19 მაისი, კვირა, 2024

გამიზნული შეცდომა თუ ლაფსუსი?

spot_img

ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“ 1839 წელს დაწერილი პოემაა, რომელშიც აღწერილია კრწანისის ომი თანმდევი მოვლენებით.

პოემის მიხედვით, მეფე ერეკლე რუსეთთან სამეფოს  მფარველობაში შესვლას აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის მერე გადაწყვეტს, ანუ მას შემდეგ, რაც ნათლად დაინახავს, რომ საქართველო მუდმივ ომს დაუუძლურებია და მისთვის მშვიდობა აუცილებელია (,,ძნელ არს ცხოვრება სამეფოსი, როს უჭვრეტდეს იგი ომსა დღე-დღითი!’’). პოემაში სოლომონ ლიონიძეც ერთგვარ ტესტირებას ატარებს, ცოლთან გაბაასებისას, სამეფოს რუსეთთან მიერთებისა თუ პროტექტორატის საკითხზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნაწარმოებში ისტორიული რეალობა უგულებელყოფილია.

გავადევნოთ თვალი ისტორიულ რეალობას. გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლის მართებულობა-მცდარობა დღემდე სადავოა, დაიდო 1783 წელს, ანუ თორმეტი წლით ადრე, ვიდრე  კრწანისის ბრძოლა მოხდებოდა. გამოდის, რომ ერეკლე მეფე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ, ვერ განაცხადებდა: ,,აწ განთქმულია რუსთა სახელი, მას მინდა მივცე მემკვიდრეობა და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!”

თუმცა, როგორც პოემიდან ჩანს, რეალობა ლიტერატურამ არად ჩააგდო. ბარათაშვილის პოემის პერსონაჟად ქცეული ერეკლე მეფე ანანურიდან წინასწარმეტყველებს: „დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება, ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!” და ეს ხდება მაშინ, როცა საქართველო უკვე წლებია, რაც რუსეთის „მფარველობის“ ქვეშაა.

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემაში გვხვდება გარკვეული უზუსტობები, თუმცა, მათ  კონკრეტული მისია აკისრია. უზუსტობათა შორისაა ერეკლეს მეფობის არეალიც („საქართველოს დღეს გარდაუწყდება თავისი ბედი თუ უბედობა“). პოემაში აღწერილი ვითარების შემდეგ, ნათელი უნდა გახდეს ის გარემოებები, რომლებმაც აიძულეს ერეკლეს, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა და ამგვარად გადაეწყვიტა ბედი ქართლისა.

ახლა კი სხვაგვარად დავსვათ კითხვა: ისტორიული ფაქტების ქრონოლოგიის დარღვევა მიზნობრივად წარმოადგინა პოემაში ნ. ბარათაშვილმა თუ ლაფსუსთან (უნებლიე შეცდომასთან) გვაქვს საქმე? თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბარათაშვილი ერეკლე მეფის შთამომავალია, რთული დასაჯერებელია, პოეტს არ სცოდნოდა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებისა და კრწანისის ომის ზუსტი თარიღები. მართალია, პოემაში სოლომონ ლიონიძის პოზიციონირება სრულიად შეესაბამება ეროვნული თვითმყოფადობისთვის ბრძოლის აუცილებლობას, მაგრამ ისტორიული რეალობა, 1832 წლის შეთქმულების კრახით დასრულების შემდეგ, უფრო მწვავედ წარმოჩინდა და ქართველი არისტოკრატია რუსული პოლიტიკისადმი შეგუების გზას დაადგა. ლიონიძის პოზიციისა და ეროვნულობის მნიშვნელობის აღიარება ავტორს ერთგვარი ბალანსის დასაცავად ესაჭიროება, მაგრამ ნათელია ავტორის ტენდენციურობა ქრონოლოგიის დარღვევასა და ერეკლეს გვირგვინის  ქვეშ საქართველოს მოხსენიება. იქნებ ამით ავტორმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველთა არერთხელ მოდრეკილი ქედის ტრაგედია? ეს ის დროა, როცა ბარათაშვილი ისევ განიცდის უკიდურეს ხელმოკლეობას და იქნებ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის (ან შენარჩუნებისთვის!) ანტირუსული განწყობის სოლომონ მეფის სამკვიდროსაც პატარა კახს მიაწერს, ამართლებს გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერას. ეს მოსაზრება, ბუნებრივია, მტკიცებულება არაა და მხოლოდ ვარაუდია.

წერილის მთავარი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ჩემმა თანატოლებმა იცოდნენ ქრონოლოგიისა და სამეფოს არეალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, რომელიც გაყალბებულია პოემაში.

სესილი ერაგიაქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები