19 მარტი, სამშაბათი, 2024

ბავშვს აქვს 100 ენა – რეჯიო ემილიას პედაგოგიური მიდგომა

spot_img

სოფო მელაძე

ბავშვთა ადრეული განათლების სპეციალისტი, განათლების ფსიქოლოგი

 

დღეს მოგიყვებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ეფექტურ პედაგოგიურ მიდგომაზე, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში, ამავე სახელწოდების პატარა ქალაქში, რეჯიო ემილიაში შეიქმნა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, იტალიაში, ოჯახები ნათლად აცნობიერებდნენ ბავშვებისთვის ადრეული განათლების ახალი ტალღის საჭიროებას, რომელიც მათ, ადრეული ასაკიდანვე, მნიშვნელოვან ღირებულებებს შთაუნერგავდა, როგორიცაა: სოციალური სამართლიანობა, დემოკრატია და ერთმანეთის პატივისცემა. „იქნებ იმისათვის, რომ ადამიანებმა ომი არ წამოიწყონ, ამ ყველაფრის სწავლება ადრეული ასაკიდანვეა აუცილებელი“.

ამ იდეებით შთაგონებულმა იტალიელმა პედაგოგმა და განათლების ფსიქოლოგმა, ლორის მალაგუციმ, დაიწყო „რეჯიო ემილიას პედაგოგიური კონცეფციის“ შემუშავება. ის თავის თავს განათლების სისტემის „პროვოკატორს“ ეძახდა, რადგან ყოველთვის სიახლისკენ, ძიებისკენ იყო მისი მოღვაწეობა მიმართული. „რეჯიო ემილიას“ სასწავლო გარემოშიც დღეს მასწავლებლები სწორედ პროვოკატორობას ცდილობენ მნიშვნელოვანი კითხვების დასმით, რაც ბავშვებს ცნობისმოყვარეობისკენ, მოქმედებასა და პასუხების აღმოჩენებისკენ მიმართავს.

„რეჯიო ემილიას“ პედაგოგიური მიდგომა ჰუმანისტურ იდეებს იზიარებს და ეყრდნობა სოციალური და სოციალურ-კონსტრუქტივისტული ტიპის კურიკულუმს. „ყველა ბავშვს აქვს განათლების და განვითარების უფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ბავშვებს, არც ერთი ბავშვი არ იბადება ცარიელი, უბრალოდ მათ უნდა მივცეთ საშუალება, გამოხატონ საკუთარი ფიქრები და გრძნობები… ბავშვის მიერ დასმული არც ერთი კითხვა არ არის სულელური, პირიქით, თითოეული მათგანი სწორედ სწავლისა და განვითარების საშუალებაა“.

სოციალური და სოციალურ-კონსტრიქტივისტული კურიკულუმის მიხედვით, მთავარი არა სასწავლო წლის დაწყებისას დასახული მიზნებია, არამედ თვითონ პროცესი და პროცესის დროს უშუალოდ გამოკვეთილი ინტერესები და აღმოჩენები. „რეჯიო ემილიაში“ პედაგოგები თავს ბავშვების „თანამოსწავლედ“ მიიჩნევენ, მათთან ერთად სწავლობენ, მონაწილეობენ კვლევის პროცესში და მხარს უჭერენ ბავშვების თითოეულ მისწრაფებას.

იმისათვის, რომ სიღრმისეულად გავიგოთ, რაში მდგომარეობს ამ პედაგოგიური მიდგომის განსაკუთრებულობა, გამოვყავი სამი მნიშვნელოვანი ასპექტი:

რეჯიო ემილიას ფილოსოფია და მიდგომა ბავშვების მიმართ;

რეჯიო ემილიას გარემო, როგორც მესამე მასწავლებელი;

რეჯიო ემილიას სასწავლო, გარემო, სადაც ჰარმონიულად თანამშრომლობენ ბავშვები, მასწავლებლები და მშობლები.

როცა ლორის მალაგუცის ლექსი წავიკითხე, უკვე შემექმნა წარმოდგენა ამ მიდგომის მთავარი პრინციპებისადმი – ყველა ბავშვი თვითონ არის საკუთარი ცხოვრების შემოქმედი, მათ აქვთ 100 ენა, 100 გზა თვითგამოხატვის.

…ბავშვს აქვს ასი ენა,

ასი ხელი, ასი აზრი, ფიქრის, თამაშის, ლაპარაკის ასი გზა. ასი, ყოველთვის ასი გზა მოსმენისთვის, აღტაცებისა და სიყვარულისთვის, ასი სიხარული სიმღერისა და გაგებისთვის, ასი სამყარო აღმოჩენისთვის, ასი სამყარო გამოგონებისთვის, ასი სამყარო საოცნებოდ. ბავშვს აქვს ასი ენა (და ასჯერ, ასჯერ, ასჯერ მეტი)… მაგრამ მათ ჰპარავენ ოთხმოცდაცხრამეტს, – ლორის მალაგუცი.

წარმოიდგინეთ, ბუნებრივ ფერებში და ნატურალური ხის ავეჯით მოწყობილი, მცენარეებით გაწყობილი მშვიდი და მყუდრო ოთახი, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა ფუნქციის მიხედვით – წიგნების კუთხე, თეატრალური კუთხე, დასასვენებელი ადგილი, ატელიე და მეცნიერების კუთხე, ბევრ სხვადასხვა თაროზე განლაგებული ხის კალათებით ან ყუთით, რომლის ერთი მხარე გამჭვირვალეა და ნათლად ჩანს სხვადასხვა მასალა, რომელიც მოთავსებულია მათში.

თითო ჯგუფში 2-2 აღმზრდელი მუშაობს. ასევე ჯგუფს ჰყავს დამხმარე თანამშრომლებიც, რომლებიც იმ ბავშვებთან რჩებიან, რომლებიც უფრო ადრე მოდიან ან უფრო გვიანობამდე არიან ბაღში. ბაღს აქვს სველი წერტილები და, საშხაპე წყლის აქტივობებისთვის ან პროექტებისთვის, წყლით სავსე მცირე ავზი.

კვების და შიდა ეზოში თამაშის დროს, ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა ასაკის ბავშვები და მეგობრობენ. მათი შეხვედრის ადგილს „პიაცას“ ეძახიან.

რეჯიო ემილიას ბაგა-ბაღებში ვხვდებით ძალიან ბევრ სარკეს, გამჭვირვალე სახურავს, კარებს და სარკეებიან იატაკს, რომელიც მცოცავ ბავშვებსაც აძლევს საშუალებას, მუდმივად ხედავდნენ, აკვირდებოდნენ საკუთარ თავს სხვადასხვა აქტივობების დროს, ვინაიდან პედაგოგებმა კარგად იციან, რომ ვიზუალური სტიმულირება, აბსტრაქტული უნარების განვითარებამდე, ძალიან მნიშვნელოვანია, „პატარებისთვის ამ ეტაპზე არსებობს ის, რასაც ხედავს ფიზიკურად“.

რეჯიო ემილიას სასწავლო გარემოში წახალისებულია ხელოვნების საშუალებით საკუთარი იდეების გამოხატვა, იქნება ეს ხატვა, ძერწვა, რაიმეს აგება თუ აშენება. ბაღებში გხვდება ატელიელისტი მხატვარი, რომელიც ეხმარება ბავშვებს, ხატვის საშუალებით გამოხატონ საკუთარი იდეები. რეჯიო ემილიას კედლებზე თქვენ ნახავთ ბავშვების მიერ შესრულებულ სხვადასხვა ნახატს და ნაშრომს. ასევე, მათი შემოქმედება, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, როგორიცაა ბავშვებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მუშაობის და აქტივობების წერილობითი ასახვა, ინახება ბავშვის პორტფოლიოში, რომელიც სკოლაში შესვლისას გადაეცემა მათ ოჯახებს.

ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას მოთავსებულია სხვადასხვა ბუნებრივი მასალა – ფოთლები, ტოტები, განსხვავებული ტექსტურის, ფერის, შეხების ნივთიერებები. ასევე, სპეციალური ხელსაწყოები- გამადიდებელი ლუპები, საზეინკლო ინსტრუმენტები, ინტენსიური განათების მოწყობილებები და ა.შ, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვთა ინტერესის, ცნობისმოყვარეობის, კვლევისა და შესწავლის წახალისებას. მასწავლებელი არ უშლის ბავშვებს ამ ხელსაწყოებით დაინტერესებას, პირიქით, ეხმარება და ასისტირებას უწევს მათი ფუნქციის გაგებისას. თითოეული რესურსი განლაგებულია ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.

რეჯიო ემილიაში გარემო ბავშვის მესამე მასწავლებელია – სხვა ბავშვების, მშობლების და მასწავლების პარალელურად. ბუნებრივი მასალები გარკვეული კატეგორიზაციის მიხედვითაა დალაგებული, მაგალითად, ფერების, ზომის, ფორმის მიხედვით. ეს ბავშვებს ასწავლის სწორედ კატეგორიზაციის უნარს. თუ დავსვამთ კითხვას, რატომ იყენებენ რეჯიო ემილიაში ბუნებრივ მასალებს? – მათთვის მნიშვნელოვანია არა ხელოვნურად და ქარხნულად დამუშავებული საგნების მიწოდება, თამაშის პროცესში, არამედ ბავშვებმა თვითონ რომ შექმნან ბუნებრივი მასალებისგან სხვადასხვა ნივთები.

ბაღში ბავშვების სამჯერადი კვებით არიან უზრუნველყოფილნი, ხოლო მზარეული ბაღის ცხოვრების აქტიური მონაწილეა. იგი ხშირად ესაუბრება მშობლებს ბავშვთან დაკავშირებული კვებითი სირთულეებისა თუ საკითხების ირგვლივ. მზარეულს ხშირად ეხმარებიან ბავშვებიც საკუთარი საკვების მომზადებაში, სუფრის განწყობაში. კედელზე დიდი ასოებით და ფოტოთი გამოსახულია დღის კვების რუტინა. შესაბამისად, ბავშვებს აქვთ მოლოდინი და განწყობა დღის კერძის მიმართ.

წლის მანძილზე, ბაღებში, ბევრი სხვადასხვა მცირე თუ დიდი პროექტი მიმდინარეობს. რეჯიო ემილიას პედაგოგიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი პროექტებით სწავლებაა. ბავშვთა ბუნებრივად წარმოქმნილი ინტერესების საფუძველზე, მასწავლებელთან ერთად, ბავშვები იკვლევენ გარკვეულ საკითხებს, შემდგომ კი შედეგებს სხვა ბავშვებსა და მშობლებს, მასწავლებლებს წარუდგენენ. მაგალითად, თუ მათ გაუჩნდათ კითხვა თუ როგორ ცხოვრობენ ლოკოკინები, რას ჭამენ, რამდენი ხანი ცოცხლობენ, ამ ყველაფერს ისინი, მასწავლებლებთან ერთად, ცოცხლად აკვირდებიან, შეისწავლიან და აკეთებენ დასკვნებს. მზა პასუხები რეჯიო ემილიაში არ არსებობს!

რეჯიო ემილიაში აქტივობები მიმართულებია ბავშვების მაღალი სააზროვნო უნარების გასავითარებლად, როგორიცაა ანალიზი, სინთეზი და შექმნის უნარი. ბავშვები სიმბოლოების საშუალებით გამოხატავენ საკუთარ ცოდნას, მისწრაფებებსა და ინტერესებს. ამაში კი მათ ხელოვნება, მეცნიერება, სიმღერის ან თეატრალური დრამის აქტივობები ეხმარება.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც რეჯიო ემილიას ბავშვზე ორიენტირებული სხვა მიდგომებისგან გამოარჩევს, მშობელთა აქტიური ჩართულობაა ბავშვის ცხოვრებასა და ბაღში. მშობლები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიების, ექსკურსიის, პროექტისა და აქტივობის დაგეგმვის პროცესში. თუ რომელიმე მშობელი კარგად კერავს, ქსოვს ან უკრავს, შესაძლებელია, გარკვეულ დღეებში, ამ მიმართულებით, მონაწილეობა მიიღოს ბაღის აქტივობებში. მშობელთა კრებები 1-2 თვეში ერთხელ ტარდება, რადგან მშობელთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ყოველდღიურად, ყოველი დღის ბოლოს. რეჯიო ემილია ერთი დიდი ოჯახია!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები