18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბაში-აჩუკის სახე

spot_img

ლიტერატურული სამყაროს ძირითადი არსი იმაშია, რომ ლიტერატურა ფაქტებს ბევრად უფრო ხატოვნად და მრავალფეროვნად წარმოაჩენს. იმ თავითვე, მესამოცე წლებში მე ვნატრობდი და ველოდი, რომ მომავალი წარმოშობდა დემოკრატიას, მაგრამ, უნდა გამოვტყდე, რომ იმისთანებს კი არა, როგორც დღეს ზოგიერთები არიან, მხოლოდ სიტყვით და არა საქმით, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კუჭზე ფიქრობენ, თავს იკატუნებენ და ქვეყანას კი ამადლიან, ჩვენ გამოვაღვიძეთ ხალხი, ჩვენ შევქმენით დრო“ და სხვანი, რომ წარამარად გაიძახიან, ეს სულ ტყუილებია!.. – ამბობს აკაკი წერეთელი. ეს ციტატა მართლაც ეხმიანება ისტორიული რომანის, „ბაში-აჩუკის“, გამხატვრულებას.

აკაკიმ ამ ნაწარმოებში გამოიყენა თავისი, როგორც მწერლის, უფლება და, ბაში-აჩუკის სახით, ისტორიულ მოთხრობაში შეიყვანა მოგონილი პერსონაჟი. ბაში-აჩუკში ერთადაა თავმოყრილი ყველა ის თვისება, რომელიც ახასიათებს XVII საუკუნის ქართველ ერს და უნდა ახასიათებდეს XIX საუკუნისას. ბაში-აჩუკი იმერელი აზნაური გლახუნა ბაქრაძეა. იქნებ იმიტომ შემოიყვანა მწერალმა იგი იმერლის სახით, რომ სწორედ იმერლებში ხედავდა ყველა იმ აუცილებელ თვისებას და ჟინს, რომლებიც ქართველ ვაჟკაცს ესაჭიროება. აკაკის ასეთ შეხედულებას იმერლებზე ამტკიცებს ის ფაქტი, რომ იგი „ვეფხვისტყაოსნის“ თითქმის უნაკლო პერსონაჟს, ავთანდილს, იმერლობას „სწამებს“. გლახუნა სულიერად და ფიზიკურად ძლიერი, შეუპოვარი, უშიშარი, თავდაჯერებული და ჟინიანი ახალგაზრდაა. იგი მზადაა, თავი გასწიროს სამშობლოს კეთილდღეობისთვის, არ ნებდება, მიუხედავად დაბრკოლებებისა. ის ასევე ამართლებს ამ ქართულ ანდაზას: ,,ერთი ხიდან ჯვარიც გამოვა და ბარიცო!..“

ნაწარმოების მიმდინარეობის პროცესში სწორედ ბაში-აჩუკს ათქმევინებს აკაკი იმ ფრაზას, სადაც ქართველების ძლიერი, მებრძოლი ხასიათი ჩანს. „ორი ათასი ქართველი ხუმრობა არ გახლავთ, შენი ჭირიმე. ნათქვამი გახლავთ: ცდა ბედის მონახევრეაო.“ მაშინ, როცა მთელი ქვეყანა ფარხმალდაყრილი და შეგუებული იყო გველეშაპის ხახაში ყოფნას, ამ სამოტივაციო გამოძახილს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გლახუნას საშუალებით ნაწარმოებში გაჟღერებული თითოეული ფრაზა იდეოლოგიაა იმისა, რომ სიტყვა საქმის გარეშე ფუჭია. ბაში-აჩუკი ყველა სიტყვას საქმით ამტკიცებს, ზუსტად ესაა მისი ვაჟკაცური ზნე. გლახუნაა ის ქართველი, რომლის ძიებაშიც მთელი საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ბევრი სხვა ისტორიული პერსონაჟია, რომლებიც სიმამაცით გამოირჩევიან, მკითხველთა უმეტესობისთვის გლახუნა უმთავრესია. ლიტერატურულ სამყაროში არაერთი ნაშრომია, რომელიც ისტორიულ საფუძვლებზე დაყრდნობითაა შექმნილი, თუმცა მწერლობას არ ახსოვს ისტორიული ჟანრის ნაწარმოები, გარდა „ბაში-აჩუკისა“, რომელიც საზოგადოებამ არა შინაარსობრივი (ისტორიული) კუთხით, არამედ პერსონაჟის მიმბაძველობითა და ზნეობრივი თვისებებით ასე ძლიერად რომ შეიყვარა.

მარიამ ჩაჩანიძე
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები