27 აპრილი, შაბათი, 2024

გაიმეტე „ფასდაუდებელი 45 წუთი“

spot_img
✔🟠 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთმა ფინალისტმა, თბილისის კერძო სკოლა „ოპიზას“ მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა, სოფიო ბაჩილავამ, მოხალისეობრივ საწყისებზე, მოსწავლეთა მხარდასაჭერად, ინიციატივა – „ფასდაუდებელი 45 წუთი“ წამოიწყო.

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს, საზოგადოებრივი ძალების მობილიზებით, პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შემცირებას, ქვეყნის მასშტაბით. „ჩვენ ირგვლივ უამრავი ბავშვია, რომელიც პანდემიის პერიოდში, ონლაინ სწავლების გამო, სასწავლო პროგრამას ჩამორჩა. ზოგიერთი მათგანი ტექნიკის ან ინტერნეტის არქონის გამო ვერ ესწრებოდა გაკვეთილებს, ზოგიერთი სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ახერხებდა სრულყოფილად საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, ასევე, ნაკლები იყო ინტერაქციაც. ამ ყველაფერს კი, ბუნებრივია, თავისი უარყოფითი შედეგები მოჰყვება. სკოლაში დაბრუნების მიუხედავად, მოსწავლეების ნაწილისთვის, განვლილი მასალის გამეორების/სწავლის გარეშე, რთულია ახალი პროგრამის სრულფასოვნად დაძლევა. ახლახან „განათლების კოალიციის“ მიერ მომზადებული კვლევაც ადასტურებს, რომ სახეზე გვაქვს სერიოზული სასწავლო დანაკარგები და აუცილებელია მათ შემცირებასა და აღმოფხვრაზე ზრუნვა რემედიაციის პროგრამებით. სწორედ ამიტომ დაიბადა ამ პროექტის იდეაც.

 ვფიქრობ, საზოგადოებას დიდი როლის შესრულება შეუძლია ამ კუთხით. ინიციატივის ფარგლებში, შეიქმნება მოხალისე ადამიანების (მასწავლებლების, თანატოლ განმანათლებლების) ბაზა, ვინც მზად იქნება, კვირაში ერთხელ, ერთი მოსწავლისთვის, უსასყიდლოდ, გამოყოს 45 წუთი სასკოლო საგნის/საგნების შესწავლის პროცესში დასახმარებლად. ბაზის შედგენის შემდეგ, მოხალისეებს დავაკავშირებთ მოსწავლეებთან, რომლებსაც მათი მხარდაჭერა სჭირდებათ.“ – გვიყვება სოფიო.

იდეის ავტორი ამბობს, რომ მოხალისედ დარეგისტრირება შეუძლიათ: სკოლის მოქმედ პედაგოგებს, რეპეტიტორებს, სტუდენტებს, უფროსკლასელებს და იმედს გამოთქვამს, რომ ბევრი ადამიანი შეუერთდებათ, მათ მიერ პროექტისთვის გაღებული დრო კი ფასდაუდებელი გახდება.

როგორ შეირჩევიან სამიზნე ბავშვები? სოფიო ბაჩილა ამისთვის რამდენიმე გზას ასახელებს, უმთავრესი კი, ამ პროცესებში სოციალური მუშაკები გახდებიან – „მათ მივაწოდებ ინფორმაციას კონკრეტულ რაიონში, უბანში მოხალისის არსებობის შესახებ და ისინი ჩართავენ საკუთარ ბენეფიციარებს. მართალია, ყველა სკოლას არ ჰყავს სოციალური მუშაკი, თუმცა, გარკვეულ სკოლებში უკვე არიან და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყებ. ამის გარდა, თუკი ბევრი მოხალისე გამოთქვამს პროექტში ჩართვის სურვილს (და დარწმუნებული ვარ ამაში, რადგან იდეის გახმოვანებიდან რამდენიმე საათში მსურველების რიცხვმა 25-ს გადააჭარბა), კონკრეტულად სკოლებსაც მივწერ წერილს, თუ ჰყავთ მოსწავლე, რომელსაც დახმარება სჭირდება, დაგვაკავშირონ.

კამპანიაში ჩართულნი იქნებიან არამხოლოდ მასწავლებლები, თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ მხარდაჭერის სურვილის მქონე ადამიანებს შორის იქნებიან პროფესიონალი პედაგოგები ან მხარდამჭერი პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც სსსმ მოსწავლეების დახმარებასაც შეძლებენ. რამდენ ბავშვს გავწვდებით, წინასწარ ვერ გეტყვით. ბუნებრივია, რამდენი ბავშვის დახმარების საშუალებასაც მომცემს გამომხმაურებელთა რაოდენობა და კვალიფიკაცია, კამპანიის რესურსების გათვალისწინებით, არავის დავტოვებთ უყურადღებოდ.“

თავად რა გამოცდილება აქვს, ამ კუთხით, იდეის ავტორ პედაგოგს და გამოიყენა თუ არა არდადეგების პერიოდი რემედიაციის პროგრამებისთვის? სოფიო გვპასუხობს, რომ აქამდე მისი აქტივობა, ამ მიმართულებით, ძირითადად, ფეისბუქგვერდის დახმარებით შემოიფარგლა – მასწავლებლებისთვის ონლაინ სივრცეში აქტიურად აზიარებდა ინტერაქტიული გაკვეთილების ჩატარების რეკომენდაციებს და ეს იყო მისი პირველი მცდელობა, საზოგადოების მობილიზებით, ბავშვების მხარდაჭერის.

👇👇👇👇

               დარეგისტრირდი

☑🟢 შეგახსენებთ, რომ აგვისტოში კოალიციამ „განათლება ყველასთვის“ გამოაქვეყნა კვლევა „სასწავლო დანაკარგების შესწავლა პანდემიის პირობებში“, რომლის მიზანი სასკოლო განათლების სისტემაში კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული დანაკარგების შესაფასება იყო. კოალიციის გამგეობის თავმჯდომარის, ირინა ხანთაძის განცხადებით, კვლევამ აჩვენა,რომ სასწავლო დანაკარგი ყველა საფეხურსა და ყველა საგანშია. თუმცა, მნიშვნელოვანი მიგნებაა ის, რომ ამ საკითხის გაცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია როგორც სასკოლო საზოგადოების, ისე სისტემის დონეზე.“

ძალიან საგულისხმო კვლევა იმ რეალურ სურათს ქმნის გამოწვევების შესახებ, რაც პანდემიის პერიოდის განათლების სისტემამ მიიღო. მკვლევართა ჯგუფი განათლების სამინისტროს სთავაზობს რეკომენდაციებს და ეფექტურ გზებს პანდემიით მიღებული დანაკარგების აღმოსაფხვრელად.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი გიორგი ჭანტურია მიიჩნევს, რომ, უპირველესად, უნდა ვაღიაროთ გამოწვევები და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ მუშაობა მათ დასაძლევად: ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი განათლების სამინისტროსი და, მათ შორის, ქვეყნის პრიორიტეტებშიც უნდა აისახოს. ახლა განათლების ათწლიან სტრატეგიაზე მიმდინარეობს მუშაობა და ეს საკითხი იქაც ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს წარმოჩენილი. თუ გვინდა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს პრობლემები აღმოიფხვრას, ამ თემაზე ძალიან ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ.“

მკვლევარი მერი ქადაგიძე ამბობს, რომ კვლევაში ჩართული რესპონდენტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, სასწავლო დანაკარგი ყველა საგანში და ყველა საფეხურზე გამოვლინდა, თუმცა, ეს დანაკარგები, მათი თვალთახედვით, ერთმანეთისგან განსხვავებულია.რაზეც ყველა თანხმდება და კვლევის შედეგები საერთაშორისო კვლევებთან თანხვედრაშიც მოდის, ეს არის სასწავლო დანაკარგი მათემატიკაში, რომელიც ყველა საფეხურზე გვაქვს და ყველაზე მაღალია. ამის გარდა, განსაკუთრებით დაზარალდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, კიდევ უფრო მეტად ის პირველკლასელები, რომლებსაც ონლაინ მოუწიათ სწავლის დაწყება. მათ ძალიან გაუჭირდათ, მაგალითად, ანბანის ონლაინ შესწავლა, სრულფასოვნად ვერ დაძლიეს 33-ივე ასო, გაუჭირდათ რიცხვების ცნობა. შესაბამისად, მეორე სემესტრის განმავლობაში, დამატებითი დრო სწორედ ამ დანაკარგის აღმოფხვრას დაეთმო და არა, ვთქვათ, წიგნიერების უნარების განმტკიცებაგანვითარებას. საშუალო საფეხურს რაც შეეხება, აქ აღქმული დანაკარგი, რესპონდენტების მხრიდან, შედარებით ნაკლებია, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ მოსწავლეთა ჩართულობა, ამ საფეხურზე, უფრო ნაკლებია, თუმცა, ამის კომპენსირება რეპეტიტორების ხარჯზე ხდება. სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის და ისედაც საგანგაშოა, რომ საშუალო საფეხურზე მოსწავლეების ჩართულობა რეალურად იკლებს და კიდევ უფრო ძლიერდება რეპეტიტორობის ინსტიტუტი.“

მათი აზრით, პანდემიის პერიოდში, თვალსაჩინო გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია კერძო ინიციატივები და გარე აქტორების ჩართულობა, მათი მაღალი კომპეტენციების გამოყენება იმისთვის, რომ სისტემა სწორად ფუნქციონირებდეს. სოფიო ბაჩილავას „ფასდაუდებელი 45 წუთის“ ინიციატივაც სწორედ ამ ჩართულობის ერთ-ერთი მაგალითია.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები