე ცრემლს გვა­დენს; ნათ­ლად წარ­მო­ვიდ­გენთ გან­დე­გი­ლის გან­ვ­ლილ გზას, ვხე­დავთ, რომ, რო­გორც ყო­რანს სძლია ლე­შის მა­დის აღ­მ­ძ­ვ­რელ­მა სურ­ნელ­მა (ლეო ქი­ა­ჩე­ლი, „ბე­რი და ყო­რა­ნი“), ზუს­ტად ისე და­ე­ცა ბე­რიც მი­წი­ე­რი ცდუ­ნე­ბის წი­ნა­შე და ვრწმუნ­დე­ბით, რომ ადა­მი­ა­ნი იმა­ზე უძ­ლუ­რი და უსუ­სუ­რია, ვიდ­რე ერ­თი შე­ხედ­ვით ჩანს. ვა­სი­კო კე­ჟე­რა­ძემ ლი­ტე­რა­ტუ­რა პერ­პენ­ტუ­უმ მო­ბი­ლეს რომ შე­ა­და­რა, სუ­ლაც არ შემ­ც­და­რა, რად­გან ის მარ­თ­ლაც უშ­რე­ტი ენერ­გი­ის წყა­როა. მას შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის სულ­ში ჩაგ­ვა­ხე­დოს, არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ეს ადა­მი­ა­ნი მყინ­ვა­რი­ვით გან­ზე გად­გე­ბა, თუ თერ­გი­ვით იბო­ბოქ­რებს, ყვარ­ყ­ვა­რე­სა და კვა­ჭი­ვით გა­იძ­ვე­რა და მედ­რო­ვე იქ­ნე­ბა, თუ და­თა თუ­თაშ­ხი­ა­სა და თორ­ნი­კე ერის­თა­ვი­ვით ღირ­სე­ბით აღ­სავ­სე, სო­ფი­ო­სა­ვით („ბე­დი ქარ­თ­ლი­სა“) ეყ­ვა­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თუ გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი­ვით მზად იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ბე­დის ოქ­როს ჯაჭ­ვ­ზე („პა­სუ­ხის პა­სუ­ხი“) გაც­ვ­ლის­თ­ვის, ბა­რა­თაშ­ვი­ლის „მე­რან­ზე“ იქ­ნე­ბა ამ­ხედ­რე­ბუ­ლი, თუ პლა­ტონ სა­მა­ნიშ­ვი­ლის გაძ­ვალ­ტყა­ვე­ბულ ულაყ­ზე… რომ მკითხოთ, რა გინ­და ცხოვ­რე­ბა­შიო, ზუსტ პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ, მაგ­რამ ერ­თი რამ, რაც და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცი, ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლია, რად­გან ლი­ტე­რა­ტუ­რა ათა­ვი­სუფ­ლებს ადა­მი­ანს რო­გორც სუ­ლი­ე­რად, ისე ხორ­ცი­ე­ლად. მინ­და, რომ ერთ დღეს მეც დამ­ბურ­ძ­გ­ლოს ვა­სი­კო კე­ჟე­რა­ძე­სა­ვით მა­ჯი­დან იდაყ­ვამ­დე და მივ­ხ­ვ­დე, რომ რა­ღაც სა­სი­კე­თო გა­ვა­კე­თე ჩე­მი თა­ვის­თ­ვის. ვი­ცი, რომ ად­რე თუ გვი­ან ყვე­ლას­თან მო­ვა ის უსი­ა­მო, აუტა­ნე­ლი, გულ­და­საწყ­ვე­ტი, სას­ტი­კი, მტან­ჯ­ვე­ლი ხმა­უ­რი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი გო­რა­ხის და­ცე­მაა საფ­ლავ­ში ჩად­გ­მუ­ლი კუ­ბოს სა­ხუ­რავ­ზე და მა­შინ, რო­ცა სიკ­ვ­დი­ლის სა­რე­ცელ­ზე ნიშ­ნის­მო­გე­ბით გვკითხა­ვენ – „სი­ცოცხ­ლე თუ ლი­ტე­რა­ტუ­რაო“, ამორ­ჩე­ვას აზ­რი არ ექ­ნე­ბა, რად­გან ლი­ტე­რა­ტუ­რაა თა­ვად სი­ცოცხ­ლე.

 

მარიამ მატიაშვილი
თბი­ლი­სის №137 სა­ჯა­რო სკო­ლა

 

 

ხში­რად დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ იმა­ზე, თუ რა­ტომ გა­დავ­ვარ­დე­ბი ხოლ­მე ავ­ტო­ბუ­სის (N-ს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს) ბო­ლო, სულ ბო­ლო რი­გის ფან­ჯ­რი­დან სადღაც, ტო­კი­ოს ჩრდი­ლო­ე­თით და რა­ტომ ვუ­ყუ­რებ ჩემ წინ აყუ­დე­ბულ ფუ­ძი­ა­მას ისე, რო­გორც ეს მუ­რა­კა­მის გმი­რებს შე­ეძ­ლოთ? ან რა მაძ­ლევს იმის უფ­ლე­ბას, რომ მეც ავ­ხე­დო მთაწ­მინ­და­ზე იმ მთვა­რეს, რო­მელ­საც „ლეჩ­კომ­ბი­ნა­ტის“ მე­ოთხე სარ­თუ­ლი­დან გად­მომ­ხ­ტა­რი გა­ლაკ­ტი­ო­ნის სულ­მა, ღრუბ­ლებ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ­მა, მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლის იდაყ­ვი გა­და­უს­ვა და კრი­ა­ლი და­აწყე­ბი­ნა? ზედ­მეტ უფ­ლე­ბას ხომ არ ვაძ­ლევ ჩემს თავს, რო­დე­საც ვცდი­ლობ, წინ აღ­ვუდ­გე უსა­მარ­თ­ლო­ბას ისე, რო­გორც ამას თუ­თაშ­ხია აკე­თებ­და? რა­ტომ ვფიქ­რობ, რომ შე­მიძ­ლია ისე, ზე­მო­დან, გად­მოვ­ხე­დო რუს­თა­ვე­ლის, ამ ლი­ტე­რა­ტუ­რის პრო­მე­თეს, მო­ტა­ნილ გრძნო­ბას, რო­გორც ამას დარ­სის და­მო­ნე­ბუ­ლი გუ­ლი ცდი­ლობ­და? რა ან ვინ მირ­ღ­ვევს „ენერ­გი­ის მუდ­მი­ვო­ბის კა­ნონს“? რა ან ვინ მა­მა­რა­გებს იმ გა­მო­უ­ლე­ვე­ლი სუ­ლი­ე­რი ენერ­გი­ით, რომ­ლის სა­ნაც­ვ­ლო­დაც მე მხო­ლოდ ის ანა-ბა­ნა უნ­და ვი­ცო­დე, რო­მე­ლიც ლა­მა­ზად მო­უ­ქარ­გავს ჩე­მი მა­მა-პა­პის ხე­ლებს?

ვერ გეტყ­ვით, ჩემს წიგ­ნე­ბის თა­როს მტვე­რი არას­დ­როს არ ედე­ბა-მეთ­ქი და არც იმის თქმას ვა­პი­რებ, რომ ჩემს ოთახ­ში იმ გა­ურ­კ­ვევ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო სუ­ნის გა­მომ­წ­ვე­ვი მო­ლე­კუ­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ჭარ­ბობს, რო­მე­ლიც წიგ­ნებს ას­დის, თუმ­ცა იმით კი ნამ­დ­ვი­ლად ვა­მა­ყობ, რომ ყო­ველ­დღე თუ არა, ყო­ველ კვი­რას მა­ინც გა­და­ვუს­ვამ ხოლ­მე მტვრის საწ­მენდს ჯერ გამ­ზ­რ­დელ ვა­ჟას, ილი­ა­სა და აკა­კის, ხო­ლო შემ­დეგ გა­მომ­წ­რ­თობ დოს­ტო­ევ­ს­კის, ტოლ­ს­ტო­ის, უაილდს, დი­კენსს… აი, ბა­ტო­ნი ვა­სი­ლი, უფ­რო სწო­რედ, ვა­სი­კო კე­ჟე­რა­ძე რომ ახ­ლა მის­მენ­დეს, ალ­ბათ იტი­რებ­და კი­დე­ვაც ჩემ მა­გივ­რად იმ ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან, რო­მე­ლიც მო­მე­ლის. ხში­რად მი­ფიქ­რია იმა­ზე, თუ რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და ლი­ტე­რა­ტუ­რა. აი, მა­გა­ლი­თად, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ მხატ­ვ­რო­ბა იქ­ნე­ბო­და მა­ღა­ლი, გრძელ­თ­მი­ა­ნი ქა­ლი, რო­მელ­საც სულ შა­ვე­ბი აც­ვია, მუ­დამ სევ­დი­ა­ნია და ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა თუ არა, სხვა რა­მე მა­ინც გა­ა­ფე­რა­დოს. რამ­დენ­ჯე­რაც შე­ვე­ცა­დე ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვის ხორ­ცი შე­მეს­ხა, იმ­დენ­ჯერ ჩავ­ფ­ლავ­დი. ვიტყ­ვი, მა­ღა­ლია-მეთ­ქი, მაგ­რამ სად გა­ვექ­ცე­ვი ლუ­არ­სა­ბის სი­დაბ­ლეს? ვი­ფიქ­რებ, ლა­მა­ზია-მეთ­ქი, მაგ­რამ სად წა­ვუ­ვალ ჯა­ყოს სი­მა­ხინ­ჯეს? წარ­მო­ვიდ­გენ, ფე­რა­დია-მეთ­ქი და უც­ბად ხელს დამ­ტა­ცებს თავ­საფ­რი­ა­ნი დე­და­კა­ცი თა­ვი­სი შა­ვი ხა­მი­თა და და­ხე­უ­ლი წუ­ღე­ბით. მინ­და ვთქვა, თა­ვი­სუ­ფა­ლია-მეთ­ქი, მაგ­რამ ამის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევს ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხე­ლით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა სა­გა­ლობ­ლე­ბი. ლი­ტე­რა­ტუ­რა არის მშო­ბე­ლი წარ­მო­სახ­ვი­სა, ოც­ნე­ბი­სა, ფან­ტა­ზი­ი­სა, ფიქ­რი­სა, რომ­ლე­ბიც თა­ვის­თა­ვად არი­ან მშო­ბელ­ნი სხვა რი­გი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა * მა­თე­მა­ტი­კა, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობს, თუ არ არ­სე­ბობს ფი­ზი­კა, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობს, თუ არ არ­სე­ბობს იდეა, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობს, თუ არ არ­სე­ბობს ფიქ­რი, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობს, თუ არ არ­სე­ბობს კითხ­ვა… ალ­ბათ ძა­ლი­ან მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ჯაჭ­ვი შევ­ქ­მე­ნი, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, იმ მას­წავ­ლებ­ლის სა­ხე­ლით მა­ინც მე­პა­ტი­ე­ბა, რო­მე­ლიც გა­ნუ­კითხა­ო­ბის ჟამს ჰე­მინ­გუ­ე­ის, ლერ­მონ­ტოვს, მა­ი­ა­კოვ­ს­კის… ას­წავ­ლის რო­ბოტს. მარ­თა­ლია ბა­ტო­ნი პეტ­რო­ვი­ჩი („ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი“), რო­ცა ამ­ბობს, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­რე­შე კა­ცობ­რი­ო­ბა ხდე­ბა „ენის ჰარ­მო­ნი­ის ვერ­გამ­გე­ბი“ და „სიტყ­ვის მგრძნო­ბე­ლო­ბი­სად­მი ყრუ“. ასე­ვე მარ­თა­ლია ბა­ტო­ნი ვა­სი­კო, რო­დე­საც მკითხ­ველს უწო­დებს სას­წა­ულს, რად­გან მხო­ლოდ მა­შინ შეგ­წევს ძა­ლა იმი­სა, რომ „ისე­დაც ვიწ­რო სა­ძი­ლე ტო­მა­რა­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს შო­რის იწ­ვე და სუ­ლაც არ იყო ზედ­მე­ტი“ („კა­ცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და“), რო­ცა ხარ მკითხ­ვე­ლი. ლი­ტე­რა­ტუ­რა ადა­მი­ანს აძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თუნ­დაც ერთ კე­ლი­ა­ში გა­მო­კე­ტილ­მა, რო­მელ­შიც მხო­ლოდ სან­თ­ლე­ბი ან­თია, შე­მო­ი­ა­როს ცა და დე­და­მი­წა, მოკ­ვ­დეს ბევ­რ­ჯერ და და­ი­ბა­დოს მეტ­ჯერ, უყ­ვარ­დეს უფ­რო მეტ­ჯერ და სძულ­დეს კი­დევ უფ­რო მეტ­ჯერ. ლი­ტე­რა­ტუ­რაა ის ერ­თა­დერ­თი, რო­მე­ლიც გაჰ­კი­ვის დი­დი ხა­ნია იმას, რომ ერთს პლუს ერ­თი ზოგ­ჯერ ორი არაა, მაგ­რამ ვინ უს­მენს?

ალ­ბათ, ვი­პო­ვე ის, რაც ავ­ტო­ბუ­სის (N-ს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს) ბო­ლო, სულ ბო­ლო რი­გის ფან­ჯ­რი­დან ხან ღა­მის ტო­კი­ო­ში გა­და­მის­ვ­რის ხოლ­მე, ხან კი ალი­ონ­ზე მთაწ­მინ­და­ზე ავ­ყა­ვარ… მაგ­რამ ავ­ტო­ბუ­სი­დან რომ ჩა­მო­ვალ ჩემს გა­ჩე­რე­ბა­ზე, მე­რე რა­ღა ვქნა?

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები