2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

სასკოლო კვების პროგრამის კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო

spot_img

17 ნოემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოფიციალურად გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასკოლო კვების პროგრამაზე იწყება მუშაობა. იმავე დღეს, UNICEF-ში გამართულ ბრიფინგზე კი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კვების პროგრამის შემუშავების დეტალებზე და მისი განხორციელების მნიშვნელობაზე.

სასკოლო კვების პროგრამაზე მუშაობის დაწყებას, როგორც ღასან ხალილმა აღნიშნა, წინ უძღოდა პროდუქტიული შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მისივე განცხადებით, პრემიერისგან დაინახა მზადყოფნა და პოლიტიკური ნება, რის შემდეგაც საპასუხო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით. მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი იმუშავებს და უახლოეს პერიოდში, დაახლოებით, ერთ თვეში მოამზადებს კონცეფციას, რომელიც პრემიერ-მინისტრს წარედგინება. ჩვენ შევთავაზებთ რამდენიმე მოდელს და შემდეგ სამოქმედო ჯგუფი გადაწყვეტს რომელზე შეჩერდნენ. მოგახსენებთ, ზოგადად, რა შედის ხოლმე ბავშვის კვების ასეთ კომპლექტში – ზოგიერთ ქვეყანაში ე.წ. ლანჩბოქსია ხემსებით, ზოგიერთ ქვეყანაში – უბრალოდ ხილი, ესეც გარკვეული მოდელია. თუმცა, იუნისეფის რეკომედაციაა და ამაზე პოლიტიკური დაკვეთაც დავინახეთ, რომ იმ მოდელზე იმუშაონ, რომელიც გულისხმობს სკოლის სადილს, საჭირო საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით შედგენილს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჯერ განხილვის საგანია და ამასთანავე, გასათვალისწინებელია ბიუჯეტის საკითხი.  დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ თვეში მოდელი უკვე შემუშავებული იქნება და, რაც მთავარია, ის დაეფუძნება ტექნიკურ და სამეცნიერო ფაქტებს.“ – განაცხადა ღასან ხალილმა.

პროგრამის მოდელისა და მისი განხორცილების დაწყების შესახებ კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, იუნისეფში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია პროცესის დაწყება და სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული ნება, რომ ქვეყანაში ბავშვთა სასკოლო კვების პროექტი დაინერგოს.

ცხადია, გაჩნდა კითხვები, რომელიც უფრო კონკრეტულ პასუხებს მოითხოვს, მაგალითად, როგორი იქნება პროგრამის დაფინანსების მოდელი – ცენტრალიზებული თუ რეგიონული მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვებიან; მასშტაბურად დაიწყება მისი განხორციელება თუ გათლილი იქნება მიზნობრივ ჯგუფებზე; რა ოდენობის თანხა გამოიყოფა თითოეული მოსწავლის ყოველდღიურ ულუფაზე და, საერთო ჯამში, წელიწადში, რა დაუჯდება სახელმწიფოს სასკოლო კვების პროგრამა; რამდენად რეალისტურია იგი.

საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელი ამბობს, რომ ფინანსებზე საუბარი, ცხადია, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, როცა კონცეფციის მონახაზი გაჩნდება, მოდელს კი ექსპერტები შეიმუშავებენ და განხილვებში აქტიურად ჩაერთვებიან როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, ისე განათლების სამინისტრო. იმედს გამოთქვამს, რომ მალე წარუდგენენ საზოგადოებას ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის კონკრეტულ გეგმას.

ღასან ხალილი, პროგრამის უპირატესობებსა და დადებით მხარეებზე საუბრისას, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც პოზიტიურად აისახება არა მხოლოდ სკოლაზე ან ბავშვზე, არამედ მთლიანად ქვეყანაზე – „პირველ რიგში, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს ბავშვების სკოლაში დარჩენასა და სიარულს; სასკოლო კვება გააუმჯობესებს მათი სწავლის შესაძლებლობებს; ასევე ექნება სოციალური ეფექტიც, რადგან ერთად სადილობით (თავისთავად, დისტანციისა და უსაფრთხოების დაცვით) ბავშვების სოციალიზაციაც მოხდება. ამის გარდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, რომ ადგილობრივი ფერმერებისთვის ადგილზე გაჩნდება გასაღების ბაზარი, რაც, საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას“.

გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანმრთელობისა და ნუტრიციის სპეციალისტი თაკო უგულავა, ჩვენთან საუბრისას, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გვაცნობს პროგრამის მრავალმხრივ სარგებელს, რაც მის დანერგვას შეიძლება მოჰყვეს: „რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება, ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. სკოლის ნუტრიციული პროგრამა მსოფლიოში ცნობილია, როგორც უნიკალური პროგრამა იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყანაში დარგი ან მიმართულება, რომლის მიზანსაც ის არ ემსახურებოდეს – დაწყებული იქედან, რომ სკოლაში მიწოდებული კვება აუმჯობესებს ბავშვის დასწავლის უნარს და ეს არის არა ვარაუდი, არამედ მტკიცებულება; გარდა ამისა, შეჭირვებული ოჯახის შვილებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ სკოლაში იარონ, რადგან იციან, რომ იქ საკვების გარკვეულ ულუფას მიიღებენ, რაც შეიძლება სახლში ვერ მიაწოდონ; პროგრამის მესამე, ასევე მნიშვნელოვანი სიკეთე გახლავთ ის, რომ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ამ ულუფის კომპოზიცია (მიკროელემენტების შემადგენლობა და ა.შ.), ის ნამდვილად შეუწყობს ხელს ბავშვის ნუტრიციული სტატუსის გაუმჯობესებას.

 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – კვების მიწოდებასთან ერთად, ბავშვებთან შეიძლება ჯანსაღი კვების სწავლებაც დაიწყოს. შესაბამისად, მომავალი თაობა მომზადებული შეხვდება ამ საკითხს, ანუ მათ ეცოდინებათ, რას ნიშნავს ჯანსაღი კვება.

 შემდგომი სიკეთე, რაც პროგრამის განხორციელებას ახლავს – ბავშვებისთვის სკოლაში საკვების მიწოდება არის ერთგვარი სოციალური დაცვის ბერკეტი, რომელიც, ასევე, ცნობილია მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი გრძელვადიანი სოციალური დაცვის ინსტრუმენტი. მით უფრო, როცა კვების სახელმწიფო დაფინანსების სქემაში, სხვა ბავშვებთან ერთად, ხვდებიან შეჭირვებული ოჯახების შვილები.

მართლა ვრცელია იმ სარგებელთა ჩამონათვალი, რასაც პროგრამის ფარგლებში უნდა ველოდეთ. კიდევ ერთ სფეროს გამოვყოფდი – სოფლის მეურნეობა. ცხადია, ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო, ჩართავს თუ არა მიზნებში სოფლის მეურნეობას. ბევრ ქვეყანაში იკრძალება სასკოლო კვების პროგრამაში შემოტანილი პროდუქტის მიწოდება და, ძირითადად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს ანიჭებენ უპირატესობას, იქნება ეს ბოსტნეული, ხილი თუ სხვ. ამით ქვეყანა ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

 რაც შეეხება იმას, თუ რა სახით მოხდება საკვების მიწოდება, აქაც მნიშვნელოვანი დეტალები იკვეთება. როდესაც საუბარია საკვების არა ადგილზე დამზადებაზე, არამედ სერვისების მიწოდებასა და შეტანაზე, შეიძლება გაჩნდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ინვესტირების შესაძლებლობა – თავისთავად, საკვების თბილისში, ცენტრალურად, დამზადება და შემდეგ, ყოველდღიურ რეჟიმში, ქვეყნის მასშტაბით მიწოდება ვერ მოხდება. ამიტომ, ბუნებრივად, გარკვეული ნაწილი რეგიონებზე უნდა გადავიდეს, რაც თავისთავად გააჩენს დასაქმების შესაძლებლობას. შეიძლება, დონორული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობაც გაჩნდეს. მაგალითად, ადგილობრივ მწარმოებლების ან თუნდაც ერთი კონკრეტული ოჯახის, რომელიც პროცესში ჩართვას გადაწყვეტს, გარკვეულ წახალისებაზე – ფინანსურ სუბსიდირებაზეც შეიძლება ფიქრი, რომ შემდგომში, დადგენილი სტანდარტისა თუ ჩარჩოს ფარგლებში, შეძლონ კონკრეტული სკოლის საკვებით უზრუნველყოფა. ასე რომ, პროგრამას მართლაც უამრავი სიკეთე და სარგებელი მოაქვს. იუნისეფისთვის კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც ჩამოვთვალე, მუშაობს გაეროს ბავშვთა ფონდი. იშვიათად იპოვით პროგრამას, რომელიც, თავისი შედეგებით, ამდენ მიმართულებას უპასუხებს. ბავშვთა კვების პროგრამა კი პასუხობს, აქედან გამომდინარე, მისი სარგებლიანობაც მრავალმხრივია და ძალიან საშური საქმეა.

 იმასაც დავამატებ, თუ გადავხედავთ თუნდაც იმ სივრცეს, საიდანც ჩვენ გამოვედით – პოსტსაბჭოურ ქვეყნებს, გეტყვით, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის, რომ სასკოლო კვების პროგრამა არ ჰქონდეს, მარტო ჩვენ დავრჩით. ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ, ეს გარდაუვალია. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გეგმაზომიერად მივყვებით პროცესს.“

 რაც შეეხება იმას, თუ რა მოდელი განიხილება, თაკო უგულავას განარტებით, კონკრეტულ მოდელზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან სწორედ ახლა იწყება ამაზე ფიქრი – სამუშაო ჯგუფი თითოეულ ბლოკს დაამუშავებს, პირველი მონახაზის გასაკეთებლად კი, დაახლოებით, სამი კვირა აქვთ მიცემული. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო გამოცდილებაც და იუნისეფის შეთავაზებაც, თუმცა, როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში ამბობენ, მთავარია, კარგად იყოს გააზრებული, რას მიიღებს ამ მოდელიდან ქართული მხარე. გაფილტრული პირველადი მოდელი წარედგინება პრემიერ-მინისტრს.

კითხვას, თუ რამდენად რეალურია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ნუტრიციოლოგი პასუხობს, რომ ახლა პროცესი ისეთ ეტაპზეა, რომ უკან აღარ დაბრუნდება და იუნისეფში გამართული შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურებოდა – საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, რომ პროგრამა ნამდვილად განხორციელებადია. „რა თქმა უნდა, შეიძლება სხვადასხვაგვარი ვარიაცია განვიხილოთ, შეიძლება ეტაპობრივი მიდგომა იყოს, რომელიც შემდგომში გაიშლება და გაფართოვდება, მაგრამ ეს შემდგომ ვერ იქნება განუსაზღვრელი ვადა; შესაძლოა მოდელის ყოველწლიური გაფართოება, სამიზნე ჯგუფების გამოკვეთაც, რეგიონალური განლაგება თუ სხვ. ამაზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ, სასკოლო კვების პროგრამის პროცესი რომ დაიწყება საქართველოში, ამის თქმა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია.“

 ერთადერთი საკითხი, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი უკვე არსებობს, არის ის, რომ სკოლებში (ადგილებზე) საკვების მომზადება არ მოხდება. თუ მოდელი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა დაინერგოს, ამას სკოლების ინფრასტრუქტურა არ უწყობს ხელს. თაკო უგულავა ამბობს, რომ ამ მიმართულების შესასწავლად ცალკე სამუშაო ჩატარდა, განათლების სამინისტროსთან ერთად – შეფასდა სკოლების ინფრასტრუქტურა და ნათლად გამოიკვეთა, რომ საკვების ადგილზე დამზადების მოდელზე ფიქრი კატეგორიულად გამორიცხულია. „ჩვენ დღეს ამაზე აღარ ვსაუბრობთ, ყოველ შემთხვევაში, პირველი ათი წლის განმავლობაში. რატომ ათი წელი? იმიტომ, რომ ვფიქრობთ, სკოლების ინფრასტრუქტურა ამის ხელშემწყობი არ არის და როცა პროგრამის განხორციელებას დავიწყებთ, სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ. თუკი შემდგომში გაუმჯობესდება სკოლების ინფრასტრუქტურა, თავისთავად, მოდელსაც გაუჩნდება განვითარების შესაძლებლობა. თუმცა, ეს მომავლის თემაა და ახლა კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ საკვების ადგილზე დამზადება გამორიცხულია.“

 დაფინანსებაზე მსჯელობა კი, თაკო უგულავას აზრით, ძალიან ახლო და პარალელური თემაა, რადგან ფინანსური გათვლების გარეშე, რეალურ გათვლამდე ვერ მივალთ: „დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ ინტერაქტიური ინსტრუმენტი, რომელშიც შეგყავს სხვადასხვა ცვლადი და მას ათამაშებ, მაგრამ არსებობს ერთი ცვლადი, რომელიც ხელშეუხებელია და ეს არის ბავშვი. ინტერაქტიური ინსტრუმენტი ისე უნდა ათამაშო, რომ ყველა ცვლადის განლაგება ისე შეძლო, რომ პროგრამა სრულ რეალობამდე მიიყვანო, ამას კი, ფინანსებზე ფიქრის გარეშე ვერ შეძლებ.“

 ბავშვთა კვების მოდელზე სამუშაოდ შექმნილი კომისია საკმაოდ მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითია, მასში ჩართული არიან სამინისტროები, თითქმის ყველა დარგის მიმართულებით, ასევე, საპარლამენტო კომიტეტები. კომისიის მასშტაბის გაფართოების აუცილებლობა დოკუმენტის ძალიან მოკლე დროში მომზადების გადაწყვეტილებამ განაპირობა. პროცესებში საკოორდინაციო ფუნქცია, სახელმწიფოს თხოვნით, გაეროს ბავშვთა ფონდს დაეკისრა. „ბავშვთა კვების საკითხის აქტუალიზება სთან დაკავშირებით მოხდა აზრთა თანხვედრა რამდენიმე უწყებასთან. იუნისეფის მომავალ ხუთწლიან სამუშაო გეგმაში შეტანილი გვქონდა ქვეყანაში ბავშვთა ნუტრიციული კვებითი სტატუსის გაუმჯობესება. ამ დიდი ეგიდის ქვეშ, ძალიან ბევრი აქტივობა მოიაზრება. როდესაც ამ აქტივობებზე გვქონდა საუბარი ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან, მათგან წამოვიდა წინადადება, ხომ არ გვეფიქრა სკოლის კვების პროგრამაზე და რამდენად დაუჭერდა იუნისეფი ამ თემას მხარს. პარალელურად, იგივე საკითხი წამოსწია განათლების სამინისტრომაც. რასაკვირველია, იუნისეფმა გამოთქვა მზადყოფნა, ჩართულიყო პროცესებში, ტექნიკური დახმარებაც გაეწია და, ამასთან ერთად, საკოორდინაციო ფუნქციაც შეესრულებინა“. – ამბობს თაკო უგულავა.

 სასკოლო კვების პროგრამა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე, ალბათ, არავინ იდავებს, მით უფრო, პანდემიის პირობებში, როცა მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, წინა წლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, 9,4%, დაახლოებით, 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ცხადია, სიღარიბის ინდექსის ზრდასთან ერთად, შესაბამისად იზრდება სიღატაკეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობაც. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში სასკოლო კვების დანერგვა მართლაც საშური საქმეა, განსაკუთრებით ეფექტურად კი ეს პროგრამა იმ ბავშვების კეთილდღეობაზე აისახება, რომლებსაც, სამწუხაროდ, შიმშილის ფონზე უწევთ ცხოვრება. რაც შეეხება მოდელს, თუ რომელს აირჩევს სახელმწიფო და როგორ მიდგომებს მიანიჭებს უპირატესობას, როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, ამას ერთ თვეში შევიტყობთ.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები