28 აპრილი, კვირა, 2024

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე №79 საჯარო სკოლაში

spot_img

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს თბილისის №79 საჯარო სკოლაც შეუერთდა. მთელი სასკოლო საზოგადოება გაერთიანდა საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“. ეს დღე ადამიანებს, მთელი მსოფლიოდან, შესაძლებლობას აძლევს, გაიაზრონ წიგნის ხმამაღლა კითხვის გამოცდილება და წვლილი შეიტანონ კითხვის პოპულარიზაციაში. ჩვენი სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ჩაერთნენ წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულში.

დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს. ქალბატონმა ეკა შერაზადიშვილმა მოსწავლეებს საგანგებოდ შეურჩია მხატვრული ლიტერატურა. მათ დიდი მონდომებითა და ინტერესით წაიკითხეს წიგნებიდან ეპიზოდები, ფრაზები, გამორჩეული მონაკვეთები. ემოციებით აღსავსე იყო მაია მასწავლებლის კითხვის გაკვეთილი მეოთხე კლასში. თავად პედაგოგი აძლევდა კარგ მაგალითს მოსწავლეებს, თუ როგორ უნდა ეკითხათ ხმამაღლა, მხატვრულად და საინტერესოდ.

საზეიმო განწყობა შეუქმნა ზიზი მასწავლებელმა პირველკლასელებს. ერთმანეთის მონაცვლეობით კითხულობდნენ ბავშვები საყვარელ მოთხრობებს. ეს დღე კიდევ უფრო გაულამაზა მათ მოწვეულმა სტუმარმა, თანამედროვე საბავშვო პოეტმა, ქალბატონმა მაყვალა სიმონიშვილმა.

მოსწავლეებისათვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თამარ ვეფხვაძის მიერ განხორციელებული აქტივობა: „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“. მეათე კლასის მოსწავლეები გაეცნენ ვახტანგ მეექვსესეულ საიუბილეო გამოცემას მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით, ხმამაღლა კითხულობდნენ რჩეულ სტროფებს პოემიდან.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში მეც, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო მაჭარაშვილმა, სხვადასხვა აქტივობა განვახორციელე. მეხუთე კლასის მოსწავლეებისათვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარებული წიგნის საჯაროდ კითხვის გაკვეთილი. პატარებმა თავიანთი ხელით შეარჩიეს წიგნის თაროებიდან მხატვრული ლიტერატურა და წაიკითხეს საყვარელი მოთხრობები. ხელიდან ხელში გადადიოდა წიგნები, ყველა სათითაოდ გამოთქვამდა წიგნის ხმამაღლა კითხვის სურვილს.

კვირეულის ფარგლებში მოვაწყვე საინტერესო შეხვედრა მშობელთა და უფროსკლასელთა ჩართულობით. ნორჩი მკითხველებისათვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო ეს დღე. დედიკოები და უფროსკლასელი მეგობრები მათ ხმამაღლა, მხატვრულად უკითხავდნენ წიგნებს, საინტერესო ამბებს, ეპიზოდებსა და მოთხრობებს.

7 თებერვალს კი წიგნის საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი სასწავლო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც სკოლის დირექტორის, ქალბატონ თამარ აბაზაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო ენის კათედრის წევრებმა განახორციელეს. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა: მედეა კალანდია, შორენა კიკნაძე, ნინო მაჭარაშვილი, მარიკა ლაბაძე, თამარ ვეფხვაძე და ბიბლიოთეკარმა ანა ძულიაშვილმა, ურთიერთთანამშრომლობით, დიდ დღესასწაულად აქციეს წიგნის საჯაროდ კითხვის ფინალური აქტივობა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საპატიო სტუმრები: თანამედროვე პოეტი ქეთა დიდიშვილი, გამომცემლობა „დიოგენეს“ წარმომადგენელი მაგდა ბარამიძე. შეხვედრას დისტანციურად ერთვებოდა მწერალთა კავშირის წევრი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი, პოეტი კლარა გელაშვილი.

სტუმრებმა ძალიან თბილად და შთამბეჭდავად ისაუბრეს მოსწავლეებთან, წაუკითხეს მათ საყვარელი ლექსები, ამონარიდები წიგნებიდან. ისაუბრეს წიგნის ფასზე, დანიშნულებაზე, ძალაზე, წიგნის კითხვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. მოსწავლეებიც ხალისით იყვნენ ჩართულნი პროცესში. წაიკითხეს პოეტების შემოქმედებიდან ლექსები, სტუმრებს საინტერესო კითხვები დაუსვეს.

შეხვედრის დასკვნით ეტაპზე სკოლის დირექტორმა, საზეიმო ვითარებაში, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს – მერი აბრამიშვილსა და ლუკა მეფარიშვილს – ოქროს მედლები გადასცა, ასევე, გზა დაულოცა მომავალი წარმატებისკაენ.

მოსწავლეებს მიმართა გამომცემლობა „დიოგენეს“ წარმომადგენელმა. ქალბატონმა მაგდამ ახალგაზრდებს „დიდოსტატის მარჯვენიდან“ მისთვის გამორჩეული ეპიზოდი წაუკითხა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს საჩუქრად წიგნებიც გადასცა.

ოქროსმედალოსნებმაც მიმართეს №79 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. საკუთარი გამოცდილებიდან ურჩიეს მათ, რომ წიგნის გარეშე შეუძლებელია განვითარება, წინსვლა. ისაუბრეს თუ რა არის მათთვის წარმატების გასაღები. დიდ ილია ჭავჭავაძესაც დაესესხნენ, რომ „უწიგნოდ თვალთა ხედვის ისარი მოკლეა“.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ნამდვილად იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა №79 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მთლიანად სასკოლო საზოგადოებაზე.

ნინო მაჭარაშვილი
სსიპ თბილისის №79 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები