⇑⇓ ვიწყებთ განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის განხილვას. გთავაზობთ განათლების მკვლევარის, შალვა ტაბატაძის მოსაზრებას.
![]()
შეიძლება ვისაუბროთ ზოგად ნაწილზეც და ძალიან კონკრეტულ უარყოფით შედეგებზეც. ზოგად ნაწილში ვგულისხმობ, ჰიპოტეტურად, გრძელვადიან თუ მოკლევადიან პერსპექტივაში, რა შედეგები შეიძლება მოუტანოს საზოგადოებას თუ ქვეყანას. ასევე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ასპექტზე – ტექნიკურად რა შედეგების მომტანი იქნება კონკრეტული ჯგუფებისთვის. კონკრეტულ ჯგუფებთან მიმართებაში ახალს არაფერს ვიტყვი, ბევრჯერ ითქვა და ყველა საუბრობს ამ კონტექსტში. მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწილი რომ ავიღოთ, პირველ რიგში, მათ მოუტანთ ნაკლებ განათლებას იმ თვალსაზრისით, რომ, ახალი რეფორმის მიხედვით, სასკოლო პერიოდი მცირდება 12-დან 11 წლამდე, ბაკალავრიატი – 4-დან 3 წლამდე და მაგისტრატურა – 2-დან 1 წლამდე. ანუ ყველა სეგმენტს მოუტანს ნაკლებ განათლებას და სახელმწიფოს ნაკლებ დანახარჯებს განათლებაში, რაც ცალსახად ნეგატიურია, ჩემი თვალთახედვით. ვერავინ დამიმტკიცებს და რთულად დასამტკიცებელი იქნება, რომ ერთი წლით ნაკლებს თუ ვასწავლით და უფრო ნაკლები დანახარჯი ექნება სახელმწიფოს სასკოლო განათლებაში, საბაკალავრო და სამაგისტრო განათლებაში, უფრო მაღალ შედეგს მივიღებთ. ეს პირდაპირ აისახება ჩვენი მომავალი თაობის, თითოეული ადამიანის განათლებაზე. ჩვენ დღესაც მკვეთრად ჩამოვრჩებით სასკოლო განათლებით ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს ისევე, როგორც უმაღლეს განათლებაში გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და სწორედ ამის გამოსწორებაზე უნდა იყოს ორიენტირებული რეფორმა. ასეთი შემცირებებით როგორც შინაარსობრივი, ასევე ფორმალური თვალსაზრისით, ჩამორჩენილი ვიქნებით ევროპული საგანმანათლებლო სივრცისგან, რომლის წევრობაც 2005 წლიდან გვაქვს გაცხადებული და ვართ ამ საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი. რატომ ჩამოვრჩებით? სხვადასხვა ტენდენციებია მთელ ევროპასა და განვითარებულ მსოფლიოში, ანუ ზოგად განათლებაზე ხდება უფრო მეტი ფოკუსი და კიდევ უფრო ხანგრძლივი ხდება ზოგადი განათლება, მათ შორის, საშუალო საფეხური მოიცავს მნიშვნელოვან, უკვე უმაღლეს განათლებაში შესასწავლ, ელემენტებს და უმაღლესი განათლების სტრუქტურული თვალსაზრისით არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იქნება იქ საგნების არჩევითობა – პროფესიასთან დაკავშირებული მიმართულებებით, თუ კონკრეტული სპეციფიკური მიმართულებებით უფრო მაღალი დონის საგნების არჩევანის შესაძლებლობა… განვითარებულ ქვეყნებში უფრო მეტი დრო ეთმობა ზოგად განათლებას – 12-13 წელიწადი. ეს იმიტომ ხდება, რომ უმაღლეს განათლებას, ერთი მხრივ, სჭირდება უფრო კარგად მომზადებული სტუდენტი, ეს არ არის მხოლოდ ფორმალური პროცესი, შინაარსობრივი პროცესიცაა, რა პერიოდშიც უნდა განვუვითაროთ მოზარდს შესაბამისი ცოდნა, რაც საჭიროა უმაღლეს განათლებაში; მეორე მხრივ, ასაკთან და ბავშვების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხია. ახალგაზრდა ამ ასაკში, 19-20 წლის და მეტის, უფრო ადვილად იღებს სწორ გადაწყვეტილებას, თუ რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. ფაქტობრივად, ტენდენცია აქეთ მიდის, რომ, ერთი მხრივ, ზოგადი განათლება უფრო მეტ განათლებასა და ცოდნას აძლევს და ამზადებს უმაღლესისთვის და მეორე მხრივ, 19 წლის ასაკში მარტივად იღებს უფრო სწორ გადაწყვეტილებას. რაც მთავარია უფრო მომზადებული ხვდება იმ გამოწვევებს, რომელიც უმაღლეს განათლებაშია. იქ უკვე ძალიან მაღალი დონის სწავლებაა, სხვა ეპოქაა – ეს არ არის, რომ რაღაცებს ვასწავლით პირველ კურსზე, მეორეზე, მესამეზე… მან ისწავლა და ამით დამთავრდა. არა, სხვა ეპოქა გვაქვს. როდესაც ჩვენ რაღაც ვასწავლეთ პირველ კურსზე, დღევანდელ ეპოქაში, მეორე და მესამე კურსზე, ეს ცოდნა უკვე მოძველებულია და აღარ არის სამეცნიერო სივრცეში არსებული ცოდნის რელევანტური. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ რაღაცები კი არ უნდა ვასწავლოთ, ის ცოდნა და კომპეტენციები ისე უნდა განვუვითაროთ, რომ მან შეძლოს მუდმივად თვითონ მიიღოს განახლებული ინფორმაცია, შეძლოს შესაბამისი ოპერირება და ფუნქციონირება.
თუკი განვითარებული სახელმწიფო და ეკონომიკა გვინდა, იმავე შრომის ბაზართან მიმართებაში, ადამიანებს ისეთი პროფესიებისთვის და ისეთი ტექნოლოგიებისთვის ვამზადებთ, რომლებიც შეიძლება არც არსებობდეს დღეს, მაგრამ უმაღლესმა უნდა მოამზადოს ისეთი კურსდამთავრებული, რომელიც ამ პროფესიების შესაბამისი იქნება. ამას სათანადო საფუძველი სჭირდება ზოგადი განათლებიდან, ბაკალავრიატიდან და შემდგომ – მაგისტრატურაში. ჩვენ ამ ყველაფერს ჩამოვრჩებით, ანუ არა მხოლოდ 11-წლიანი კურსდამთავრებული ვეღარ ჩააბარებს ევროპულ უნივერსიტეტებში იმიტომ, რომ ფორმალურად ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, არამედ შინაარსობრივად იქნება მისთვის რთული ბაკალავრიატში სწავლა ისევე, როგორც მაგისტრატურაში. მას ვერც ფორმალური თვალსაზრისით ვერ ექნება ის 12-წლიანი დიპლომი ისევე, როგორც მაგისტრატურისთვის ვერ ექნება შესაბამისი ცოდნა და დოქტურანტურისთვის, ფორმალურად, თეორიულადაც ვერ ექნება 300-კრედიტიანი განათლება. დოქტურანტურაში რომ ჩააბარო, მინიმუმ, 5 წლის განათლებას მოითხოვს, საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე, ხოლო ჩვენ თეორიულადაც არ გვექნება ამის შესაძლებლობა.
ეს იმას მოგვიტანს, რომ მოსწავლეებს როგორც ფორმალური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით არ ექნებათ შესაძლებლობა, საზღვარგარეთ მიიღონ მაღალი დონის განათლება. კონცეფციის ავტორები ამბობენ, რომ არ დასჭირდებათ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ მაღალი დონის განათლების მიღება იმიტომ, რომ აქ შევქმნით ამის პირობებსო. ეს წარმოუდგენელი აბსურდია. იმ მოდელით, რომლითაც დღეს სამი წლით მეტს ვასწავლით და ვერ ვქმნით მსგავს პირობებს, სამ წელს რომ მოვაკლებთ, გავაუმჯობესებთ?! ასეც რომ იყოს და აქ ვაუმჯობესებდეთ ისე, რომ საზღვარგარეთ განათლება აღარ სჭირდებოდეს ადამიანს, ეს იძულება კი არ უნდა იყოს, ანუ ისეთი სისტემა კი არ უნდა გვქონდეს, რომ ჩაკეტო ადამიანი და ვერ წავიდეს (იმიტომ რომ შენი ატესტატი და დიპლომი შესაბამისი არ არის), არამედ ეს მისი თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს. შენ უნდა აძლევდე, ფორმალური თავალსაზრისით, ისეთ დიპლომს, რომ წასვლის შესაძლებლობა ჰქონდეს, მაგრამ ისეთი განათლების სისტემა უნდა გქონდეს, რომ ამ შესაძლებლობის გამოყენება არ სურდეს იმიტომ, რომ აქვე იღებდეს კარგ განათლებას. მაშინ არგუმენტი იქნებოდა სწორი, მაგრამ მე შენ ჩაგკეტავ იმიტომ, რომ არ გაძლევ შესაბამის ატესტატს და დიპლომს და ვერ წახვალ, სამაგიეროდ, აქ მიიღებ კარგ განათლებას, ეს არ არის არჩევანის შესაძლებლობა, ეს არის პროპაგანდა და მანიპულირება. თუ ამ რეალობის შექმნა უნდათ, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოერგონ მსოფლიო სტანდარტებს და იყვნენ კონკურენციაში ევროპულ და ამერიკულ განათლების სისტემებთან. ჩვენც ეგ გვინდა, რომ ისეთი განათლების სისტემა გვქონდეს, ახალგაზრდებს საზღვარგარეთ წასვლა არ მოუნდეთ, პირიქით, ჩვენთან მოდიოდნენ მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად. ეს, რაც შეეეხება კონკრეტულად მოსწავლეების და სტუდენტების ნაწილს, რომლებიც დაკარგავენ შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება როგორც შინ, ასევე გარეთ.
კონკრეტულ ჯგუფებთან მიმართებაში თუ ვისაუბრებთ, ამავე კონტექსტში, ეს რეფორმა დაარტყამს ბევრ მასწავლებელს – მე-12 კლასის გაუქმებისას უნდა მოხდეს შინაარსის და საათობრივი ბადის ცვლილებები ისევე, როგორც მმართველობითი რგოლების ცვლილებები. დღეს ჩვენ გვაქვს მოდელი XI-XII კლასების საშუალო საფეხურზე და 10-კლასიანი საბაზო განათლების. ცვლილების შემთხვევაში, ერთკლასიანი საშუალო საფეხური რჩება, ანუ მმართველობითი მოდელიც და საფეხურეობრივი მოდელიც იცვლება ისევე, როგორც მასწავლებლების დატვირთვა. ამ მოდელის განხორციელებისას შეიცვლება საათების გადანაწილება და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, კონკრეტული მასწავლებლები დაკარგავენ კონკრეტულ საათებს. ვიცით, რომ სახელფასო სისტემა მთლიანად მიება საათობრივ სისტემას, ამიტომ ეს პირდაპირ დაარტყამს კონკრეტულ მასწავლებლებს. ახალგაზრდა კადრების სკოლაში შესვლის ისედაც გართულებული მექანიზმები (არავის აღარ უნდოდა საათების დათმობა, ახალი კადრი რომ შესულიყო სიტემაში) მთლიანად გამოირიცხება, კიდევ უარესი ბრძოლა იქნება საათებისთვის და, რა თქმა უნდა, ზოგიერთი სამსახურს დაკარგავს, ზოგიერთი – საათებს, რაც, შესაბამისად, დაკლებულ ხელფასებს ნიშნავს. ანუ კონკრეტულ მასწავლებლებზეც აისახება ეს ამ თვალსაზრისით, როცა მექანიკურად აკლებ რაღაცებს და ეს არ არის კარგად გათვლილი პოლიტიკის ნაწილი, როდესაც კარგად გაქვს გააზრებული შენი განათლების სისტემა, სასწავლო გეგმა და იცი ამ სასწავლო გეგმის განსახორციელებლად რა აკადემიური და ადამიანური რესურსია საჭირო.
რაც შეეხება უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებლებს, აქაც, ერთმნიშვნელოვნად, კონკრეტული ადამიანების ჯგუფებს შეეხება ის ერთი უნივერსიტეტი – ერთი ქალაქი და ერთი უნივერსიტეტი – ერთი ფაკულტეტი. ამ პრინციპიდან გამომდინარე, დაანონსდა, რომ განსაზღვრული პროფესორების რაოდენობა ეყოლებათ უნივერსიტეტებს – 1 პროფესორი, 2 ასოცირებული და 10 ასისტენტი. დღეს დაახლოებით, 5 ათასი პროფესორი გვყავს საჯარო, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში და პლუს – 6 ათასი კერძოში. თითქოს ეს რეფორმა საჯაროებზე იყო მორგებული, მაგრამ კერძო უნივერსიტეტებსაც პირდაპირ არტყამს იმიტომ, რომ მათ სახელმწიფო დაფინანსება უწყდებათ. კერძო უნივერსიტეტში, სამედიცინო მიმართულების გარდა, ყველა სხვა მიმართულება, თუ ეს არ იქნება ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სტუდენტებს იზიდავს, ფაქტობრივად, აზრს დაკარგავს და კონკურენციაში ვერ შევა სახელმწიფო უნივერსიტეტთან. შესაბამისად, იმ 6 ათასი ადამიანის ბედიც მძიმედ გასარკვევი იქნება, ვინც კერძო სექტორშია უმაღლეს განათლებაში, ხოლო საჯარო უნივერსიტეტებში დასაქმებული 5 ათასი ადამიანის ბედიც საკმაოდ ბუნდოვანია, ბევრი მათგანი დაკარგავს სამსახურს, ბევრს მოუწევს ქალაქის და საცხოვრებლის შეცვლა. თუკი პედაგოგიური და განათლების მიმართულებები რეგიონულ უნივერსიტეტებში იქნება და თბილისში ამდენი პროფესორია, გადავიდნენ რეგიონში. ეს მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის, ძალიან ბევრ პროფესორს შეეხება. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ უფრო პოლიტიკური ნიშნით შეიძლება შეეხოთ და გადარჩევაც ამ ნიშნით მოხდეს.
ასეთი ცვლილებები პრობლემურია სტუდენტებისთვისაც და მომავალი სტუდენტებისთვისაც, მაგალითად, ბათუმში თუ სწავლობ და გეუბნებიან, რომ აქ მხოლოდ აგრარული და პედაგოგიკის მიმართულება იქნება, ყველას ხომ არ უნდა ამ მიმართულებებზე სწავლა; ვინც მაღალტექნოლოგიური მიმართულებითაა ნიჭიერი, იძულებული გახდება, ბათუმის მაგივრად, შესაბამის უნივერსიტეტში, ქუთაისში გადაინაცვლოს, ან თბილისში… თუკი გორში ცხოვრობს სტუდენტი და დღეს თბილისში დადის, ვთქვათ, დიღომში, კერძო უნივერსიტეტში, მას ეს შესაძლებლობა აღარ ექნება, რადგან კერძო უნივერსიტეტები აღარ იქნებიან კონკურენტუნარიანნი და იძულებული იქნება წავიდეს რუსთავში, რაც მარტივი არ არის. გარდა ამისა, ვიცით, რომ დღეს სტუდენტების უმეტესობა, სწავლის პარალელურად, მუშაობს (ეს ცალკე პრობლემაა). შემოთავაზებული კონცეფცია სტუდენტებს ართმევს დასაქმების შესაძლებლობას, რადგან სამუშაო ადგილები, ძირითადად, კონცენტრირებულია თბილისში და არა რეგიონებში. შეიძლება უნივერსიტეტი ხელოვნურად გადაიტანო რუსთავში (რამდენად გაამართლებს ეს ცალკე საკითხია), მაგრამ სამუშაო ადგილებს ვერ გადაიტან რუსთავში, კამპუსი კი ვერ მოახერხებს საჭირო რაოდენობის სამუშაო ადგილის შექმნას დღევანდელ ვითარებაში. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უნდა მოახერხოს თვითონ პროგრამებმა – თავიანთ კვლევებში, პროექტებში, ბიზნეს მოდელებში, სტარტაპებში დაასაქმონ სტუდენტები – თან ისწავლონ პროფესიით, თან პროფესიით ჰქონდეთ დასაქმება. ფაქტია, რომ ეს მოდელი კიდევ დიდხანს არ იმუშავებს, ხოლო სათანადო ინფრასტრუქტურა, რომ პროფესიის მიღმა, სერვისების სფეროში მაინც იმუშაონ, არ ექნებათ და ბუნებრივია, ვერ ივლიან რუსთავიდან თბილისში სამუშაოდ და, პარალელურად, ვერ ისწავლიან. ეს კონკრეტულ სტუდენტებს შეეხება და შედეგები ძალიან კონკრეტული და სპეციფიკური, ნეგატიური იქნება. პოზიტიურ შედეგებს თეორიულადაც კი ვერავინ ხსნის, ანუ თეორიულადაც კი ვერ ამბობენ რატომ შეიძლება მოყვეს ამას პოზიტიური შედეგი, გარდა იმისა, რომ გვექნება კარგი განათლების სისტემა. რატომ გვექნება და როგორ, ეს მოდელი როგორ უზრუნველყოფს პოზიტიურ შედეგებს, თუნდაც თორიულად ან პროპაგანდის დონეზეც კი, ერთი არგუმენტიც არ მომისმენია, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდანაც კი.
ერთადერთი პოზიტიური (ესეც ვფიქრობ, პროპაგანდისთვის იყო) აღქმაა და, რა თქმა უნდა არასწორია, რომ მათი შვილები ერთი წლით ნაკლებს ისწავლიან სკოლაში და უფრო ადრე გახდებიან სტუდენტები. სამწუხაროდ, ვერ ხვდებიან, რომ ეს კიდევ უარესია – წელს 5 წლის ბავშვებს მისცეს სკოლაში შესვლის შესაძლებლობა, 11-წლიანი სწავლების პირობებში, 16 წლის დაამთავრებენ სკოლას, ანუ ბაკალავრიატი რომ სამწლიანი იქნება, 19 წლის ასაკში გვეყოლება უმაღლესდამთავრებულები, როცა განვითარებულ ქვეყნებში ამ ასაკში შედიან უმაღლესში იმიტომ, რომ მაშინ აქვთ ამისთვის ასაკობრივი მზაობა. როგორ ფიქრობ, რომ შენი შვილი ამ ასაკში კარგ განათლებას მიიღებს? ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა ორიენტირებულია იმაზე, რომ ატესტატი და დიპლომი რაც შეიძლება სწრაფად დაიჭიროს ხელში და არა იმაზე, რომ მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება, რომელიც მის შვილს წარმატებას მოუტანს.
აღარაფერს ვამბობ იმ გრძელვადიან პოლიტიკურ შედეგზე, რომელიც გულისხმობს, ევროპული საგანმანათლებლო სივრცისგან ჩამოცილებას. ამ ტიპის სისტემები ვერ იქნება ევროპული განათლების სისტემის ნაწილი. ჩვენ ვიცით, რომ ხარისხთან მიმართებაში პრობლემები უკვე გვაქვს, შეჩერებულია ასოციაციის წევრობა ევროპული უმაღლესი განათლების ხარისხის, ისევე როგორც რეესტრიდან ამოღებულია ჩვენი განათლების ხარისხის ცენტრი. ეს პროცესი კიდევ უფრო გამძაფრდება, ფაქტობრივად, გამოირიცხება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ჩვენი რაიმე ტიპის ინტეგრაციის პერსპექტივა.
მთლიანად შეიზღუდება აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა, აკადემიური თავისუფლების გარეშე კი, წარმოუდგენელია უმაღლესი განათლების კვლევებისა და ინოვაციების განვითარება ქვეყანაში, რაც მთლიანად ჩაკლავს განვითარების პერსპექტივას. პრინციპში, არც მალავენ, რომ ცვლილება განვითარებაზე ორიენტირებული არ იქნება, გვექნება სტატიკური ეკონომიკა – ვიცით რა სფეროები გვაქვს და სწორედ ამ სფეროებში მოვამზადებთ ადამიანებს. ჩვენ კი გვინდა, რომ გვქონდეს ისეთი ეკონომიკა და ისეთი საზოგადოება, რომელიც არ ვითარდება? სტანდარტებიც ხომ შეიცვლება შესაბამისად, სახელმძღვანელოებსაც სახელმწიფო დაგვიწერს, განათლების სამინისტრო დაიქირავებს ადამიანებს და დაუკვეთავს როგორი სახელმძღვანელოები დაწერონ. სისტემას, რომელიც შეიქმნება, მორჩილი მოქალაქე სჭირდება – განათლება გამოუშვებს ისეთ ადამიანებს, როგორიც სჭირდება ასეთ საზოგადოებას. ასეთია გრძელვადიანი პერსპექტივა.
რა არის უმაღლესი განათლების დანიშნულება? რატომ გახდა მასობრივი, ნაცვლად ელიტურისა – დემოკრატიული, სამოქალაქო აქტივობასა და გამოკვლევაზე ორიენტირებული, ანუ ადამიანს მარტო პროფესიისთვის კი არ ამზადებს, არამედ როგორც საზოგადოების მნიშვნელოვან ფუნდამენტს და მის განვითარებას უზრუნველყოფს. ასეთი ადამიანი ჩვენს უმაღლეს განათლებას უკვე აღარ სჭირდება, სხვა ტიპის ადამიანზეა მოთხოვნა, სკოლაც და უმაღლესიც სწორედ ამას მოემსახურება.
ამ კონცეფციის განხორციელების შემთხვევაში, მთლიანად შეიცვლება კონფიგურაცია და ამაზე ბევრჯერ მქონდა საუბარი. მაგალითად, დღეს კერძო უნივერსიტეტები იმიტომ იზიდავენ სტუდენტებს, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტებს, რომ საერთაშორისო რეიტინგებში ქართული უნივერსიტეტები წინა პოზიციებზე გამოჩნდნენ – თსუ-სა და ილიას უნივერსიტეტზეა საუბარი. თუკი მათ მთლიან სტრუქტურას შევუცვლით, სარეიტინგო სისტემიდან ამოვარდებიან და შესაბამისად, დაკარგავენ მიმზიდველობას. და ეს მოხდება ახლავე, აღარ ვამბობ გრძელვადიან პერსპეტივაზე, რადგან გრძელვადიანი პერსპექტივა საერთოდ არ გვაქვს. დაფინანსების ნაწილში დაარტყამს კერძო სექტორს, ხოლო საჯარო სექტორში მთლიანად მოხდება უნივერსიტეტების ტრანსფორმაცია, ეს აღარ იქნება ის უნივერსიტეტები, პროფილურების გარდა. სამედიცინოს, პირიქით, დაემატება, თუმცა, მოაკლდება საერთაშორისო სტუდენტები. არ მეყოლება საერთაშორისო სტუდენტები, მაგრამ თუკი დაფინანსება მექნება, ესეც არ არის ცუდი – ასეთი მიდგომა ნიშნავს, რომ კარგად არ გაქვს გააზრებული, რას ნიშნავს საერთაშორისო სტუდენტი. რომ ის მართლა ფულის ტომარა კი არ არის, რომელსაც მხოლოდ ფული მოაქვს, ამ საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრამებს სხვა ცოდნა და გამოცდილება მოაქვს, სხვა ტიპის პროფესიული განვითარება პროფესორისთვის, სხვა ტიპის ლიტერატურა, სხვა ტიპის ხარისხის მართვის მექანიზმები და კონკურენცია საერთაშორისო ბაზარზე. რომ არა საერთაშორისო სტუდენტები და საერთაშორისო კონკურენცია, აბსოლუტურად სხვა იქნებოდა, მათ შორის, სამედიცინო უნივერსიტეტი და მისი პროგრამები, ვიდრე დღეს არის. შესაძლოა, ეს პრემიერ-მინისტრს ან განათლების მინისტრს არ ესმოდეთ, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა, რომ ეს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს არ ესმის. უნივერსიტეტებს მნიშვნელოვანი პრობლემა ემუქრებათ, მათ შორის რეგიონულ უნივერსიტეტებს, რომლებსაც პირდაპირ გამოუწერეს, რომ მარტო აგრარული მიმართულებით უნდა განვითარდნენ და მასწავლებლებიც უნდა მოამზადონ იმიტომ, რომ რეგიონების სკოლებში მასწავლებლები გვჭირდება. მათი მთელი აკადემიური თუ სამეცნიერო პოტენციალი განულდება და იქნება პატარა აგრარული ინსტიტუტები. ფორმალურად დარჩება, მაგრამ შინაარსობრივად, კვლევის, სწავლებისა და საზოგადოების მომსახურებისა და განვითარების თვალსაზრისით, ფაქტობრივად აღარ იარსებებს. რაოდენობრივადაც, სავარაუდოდ, იქნება შერწყმა და შემცირება სხვადასხვა მიმართულებებით.









