23 ნოემბერი, შაბათი, 2024

შუშანიკის წამება –  (რა უნდა ვიცოდეთ ამ ნაწარმოებიდან)

spot_img

🔗ავტორია იაკობ ხუცესი (სავარაუდოდ, შემდგომში ცურტავის ეპისკოპოსი, ანუ ცურტაველი);

🔗აღწერილია მეხუთე საუკუნის ქართლის ერთ-ერთ საპიტიახშოში ცოლ-ქმრის დიდი დაპირისპირება (ძირითადად, სარწმუნოების გამო);

🔗ქვემო ქართლის პიტიახშია ვარსქენი, მისი ძმაა ჯოჯიკი. მათი მამა არშუშა ცნობილი მოღვაწეა, ქრისტიანთა ქომაგი და სამარტვილეებსაც (ეკლესიებს) კი აგებდა;

🔗არშუშა პიტიახშმა თავისი მეგობარი სომხის, ვარდან მამიკონიანის გარდაცვალების შემდეგ, მისი ობოლი ასული შინ წაიყვანა და აღზარდა. ვარდანის ასულს ვარდანი ერქვა, მაგრამ სიყვარულით შუშანიკს, ანუ შროშანს ეძახდნენ;

🔗შუშანიკის მამა სპარსელების მოწინააღმდეგე იყო ისევე, როგორც მამამისი საჰაკ დიდი, სომეხთა ეკლესიის მეთაური;

🔗არშუშამ თავის ვაჟს, ვარსქენს, შერთო შუშანიკი ცოლად და მათ ოთხი შვილი ჰყავდათ;

🔗შუშანიკი თავისი ქმრის მზაკვრული ფიქრების გამო მუდამ შეფიქრიანებული იყო, ამიტომ ხშირად ლოცულობდა ვარსქენის სულის გადარჩენისთვის;

🔗ამბიციური ვარსქენი პეროზ მეფესთან, ქალაქ კტეზიფონში, ანუ კარში მაშინ წარემართა, როცა იეზიდიგარ მეორე ტახტზე რვა წლის ასული იყო. პეროზს უნდოდა ქართლზე გავლენის მოპოვება, ვარსქენს პატივმოყვარეობა სტანჯავდა და მათ, სავარაუდოდ,  ქართლის ეროვნული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მოახერხეს შეთანხმება;

🔗ვარსქენი ეუბნებოდა პეროზს, რომ თავს ძღვნად „შესწირვიდა“ მას. მან უარყო ქრისტე და აღიარა ატროშანი (მაზდეანობა, ცეცხლთაყვანისმცემლობა);

🔗პეროზმა დაუფასა ეს ვარსქენს და ცოლად შერთო ასული თვისი (სომხური რედაქციით, სიდედრი), თუმცა ეს ქალი ნაწარმოებში მეტად აღარაა მოხსენებული;

🔗ვარსქენი პეროზს დაჰპირდა, რომ ცოლ-შვილსაც მოაქცევდა მაზდეანობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი ხელჩასაჭიდი არ ჰქონდა, რომ ოჯახი რწმენას შეიცვლიდა;

🔗ვარსქენმა, ვიდრესპარსეთიდან ქართლში შემოვიდოდა, სასახლეში (იმ დროს სასახლეს ტაძარს უწოდებდნენ) მოციქული გააგზავნა, რომელმაც დედოფალს ვერ დაუმალა, რომ ვარსქენი რწმენაშეცვლილი იყო;

🔗ვარსქენს თან ახლა ვინმე სპარსი კაცი (სავარაუდოდ, მას პეროზისგან განსაკუთრებული მისია ჰქონდა დაკისრებული);

🔗ცურტავში მისულ ვარსქენს ცოლი სასახლიდან წასული დახვდა, რის გამოც ის გაბრაზდა;

🔗დაბრუნებიდან მეორე დღეს პიტიახში სიხარულით მიეგება სამღვდელოებას და მოსთხოვა, რომ შუშანიკი დაებრუნებინათ;

🔗შუშანიკმა, მანამდე, იაკობ მღვდელს გაანდო, რომ არ აპირებდა ვარსქენის ნების განხორციელებას (მაზდეანობის მიღებას), მიუხედავად იმისა, რა განსაცდელიც არ უნდა მოწეულიყო მასზე;

🔗საღამოს მიიწვიეს შუშანიკი, რათა ერთად ევახშმა ოჯახს. ვახშმობისას ჯოჯიკის ცოლმა შუშანიკს ღვინო მიაწოდა ჭიქით, მაგრამ შუშანიკმა სახეზე შეალეწა რძალს ღვინიანი სასმისი, რის გამოც ვარსქენი მრისხანებით აღივსო და სცემა ცოლი, მერე კი ბრძანა, რომ შუშანიკი განემარტოვებინათ და არავინ შეეშვათ მის სანახავად;

🔗პატიმრობაში მყოფ დედოფალს იაკობი აკითხავდა და მასზე მზრუნველობდა;

🔗დედოფალს უნდოდა, რომ სამკაულები გაეგზავნა პიტიახშისთვის, თუმცა იაკობმა დაყოვნება ურჩია, შემდეგ კი ვარსქენმა თავად მოითხოვა სამკაულები, ყველა მიითვალა და თქვა, რომ გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც მათ „განკაფავდა“;

🔗დიდი მარხვის პერიოდში ვარსქენს ურჩიეს, რომ არ ეძალადა დედოფალზე, მანამდე სპარსმა კაცმა უთხრა, რომ დედათა ბუნება იწრო არსო;

🔗აღდგომის შემდეგ ორშაბათს მეორედ აწამა ვარსქენმა მეუღლე;

🔗მესამედ 19 ვარდობისთვეს (მაისს) გვემა დედოფალი პიტიახშმა, თუმცა ამის აღწერა ტექსტში არ გვხვდება;

🔗ბოლოს, პიტიახშის ბრძანებით, დედოფალი ციხეში განამწესეს (შუშანიკმა იქ 6 წელი დაჰყო), სადაც საშინელი პირობები იყო და მაინც მუდმივი ლოცვითა და მარხვით იდგა შუშანიკი;

🔗შუშანიკი, ციხის გზაზე, ხალხს მოუწოდებდა, რომ არ ეტირათ და იგი ლოცვებში მოეხსენებინათ, რადგან იქიდან ცოცხალი აღარ გამოვიდოდა;

🔗მას აკითხავდნენ აზნაურნი და უაზნონი, მისი ლოცვით უშვილოთ შვილი ეძლეოდათ, კეთროვნები ინკურნებოდნენ და როცა ჯოჯიკმა შენდობა სთხოვა, შუშანიკმა უსაყვედურა, რომ მარტო დატოვეს ვარსქენის სიფიცხის წინაშე (თუმცა ბოლოს ყველაფერი მიუტევა მან), რომელმაც მშობლების კეთილი საქმენი დაივიწყა და შეუდგა უღმრთოთა;

🔗შუშანიკის შვილები მაზდეანობაზე მოექცნენ, რის გამოც დედოფალს მათი დანახვა ეზიზღებოდა;

🔗შუშანიკს, გარდაცვალებამდე, წყლულები გაუჩნდა და მატლები ეხვია. ამ მატლებს იაკობსაც აჩვენებდა ხოლმე;

🔗შუშანიკი სიცოცხლეშივე ტარიგად იყო წოდებული;

🔗დედოფალს ფარულად მხარს უჭერდა სამღვდელოება;

🔗გარდაიცვალა 475 წლის 17 ოქტომბერს და ანდერძის მიხედვით, დაკრძალეს იქ, საიდანაც პირველად გამოათრიეს;

🔗იაკობი, როგორც ავტორ-პერსონაჟი, შუშანიკის თანამედროვეა და ზრუნავს დედოფლის ღვაწლის წარმოჩინებაზე;

🔗„შუშანიკის წამება“ აღიარებულია შემორჩენილთაგან ყველაზე ძველ ნაწარმოებად, რომლის ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი მე-10 საუკუნისაა;

🔗ნაწარმოები დაწერილია 476 წლიდან ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე (481 წელი);

🔗შუშანიკი ვარსქენის მამხილებელია და იცნობს კარგად ქრისტიანულ მწერლობას (წიგნი მოწამეთა და ევანგელე, იგივე სახარება), მას შეუძლია მოიხმოს სახარებისეული შეგონებები სიტუაციურად;

🔗შესაძლოა, იაკობს „წამებამდე“ სხვა ნაწარმოები ჰქონდა დაწერილი შუშანიკზე ან ამავე ნაწარმოების დასაწყისი იყოს დაკარგული;

🔗შესაძლოა, იაკობ ხუცესი, აფოცის გარდაცვალების მერე, ცურტავის ეპისკოპოსად აერჩიათ (ერთ-ერთ საეკლესიო კრების ჩანაწერში ნახსენებია იაკობ ცურტაველი);

🔗„შუშანიკის წამება“ ჰაგიოგრაფიის ჩარჩოებს სცდება და ხშირად ამ ჟანრის მოთხოვნების საზღვრებიდან გადის.

ბარბარე შველიძე, თბილისის №49 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები