26 აპრილი, პარასკევი, 2024

შავი კონვერტი

spot_img

შობა დგებოდა. სამზარეულოში დატრიალებულმა ხმაურმა მთელი სახლი მოიცვა. დედა და ბებია გაუჩერებლად ფუსფუსებენ ირგვლივ. ნელ-ნელა ეცემა ფიფქები რაფას. მხოლოდ გოგონა იყურება ფანჯრისკენ. გულში მალული სიხარულის გრძნობა დასტრიალებს და ბავშვური უბრალოების გამო ვერ ხვდება მის მიზეზს. ერთადერთი, ფიფქებს უყურებს ხელებზე ლოყებდაბჯენილი და გულში იმეორებს თავისთვის: მალე მამა საჩუქარს მომიტანს. მამა მოვა და საჩუქარს მომიტანს.

ომი უნდა დამთავრდეს, თანაც მალე უნდა დამთავრდეს, რომ მამამ საჩუქარი მოუტანოს. ლამპიონის შუქზე აკიაფებულ ფიფქებს იმედის ნატამალი მოჰქონდათ ჩუმად. დედას და ბებიას დიდი ხანია შეეწყვიტათ მათი ყურება. მხოლოდ გოგონა, მხოლოდ ის უცქერდა მთელი გამეტებით, მაგრამ მაინც სევდა ეპარებოდა მის პატარა გულს. ჩაეძინა. იმ ღამეს ეზმანა, როგორ გაისმა კარზე ზარი, როგორ დაიფერთხა მამამ თოვლიანი პალტო,ზუსტად ისეთი, ომამდე რომ ეცვა ხოლმე.ზურგს უკან რაღაც ეჭირა. რაღაც დიდი და კაშკაშა. ის მთელი სისწრაფით მისკენ გაიქცა და მის მკლავებში ამოყო თავი. ომი დამთავრდა, მამა ხომ დაბრუნდა, ესე იგი, ომი დამთავრდა. მის ზურგს უკან კი რაღაც იდუმალი უფრო და უფრო უმატებდა კაშკაშს. რას არ გასწვდება ბავშვის გონება.

შობა გათენდა. გოგონას ჯერ ისევ ეძინა, კარზე რომ დააკაკუნეს. კარს იქით ფოსტალიონმა დეპეშა მოიტანა შავი კონვერტით. გოგონას ჯერ კიდევ ეძინა…

ონისე თირქია

თბილისის კერძო სკოლის „ბრიტანიკა“ მე-12 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები