19 მარტი, სამშაბათი, 2024

,,დავითიანის” ერთი თავი პარაფრაზით

spot_img

 გთავაზობთ დავით გურამიშვილის „დავითიანის“ იმ ნაწილებს პარაფრაზით, რომლებიც სავალდებულო ტექსტების ნუსხაშია.

  შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში

 

ტექსტი                                                                                           პარაფრაზი

დაღამდა, სხვა დღე გათენდა, არვინ ჩნდა ჩემი მდევარი,

დილაზე ადრე წამოვსდეგ უძილო, ღამის მთევარი;

წამოველ, გზაზედ უფალმან მიბოძა საზდო მდღევარი,

ორი კიტრი და საზამთროს ნაჭერი მე ნახევარი.

 

 

 

 

საზამთრო სიცხით დამჭკნარი ხელში მეჩვენა მე ცხლადა

წყალი ახლოს მხვდა მდინარე, ვიკაკვე გასარეცხლადა;

კიტრი უბიდამ გამცვივდა, გულზე მამედვა ცეცხლადა,

რომ მომეყიდა მიღირდა ას ოქროდ, ათას ვერცხლადა.

 

 

 

 

წყალმან წაიღო, მივდივე, ვეცადე, ვერ დავიჭირე;

ბეწვი მწყდა მისის დევნითა, მეც წყალში არ დავიძირე,

ღვთისაგან გულსა შემაკლდა, ვაყვედრე, ასე ვიტირე:

თუ მომეც, რაღათ წამართვი, აწ ასე რად გავიწირე?

 

 

 

მოვიდოდი და ვსტიროდი,მოვსთქვემდი ჩემსა ზიანსა,

ღვთის საბოდიშო სიტყვებსა ვიტყოდი თავაზიანსა.

უეცრად ალგს მოვადექ ტურფასა, ლამაზიანსა,

მსხოვიარესა ბაღნარსა, ატმიანს და ვაზიანსა.

 

 

 

დავღუნე თავი,უკუვსძვერ ვაზნარსა შინა ბურვილსა,

აღმოვირეხვე ყურძნითა,მოვრჩი შიმშილსა,მწყურვილსა.

მაგრამ ღვთისა კი მრცხვენოდა მე ცოდვით პირ-შემურვილსა,

ვეტყოდი,რად არ მივენდევ შენის საყვარლის სურვილსა?

 

 

 

კიტრი მომეც და წამართვი,ვერ მოვითმინე თმენითა .

შევსწუხდი,მასზე გაყვედრე,გცოდე პირითა,ენითა.

შენ,ღმერთმან,იგი დამითმე  სულგრძელებითა შენითა,

აწ უმჯობესიც მომაგე პილპილად სავსე ტენითა.

 

 

თურმე წინასწარ ხედევდი შენ ჩემსა გზასა,კვალებსა,

შვების წყალობის უზემდი ჩემსა ხორცსა და ძვალებსა.

მე ვერ ვხედევდი,გცოდევდი,ლიბრი დამკროდა თვალებსა,

აწ ხორცმან გცოდა,ხორცს ჰკითხე ,სულს ნურასა სთხოვ ვალებსა.

 

 

 

 

ხორცსა აქვს დანაშაული, სულისა არა ბრალია;

სულია ღვინო კეთილი, ხორცი ჭურჭელი მყრალია;

ხორცი ამ სოფლის გემოთი ნებიერობით მთვრალია,

სული იმ სოფელს დასჯისთვის, შიშითა სულ გამქრალია.

 

აწ შეისმინა უფალმან ხმა ვედრებისა ჩემისა,

დაღონებულსა მომაგო ჟამი ნუგეშის ცემისა;

ხმა სამღერალთა მასმინა, არა თუ ზართ დაცემისა.

საყდარს დარეკეს, გამოხდა ზრიალი ზართა ცემისა.

 

 

რა შემომესმა ზარის ხმა, გულმან დამიწყო ძგერანი,

ზეზედ წამოვდეგ, დავიწყე ბურვილით გამომზერანი;

შევხედე, საყდრის კარზედა პირჯვარს დაიწყეს წერანი.

ვთქვი, თუ: უცილოდ აქ არის ჩემი ბედი და წერანი.

 

 

 

კიდევ შევხედე, გავშინჯე, გარჩევით დავინახეო;

თავთ იალქანნი ქალთანი დევთა რქად გამოვსახეო;

ვთქვი, თუ: ვაი, თუ მაცდურმან დამირწყო რამე მახეო,

მუნ მისვლა ვეღარ გავბედე, შორს წასვლა განვიძრახეო.

 

 

მას ბაღში ხილი დავკრიფე, საგრძალი მოვიმზადეო;

ზოგი უბეში ჩავიწყევ, ზოგი კალთაში ჩავდეო.

კვლავ სვინიდისმან მამხილა: ბინდამდის მოიცადეო,

დღისით ნუ წახვალ, არამცა მოგიდგას ვინმე ბადეო.

 

წაველ, უკუვსწევ ჩალასა, სად უფრო იყო ხშირია,

ღმერთმან თქვენს მტერთა შეყაროს, რაც მე ამიტყდა ჭირია,

წამოდგა კოღოს ლაშქარი, რა შევსძარ ჩალის ძირია,

მე დამარჩობდენ უცილოდ, თუ არ დამეცო პირია.

 

 

 

 

 

რა შემაწუხეს მეტადრე, ვიტყოდი გაჯავრებული:

ვინც უნდა იყოს, მივიდე სიცოცხლე გამწარებული.

აღარ დავდივე, წამოვხტი, წამოველ გაჩქარებული,

მუნ ახლოს კალოს ლეწევდენ, მიველ ვით დაბარებული.

 

 

 

მიუცხოეს და შემოკრბენ მუნ ჩემი გამშინჯვარები,

შემომეხვივნენ გარშამო კაცთა და ქალთა ჯარები;

მარტო პერანგით მოსილთა ყელზედ ეკიდათ ჯვარები;

მიველ და ჯვარსა ვემთხვივე, ვიწერე ზედ პირჯვარები.

 

 

 

ერთმან მიუთხრა მეორეს: “დაი ხლებაო, ლაზარი!”

“ხლება” რა მესმა, დამეცა მე სიხარულით თავზარი;

მუხლებმა რყევა დამიწყეს, ზე ტანმა შექნა ზანზარი,

ვეღარ დაიგნეს სვეტებმა და გარდაიქცა ტაზარი.

 

 

 

 

რუსულად “ხლება” პურს ერქვა, უწინვე გამეგონაო;

სანამდის ის არ ახსენეს, მე რუსი არ მეგონაო,

რა რომ თქვეს პურის სახელი, მე იმან მომიფონაო;

ამ სიხარულმან დამშალა ჯავრით შეკრული კონაო.

 

 

 

 

როგორც რომ ერთმან ყაზახმან მე მაშინ მამიარაო,

როცა რომ მყვანდა, მივლიდა მეტს მამაჩემი არაო;

შევბრალდი, გულზედ მიმიქვა, მკოცნა და ცრემლი ღვარაო,

სწრაფად მოენედ მომგვარა ფხოვლელი იანვარაო.

 

 

 

წყალს გამიყვანეს ნავითა, საყდარში შემიყვანესო,

დამაწერინეს პირჯვარი, ხატებსა მათაყვანესო;

კვლავ მიხმეს სამდივნოშია, მაყვირეს, მაყაყანესო,

მკითხეს: `ვინა ხარ, სად მიხვალ, რად იყავ ლამისყანესო?

 

 

შევამოკლო აწ, რა მერგო, რაც ვიუბენ ამდენს ხანსა?

თერგიდამე სოლაღს წაველ, სოლაღიდამ აშტრახანსა;

მუნით მოსკოს მეფე ვახტანგს, ბაქარს – შანა ოზსა ხანსა –

ვიახელ და თაყვანსა ვეც; ბრძანეს: “სჭვრიტე ჯაბახანსა”.

 

 

მიწყალობეს მათ სახელო, მომცეს ჯაბადარბაშობა,

ღმერთამან ბევრჯელ გაგითენოსთ ხარებობა, ქრისტეს შობა!

კარგი იყვის აღდგომასა მეფეთაგან მეჯლიშობა:

ზმა, შაირი, გალობანი, ჩანგთ კვრა, მღერა, თამაშობა.

 

 

 

 დაღამდა, სხვა დღე გათენდა, ჩემი  მდევარი არავინ ჩანდა. დილით ადრე წამოვდექი უძილო. წამოვედი და გზად უფალმა მიბოძა დღიური საზრდო _ ორი კიტრი და საზამთროს ნაჭრის ნახევარი.

 

 

 

 

 

 

სიცხით დამჭკნარი საზამთრო გაცხელებულიყო. მდინარე ახლოს იყო და მოვიკაკვე საზამთროს გასარეცხად. კიტრები უბიდან გამცვივდა და გულზე ცეცხლი მომედო, რადგან ას ოქროდ და ათას ვერცხლად მიღირდა.

 

 

 

 

 

 

 

წყალმა წაიღო, დავედევნე, ვცადე დაჭერა, მაგრამ ვერ დავიჭირე. მის დევნაში კინაღამ მეც წყალში გადავვარდი. ღვთისგან მეწყინა და ასე  ვუსაყვედურე: თუ მომეცი, რაღად წამართვი, ასე რად გავიწირე?

 

 

 

 

 

 

მოვდიოდი და ვტიროდი, ვწუხდი ჩემს დანაკარგზე. ღვთისადმი თავაზიან საბოდიშო სიტყვეს ვამბობდი. უცებ ალაგს მივადექი ტურფას, ლამაზს, მსხმოარე ბაღნარს, ატმითა და ვაზით სავსეს.

 

 

 

 

 

 

დავღუნე თავი და შევძვერი დაბურული ვაზნარის შიგნით. ამოვივსე მუცელი ყურძნით, მოვიკალი შიმშილი და წყურვილი.  ღვთის კი მრცხვენოდა მე, ცოდვით პირშემურვილს. ვეუბნებოდი, რად არ მივენდე შენ კეთილ ნებას?

 

 

 

 

 

კიტრი მომეცი და წამართვი, ვერ მოვითმინე. შევწუხდი. გისაყვედურე, შევცოდე პირითა და ენითა. შენ, ღმერთმა, მაპატიე შენი სულგრძელებით და უკეთესიც კი მარგუნე, ამავსე პირამდე.

 

 

 

 

 

თურმე შენ წინასწარ ხედავდი ჩემს გზასა და კვალს, შვების წყალობას აძლევდი ჩემსს ხორცსა და ძვლებს. მე ვერ ვხედავდი. გცოდავდი, თვალთ ლიბრი გადამკროდა, ხორცმა შეგცოდა და ხორცს მოჰკითხე, სულს პასუხს ნუ მოსთხოვ.

 

 

 

 

 

 

ხორცია დამნაშავე, სულის რა ბრალია.

სული ღვინოა კეთილი, ხორცი კი _ მყრალი ჭურჭელი. ხორცი ამ ცხოვრების გემოთია მთვრალი, სული კი საიქიოში დასჯის შიშით, სულ გამქრალია.

 

 

 

 

შეისმინა უფალმა ჩემი ვედრება, დაღონებულს ნუგეშის ცემის ჟამი მარგუნა. თავზარის დაცემის სანაცვლოდ სამღერელი მომასმენინა, რადგან საყდრიდან ზარების ზრიალის ხმა მოისმა.

 

 

 

ზარის ხმა რომ შემომესმა, გულმა ძგერა დაიწყო. წამოვდექი, დავიწყე ცქერა. შევხედე, საყდრის კარზე პირჯვარს  იწერდნენ. ვთქვი: აუცილებლად აქ არის ჩემი ბედი და ბედისწერა.

 

 

 

 

 

 

კიდევ შევხედე, შევამოწმე, რომ გარჩევით დამენახა.თავთ ქალის თავსაბურავი დევთა რქად გამოვსახე. ვთქვი: თუ ეშმაკმა დამიგო  რამე მახე. მისვლა ვეღარ გავბედე, შორს წასვლა გადავწყვიტე.

 

 

 

 

 

ბაღში ხილი დავკრიფე, საგზალი მოვიმზადე. ზოგი უბეში ჩავიწყვე, ზოგი კალათაში ჩავდე. კვლავ სინდისმა მამხილა: ბინდამდე მოიცადე, დღისით ნუ წახვალ, ვინმემ მახეში არ გაგაბასო.

 

 

 

წავედი, ისევ ჩალაში ჩავწექი, ღმერთმა თქვენს მტრებს დამართოს, რაც მე უბედურება დამემართა. ჩალის ძირში რომ შევძვერი, კოღოს ლაშქარი წამოიმართა. აუცილებლად დამახრჩობდნენ, სახე რომ არ დამეფარა.

 

 

 

 

 

მეტად შეწუხებული ვამბობდი, ვინც უნდა იყოს, მივალ მასთან სიცოცხლეგამწარებული. აღარ ვეძიე, წამოვხტი, წამოვედი აჩქარებული. ახლოს კალოს ლეწავდნენ და ისე მივედი, როგორც დაბარებული.

 

 

 

 

 

 

ვერ მიცნეს და ჩემს გასასინჯად შეიკრიბნენ, შემომეხვიენ გარშემო კაცები და ქალები. მხოლოდ პერანგით მოსილთ, ყელზე ჯვრები ეკიდათ. მივედი და ჯვარს ვემთხვიე, ვიწერე პირჯვრები.

 

 

 

 

 

 

ერთმა უთხრა მეორეს: „დაი ხლებაო,ლაზარი!“ ,,ხლება“ რომ მესმა, სიხარულის თავზარი დამეცა. მუხლებმა რყევა დამიწყედს, ტანმა კი ზანზარი შექმნა. ვერ დაიჭირეს ფეხებმა და წაიქცა სხეული.

 

 

 

 

 

 

 

რუსულად ,,ხლება“  რომ პურს ნიშნავს, ადრე გამეგო. სანამ ეს არ ახსენეს, მე ისინი რუსები  არ  მეგონა. პურის სახელი რომ თქვეს, მე იმან მომცა შვება. სიხარულმა ჯავრით შეკრული კონა დამშალა.

 

 

 

 

 

 

მაშინ ერთმა კაზაკმა ისე მომიარა, მამაჩემი არ მივლიდა მეტად. შევეცოდე, გულზე მიმიკრა,მკოცნა და ცრემლი ღვარა. სწრაფად მომგვარა ფშაველი თარჯიმანი იანვარა.

 

 

 

 

 

 

 

წყალზე ნავით გამიყვანეს, საყდარში შემიყვანეს, გადამაწერინეს პირჯვარი, ხატებს მათაყვანეს. კვლავ სამდივნოში მიხმეს, მაყვირეს, მაყაყანეს, მკითხეს: ვინ ხარ, სად მიდიხარ, რა გინდოდა ლამისყანაშიო?

 

 

 

შევამოკლებ ახლა,  რა  სარგებლობა მომიტანა ან იმან, რაც ამდენ ხანს ვისაუბრე? თერგიდან სოლალში წავედი, სოლაღიდან _ აშტრახანში, იქიდან მოსკოვში _ მეფე ვახტანგთან და ბაქართან, რომელიც იყო ძე და მემკვიდრე ვახტანგ მეექვსისა. ვეახელი და თაყვანი ვეცი, ბრძანეს: ,,უპატრონე ჯაბახანსა“.

 

 

მათ მიბოძეს ჯაბადარბაშობა, ღმერთმა ბევჯერ გაგითენოთ ხარება, ქრისტეს შობა! კარგი იყო აღდგომაზე მეფთაგან მეჯლისი: ზმა, შაირი, გალობა, ჩანგზე დაკვრა, სიმღერა  და თამაშობა.

 

თეკლე მესხითბილისის N179-ე საჯარო სკოლის, X კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები