„ვეფხისტყაოსანმა“ შუა საუკუნეების სტერეოტიპების ნგრევა დაიწყო. ერთ-ერთი რევოლუციური შეტევა, რომელიც რუსთაველმა მკითხველს შესთავაზა, იყო ქალის ეროტიკული სითამამე. გავიხსენოთ, როგორ ინტრიგაშია გახვეული ასმათი, რომელიც აშიკის როლს ირგებს ნესტან-დარეჯანის რეპუტაციის დასაცავად; ასევე: ინდოეთის მეფის ასული როგორ უტყდება სიყვარულში ამირბარს და კიდევ როგორია ფატმანის ლტოლვა ავთანდილისადმი. ყველაზე მეტად მაინც თინათინისეულია ეროტიკული (სასიყვარულო) სითამამეა თვალში მოსახვედრი ორი მიზეზის გამო: 1. ნაწარმოებში პირველი ქალი ზუსტად როსტევანის ასულია, ვინც თავის თავზე იღებს სიყვარულის გამხელასა და ამ სიყვარულის პრაგმატულ ახსნას; 2. მიჯნურს პირველსავე შეხვედრაზე ფრიად გამომწვევად ხვდება.
გავადევნოთ თვალი 123-ე სტროფს მთელი გულისყურით:
გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,
ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,
ჰშვენოდეს შავნი წამწამნი,გულისა გასაგმირონი,
მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი.
უსაპირო ყარყუმი გაძარცვულ ტანზე ეცვა ქალს, რომელიც შუა საუკუნეებში ცხოვრობს, თან მეფეა! ეს დრესკოდის სრული დარღვევაა და იმდენად დიდი სითამამეც კი, რომ გაუგონრად უნდა ჩაითვალოს ფეოდალური სამყაროსთვის. „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“ და ნადირობის შემდგომი სცენა თინათინს გაწონასწორებულ, ბრძენ ქალად წარმოაჩენს. მაშ, რა ხდება, როცა პირველსავე პაემანზე სპასალარს გაძრცვილი ტანით, რიდემოშლით ხვდება? აქ მხოლოდ კეკლუცობაა თუ გაბედულების სიგნალი რაინდის მისამართით?
შიშველ ტანზე ყარყუმის მოსხმა და მოშლით მობურული რიდე გვავიწყებს თინათინის შავ წამწამებს და თეთრ ყელზე დაშვებულ გველებს (თმების მეტაფორა). მიუხედავად ასეთი ჩაცმისა, თინათინი საკრძალველია და არა იოლად ხელმისაწვდომი მდედრი. ვარაუდად გამოვთქვათ ასეთი რამ:
- რუსთაველი იწყებს რელიგიებითა და სოციალური წყობის მიერ შექმნილი სტერეოტიპის სწრაფ ნგრევას, რათა რეალურად უნდა აჩვენოს კაცობრიობის ნამდვილი, შეუნიღბავი სახე. ქალი კოჭებამდე დაფარული იქნება ხიჯაბსა თუ შიშველ სხეულზე ექნება მოგდებული სამოსი, სრულად ატარებს სამყაროს უმშვენიერესი ნახევრის სტატუსს;
- ავტორს შემოაქვს ნაწარმოებში საერო მომენტი. ფარული დაკვეთა მკითხველისა არის ეროტიზმი და არა ის ტენდენციები, რომელიც სასულიერო მწერლობამ დაადგინა საკითხავ-მოსასმენად;
- „ვეფხისტყაოსნის“ შემოქმედი მეფის ასულის კეკლუცობას გადმოსცემს სრულიად ახალი, ნოვატორული ფორმით, რითაც საკუთარ შემოქმედებით ორიგინალობას უსვამს ხაზს.
- ავტორს სურს, საუბარი ავთანდილსა და თინათინს შორის შეზღუდვებისა და კომპლექსების გარეშე წარმოადგინოს მაქსიმალურად ბუნებრივად.
ვარაუდების ჩამონათვალი, შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს, თუმცა, თვალსაჩინოა, რომ ავტორი თინათინს, ყველაზე ნებიერა არაბ ქალს, როგორც პერსონაჟს, წარმოგვიდგენს ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ქალად (არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის გათვალისწინებით).
ლუკა კვეტენაძე – ცხრაწყარო საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე