26 აპრილი, პარასკევი, 2024

დროა, მეტი თავისუფლება მივცეთ სკოლებს

spot_img

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის მთავარი გზავნილები მასწავლებლებს და აქცენტები დაგეგმილი სიახლეებზე

☑️ დღეს დადგა დრო, ჩვენ მოვუსმინოთ მასწავლებლებს

ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს და არა – ვასწავლოთ მათ როგორ ასწავლონ ბავშვებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დიდი გამოწვევა, რომელიც, უკვე მესამე ათწლეულია, ამ სისტემაში დგას. ვფიქრობ, გამოცდილებამ უკვე დაგვანახა და დაგვარწმუნა, რომ დროა, მეტი თავისუფლება მივცეთ სკოლებს, მეტი ავტონომიური პრინციპები განვუსაზღვროთ და ცენტრალიზებულად ყველა კომპონენტი არ გადაწყვიტოს სამინისტრომ. მაგალითად, სკოლის შიგნით მოწყობა, კათედრებისა და შუა რგოლების მენეჯმენტის გაძლიერება; მაგალითად, ფინანსური საკითხების მოწესრიგება თავად გადაწყვიტოს სკოლამ და დირექციამ; სასწავლო რესურსების, იმავე სახელმძღვანელოების კუთხით მეტი თავისუფლება მივცეთ; ასევე, სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, სკოლამ თავისი სასწავლო გეგმა შეიმუშაოს – დღესაც არის, მაგრამ კიდევ მეტი თავისუფლება მივცეთ. ანუ, საბოლოო ჯამში, შეიძლება წლები დასჭირდეს, მაგრამ გვინდა, რომ სწორი საფუძვლები ჩავუყაროთ ამ მიმართულებით სიარულს, რომ რეალურად დეცენტრალიზაციისკენ დავიწყოთ სვლა. სკოლის ავტონომიის გაძლიერება მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებისთვის იქნება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, გარდა ხელფასის მატებისა (მე მათ დავპირდი და ეს ჩემი ვალდებულებაა, როდესაც ბიუჯეტის დრო მოვა, ვიბრძოლებ, რაც შეიძლება მაღალი ხელფასები ჰქონდეთ მასწავლებლებს და ყოველწლიურად გავზრდით – ეს უწყვეტი პროცესია, ჩვენი ხელისუფლების დაპირებაა), ჩვენ უნდა შევუქმნათ ამ ადამიანებს განცდა, რომ ისინი არიან მთავარი ადამიანები სკოლაში და არა ისინი, ვისაც ცენტრალიზებულად უტარებს სამინისტრო ტრენინგს ან მეთოდოლოგიას ასწავლის. მგონია, დადგა დღეს დრო – ჩვენ მოვუსმინოთ მასწავლებლებს.

☑️ რატომ იგეგმება სახელმძღვანელოების რევიზია

დღეს რომ მკითხოთ, კონკრეტულად რა პრობლემაა სახელმძღვანელოებში, ძალიან რთულია, ჩემთვისაც კი, მინისტრისთვის, გაგცეთ კონკრეტული პასუხი. თუმცა, როგორც ჩემ ირგვლივ, ასევე ჩვენს წრეში, გნებავთ პოლიტიკურ წრეში, გნებავთ ფართო საზოგადოებაში, დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ სახელმძღვანელოებში გვაქვს პრობლემა. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რითაც დავინტერესდი, მინისტრად რომ მოვედი, ეს არის ე.წ. გრიფირების პროცესი. ორად გავყოფ ამ საკითხს – გვაქვს რამდენიმე წლის წინ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები და იქ ნამდვილად არის პრობლემა როგორც მეთოდოლოგიური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით, მაგრამ ბოლო ორი წელი, რაც მიმდინარეობს გრიფირება (და წელს გვექნება I, II და XI კლასებში), გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. მაგრამ ეს არ არის პასუხი, რაც საზოგადოებას აინტერესებს. ჩემი მოსაზრებაა და ჩვენი ინიციატივა, გარკვეულწილად, ყველა სახელმძღვანელოს, გრიფირების პროცესისგან დამოუკიდებლად, გავუკეთოთ რევიზია. ანუ, ვფიქრობ, ერთგვარი კვლევა ჩატარდეს. შეიკრიბოს ძალიან კომპეტენტური, ობიექტური ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც გადახედავს როგორც ბოლო ორ წელიწადში, ასევე სხვა დროს შექმნილ სახელმძღვანელოებს. ვპირდები საზოგადოებას, ვპირდები მასწავლებლებს, მშობლებს, რომ რამდენიმე თვეში გავაკეთებთ ამას და არ დასჭირდება დიდი დრო, ერთი წელი და ა.შ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამაზე და ახლა საჯაროდ შემიძლია პირველად დავაანონსო – ჩვენ გადავხედავთ სახელმძღვანელოებს და დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების კითხვებს გავცემთ პასუხს ან პირიქით, გავაბათილებთ იმ მოსაზრებას, თითქოს რაღაც პრობლემა გვაქვს სახელმძღვანელოებში. შესაბამისად, მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, ამ მოსაზრებათა ჭიდილი არ დასრულდება, რაც, თავის მხრივ, დაღს ასმევს სასკოლო განათლებას.

☑️ რა პრობლემებს უკავშირდება „უფასო კვების“ პროექტის განხორციელება სკოლებში

ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და რთული საკითხია. როგორ შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ სასკოლო კვებაზე, თუ ელემენტარულად არ მოვაგვარებთ სასკოლო ინფრასტრუქტურის ნაწილს. კიდევ ერთხელ ვახსენებ პრემიერის უპრეცედენტო მილიარდიან ინიციატივას – 800 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა განხორციელდება უახლოეს 3-4 წელიწადში, ორ ფაზად, რაც, ბუნებრივია, გულისხმობს როგორც სპორტული დარბაზების, მათ შორის, კაფეების, ე.წ. ბუფეტების ინფრასტრუქტურის მოწყობას. აი, სწორედ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ რეალურად დავიწყოთ ფიქრი სასკოლო კვებაზე. საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს აზრი, რომ მანამდე, ამ მიმართულებით, არაფერს გავაკეთებთ. როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალურად ჩვენ უკვე ჩატარებული გვაქვს კვლევა. ჩვენი ოპონენტები პარალელს ავლებენ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მცირედით დაწყებულ პროცესზე. ძალიან კარგია თუ დაწყებულია, მაგრამ იქ ხდება პირდაპირ ვაუჩერული წესით, თანხის ე.წ. „სქულ ქარდებზე“ დარიცხვა. აქ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია – პირდაპირ ფულის მიცემა არ წყვეტს პრობლემას. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მხოლოდ ფინანსებში არ არის საქმე (ფინანსები ყოველთვის გამოიძებნება ამისთვის), რიგ შემთხვევებში, სკოლაში ან თუნდაც სკოლის გარეთაც, უბრალოდ, ხელმისაწვდომი არ არის საკვები. რა თქმა უნდა, საუბარი არ მაქვს დიდ ქალაქებზე, საუბარია მაღალმთიან სოფლებზე, დაბებზე და ა.შ. ამიტომ აქ, პირველი – ინფრასტრუქტურული საკითხის მოგვარება; მეორე – სურსათის უვნებლობის ხარისხის შექმნა, რაც შეიძლება გაცილებით რთული და პრობლემური იყოს, ვიდრე, ვთქვათ, ინფრასტრუქტურული საკითხი. ასევე, მოსაგვარებელია დისტრიბუციის, მარაგების საკითხი. ბუნებრივია, ჩვენ უკვე მზად გვაქვს სამი მოდელი, როგორ შეგვიძლია ეტაპობრივად დავიწყოთ ეს პროცესი, მაგრამ ძალიან რთულია რაღაც ცრუ მოლოდინები შევქმნათ საზოგადოებაში, რომ ხვალ დავიწყებთ უფასო კვებას სკოლებში. ერთი რამ კი შემიძლია ვთქვა – პრობლემა იდენტიფიცირებულია, მასშტაბური ინფრასტრქტურული ველია გაშლილი ქვეყანაში და ამის კვალდაკვალ (და ამისთვის არ იქნება წლები საჭირო), ჩვენ შესაძლებლობა გვექნება გარკვეული მოდელი შევთავაზოთ საზოგადოებას და შემდგომ, ეტაპობრივად, დავიწყოთ დანერგვა.

☑️ რას გულისხმობს მინისტრის მიერ დაანონსებული სკოლიდან ბავშვების ტრანზიცია უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში და ეროვნული შეფასება

 ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელის შეცვლა ძალიან დიდი საკითხია და მხოლოდ ვიწროდ და კონკრეტულად ეროვნულ გამოცდებს არ უკავშირდება. ჩვენს პარტნიორ დონორებთან ერთად, მალე დავიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან, მე ვფიქრობ ისტორიულ, პროექტს – ეს არის სკოლიდან ბავშვების ტრანზიცია უმაღლეს განათლებაში, მათ შორის პროფესიულ განათლებაში. რას ნიშნავს ეს?

სკოლებში, დღეს, სამწუხაროდ (რაც იყო, ის გაუქმდა – ე.წ. კატის გამოცდები და სრულად ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას), დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ არანაირი შეფასება არ გვაქვს სკოლებში. არის საგნობრივი გამოცდები, მაგრამ ის, რომ, ვთქვათ, მე-6 ან მე-9 კლასის ბოლოს, ან მე-12 კლასის ბოლოს რომ გავზომოთ ბავშვების ცოდნა, დღეს ეს არ გვაქვს. ამიტომ, ვიწყებთ მუშაობას სკოლებში ეროვნული შეფასების მიმართულებით, რაც უკვე მოგვცემს შესაძლებლობას გავზომოთ ბავშვების ცოდნა. რა ფორმით მოხდება ეს, დღეს ამის თქმა რთულია – შეიძლება იყოს გამოცდა, შეიძლება ტესტი ან ე.წ. GPA-ის დათვლის მეთოდოლოგია და ამასთან ერთად, ბუნებრივია, ეს უკვე ბმაშია ეროვნულ გამოცდებთან.

☑️ ერთიანი ეროვნული გამოცდები – შესაძლო ცვლილებები

ეროვნულმა გამოცდებმა, თამამად ვიტყვი, რომ უდიდესი როლი შეასრულა განათლებაში და ასრულებს დღემდე, მაგრამ ასევე მწიფდება მოსაზრება როგორც სამეცნიერო, ასევე აკადემიურ და საგანმანათლებლო წრეებში, ხომ არ საჭიროებს გამოცდები მოდიფიცირებას, განვითარებას. ამიტომ, ეს პირდაპირ უკავშირდება იმ შეფასების მექანიზმს, რომელსაც ჩვენ შევქმნით სკოლებში და ამის კვალდაკვალ (და ეს, დაახლოებით, ორწლიანი პროექტია). ორ წელიწადში, ვფქირობთ, უკვე გვექნება სიახლეები ამ კუთხით. შესაძლოა, ორი წელიწადი დიდად გეჩვენებათ, მაგრამ ვეხებით უდიდეს საკითხს. აქვე ერთ საკითხსაც დავაანონსებ და გეტყვით – ეს არის უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილება, რომელიც ამ ორ კომპონენტს პირდაპირ ებმის.

ბუნებრივია, გარემო იცვლება, ეკოსისტემა იცვლება, კოვიდის შემდეგ საერთოდ სხვა განზომილებაში გადავიდა მსოფლიოში უმაღლესი განათლება – უფრო გაიხსნა საზღვრები, ორმაგი, ერთობლივი პროგრამებისკენ მიდის და სხვ.უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილება, მთლიანად შეცვლის უმაღლესი განათლების ეკოსისტემას. დღეს, სამწუხაროდ, იცით, რომ სისტემა რაოდენობაზეა მობილიზებული, ვინაიდან ყველას კარგად გვესმის (და ეს ძალიან ობიექტური ფაქტორია), რომ სტუდენტების რაოდენობის უკან დგას ფინანსები. ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ შევცვალოთ დაფინანსების მოდელი – პირიქით, ხარისხსა და შედეგებზე იყოს ორიენტირებული, რაც, ბუნებრივია, ერთიორად გააუმჯობესებს აკადემიურ ხარისხს.

ამ და სხვა თემებზე გიორგი ამილახვარმა, 24 მაისს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვრცლად ისაუბრა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები