3 მაისი, პარასკევი, 2024

ტექნოლოგიების და სწავლების ინოვაციური მიდგომების გამოყენება სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა STEAM განათლებაში

spot_img
ირინე აბდალაძე
სსიპ ქალაქ ქუთაისის №45 საჯარო სკოლის დირექტორი/STEAM მასწავლებელი,
ინკლუზიური განათლების ექსპერტი/ტრენერი – „სასკოლო კურიკულუმების განვითარებისა და მხარდაჭერის ქვეპროგრამა“, „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

 

სასკოლო განათლებაში STEAM მეთოდოლოგიის გამოყენება პრობლემაზე და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელების შესაძლებლობას გულისხმობს. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, STEAM განათლებას წვლილი შეაქვს 21-ე საუკუნის ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გუნდური მუშაობა და პრობლემის გადაჭრა. მნიშვნელოვანია, რომ STEAM მეთოდოლოგია ამზადებს მოსწავლეებს მომავალი შრომითი ბაზრისთვის. შედეგად, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის გამოყენებით გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს.

ხშირად, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული წარმოდგენების  შედეგად, სკოლების ადმინისტრატორებს, მასწავლებლებს, მშობლებს თუ თემს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა მიმართ დაბალი მოლოდინები გააჩნიათ. აღნიშნული კიდევ უფრო ღრმავდება, როცა საქმე სსსმ და შშმ მოსწავლეთა STEAM განათლებას ეხება. STEAM განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გასამკლავებლად და მათი დამოუკიდებლობის ხარისხის, მოტივაციის ზრდის, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით.

გიზიარებთ სსიპ ქალაქ ქუთაისის №45 საჯარო (სენსორული/სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა რესურს სკოლა) სკოლის გამოცდილებას ტექნოლოგიების და სწავლების ინოვაციური მიდგომების გამოყენების კუთხით სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა STEAM განათლებაში. აღნიშნული მიდგომების შედეგები სკოლამ შეაჯამა სასკოლო ფესტივალზე „STEAM-FEST 2023“.

2023 წლის 07 ივნისს, სსიპ ქალაქ ქუთაისის №45 საჯარო (სენსორული/სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა რესურს სკოლა) სკოლაში,  საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი (14 ივნისი) მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,  გაიმართა სასკოლო ფესტივალი „STEAM-FEST 2023“.

სასკოლო ფესტივალი „STEAM-FEST 2023“ მიზანი იყო:

♦ საზოგადოებაში შშმ პირთა მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა STEAM (საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა) სფეროებში;

♦ ქალაქ ქუთაისის №45 საჯარო სკოლის შშმ მოსწავლეებთან სასწავლო პროცესში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული STEAM სწავლების მრავალფეროვანი და ინოვაციური მიდგომების გაცნობა.

ღონისძიების სლოგანი გახლდათ: „მომისმინე, STEAM ყველასია“.

ფესტივალის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო:

♦ სასკოლო ცხოვრებაში STEAM მიმართულებით ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება გამოფენის სახით;

♦ მოსწავლეებში STEAM საგნების მიმართ ინტერესის გაძლიერების მიზნით, მათი მონაწილეობა სხვადასხვა პრობლემაზე დაფუძნებული ამოცანების გადაჭრაში/მხიარულ ექსპერიმენტებში;

♦ „ტექნოლოგიების და სწავლების ინოვაციური მიდგომების გამოყენება სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა STEAM განათლებაში“ – ქუთაისის №45 საჯარო სკოლის მასწავლებელთა პრეზენტაცია;

♦ STEAM თემატიკაზე თეატრალური პერფომანსი მოსწავლეთა მონაწილეობით.

სასკოლო ფესტივალზე მოწვეულ სტუმრებთან მიმოვიხილეთ სხვადასხვა საკითხები:

რას ნიშნავს, რას მოიაზრებს „STEAM“?

♦ ტერმინი „STEM“ გამოიყენება 2001 წლიდან, მიუხედავად მისი განსხვავებული ინტერპრეტაციისა, ყველაზე გავრცელებული გაფართოებული ტერმინია „STEAM“, რომლის ქვეშ მოიაზრება შემდეგი დარგები: საბუნებისმეტყველო მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა.

აბრევიატურა სწორედ ამ მიმართულებების ინგლისური სახელწოდებებიდან შეიქმნა:

⇒ S – Science – მეცნიერება

⇒ T – Technology – ტექნოლოგები

⇒ E – Engineering – ინჟინერია

⇒ A – Art – ხელოვნება

⇒ M – Mathematics – მათემატიკა

რატომ STEAM სწავლება?

♦ STEAM სწავლების მეთოდები არის მრავალფეროვანი და ინოვაციური.

♦ „სწავლა კეთებით“ მოსწავლეებისათვის საინტერესო პროცესია, ისინი ხდებიან ცნობისმოყვარეები, შესაბამისად, იზრდება ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში თუ საკლუბო მუშაობისას.

♦ მოსწავლეებს ვამზადებთ იმ გამოწვევებისათვის, რომლის წინაშეც თანამედროვე სამყარო აყენებს მათ.

STEM სწავლების ხელშემწყობი „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“(ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველო/USAID/საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო/მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი).

მთელ საქართველოში და მათ შორის ჩვენს სკოლაში, 2016-2019 წლებში, განხორციელდა STEM სწავლების ხელშემწყობი „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“, რომლის შედეგადაც ქუთაისის №45 საჯარო სკოლაში გაუმჯობესდა:

♦ სკოლის მართვა და სწავლა-სწავლების პროცესები;

♦ მოსწავლეთა მიღწევები (STEM) საგნებში;

♦ სკოლის ბაზაზე დაინერგა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემა.

♦ თანამშრომლობითი კულტურა;

♦ დაინერგა გაზიარებული ლიდერობის კომპონენტი;

♦ STEAM მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია განვითარდნენ პროფესიულად;

♦ როგორც პროექტის ტრენერი და სკოლაში STEAM  (ტექნოლოგიების) მასწავლებელი,  2019 წელს სასწავლო ვიზიტით ვიმყოფებოდი კალიფორნიაში, ანაჰეიმში,  STEAM მასწავლებელთა საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში STEM CAMP, რომელიც ორგანიზებული იყო TGR Foundation-ის მიერ – სასწავლო ვიზიტი დაფინასებული იყო თბილისში აშშ საელჩოს ფედერალური დახმარების გრანტის ფარგლებში.

სასწავლო რესურები, რომელსაც ვიყენებთ სწავლებაში, დაწყებით – საბაზო საფეხურზე მრავალფეროვანია:

♦ მასწავლებლები თავად ქმნიან ელექტრონულ რესურსებს სხვადასხვა საგნებში ქართული ჟესტების ენის და დაქტილური ანბანის გამოყენებით, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში – მაგ: ამინდის, სხეულის ნაწილების, შეკრება-გამოკლების და ა.შ. თემებზე…

♦ საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა

სკოლაში აქტიურად ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში კვლევა-ძიების, ინფორმაციის მრავალფეროვანი გზებით მოპოვების,  21-ე საუკუნის უნარების განვითარებას. აღნიშნული აქტივობები, ძირითადად, მიმდინარეობს მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შესაბამისად. ასევე, გაკვეთილებზე ჟესტური ენის თარჯიმნების ასისტირებით და მრავალფეროვანი ვიზუალური რესურსების გამოყენებით.

♦ STEAM პროექტების განხორციელება ხელს უწყობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით დაინერგა ცნებებზე ორიენტირებული სწავლება. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით, ყველა საგანში, შესაბამისად, STEAM-ში შემავალ საგნებშიც  განსაზღვრულია გრძელვადიანი მიზნები, ე.წ. სამიზნე ცნებები, რომელთა ფლობა და გააქტიურება მთელი საფეხურის განმავლობაში უნდა მოხდეს, შუალედური მიზნების დაგეგმვით. შუალედურ მიზნებს წარმოადგენს ან საგნობრივი კომპლექსური დავალებები,  ან ინტეგრირებული კომპლექსური დავალებები. სწორედ STEAM პროექტები ასრულებენ შუალედური მიზნის როლს, აიგება ცოდნაც და ხდება საგნობრივი სამიზნე ცნებების დაძლევა, მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით.

♦ მოსწავლეები ხედავენ კავშირს სასკოლო აქტივობებსა და რეალურ ცხოვრებას შორის, უვითარდებათ ტრანსფერული, ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული, ზოგადად მაღალი სააზროვნო უნარები.

♦ საგნის მასწავლებლების მიერ, ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების ასისტირებით, გაკვეთილებზე განხორციელდა მრავალფეროვანი კომპლექსური დავალებები და შეიქმნა სხვადასხვა პროდუქტი: გასართობი პარკის დაგეგმვა (მათემატიკაში/ცნება – გეომეტრიული ფიგურები); იგლუ (ფიზიკა/ცნება – ენერგია) და ა.შ.

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება/ციფრული წიგნიერების უნარების განვითარება

პროგრამული უზრუნველყოფის ამოცანის შესაბამისად შერჩევა/პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება;

♦ სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება (კომპიუტერი, პროექტორი, სმარტფონი, ჭკვიანი დაფა, ლამინირების აპარატი, პრინტერი/სკანერი, ციფრული ფოპტოაპარატი…);

♦ სხვადასხვა ონლაინ სერვისების სათანადო გამოყენება;

♦ პირადი ანგარიშის მართვა;

♦ საფრთხეების იდენტიფიცირება, რომლებიც ციფრულ სამყაროში ინფორმაციის დაცვას ახლავს თან;

♦ ინტეგრირება სხვა საგნებთან.

STEAM სწავლების ფარგლებში

♦ შევიძინეთ რობოტექნიკის ნაკრები www.dac.ge

♦ მაკეტების შესაქმნელად ვიყენებთ  მეორად საგნებს

♦ ინტეგრირებულია ფიზიკასთან, ხელოვნებასთან, კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან

STEAM სწავლება შშმ მოსწავლეებს ეხმარება:

მოახდინონ საგნობრივი ცოდნის სინთეზი;

დაინახონ საგანთა შორის კავშირი;

დაიცვან ბალანსი თეორიასა და პრაქტიკას შორის, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას, ან პირიქით, პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, თეორიის ათვისებას;

გაეცნონ თანამედროვე სუპერტექნოლოგიებს;

შექმნან/დააპროგრამონ მარტივი მექანიზმები;

გაიაზრონ სხვადასხვა მოვლენა/კვლევა;

მოახდინონ მიღებული ცოდნის ტრანსფერი რეალურ სამყაროში.

STEAM  სწავლება – შემდეგი უნარებისა და ღირებულებების განვითარება:

ლოგიკური აზროვნება;

კრიტიკული აზროვნება;

შემოქმედებითი აზროვნება;

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;

მედიაწიგნიერება;

თანამშრომლობა/კომუნიკაცია.

ფესტივალის ბოლოს გაიმართა STEAM თემატიკაზე თეატრალური პერფომანსი  მოსწავლეთა მონაწილეობით. იხ: ..\45 სკოლა.mp4

მოსწავლეებმა გააცოცხლეს საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები, რომელთაც STEAM მეცნიერებებში თავიანთი მნიშვნელოვანი სიტყვა აქვთ ნათქვამი (ლეონარდო და ვინჩი, ისააკ ნიუტონი, მენდელეევი, პიერ და მარია კიურები, ადა ლოვლეისი, გრეის ჰოპერი, ალბერტ აინშტაინი).

♦ გათვალისწინებულ იქნა მეცნიერებაში გენდერული ასპექტებიც და თეატრალურ პერფომანსზე წარმოჩინდა ქალ მეცნიერთა მიღწევები (ადა ლოვლეისი, მარია კიური, გრეის ჰოპერი).

სასკოლო ფესტივალს „STEAM-FEST 2023“ დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პარლამენტის, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის, USAID-ის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური საგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლები, პროფესიული კოლეჯები, უნივერსიტეტი…) წარმომადგენლები. სასკოლო STEAM ფესტივალმა დამსწრეთა ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

სასკოლო STEAM ფესტივალს რეგიონულ ტელევიზიაში „რიონი TV“ სპეციალური გადაცემა მიეძღვნა. ღონისძიება გაშუქდა ჩვენი სკოლის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ფეისბუქ გვერდებზე. სკოლის მუშაობის გამოცდილება STEAM მიმართულებით, ტექნოლოგიების და სწავლების ინოვაციური მიდგომების გამოყენების კუთხით გავაზიარე საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის GNAEB ინკლუზიური განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობით განხორციელებულ „2023 სასწავლო წლის მასწავლებელთა სასკოლო მასშტაბურ კონფერენციაზე“.

STEAM განათ­ლება ის უნივერსალური სასწავლო ინსტრუმენტია, რომლის დანერგვამაც სასწავლო პროცესი ბევრად უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გახადა. STEAM-ის ერთერთი  მნიშვნელოვანი ფუნქციაა ინოვაციურობა. შესაბამისად, STEAM პროექტზე მუშაობის დროს, სსსმ და შშმ მოსწავლეებს შემოქმედებითობის, ანალიტიკური აზროვნების, პრობლემების გადაჭრის და ციფრული უნარები უვითარდებათ, რაც მათ ესაჭიროებათ 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გასამკლავებლად და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოსამზადებლად.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები