30 აპრილი, სამშაბათი, 2024

მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარება

spot_img

გიორგი ხურცილავა

სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეს საჯარო სკოლის დირექტორი, წამყვანი მასწავლებელი

25 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის – GNAEB /აღმასრულებელი დირექტორი – მარი გეთიაშვილი/, ბათუმის №16 საჯარო სკოლასთან /დირექტორი – ცირა ქობულაძე/ თანამშრომლობით, მასწავლებელთა კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლები – მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, მოწვეული სტუმრები. საკონფერენციო თემების პრეზენტაცია 2 სესიად გაიმართა, სულ 19 მოხსენება მოვისმინეთ. ყველა პრეზენტაცია მაღალი აკადემიური დონით და სასწავლო-სამეცნიერო რესურსების გამოყენების ფართო სპექტრით გამოირჩეოდა.

პროექტის მხარდამჭერები ორგანიზატორები იყვნენ:

⇒ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სსეუ – პრეზენტაცია წარადგინა რექტორის აპარატის უფროსმა, ეკონომიკის დოქტორმა, ხათუნა გამიცინაშვილმა.

⇒ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა – მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, გიო კალაძის პრეზენტაცია სასწავლო რესურსების გამოყენებას ეხებოდა.

⇒ ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ – დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნინა ჩიკვაშვილის პრეზენტაცია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის, უცხო ენების და ისტის სწავლებას მოიცავდა.

ჩემი პრეზენტაციის თემა იყო „ინტეგრირებული საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილების ჩატარება საველე პირობებში“/ექსკურსია-გაკვეთილები, ლაშქრობა-გაკვეთილები/.

კონფერენციის ორგანიზატორებმა არაჩვეულებრივი გარემო შეგვიქმნეს – გამართული ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებები, საკმარისი და მოწესრიგებული სივრცე, ყავის შესვენება, ფოტო-ვიდეოგადაღება, საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა, ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, კოვიდ-19-ის რეგულაციების მკაცრი დაცვა. ყოველივე ეს ამაღლებულ მოტივაციას გვაძლევდა როგორც პრეზენტატორებს, ასევე დამსწრეებს.

მომხსენებლები, პრეზენტაციისას, ეხებოდნენ საგნის სწავლების მეთოდიკის საკითხებს, მესამე თაობის ესგ-ს, ინკლუზიურ განათლებას, დაწყებით კლასებში სწავლების სპეციფიკას, მასწავლებლების მიერ შექმნილი რესურსების გამოყენებას, კონსტრუქტივისტული მეთოდით გაკვეთილის ჩატარებას, დისტანციურ სწავლებას.

ბატონი კახაბერ ჩაკვეტაძეს მიერ გაკეთებული პრეზენტაცია კომპლექსური დავალებების შედეგზე იყო ორიენტირებული.

თითოეულ მონაწილეს, პრეზენტაციისთვის, 5-7 წუთი ჰქონდა გამოყოფილი, კითხვების შემთხვევაში კი – 2-3 წუთი ემატებოდა. ყველა პრეზენტაცია გამოცდილების პრინციპზე იყო აგებული.

კონფერენციის ბოლოს, გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, მომხსენებლებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო დამსწრეებს აქტიური თანამშრომლობისათვის – „მადლობის ფურცლები“. გადავიღეთ სამახსოვრო სურათები.

დასასრულს, განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემის გენერალურმა დირექტორმა, მარი გეთიაშვილმა დააანონსა, რომ მასწავლებელთა შემდეგი საზაფხულო კონფერენცია გაიმართება სამეგრელოში, შ. მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. 2021 წლის მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იმერეთი უმასპინძლებს, რისი დადასტურებაცაა წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავას თბილი მიპატიჟება ქალაქ წყალტუბოში და ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში.

ირმა მესხორაძემ და ბაჩი თოდუამ კონფერენციის მიმდინარეობის პროცესი კადრებზე ასახეს.

მადლობა თითოეულ მონაწილეს საინტერესო პრეზენტაციისათვის, ხოლო დამსწრეებს – აქტიური ჩართულობისთვის.

მადლობა „ჰილტონის“, აჭარაში ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროს, ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს თბილი მიღებისა და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები