2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

ორი კითხვა, რომლებზეც ვეძებ პასუხებს

spot_img

⇒ მაინც რამდენი კონტინენტი და ოკეანეა დედამიწაზე?

დავიწყებ იმით, რომ  ნებისმიერ ენაში თითოეულ სიტყვასა თუ ცნებას თავისი განმარტება აქვს. კიდევ უფრო მტკიცე, დამაჯერებელი განმარტებები აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცნებებს, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიებისა თუ ორგანიზაციების მიერ.

ზოგადსაგანმანათლებო სკოლების გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში, ბოლო წლებში, გაჩნდა 7 კონტინენტის ცნება, მაშინ, როცა გეოგრაფიის საბუნებისმეტყველო დარგი – ფიზიკური გეოგრაფია გვასწავლის: „კონტინენტი არის ხმელეთის დიდი ნაწილი, რომელსაც ყველა მხრიდან წყალი აკრავს“. მე-7-ე კონტინენტად მიჩნეულ ევროპას ყველა მხრიდან წყალი აკრავს? არა. გამოდის, რომ ევროპა ცალკე კონტინენტი არ არის.

ცხადია, მე-7 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ავტორებმა, ქალბატონმა მაია ბლიაძემ და ბატონმა დავით კერესელიძემ, კარგად იციან კონტინენტის განმარტებაც და მათი რაოდენობაც. უფრო მეტიც, ამავე სახელმძღვანელოს საინტერესო ფაქტების ინფორმაციაში იუწყებიან, რომ: „სხვადასხვა ქვეყანაში კონტინენტების რაოდენობას განსხვავებულად ითვლიან. მაგალითად, ევროპასა და აზიას ერთ კონტინენტად – ევრაზიად, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას – ამერიკად მოიხსენიებენო“. აქ, ევროპისა და აზიის ერთ კონტინენტად მიჩნევა ზუსტად შეესაბამება კონტინენტის მეცნიერულ განმარტებას, მაგრამ მიუღებელია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ერთ კონტინენტად მიჩნევა.

იმ „მამაძაღლმა“ კომუნისტებმა, თავის დროზე, გვასწავლეს, რომ გარდა კონტინენტებად დაყოფისა, მოსახლეობის განსახლებისა და განვითარების მიხედვით, მსოფლიო კიდევ ქვეყნის ნაწილებად იყოფა. ამ შემთხვევაში, ერთი კონტინენტი – ევრაზია – ორი ქვეყნის ნაწილს – ევროპასა და აზიას მოიცავს. საპირისპირო მოვლენასთან გვაქვს საქმე ამერიკასთან მიმართებით. ამერიკა ერთი ქვეყნის ნაწილია, მაგრამ მოიცავს ორ კონტინენტს – ჩრდილოეთ ამერიკას და სამხრეთ ამერიკას.

ახლა ვეკითხები ჩვენს ქართველ გეოგრაფებს: რის ან ვის გამო გავურბივართ ამ ჭეშმარიტებას? იქნებ ეს მხოლოდ დასავლეთ ევროპელი პოლიტიკოსების ახირებაა, გინდათ თუ არა ცალკე კონტინენტის მოსახლეობად მიგვიჩნიეთო?

პოლიტიკოსებმა როგორც უნდათ ისე იფიქრონ. მეცნიერული გეოგრაფია ამტკიცებს, რომ ევროპა ევრაზიის კონტინენტის, ევროპის, დიდი ნახევარკუნძულია. ბუნების ამ ფაქტს ვერსად წაუვალთ. რაც შეეხება ოკეანეებს. გასული საუკუნის გეოგრაფებმა გვასწავლეს: „ოკეანე არის მსოფლიო ოკეანის წყლის დიდი მოცულობა, რომელიც მოქცეულია კონტინენტებს შორის“. სამხრეთ ოკეანედ მიჩნეული წყლის მასა არის კონტინენტებს შორის მოქცეული? არა. ე.ი. გვაქვს არა ხუთი, არამედ ოთხი ოკეანე.

⇒ „კომპიუტერიზაცია“ თუ „ტელეფონიზაცია“?

ჩვენთან, ჯავახის საჯარო სკოლაში, კომპიუტერების ნაკლებობას არ ვუჩივით. სამასწავლებლოში გვაქვს ცალკე პერსონალური კომპიუტერი, რითაც მასწავლებლები თავისუფლად ვსარგებლობთ. ცალკ-ცალკე კომპიუტერით სარგებლობენ სკოლის დირექტორი და ბუღალტერი. გარდა ამისა, სკოლაში გვაქვს კიდევ ცალკე კომპიუტერული ოთახი, სადაც განთავსებულია 4 პერსონალური კომპიუტერი. მცირეკონტინგენტიანი სკოლისათვის ეს თითქმის საკმარისია, მაგრამ მდგომარეობა მაინც, საფიქრალი კი არა, სადარდებელია.

კლასში შესულ მასწავლებელს ერთი მოსწავლე მეუბნება:

– მასწავლებელო, სახლიდან მირეკავენ, სასწრაფო საქმეა, შეიძლება ვუპასუხო?

– გადი დერეფანში, უპასუხე, – ვეუბნები.

– მასწავლებელო, ტელეფონი მქონდა ელექტროქსელში ჩართული, შეიძლება ავიღო? -მეკითხება მეორე.

– აიღე და მომისმინე, – ვპასუხობ.

– თამარ, ტელეფონი გამორთე და მომისმინე, – შენიშვნას ვაძლევ მესამე მოსწავლეს.

– მასწავლებელო, განა თქვენთვის უკეთესი არ არის, ვითამაშო ტელეფონში, ვიდრე ხელი შეგიშალოთ?

– ითამაშე, თამარ, ითამაშე, – ვპასუხობ წელმოწყვეტილი.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შემაჯამებელი სამუშაოების შესრულების დროს, მოსწავლეები წიგნს ალერგიულად უყურებენ და ურჩევნიათ კითხვებზე პასუხები ინტერნეტში ეძებონ. პედაგოგთა ერთი ნაწილი მოსწავლეთაგან ტელეფონით სარგებლობას კომუნიკაციის ან ინფორმაციის მოძიების საშუალებად მიიჩნევს, მაგრამ პრაქტიკა გვჩვენებს, რომ ტელეფონი ბავშვებისათვის მხოლოდ გართობის საშუალებაა. ბავშვს კი გართობა რომ ყველაფერს ურჩევნია, ეს ჭეშმარიტებაა. ცნობილი ფაქტია, რომ საფრანგეთში მოსწავლეების ტელეფონით სკოლაში სიარული აიკრძალა. ჩვენ რატომ არ ვბაძავთ ცივილიზებულ დასავლეთს ამ საქმეში?

უფრო მეტსაც ვიტყვი. თუ თითოეული სკოლის თითოეულ საკლასო ოთახში დაიდგმება თითო პერსონალური კომპიუტერი მაინც, რომელიც შეასრულებს სასწავლო პროცესის ერთ-ერთი საშუალების ფუნქციას, მოსწავლეებს აღარ ექნებათ ინფორმაციის ტელეფონით ძიების სურვილი. რაც შეეხება მოსწავლეთა მშობლებთან კომუნიკაციას, ამ საქმეს ძალიან კარგად უძვებიან კლასის დამრიგებელი პედაგოგები.

ერთი სიტყვით, ვეძებ პასუხს კითხვაზე: როდის მოხდება სკოლების „კომპიუტერიზაცია“, რაც გამორიცხავს სკოლების მავნე „ტელეფონიზაციას“?

რაინდი ასლამაზაშვილი

დმანისის მუნიცპალიტეტი, ჯავახის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები