19 მარტი, სამშაბათი, 2024

კომპლექსური დავალება – მნიშვნელოვანი სიტყვა განათლების რეფორმაში

spot_img

ერთი თვეც არ გასულა განათლების სამინისტროს, განათლების კოალიციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ერთობლივი პროექტის დაწყებიდან, რომელიც iსკოლის ფარგლებში ხორციელდება, მაგრამ კომპლექსური დავალებების კრებულმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია მასწავლებელთა უმრავლესობაში და ბევრი მათგანი ახლა მოსწავლეთა შეფასებების ყველაზე ობიექტურ საყრდენადაც კი მიიჩნევს. ზოგადად, პროექტის მიზანი დისტანციური სწავლების ხელშეწყობა/გამრავალფეროვნებაა და სწორედ ამის გამო, კვალიფიციური ადამიანების მიერ, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით, შექმნილი კომპლექსური დავალებები, კვირაში ერთხელ, el.ge-ზე თავსდება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

➡️რატომ არის მნიშვნელოვანი კომპლექსური დავალებები, როგორ უნდა იმუშაონ მასწავლებლებმა და მოსწონთ თუ არა მოსწავლეებს ამ ტიპის დავალებების შესრულება – ამ კითხვებზე სასაუბროდ შევარჩიეთ რესპონდენტები, რომლებიც უშუალო მონაწილეები არიან კომპლექსური დავლებების დანერგვის პროცესის – ექსპერტი, მასწავლებელი და მოსწავლე.

ნიკო სილაგაძე

პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ შინაარსობრივი კოორდინატორი და სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი:

 

„კომპლექსური დავალება ცენტრალური სიტყვაა განათლების რეფორმისთვის – მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მასწავლებლებმა შეცვალონ მოქმედების სტილი საკლასო ოთახებში – საკლასო ოთახის დონეზე ძირეულად განხორციელებული რეფორმა კი მოსწავლზე ორიენტირებულ სწავლებას გულისხმობს.

იქიდან გამომდინარე, რომ სისტემისთვის კომპლექსურ დავალებებს ასეთი მნიშვნელობა აქვს, სასურველია ხარისხიანი კომპლექსური დავალებების ბანკიც არსებობდეს სისტემაში, რომლის გათვალისწინებითაც მასწავლებლები, ნიმუშებზე დაყრდნობით, თვითონვე შეძლებენ, ერთი მხრივ, ანალოგიების შექმნას (როგორც წესი, ამ მხრივ, ნიმუშებზე უკეთ არც ერთი გზამკვლევი არ მუშაობს) და, მეორე მხრივ, თვითონ იმ დავალებების გამოყენებას და საკუთარ პრაქტიკაზე მორგებას. ამ მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულების მოკავშირედ სამინისტროს გამოუჩნდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია – კოალიცია განათლება ყველასთვის, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა – პანდემიის ვითარებაში მოიზიდა დონორები და დაიქირავა მასწავლებლები, რომლებიც ათი საგნის მიმართულებით, პროექტის iსკოლა ფარგლებში, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ქმნიან კომპლექსური დავალებების ძალიან კარგ ნიმუშებს.

კომპლექსური დავალების გავლენა მოსწავლეზე ძალიან დიდია. კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო პრინციპები პირდაპირდაპირ კავშირშია ამ დავალებებთან.

➡️ბავშვი, როდესაც კომპლექსურ დავალებაზე მუშაობს, აქტიურია, ანუ თვითონ არის ჩართული შემოქმედებით პროცესებში, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ ცოდნა მიიღოს. პასიურ მდგომარეობაში ბავშვი ცოდნას არ იღებს – ეს მნიშვნელოვანი პრინციპია.

➡️მეორე მნიშვნელოვანი პრინციპი არის ის, რომ კომპლექსური დავალებები საშუალებას გვაძლევს, მოსწავლეს ნაცნობი ფენომენიდან უცნობის სწავლაში დავეხმაროთ. თვითონ კომპლექსური დავალების პირობა: შექმენი ბუკლეტი, ცხრილი ან დადგი დრამა – ეს მოსწავლისთვის ნაცნობი კონტექსტია, რომლის მსგავსი რამ მანამდეც გაუკეთებია სხვადასხვა საგანში ან, თუნდაც, ბაღში… მაგრამ, როცა მას ამ ტიპის დავალებების ფორმატში სასწავლო მასალის გააზრებას ვთხოვთ, ეს ტრანსფერი სწორედ ნაცნობი ფენომენიდან უცნობის სწავლაში ეხმარება. ეს კი, აუცილებელი პრინციპია კონსტრუქტივისტული სწავლებისა. სწავლა უნდა იყოს ნაცნობიდან უცნობისკენ – წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ხდებოდეს ახლის კონსტრუირება.

➡️მესამე მნიშვნელოვანი პრინციპი, რაც ამ ფორმატის დავალებების შესრულებასთან არის კავშირში, სასწავლო მასალის ცხოვრებისეულ კონტექსტებთან დაკავშირებაა. კომპლექსური დავალების პროექტებით ყოფით ცხოვრებას უკავშირებენ იმას, რაც თეორიულად ისწავლეს, გამოდის, რომ აქცენტი კეთდება არა მარტო რაიმეს დამახსოვრებაზე ან პროცედურებზე, არამედ მის სიღრმისეულ გააზრებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ცოდნის (ცოდნის სამივე კატეგორიაზე – დეკლარატიული, პროცედურული და ფუნქციურ-პირობითი) ცხოვრებისეულ კონტექსტებთან დაკავშირებას უწყობს ხელს.

➡️მეოთხე პრინციპი – ამ დავალებების შერულებისას დიდი ყურადღება ექცევა სწავლის სწავლას. მხოლოდ ის კი არ არის მნიშვნელოვანი რას ვასწავლით, არამედ – როგორ სწავლობს ბავშვი. ამ დავალებებზე მოსწავლე საკმაო ხანს მუშაობს, მასწავლებელი ესაუბრება, რეკომენდაციებს აძლევს როგორ გააკეთოს. სწავლების სტარტეგიებზე მუშაობა კი, თანამედროვე განათლების სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი ასპექტია.

➡️და მეხუთე – ეს დავალებები ცოდნათა ორგანიზებას და უთიერთდაკავშირებას უწყობს ხელს, რაც მხოლოდ ჩვენი სკოლის პრობლემა არ არის, მსოფლიო პრობლემაა. ბავშვი უამრავ რამეს სწავლობს, მაგრამ მერე ამის ერთმანეთთან დაკავშირება უჭირს. მაგალითად, შეიძლება ვერ მიხვდეს, რომ „აბო თბილელის წამებაში“ ნახსენები არაბები, იგივე არაბები არიან, რომელთა შესახებაც ისტორიის წიგნებში სწავლობენ. ამ შემთხვევაში, კომპლექსური დავალება სწორედ ამ დანაწევრებული ცოდნის ურთიერთდაკავშირებასა და კომპლექსურად აღქმას უწყობს ხელს – გამამთლიანებლის როლს ასრულებს.

ხუთივე საგანმანათლებლო პრინციპი ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია როგორც კონსტრუქტივისტული, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის არსი. ცოდნათა დაკავშირება ან გამთლიანება, სწავლის სწავლა, აქცენტი სამივე კატეგორიის ცოდნაზე, ნაცნობიდან უცნობისკენ სვლა და აქტიური შემოქმედებითი პროცესები, მოკლედ, ეს ფენომენი ისეა მოფიქრებული და დალაგებული კომპლექსურ დავალებებში, რომ თუნდაც ძალიან მარტივი დავალებით მარტივ საკითხზე – სწავლების ეს პარადიგმა რეალიზებული გამოდის საკლასო ოთახში.

კომპლექსური დავალება „ნამდვილი“ ცოდნის შეფასების საშუალებას იძლევა. მართლა იცის ბავშვმა? ალბათ, გსმენიათ ეს დილემა. შეიძლება იცის ისეთი რამ, რაც ხვალ აღარ ემახსოვრება, ასეთი ცოდნა უხარისხოა. აი, კომპლექსური დავალება კი, ბავშვს არც მოტყუების საშუალებას აძლევს (იმიტომ რომ თვითონ არის საკუთარი შექმნილის პრეზენტატორის როლში) და ვერც ვერაფერს დამალავს. ყველაზე მთავარი – იქ რაც წარმოჩნდება, ეს არის ნამდვილი ცოდნა. თუ გვინდა, რომ თავი არ მოვიტყუოთ და მოსწავლის ნამდვილი ცოდნა შევაფასოთ, კომპლექსური დავალება ამის მშვენიერ შანსს იძლევა და მჯერა, რომ ამ სემესტრშივე ფართოდ იქნება გამოყენებული მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად. უმთავრესად, მაინც, განმავითარებელი შეფასებისთვის, რომ მივხვდეთ რა არ შეეძლო მას გუშინ და რა შეუძლია დღეს და არა იმისთვის, რომ ჩავუსაფრდეთ და ნიშანი დავაკლოთ. თუმცა, ცხადია, განმსაზღვრელი შეფასებითვისაც, ანუ ნიშნიანი შეფასებისთვისაც ნამდვილად შეიძლება ამ დავალებების გამოყენება.

როდესაც მასწავლებელი სასწავლო საკითხს დააანონსებს, იქვე, ამ საკითხთან ერთად, უნდა დააანონსოს კომპლექსური დავალებაც, რომლის შესრულებითაც ბავშვს შეეძლება ამ საკითხთან დაკავშირებით შეძენილი ცოდნის დადასტურება. თუმცა, ამ დავლებებით მხოლოდ ცოდნის შემოწმება არ ხდება, ასევე გადამწყვეტია ცოდნის აგება-კონსტრუირების თვალსაზრისითაც. მასწავლებელმა თავიდანვე იცის, როგორი უნდა იყოს დავალება, რა დრო დასჭირდება ამას – ოთხი, ხუთი, შვიდი გაკვეთილი. ამ ხნის განმავლობაში ის მოსწავლეებს ეხმარება, ამზადებს, რომ დავალება კარგად შეასრულონ. ყურადსაღებია ისიც, რომ დროს არავინ უკონტროლებს და უთვლის, მთავარია, ეს დავალება კლასში ყველა მოსწავლემ ხარისხიანად შეასრულოს. მხოლოდ ამის შემდეგ გადავლენ ახალ საკითხზე, შესაბამისად, ახალი კომპლექსური დავალებისთვის დაიწყებენ მზადებას.

როდესაც მასწავლებლები, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, კურიკულუმებს ქმნიან, წინასწარ განსაზღვრავენ კომპლექსური დავალებების რაოდენობას. მაგალითად, თუ მასწავლებელი ათი საკითხის სწავლებას გეგმავს კლასში, შესაბამისად, 10 კომპლექსურ დავალებას განვახორციელებთ. ეს ხდება საათობრივი დანაწილების ეკვივალენტურად იმიტომ, რომ   ხუთი-ექვსი გაკვეთილი მაინც სჭირდება ხოლმე თითო დავალების შესრულებას. თუმცა, დროს ასე მკაცრად არ უყურებენ, რადგან უმჯობესია, ათიდან შვიდი შესრულდეს, მაგრამ ხარისხიანად. აქცენტი სწორედ ამაზე კეთდება – ყველა მოსწავლემ მეტ-ნაკლებად სრულყოფილად შეასრულოს კომპლექსური დავალება.

მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ის ხუთი საგანმანათლებლო პრინციპია მოთხოვნილი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და ყველა სკოლამ უნდა სცადოს ამის გაკეთება. „ახალი სკოლის მოდელი“ მესამე თაობის ესგ-ს დანერგვაზეა ორიენტირებული, უშუალოდ მის საკლასო ოთახში რეალიზებაზე მუშაობს. ამიტომაც მოხდა, პროექტის ფარგლებში, კომპლექსური დავალების ასეთი ფორმატის შემუშავება და იმ ტიპის კურიკულუმების შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების პრაქტიკულ რეალიზებას. პროექტი, 2024 წლამდე, ყველა სკოლას მოიცავს, სექტემბრიდან კი, უფრო მეტად მასობრივი გახდება, ვიდრე ეს მიმდინარე სასწავლო წელს იყო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია iსკოლის რესურსი, რომლით სარგებლობაც ყველას დღესვე შეუძლია.

ლელა წურწუმია

გორის №12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი:

 

 

 

კომპლექსური დავალება მოსწავლის მიერ შემოქმედებითად შექმნილი პროდუქტია და ასეთი ტიპის დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. მოსწავლე თვითონაც შემოქმედებითად უდგება ამ პროცესს და ხდება ცოდნის აღმომჩენიც. ამავე დროს, მას კრიტიკული აზროვნების უნარი უვითარდება და შესაძლებლობა აქვს თავისი პროდუქტის გასიტყვების. უფრო მარტივად რომ ავხსნა, ეს არის დავალება, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლე დამოუკიდებლად იღებს ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით, შემდეგ აერთიანებს და, გაანალიზების საფუძველზე, შემოქმედებითად ქმნის კომპლექსური დავალების პროდუქტს, რომლის პრეზენტაციასაც შემდეგ თვითონ აკეთებს და, პარალელურად, ახდენს თვითშეფასებას. შექმნილი პროდუქტი შეიძლება იყოს ბუკლეტი ან პატარა სოციალური რეკლამა, ან სულაც რაიმე მიმართვა, რომელიც კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება და ა.შ.

თემა შედგება ცნებებისგან, ყველა ცნება კი – თავისი კომპლექსური დავალებისგან. მასწავლებელი აცნობს მოსწავლეს კომპლექსური დავალების არსს – მაგალითად, შექმენი ბუკლეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებისთვის. მოსწავლე მუშაობს ამ თემაზე. ჯერ, რა თქმა უნდა, მოიძიებს მასწავლებლის მიერ მითითებულ მასალებს (რომელსაც ჩვენ ლინკების სახით ვუთითებთ, რადგან ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა იმუშაოს დამოუკიდებლად). მასწავლებელი აუცილებლად აძლევს მითითებებს, რა უნდა გამოყოს, რაზე გააკეთოს აქცენტები – რა არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოება გახდეს ინფორმირებული ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. შემდეგ, მოსწავლე თავისი ფანტაზიით აგებს დავალებას, ამ შემთხვევაში, აღნიშნულ ბუკლეტს აფორმებს, ათავსებს ინფორმაციას, რომელიც მასწავლებლის მითითებით მოიძია. თავისთავად, მოსწავლე ამ დავალებას არ ქმნის ერთ ან ორ დღეში, დავალების შესაქმნელად ეტაპობრივად ემზადება და ხანგრძლივად მუშაობს. საბოლოოდ, დასრულებულ მასალას/პროდუქტს აცნობს კლასს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია – კლასში მსჯელობა. თავის თავს კრიტიკულად უყურებს, ცდილობს ობიექტურად შეაფასოს, ამ პროდუქტის შექმნის დროს, რა გაუჭირდა, რა იყო ადვილი, რა დასჭირდა იმისთვის, რომ სრულყოფილი ყოფილიყო პროდუქტი – ამით აკეთებს თვითრეფლექსიას. შემდეგ ისმენს სხვების პრეზენტაციას, აანალიზებს და საკუთარ თავს უსვამს შეკითხვას – მე რომ თავიდან ვიწყებდე ამის კეთებას, რას შევცვლიდი, რას გავაუმჯობესებდი, რა იქნებოდა უკეთესი, ჩემს ბუკლეტში რომ შემეტანა ა.შ.

პანდემიის პერიოდში ჩვენი კომუნიკაცია მოსწავლეებთან შეზღუდულია (20-25 წუთი გრძელდება ხოლემე ონლაინ გაკვეთილები), ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა ისეთი ტიპის დავალება მისცეს მოსწავლეს, რომელსაც თავად შეასრულებს დამოუკიდებლად. ის მითითებები, რომელსაც კომპლექსური დავალებების პირობაში ვაძლევთ მოსწავლეებს, მკაფიო რეკომენდაციებია, როგორ შეასრულონ დავალება და რა გამოიყენონ.

➡️საერთოდ, კომპლექსური დავალების პირობის ჩარჩო სამი ნაწილისგან შედგება: ერთ დავალებაში თვითონ კომპლექსური დავალების პირობას ვაძლევთ; შემდეგ ნაწილში ხაზგასმულია, რას ვითხოვთ მოსწავლისგან, რას უნდა მიაქციოს დავალების შესრულებისას ყურადღება; მესამე ნაწილში ვწერთ იმ მითითებებს, რომლებიც დავალების შესრულების პროცესში უნდა გაითვალისწინოს მოსწავლემ – რა უნდა წარმოაჩინოს ნაშრომში თვალსაჩინოდ. ასევე მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გამოყენებას მივაქციოთ ყურადღება, ამიტომ მოსწავლეებს ხშირად ისეთ დავალებებს ვაძლევთ, სადაც ციფრული რესურსის გამოყენებას შეძლებს.

➡️მნიშვნელოვანია, მოსწავლეს დავალების შესასრულებლად მივცეთ ინსტრუქციები და არ დავტოვოთ ზღვა ინფორმაციის სივრცეში, სადაც გაუჭირდება შესაბამისი ინფორმაციის სწორად გამოყენება. ამიტომ, კომპლექსური დავალების შესასრულებლად, ვუგზავნით/ვუთითებთ იმ ლინკებს, რომლებიც მოსწავლეს ინფორმაციის სწორად მოძიებაში დაეხმარება. ამით მის დროსაც ვზოგავთ, რომელიც შეიძლება არასწორი ინფორმაციის ძიებაში გაეფლანგოს და, კონკრეტული ჰიპერლინკების დაკონკრეტებით, სწორ მიმართულებას ვაძლევთ სამუშაოდ. ხშირად, ამ ლინკებს მასწავლებლები თვითონ ვქმნით იმიტომ, რომ ჩვენი ხმით წარმოთქმული დავალების შესრულების ინსტრუქცია უფრო ზუსტია და სახალისოა მათთვის, განსაკუთრებით, პირველ-მეოთხე კლასებში.

თავისთავად, კომპლექსურ დავალებას კლასში ყველა მოსწავლე ასრულებს, პანდემიამდე, საკლასო ოთახში, ჯგუფებშიც ასრულებდნენ. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მასწავლებლები თვითონ ვქმნიდით კომპლექსური დავალების პირობას, ხოლო პროდუქტის შექმნელები არიან მოსწავლეები. ეს პროდუქტი აუცილებლად ხელშესახები უნდა იყოს.

ყველაზე მართალი პასუხი, რა მნიშვნელობა აქვს კომპლექსურ დავლებას, ჩემი აზრით, არის ის, რომ კომპლექსური დავალებები მოსწავლის ღრმა მეხსიერებაში რჩება.ნებისმიერი თემა როდესაც მუშავდება, ამ თემის ფარგლებში, მოსწავლეს ვაძლევთ კომპლექსურ დავალებას, ის რეალურად ფიქრობს და აზროვნებს, როგორ მიუდგეს შემოქმედებითად პროცესს.

ძალიან დიდხანს არ ავიწყდება თავისი შექმნილი რამ, ანუ ის, რაშიც შრომა ჩადო და რაზეც იფიქრა. მის ღრმა მეხსიერებაში რჩება კომპლექსური დავალებებისთვის განხორციელებული აქტივობები და ინფორმაცია, რომელიც მოიძია და დაამუშავა. ამავდროულად, ამ ტიპის დავალებები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, უფრო და უფრო მეტი შემოქმედებითობა გამოაჩინოს, ინტერესი აღძრას და უბიძგოს, იაზროვნოს სხვაგვარად, თუნდაც, მაღალი სააზროვნო უნარებით. ყველაზე მთავარი კი, ჩემი აზრით, არის ის, რომ მოსწავლესთან მუშაობა საკლასო ოთახში უფრო ეფექტიანი ხდება. ბავშვი არ არის შეზღუდული – თავისუფალი და ლაღია, ამავე დროს, ამაყიც, როცა კლასის წინაშე გამოაქვს თავისი ნაფიქრით შექმნილი პროდუქტი.

საკლასო ოთახში პროცესი გაცილებით საინტერესოდ მიმდინარეობს – პირველ ნაწილში, მოსწავლეები ინდივიდუალურად მუშაობენ, მეორე ნაწილში კი, უკვე ჯგუფებში იკრიბებიან – ჯგუფი წარადგენს ნამუშევარს, განიხილავენ და გაკვეთილი ძალიან სახალისო პროცესი ხდება. ახლა, რაც ონლაინ სწავლებაზე გადავედით, ძირითადად, ციფრულ ტექნიკას ვეყრდნობით და, თავისთავად, დავალებების შესრულებისას, შესაბამის რესურსებს ვიყენებთ. მაგალითად, ხშირად ვიყენებთ რესურსს „ვსწავლობთ თამაშით“ და არა მხოლოდ ამ რესურსს, სხვადასხვა საშუალებებს, რომელიც პროდუქტის შექმნის შსაძლებლობას იძლევა. დისტანციური სწავლების დროს ეს ყველაფერი, ძირითადად, ინდივიდუალურად ხდება. თუმცა, დადებითი არის ის, რომ გაიზარდა მშობელთა ჩართულობა. კონკრეტული პროდუქტის წარდგენა და გასიტყვება, თიმსში, დაფის გაზიარებით ხდება ან ვიდეოჩანაწერს გვიგზავნიან მათ მიერ შესრულებული დავალების.

როგორც იცით, „ახალი სკოლის მოდელი“, დაწყებითების გარდა, უკვე საბაზო საფეხურზეც გადადის. ამ თვალსაზრისითაც, მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია განათლების კოალიციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი, დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმა – el.ge-ზე განთავსებული კომპლექსური დავალებები. რეალურად, ჩვენ ახლა ვსწავლობთ კომპლექსური დავალებების შექმნას. შესაბამისად, ეს საიტი გვაძლევს მიმართულებას, თუ როგორი ტიპის უნდა იყოს კომპლექსური დავალების პირობა. მასწავლებლებს შესაძლებლობა გვეძლევა, სახელმძღვანელოდ გამოვიყენოთ – გავეცნოთ, გამოვიყენოთ და ანალოგიური შევქმნათ. ასევე, ამ პლატფორმის მთავარი ღირებულებაა ის, რომ თავად მოსწავლესაც შეუძლია, ჩამოტვირთოს დავალებები და დამოუკიდებლად გაეცნოს საჭირო მასალას, აქვეა თავმოყრილი რესურსები, რომელიც მასწავლებელსაც და მოსწავლესაც შეუმსუბუქებს ონლაინ სწავლა-სწავლების რეჟიმს, რომელიც, ცხადია, გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული.

როდესაც ჩვენს საკლასო ოთახში სიახლეს ვნერგავთ, მხოლოდ ერთ კონკრეტულ კლასზე კი არ ვფიქრობთ, არამედ პარალელურ კლასებზეც. ვითვალისწინებთ საერთო საჭიროებებს, რადგან ჩვენ მიერ შექმნილი დავალებები კოლეგებსაც და პარალელური კლასების მოსწავლეებსაც უნდა გამოადგეთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამაზეც ვიფიქროთ. დანერგვისა და განხორციელების ეტაპზეც ერთმანეთს ვუზიარებთ აზრს, რამ იმუშავა, რამ არა, რომელი იყო წარმატებული. ამიტომ, ასეთი შეთავაზება, რასაც ახლა ეს საიტი აკეთებს, უმნიშვნელოვანესია მასწავლებლებისთვის და ვფიქრობ, ყველა კარგად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რადგან ძალიან კვალიფიციური სპეციალისტების მიერ შექმნილ რესურსზე გვაქვს ხელმისაწვდომობა, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა დავალებების გამოსაყენებლად და დასანერგად. ასეთი ტიპის დავალებები ნებისმიერი სკოლისთვის მნიშვნელოვანია, ვისთვისაც ხარისხიანი განათლება პრიორიტეტია, მით უფრო, როცა ეროვნული სასწავლო გეგმა გვავალდებულებს მსგავსი დავალებების დანერგვასა და განხორციელებას   საკლასო ოთახში.

 

სალომე მიქელაძე

თბილისის ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური №42 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე:

 

 

კომპლექსური დავალებების ფორმატმა ძალიან დამაინტერესა, ჩამითრია კიდეც. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ახალია, განსხვავებულია და, ჩემი აზრით, ძალიან სახლისოცაა. შესასრულებლად კომფორტულია იმიტომ, რომ მასწავლებელი გითითებს რესურსებს, რომელიც გეხმარება დავალების შესრულებაში. მუშაობ ამ რესურსის მიხედვით და სულაც არ არის საჭირო რამე ზეპირად იცოდე. დავალების ასეთი ფორმატი დიდ როლს თამაშობს განვითარებაში იმიტომ, რომ ამ ერთი დავალებიდან რამდენიმე უნარის განვითარება ხდება, სხვადასხვა თვისებებისა და შესაძლებლობების ჩართვა გიწევს.

უბრალოდ კი არ უნდა წაიკითხო ან დაიზეპირო რამე, არამედ ერთმანეთთან უნდა დააკავშირო რაღაც ფაქტები, მოვლენები… უნდა წარმოიდგინო სიტაუაცია, რომელთანაც აქამდე არასდროს გქონია შეხება. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა – ფანტაზიაც უნდა ჩართო, ყველაფერი დაალაგო გონებაში, განსაჯო რა როგორ სჯობს. მოკლედ, მთელი შემოქმედებითი პროცესია ერთი დავალების შესრულება.

ჩემი აზრით, ძალიან კარგია ისიც, რომ ნებისმიერმა მოსწავლემ შეიძლება შეასრულოს დამოუკიდებლად. არანაირი სირთულე არ არის, თუ გონებით მიუდგები და ფანტაზიასაც ჩართავ, ეს დავალებაც ხომ, პირველ რიგში, ფანტაზიასა და კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, წერის სტილსაც. მე რა დავალებაც შევასრულე, დახვეწილ წერას მოითხოვდა.

სამოქალაქო განათლების საგანში ასეთი დავალებები იყო – თავი უნდა წარმოგედგინა ნაფიცი მსაჯულის ადგილას ან მაჰათმა განდის თანამედროვე მხარდამჭერად, ანუ უნდა მოგეზიდა მაჰათმა განდის მხარდამჭერები. ამ დავალებიდან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ჩვენ, ამ შემთხვევაში, თემა მოვამზადეთ – როგორ ვიყავით მაჰათმა განდის თანამედროვე დამცველები/მხარდამჭერები. ხალხისთვის ისე უნდა გაგვეცნო ამ ორგანიზაციის მიზნები და საქმიანობა, რომ გაგვეზარდა მისი თანამოაზრეების რიცხვი. დავალების მთავარი მიზანი საზოგადოებაში ძალადობის დაგმობა იყო. ამ შემთხვევაში, ტექსტი მოვამზადეთ, თუმცა ფორმატს, ტექსტის გარდა, სხვა ბევრი რამის გაკეთების პოტენიალიც აქვს. მითითებული რესურსების მიხედვით ვიმუშავეთ, ბოლოს, რა თქმა უნდა, კომპლექსური დავალება შეგვიფასეს. მაქსიმალური შეფასება მივიღე. მართლა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო დავალებაზე მუშაობის პროცესი – იმის გარდა, რომ რეალურად კრიტიკულად აზროვნებ და შენს ფანტაზიას აძლევ გასაქანს, თუ კარგად გააანალიზებ კონკრეტულ თემას, რაზეც მუშაობ, ეხები სხვადასხვა სიტუაციებს, რომლებშიც აქამდე არ ყოფილხარ და უკეთ იაზრებ და შედიხარ იმ სიტუაციაში, რომელსაც ეს დავალება გიყენებს პირობად. იმდენად საინტერესო, სახალისო და და უცნაურია, ალბათ, ვალდებულიც რომ არ იყო, აუცილებლად მოგინდება გააკეთო. ვის არ მოუნდება, თუნდაც, თავი წარმოიდგინოს მეოცე საუკუნის ყველასთვის კარგად ცნობილ ინდოელად ან მის ქომაგად.

♦♦♦

ახალი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერები არიან: სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS და პირველი არხი-განათლება.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები