5 მაისი, კვირა, 2024

„ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს და „თეთრ საყელოს“ ვერავინ გამამეტებინებს!“

spot_img

მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „ჯაყოს ხიზნები“ მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოში, შექმნილ საზოგადოებრივ-კულტურულ მდგომარეობას ასახავს. მწერალმა ნაწარმოებზე მუშაობა 1924 წელს დაასრულა.  საკუთრივ ჯავახიშვილი, როგორც პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე,  სწორად აანალიზებდა ქვეყნის მაშინდელ მდგომარეობას. აქტიური პოლიტიკურ-ლიტერატურული მოღვაწეობის გამო, მას დაუპირისპირდნენ საბჭოთა  სოციალისტური რესპუბლიკის ლიდერები. „ჯაყოს ხიზნები“ ერთ-ერთი, და არა ერთადერთი  ნაწარმოებია, რომელმაც მწერალი სიკვდილისთვის გაწირა.

ჯავახიშვილი ამბობდა: „კვაჭი კვაჭანტირაძეს“ მივაყოლე „ჯაყოს ხიზნები“, ეს ქურთა–თამარაშენში ყოფნის სახსოვარია. მართალია, რომანმა აუარებელი მკითხველი გამიჩინა, მაგრამ აუარება დამაწყევარიც! კრიტიკაში ბევრი მაქებდა გულახდილობისათვის, ბევრი მაძაგებდა. ზოგიერთებმა ისიც კი მითხრეს, თუ გინდა, რომ ძველებურად მიგიღოთ და გულთბილად მოგეპყრათ, შენი შემოქმედებიდან ჯაყო ამოშალეო. ჯერ ერთი, რუსების თქმისა არ იყოს: კალმით დაწერილს ნაჯახით ვერ ამოშლი, და მეორეც, საკითხი მართლაც ასე რომ იყოს დაყენებული, მაშინ მე ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს და „თეთრ საყელოს“ ვერავინ გამამეტებინებს.“

ამ პრინციპულობისა და შემოქმედებაში ჩაქსოვილი ხისტი ხასიათის გამო, იგი კრიტიკოსთა სამიზნედ იქცა. მაშინდელი ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა რეალური და კრიტიკული ფაქტების „გაშიშვლებას“. სწორედ ამის გამო, მკაცრად კონტროლდებოდა ლიტერატურა და მწერალთა საზოგადოება. რეალიზმის პრინციპების გამგრძელებელი, ჯავახიშვილისთვის კი საბჭოთა ცენზურა მიუღებელი იყო.

ზემოაღნიშნული ნაწარმოები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში“. იგი მწერლის სიცოცხლეშივე ცალკე წიგნად ორჯერ გამოიცა: 1925-1926 წლებში.

რომანში მძაფრად გაისმის სიახლის ძიების, ახალი ადამიანის, ახალი ცხოვრების, ახალი წესრიგის მოთხოვნები. ეს ყველაფერი ისტორიულმა ეპოქამ განაპირობა. ამავე დროს, აუცილებელი გახდა ამ სიახლის სწორი, მიუკერძოებელი შეფასება, რადგანაც ხშირად არაობიექტურად აანალიზებდნენ მოვლენებს.

თეიმურაზ ხევისთავი მკითხველისთვის დღემდე ამოუცნობ პერსონაჟად რჩება. ლიტერატურის ხიბლიც, ალბათ, ამაშია. ზოგი თვლის, რომ თეიმურაზი მსხვერპლია, ზოგი კი პირიქით, ადანაშაულებს მას. რეალურად, პერსონაჟი თავადაც გაურკვევლობაშია, არ იცის: რა უნდა? რას ფიქრობს, ან რა ფუნქცია აქვს ამქვეყნად?!

არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ხევისთავი საქართველოს სოციო-პოლიტიკური მდგომარეობის სახეა. თავად მწერალი აღიარებს, რომ „ჯაყოს ხიზნები“ მისთვის სასროლად გამზადებული ტყვია იყო, რომელიც მტერს საკუთარი ნებით გადასცა. ეს ნაბიჯი კი სრულიად გააზრებული და გამიზნული გახლდათ „ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს და „თეთრ საყელოს“ ვერავინ გამამეტებინებს!“

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987.;

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;

მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება, თბ., 1966;

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები