27 აპრილი, შაბათი, 2024

„ვეფხისტყაოსნის“ 113-ე სტროფის ანალიზი

spot_img

შუა საუკუნეებში, როცა პატრიარქალური სულისკვეთებით იყო მსოფლიო გამსჭვალული, რუსთაველმა ძალიან თამამი მინიშნებებით განავრცო ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ფილოსოფიური შეხედულებები სტერეოტიპების დასამსხვრევად. როგორც ამბობენ, ფსევდო-დიონისე ქართველი ფილოსოფოსი იყო, თუმცა, როცა საქმე ეხება ზოგადსაკაცობრიო საკითხებს, ასეთ დროს ეთნიკურ წარმომავლობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან დიდი მოაზროვნე, ისევე, როგორც დიდი ხელოვანი, მსოფლიო საკუთრებაა.

ბრძენი დივნოს ანუ დიონისე ამბობს, რომ ბოროტება არ არსებობს. რასაც ადამიანები ბოროტებას ვუწოდებთ, ის მხოლოდ სიკეთის ნაკლებობაა. „ბნელი უჩინო იქმნების ნათლითა“, _ ამბობს დიონისე არეოპაგელი და რუსთაველის პოემაში ნათელი, სინათლე, მნათობები არაერთხელ რომაა ნახსენები, შემთხვევითი არ უნდა იყოს. თვალი გავადევნოთ, რას ეუბნება თინათინი მამას, რომელიც დაჭმუნვილი და დაღრეჯილია იმის გამო, რომ უცხო მოყმისა ვერა გაიგო რა. უეცრად გაუჩინარებული მოყმე ადამიანია თუ ეშმაკეული, ეს ვერ დაადგინა როსტევანმა და პასუხგაუცემელ კითხვას უსვამს საკუთარ თავსა და გარემოცვას.  პასუხი თინათინს აქვს.

„ქალმან ჰკადრა: „მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:

ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?

რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?

ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?“

თინათინი ამ სტროფით თითქოს დანაყბედ სიტყვას ამბობს (ეს მომენტი თავმდაბლობის გამოხატულებად უნდა ჩავთვალოთ მხოლოდ). მეფის ასული სიბრძნით სავსე ქალია და მას ყბედობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ღვთისა და ბედის მომდურავი არ უნდა იყოს ადამიანი, რადგან ღმერთი მხოლოდ კეთილს ქმნის. ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა? – რიტორიკულად იკითხა თინათინმა და ამით ამოწურა ვეფხის ტყავით შემოსილის შესახებ დასმული კითხვა.

მინდა ყურადღების შეჩერება ერთ ასპექტზე, რომელიც მინიშნებებითაა პოემაში წარმოდგენილი: შუა საუკუნეებში ქალებიც (მართალია, უმაღლესი არისტოკრატი, მაგრამ მაინც ქალი!) ფლობენ სიბრძნეს, ისინიც ისეთივე განსწავლულები არიან, როგორც კაცები და მათი აზროვნების ხარისხი არაფრით ჩამორჩება საპირისპირო სქესის ადამიანებისას.

ზოგადად, რუსთაველმა ქალთა სახეები პოემაში მრავალმხრივად წარმოაჩინა და დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს, რაოდენ ესათუთება არა მარტო ნესტან-დარეჯანს, თინათინს, ასმათს სიტყვის ოსტატობით, არამედ დავარსა და ფატმანსაც არ განსჯის მკაცრად. უარყოფითი გმირი ქალების მიმართ პოემის ავტორის პოზიცია უაღრესად გაწონასწორებულია. დავარი, რომელიც ძმისწულს ზღვის ჭიპში ჩაკარგვას განუსაზღვრავს, ისეთი ქალია, რომელმაც „ცაცა იცის“. ფატმანის, როგორც ვაჭართა წრის წარმომადგენლის, ინტელექტიც არაა საქილიკო. მას, როგორც ხორციელი ვნებებით დახუნძლულ ქალს, საერთოდ ვეღარ ვხედავთ იმ მომენტში, როცა წერილს უწერს ნესტან-დარეჯანს. ამით იმის თქმა მინდა, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ის პრობლემა მნიშვნელოვანწილად დაძლეულია, რაც დღეს კიდევ არსებობს ეპიზოდურად სამყაროში: თითქოს განათლება მხოლოდ მამაკაცის საქმეა.

ნიკოლოზ ნებიერიძე  – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები