9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

ჩემი  მასწავლებელი

spot_img

პირველი კლასიდან დღემდე, ბევრი მასწავლებელი მყავდა,  მათ  შორის, ჩემთვის ყველაზე საყვარელი და გამორჩეული ინგლისური ენის მასწავლებელი სვეტლანა დალოგლანიანია, რომელიც რეალურად მიცნობს, როგორი ადამიანი ვარ.

სვეტა მასწავლებელი მეორე კლასიდან გვასწავლის ინგლისურს. მისი კლასში შემოსვლისთანავე, გავიფიქრე, რომ ისიც ტიპური მასწავლებელი იქნებოდა (მკაცრი, საშინლად მომთხოვნი, მის გაკვეთილზე თავისუფლებას რომ ვერ იგრძნობდი ისეთი). თუმცა,  ვარაუდმა მიმტყუნა, ჩემი სვეტა მასწავლებელი უზომოდ თბილი, კეთილი,  ლამაზი, გამგებიანი, ბავშვების მოყვარული და, უბრალოდ, იდეალური პიროვნებაა. სვეტა მასწავლებელი ინგლისურის გარდა ცხოვრებასაც გვასწავლის. მისი გაკვეთილები საინტერესო და მრავალფეროვანია. გვესაუბრება სხვადასხვა თემაზე, ცხოვრებისეულ გამოწვევებზე, სირთულეებზე(როგორ უნდა გავუმკლავდეთ  მოულოდნელ ,,სიურპრიზებს“), რამდენად მშვენიერი და დასაფასებელია ყოველი დღე, განსაკუთრებით კი, ბავშვობა.

მას, ბავშვებთან ურთიერთობის განსაკუთრებული მიდგომა გააჩნია, მისი გაკვეთილები საინტერესოა, გამორჩეული, თანამედროვე, განსხვავებული,   ჩემთვის ის იდეალური პიროვნებაა, საგანსა და  ცხოვრებას ერთნაირად რომ გასწავლის. მასთან საუბარი ნებისმიერ თემაზე შესაძლებელია და თუ არასწორი ხარ, კი არ განგსჯის, პირიქით, სწორ გზაზე დაგაყენებს, დაგარიგებს. ცხოვრებაში არაერთი პრობლემა გადამალახინა,  მასწავლა, როგორ უნდა მოვიქცე ყველაზე რთულ სიტუაციაში, მასთან ერთად გავიზარდე. ხუთი წელია უკვე ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს(ეს გამორჩეულად მაშინ ვიგრძენი, პატარა ნიკოლი რომ შეეძინა და მთელი წელი არ დადიოდა სკოლაში), ის არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ ჩემი მეგობარია, უფროსი  დაა.

მიყვარს მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთი,  ბედნიერი ვარ, რომ  იგი ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან ადამიანად იქცა. ყველაზე ხშირად გვეუბნება, რომ ღირსეულ  ადამიანებად უნდა გავიზარდოთ, უნდა შევეგუოთ ცხოვრებაში მომხდარ ყველა მოვლენას, გვქონდეს მომავლის იმედი და დავაფასოთ ყოველი დღე.

მასთან ერთად ვიზრდებით,  უმნიშვნელო დეტალსაც კი ვუყვები. ყველა მასწავლებელი მიყვარს, მაგრამ ჩემი სვეტა მასწავლებელი ყველასგან გამორჩეული და იდეალურია. არა მხოლოდ, როგორც მასწავლებელი, არამედ როგორც პიროვნებაც.  ყოველთის მადლიერი ვიქნები მისი, რადგან ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია. ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდებიც  გადამატანინა. მიყვარს ძალიან და მინდა იცოდეს, თუ როგორი ბედნიერი და მადლიერი ვარ იმით, რომ ის ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. მინდა, რომ სკოლის დამთავრებამდე ჩემს მასწავლებლად დარჩეს, ხოლო შემდეგ კი, უფროს მეგობრად. მიყვარხართ, სვეტკა მას,  ძალიან.

თამარ მურვანიძე

შპს ელიტური სკოლა „გორდა“ , VII ა კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები