10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

სასწავლო დანაკარგი ყველა საფეხურზე და ყველა საგანშია

spot_img

როგორ აისახა საქართველოს განათლების სისტემაზე გლობალური პანდემიის შედეგები – ამ კითხვაზე პასუხს იპოვით განათლების კოალიციის მიერ ახლახან გასაჯაროებულ კვლევაში, რომლის მიზანია სასწავლო დანაკარგების შეფასება საქართველოს კონტექსტში და რეკომენდაციების მომზადება 2021-2022 წლისთვის, ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული რემედიაციის პროგრამების შემუშავებისთვის. კვლევა განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, პანდემიაზე რეაგირების ინიციატივების ფარგლებში. კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული დანაკარგების შესაფასებლად, მკვლევართა ჯგუფმა (მერი ქადაგიძე, თამარ ბრეგვაძე, რეზო აფხაზავა, ირინა აბულაძე, ირინა ხანთაძე, ლიკა ზაალიშვილი და გიორგი ჭანტურია) UNESCO-ს შეფასების მოდიფიცირებული მეთოდოლოგია გამოიყენა, რომელიც სასწავლო დანაკარგებს ორ განზომილებად აფასებს: დანაკარგის მოცულობა და მისი განაწილება სხვადასხვა ჯგუფებს შორის. საკითხის განხილვაში, ფოკუს ჯგუფებისა და პირისპირ ინტერვიუს ფარგლებში, 100-მდე რესპონდენტი მონაწილეობდა, კვლევის ფარგლებში სულ 10 ფოკუს ჯგუფი და 10 ინტერვიუ განხორციელდა.

„კოალიცია განათლება ყველასთვის“ თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ ამ თემაზე – რა გავლენა იქონია პანდემიამ განათლების სფეროზე და რა დანაკარგები მივიღეთ ზოგადი განათლების სისტემაში – დიდი ხანია საუბრობენ და შარშან, ზაფხულშიც ჰქონდათ მცდელობა, თავიანთი რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის გაეზიარებინათ. თუმცა, წელს, ამ მიმართულებით, უფრო აქტიურად შეუდგნენ მუშაობას და ჩაატარეს კვლევა, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სურათს შექმნის – რა დანაკარგებზეა საუბარი და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ჩვენი სასკოლო საზოგადოება პანდემიის პერიოდში.

კვლევამ აჩვენა, რომ სასწავლო დანაკარგი ყველა საფეხურზე და ყველა საგანშია. თუმცა, მნიშვნელოვანი მიგნებაა ის, რომ ამ საკითხის გაცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია როგორც სასკოლო საზოგადოების, ისე სისტემის დონეზე. – აცხადებს ირინა ხანთაძე.

📌🔵 მთავარ მიგნებებზე საუბრისას, მკვლევარი მერი ქადაგიძე, პირველ რიგში, სასწავლო პროცესის უწყვეტობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ ძალიან სწრაფად მოხდა სასწავლო პროცესის აღდგენა, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ მოხერხდა

„პანდემიის დაწყების შემდეგ, სკოლები მხოლოდ სამი კვირის განმავლობაში დაიხურა და ძალიან სწრაფად განახლდა სასწავლო პროცესი. თუმცა, დისტანციურ სწავლებაზე ყოფნა სკოლებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოუწიათ, 10 კვირიდან, დაახლოებით, 35 კვირამდე. ამ კუთხით, გასაკუთრებით დაზარალდა აჭარის რეგიონის, თბილისისა და დიდი ქალაქების სკოლები. სასწავლო დროც- მნიშვნელოვნად შემცირდა. გარდა იმისა, რომ სწავლება დისტანციურად მიმდინარეობდა, საგაკვეთილო დროის ხანგრძლივობა თითქმის ორჯერ ნაკლები იყო, ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით იმ საგნებში, რომლებიც ისედაც 2-3 აკადემიური საათი ისწავლებოდა კვირაში. ასე რომ, სასწავლო დროის დანაკარგი საკმაოდ მაღალია. თუმცა, სულაც არ უნდა გავიგოთ ისე, რომ თუ სასწავლო დრო მეტი იქნებოდა, დანაკარგი აუცილებლად ნაკლები გვექნებოდა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად იყენებენ მასწავლებლები საგაკვეთილო დროს, რამდენად მცირეც არ უნდა იყოს ის (ეს კიდევ ცალკე გამოწვევაა).

კვლევაში ჩართული რესპონდენტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, სასწავლო დანაკარგი ყველა საგანში და ყველა საფეხურზე გვაქვს, მაგრამ ეს დანაკარგები, მათი თვალთახედვით, ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა, რაზეც ყველა თანხმდება და კვლევის შედეგები საერთაშორისო კვლევებთანაც თანხვედრაში მოდის, ეს არის სასწავლო დანაკარგი მათემატიკაში, რომელიც ყველა საფეხურზე გვაქვს და ყველაზე მაღალია. ამის გარდა, განსაკუთრებით დაზარალდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, კიდევ უფრო მეტად ის პირველკლასელები, რომლებსაც ონლაინ მოუწიათ სწავლის დაწყება. მათ ძალიან გაუჭირდათ, მაგალითად, ანბანის ონლაინ შესწავლა, სრულფასოვნად ვერ დაძლიეს 33-ივე ასო, გაუჭირდათ რიცხვების ცნობა. შესაბამისად, მეორე სემესტრის განმავლობაში, დამატებითი დრო სწორედ ამ დანაკარგის აღმოფხვრას დაეთმო და არა, ვთქვათ, წიგნიერების უნარების განმტკიცება-განვითარებას. საშუალო საფეხურს რაც შეეხება, აქ აღქმული დანაკარგი, რესპონდენტების მხრიდან, შედარებით ნაკლებია, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ მოსწავლეთა ჩართულობა, ამ საფეხურზე, უფრო ნაკლებია, თუმცა, ამის კომპენსირება რეპეტიტორების ხარჯზე ხდება. სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის და ისედაც საგანგაშოა, რომ საშუალო საფეხურზე მოსწავლეების ჩართულობა რეალურად იკლებს და კიდევ უფრო ძლიერდება რეპეტიტორობის ინსტიტუტი.

კიდევ ერთი მიგნება, რაზეც უფრო მეტად ღირს, ალბათ, ყურადღების გამახვილება და რასაც განსაკუთრებულად მკაფიოდ ხედავენ მასწავლებლებიც და მშობლებიც, არის ის, რომ მოსწავლეებში მნიშვნელოვნად შემცირდა მოტივაცია და გამჭოლი კომპეტენციები – მაგალითად, კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის, პრეზენტაციის უნარები; ხოლო მოტივაციის შემცირება გამოიხატა უშუალოდ დასწრებისა და მონაწილეობის შემცირებაში, რაც შემდგომ მოსწავლეების, ასე ვთქვათ, თვითეფექტურობაზეც აისახა – უჭირთ დამოუკიდებლად სასწავლო პროცესის დაგეგმვა და, ასევე, ნაკლებად აქვთ სკოლებთან მიკუთვნებულობის განცდა. მაშინაც კი, როცა შეუძლიათ იარონ სკოლაში და დაესწრონ გაკვეთილებს, ნაკლებად უჩნდებათ სასწავლო პროცესში ჩართვის სურვილი, რაც უმნიშვნელოვანესი მიგნებაა, ვინაიდან მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების გარეშე, ძალიან რთული იქნება მათი შენარჩუნება სასწავლო პროცესში, განსაკუთრებით რისკის ჯგუფში მყოფი მოსწავლეების.

რაც შეეხება კვლევის მეორე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დიდწილად თანასწორობას ეხება, გამოიკვეთა, რომ განხორციელებული ინტერვენციები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის ყველაზე ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა, მაგალითად, სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის. ეს განსაკუთრებით ციფრულ უთანასწორობაში გამოიხატა, რადგან ვიცით, რომ საგულისხმო ნაწილი სრულფასოვნად ვერ ერთვებოდა საგაკვეთილო პროცესში იმ შემთხვევაშიც, როცა მონაცემები აჩვენებს, რომ, მაგალითად, მოსწავლეების 97%-ს ჰქონდა სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. მასწავლებლების გამოცდილებიდან, ისევე როგორც კვლევებიდან, ვიცით, რომ მათ არ ჰქონდათ სათანადო ხარისხის ტელეფონი და ინტერნეტი, რომ ეს რესურსი სრულყოფილად გამოეყენებინათ, ცალკეულ შემთხვევაში, საერთოდ არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტზე ან სხვა რესურსზე, საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობისთვის.

რისკის ჯგუფში მყოფ მოსწავლეებს მიეკუთვნებიან, ასევე, ენობრივი უმცირესობების წარმომადგენლები. დაბალი ენობრივი კომპეტენციის გამო, მათ არ ჰქონდათ დროული და სათანადო ინფორმაცია როგორც პანდემიის მართვის, ასევე სკოლების გახსნისა თუ დახურვის, სასწავლო რესურსების გამოყენების შესახებ. მათთან უფრო გვიან აღწევდა როგორც ინფორმაცია, ასევე ინტერვენციებიც და რესურსებიც.

რა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღვნიშნოთ ის მოსწავლეები, რომლებსაც სპეციალური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა სჭირდებათ, ვინაიდან სასწავლო პროცესი მათთვის უფრო სტრესული იყო, განსაკუთრებით დისტანციური სწავლების დროს. რეალურად, მათთვის ახლა უფრო დიდი გამოწვევაა სასწავლო პროცესში რეინტეგრაცია. ჩვენი კვლევის ფარგლებში ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ყველაზე დიდი პრიორიტეტი უნდა იყოს უთანასწორობის აღმოფხვრა როგორც ციფრულ, ისე სხვა რესურსებთან,ზოგადად, სოციალურ სერვისებთან წვდომის კუთხით.

თუმცა, როცა აქცენტს ვაკეთებთ მოწყვლად ჯგუფებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ბავშვებისთვის სასწავლო დანაკარგი მცირეა. მაშინაც კი, თუ მოსწავლეები დისტანციურად ერთვებოდნენ, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ მათ მაღალი ხარისხის გაკვეთილები უტარდებოდათ და აუცილებლად მიაღწიეს სასწავლო მიზანს. ამიტომ, მნიშვნელოვანია აქცენტების გაკეთება მასწავლებლის კომპეტენციების გაზრდაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის განტვირთვასა და, საერთოდ, დისტანციური სწავლების პედაგოგიკაზე, რაც ჩვენი მასწავლებლების უმეტესობისთვის სერიოზული გამოწვევაა. კვლევაში ცალკე გავზომეთ დისტანციური სწავლების ეფექტიანობაც.

მესამე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რაც კვლევით გამოიკვეთა, არის შექმნილი ვითარების აღქმისა და გააზრების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დაწყებიდან წელიწადზე მეტია გასული, რესპონდენტების უმეტესობას უჭირს რეფლექსიური მსჯელობა, ანუ სისტემის სხვადასხვა საფეხურზე მყოფი მონაწილე პირებისთვის რთულია დანაკარგების აღქმა და შემდეგ ამ დანაკარგების გააზრება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს სწორედ სკოლის დონეზე მოხდეს, რადგან სკოლები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან და, თავისთავად, მათი სასწავლო დანაკარგებიც განსხვავებულია. ამიტომ, თუ ისინი ვერ შეძლებენ დანაკარგის გააზრებას, საკუთარი სკოლის კონტექსტში, შემდეგ მის შეფასებას და სასწავლო პროცესის სრულფასოვან მონიტორინგს, ახალი სასწავლო წლიდან ძალიან გაუჭირდებათ როგორც სასწავლო პროცესის გაგრძელება, ისე რემედიაციის ინტერვენციების განხორციელება.

ძალიან საგულისხმო და მნიშვნელოვანი ფაქტორი – როგორც მოსწავლეების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე იმოქმედა პანდემიამ, ასევე იმოქმედა და აისახა მასწავლებლებზეც. ამიტომ, როდესაც მასწავლებლების კომპეტენციების გაძლიერებაზე (დამატებით ტრენინგებზე და ა.შ.) ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა დაეთმოს ემოციურ-მენტალურ ჯანმრთელობას, რადგან მათი უმრავლესობა სწორედ პროფესიულ გადატვირთვაზე საუბრობს. ამაზე საუბრობენ არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ სპეციალისტებიც და სკოლის ხელმძღვანელებიც. მთავარია მასწავლებლის ხელშეწყობა, რადგან ნებისმიერი აქტივობა და ინტერვენცია, რაც სკოლას, კლასს და სწავლებას უკავშირდება, პირდაპირ კავშირშია მასწავლებელთან – ის არის წამყვანი რგოლი, მათ შორის, ნებისმიერი სახის რემედიაციის პროგრამის განხორციელებაში, მშობელთან და სკოლის საზოგადოებასთან ერთად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგები, ფსიქოლოგიურად და ემოციურად, ამ პროცესისთვისაც მზად იყვნენ.

კარგი იქნება, თუ ყველა ერთად გავიაზრებთ ამ დანაკარგებს. დღემდე ამ პრობლემაზე მკაფიო დისკუსია არ გამართულა, თუმცა დანაკარგები რომ ნებისმიერ შემთხვევაში იყო, როგორც სხვა ქვეყნებში, ეს ცხადზე უცხადესია. ჩვენი მსჯელობისა და დისკუსიის პარადიგმა კი იმ მიმართულებით უნდა წარვმართოთ, როგორ დავეხმაროთ სკოლებს, შეიმუშაონ რემედიაციის მიზნობრივი პროგრამები; როგორ განვსაზღვროთ მასწავლებლის, მშობლის თუ სხვა აქტორების როლი ამ პროცესში; მაქსიმალურად კოორდინირებულად და კარგი მონიტორინგის სისტემის გამოყენებით, როგორ შევძლოთ ახალი სასწავლო წლისთვის მომზადება. ცხადია, რემედიაციის პროგრამები დაგვიანდა და ახლა მაინც უნდა დაიწყოს, კიდევ უფრო რომ არ დაგვიანდეს.

სკოლებს, მინიმუმ, იმის მზაობა უნდა გაუჩნდეს, რომ თუ დისტანციური სწავლების ეფექტიანობა არ გაიზარდა, მარტო რემედიაციას, ფიზიკურად, აზრი არ ექნება.

რეალურად, ახლა, რემედიაციის მეორე ციკლს უნდა ვიწყებდეთ, რადგან პირველი ინტერვენციები 2020 წლის ზაფხულში უნდა განხორციელებულიყო, როცა სასწავლო წელი დასრულდა. ქვეყნების უმრავლესობამ ეს პროცესი თანადროულად დაიწყო – როგორც კი ნახეს, რომ სწავლის შეწყვეტა მოუწიათ, მაშინვე (ან ზაფხულში) დაიწყეს ამაზე ზრუნვა. ჩვენ კი, ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით იმის მოლოდინში, რომ სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგებოდა და მასწავლებლები თავად დააბალანსებდნენ დანაკარგებს. რეალურად, ეს ასე არ მოხდა.

მეორე შესაძლებლობა იყო, ამ დანაკარგების უშუალოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აღდგენა – მაგალითად, შაბათ-კვირის გამოყენება ან სასწავლო პერიოდის გახანგრძლივება. არც ეს მოხდა და, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამ ზაფხულსაც ნაკლებად ჩანს მსგავსი ინტერვენციები. ცალკეული მასწავლებლებისა და სკოლების ინიციატივები ნამდვილად არის, მაგრამ ეს ძალიან მცირეა და არასისტემური, მაგალითად, ზოგიერთ სკოლაში, მასწავლებლები საზაფხულო ბანაკებს ატარებენ, ახალ სასწავლო რესურსებსა თუ კომპლექსურ დავალებებს ქმნიან. მართლაც ბევრ რამეს აკეთებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომია. სამწუხაროდ, ამით ის უთანასწორობა, რაც კარგი მასწავლებლის ყოლით ან არყოლითაა განპირობებული, კიდევ უფრო გამოიკვეთა.“

📌🔵 რა რეკომენდაციებს სათავაზობს მკვლევართა ჯგუფი განათლების სისტემას პანდემიით მიღებული დანაკარგების აღმოსაფხვრელად და რა არის ის ეფექტური გზა, რომელიც კვლევით გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს, ამის შესახებ ისაუბრა გიორგი ჭანტურიამ კვლევის პრეზენტაციისას.

პირველი რეკომენდაცია – უნდა ვაღიაროთ გამოწვევები და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ მუშაობა მათ დასაძლევად. „ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი განათლების სამინისტროსი და, მათ შორის ქვეყნის პრიორიტეტებშიც უნდა აისახოს. ახლა განათლების ათწლიან სტრატეგიაზე მიმდინარეობს მუშაობა და იქაც ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს წარმოჩენილი ეს საკითხი. თუ გვინდა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს პრობლემები აღმოიფხვრას, ამ თემაზე ძალიან ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ.

გარდა ამისა, თუ გვინდა, რომ სკოლები გაიხსნას (მე პირადად, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი), მნიშვნელოვანია ვაქცინაციის დაჩქარება (რეალურად კი, დაწყება), რადგან ეს პროცესი, სამწუხაროდ, ძალიან ნელი ტემპით მიდის, მასწავლებლებშიც, არადა, ისინი უნდა იყვნენ პირველი ჯგუფი, სამედიცინო მუშაკების შემდეგ, ვინც ამ პროცესს წაახალისებს. იმედია, აგვისტოს თვე მაინც იქნება სწორად გამოყენებული და რაც შეიძლება ბევრი მასწავლებელი აიცრება, რომ თავადაც დაცულები იყვნენ და გარშემომყოფებიც. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია სკოლების გახსნაზე საუბარი.

მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით არსებული გამოწვევების გარდა, კიდევ უფრო გამძაფრდა უთანასწორობის საკითხი. ამიტომ, აუცილებელია მიზნობრივი რემედიაციის პროგრამების დაწყება, მათ შორის, ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესების, ასევე, ციფრულ ტექნიკასა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხითაც – აქაც აქცენტი მოწყვლად ჯგუფებზე კეთდება, ისინი უნდა იყვნენ პრიორიტეტი, რადგან მათ მიიღეს საკმაოდ დიდი ზიანი.

ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი რესურსების მობილიზება რემედიაციის პროგრამების მხარდასაჭერად, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების თუ სხვა ტიპის რესურსების. გარდა ამისა, რემედიაციის პროგრამების მხარდაჭერა და ინიცირება თავად განათლების სამინისტროს მხრიდან უნდა ხდებოდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, სკოლები თავად დაფიქრდნენ ამაზე და გაიაზრონ მნიშვნელობა. შეუძლებელია, 2085 სკოლაზე ყველაფერი ცენტრალიზებულად იყოს მიღებული, ამიტომ არის აუცილებელი, თავად შეარჩიონ სწორი სტრატეგია. სექტემბრიდან სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ დაიწყებენ, თუ დანაკარგის შევსებაზე არ იზრუნეს – ამ მხრივ, აუცილებელია ფოკუსირება წიგნიერებისა და მათემატიკის კომპეტენციების განვითარებაზე, ასევე, გამჭოლი კომპეტენციების. ეს განსაკუთრებით დაწყებით და საბაზო საფეხურზე იქნება მნიშვნელოვანი.

ზოგადად, რესურსების საკითხი მნიშვნელოვანია და ამ მხრივ, გამართული ელექტრონული სისტემის შექმნა იქნება საჭირო, რადგან თიმსის პლატფორმა ონლაინ სწავლებაზე მაინც და მაინც მორგებული არ არის. მნიშვნელოვანია, ასევე, მაკომპრომისირებელი არაფორმალური განათლების პროგრამების მხარდაჭერა. როცა ვსაუბრობდით მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თუ განათლების სპეციალისტებთან, ისინი ხაზს უსვამდნენ არაფორმალური განათლების მნიშვნელობას, რაც დისტანციური სწავლების პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წახალისება.

დაბოლოს, რა თქმა უნდა, აუცილებელია და საჭიროა მშობელთა მხარდაჭერა, მათ პედაგოგიზაციაზე ზრუნვა, მათი ჩართულობა სასკოლო განათლების მიმართულებით. სასკოლო განათლებაში მშობლის როლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კარგად დავინახეთ დისტანციური სწავლების პროცესში.“

მკვლევართა რეკომენდაციების მიხედვით, რემედიაციის სტრატეგიის პრიორიტეტი უნდა იყოს მასწავლებლებისთვის დიფერენცირებული და მრავალფეროვანი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის სერვისების შეთავაზება:

  1. დისტანციური სწავლების პედაგოგიკის კომპეტენციების განვითარება;
  2. ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისების შეთავაზება;
  3. მასწავლებელთა პროფესიული ჯგუფებისა და ასოციაციების მხარდაჭერა;
  4. ახალ ესგ-თან მუშაობის, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და განმავითარებელი შეფასების სწორად გამოყენების კომპეტენციების გავითარება.

გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ დისტანციური სწავლების პედაგოგიკის კუთხით, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, როცა ბევრმა სკოლამ და მასწავლებელმა პირისპირ სწავლება პირდაპირ გადაიტანა დისტანციურ რეჟიმში, რაც, ბუნებრივია, სწორი არ არის. შესაბამისად, ამ მიმართულებით, მასწავლებელთა კომპეტენციის ამაღლება საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, მისივე თქმით, მასწავლებლებთან დაკავშირებით მხოლოდ პრობლემებზე რომ არ ვისაუბროთ, ზოგადად, მნიშვნელოვანია ამ ჯგუფის მხარდაჭერა: „ჩვენ დავინახეთ, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ მასწავლებლები და, ამ მხრივ, სკოლებს შემუშავებული რომ ჰქონდეთ მათი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისები, ძალიან კარგი იქნებოდა.

პანდემიის პერიოდში ისიც დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია გარე აქტორების ჩართულობა და მათი მაღალი კომპეტენციები იმისთვის, რომ სისტემა სწორად ფუნქციონირებდეს. გარკვეულწილად, საგნობრივი ასოციაციები საკმაოდ აქტიურები იყვნენ, ასევე, პროფესიული ჯგუფები. არაერთი ონლაინ ჯგუფი შეიქმნა, რამაც ხელი შეუწყო სისტემის მეტ-ნაკლებად კარგად ფუნქციონირებას. ამ მხრივ, მათი მეტი ჩართულობა და მხარდაჭერა სწორი პოლიტიკის ნაწილი იქნებოდა. საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს, მაგალითად, საგნობრივი ასოციაციების კუთხით, თუმცა, ესეც ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარეა. აუცილებელია მათი ხელშეწყობა და მხარდაჭერა, ასევე, მათი ჩართულობა განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

დაბოლოს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რასაც სასკოლო საზოგადოება აწყდებოდა, ეს არის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მუშაობის პროცესი. ბევრი საკითხი მათთვის კარგად გასაგები არ იყო და ერთ-ერთ მთავარ გამოწვევადაც იქცა. განმავითარებელი შეფასების სწორად გამოყენებისთვის აუცილებელია მასწავლებელთა კომპეტენციის განვითარება. ჩვენ შემთხვევაშიც, ჯერ პრობლემა უნდა იყოს აღიარებული და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მწყობრ დისკუსიას.“

✅🟧 მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2020-ის გამარჯვებული, აფხაზეთის მე-10 საჯაროს სკოლის მასწავლებელი სოფიო გოგოხია ამბობს, რომ ძალიან ხშირად გულმოდგინედ ვმალავთ ხოლმე რეალურ სურათს და სწორედ ამის შედეგია ისიც, რომ ზუსტად არ ვიცით, რამდენმა მოსწავლემ ვერ შეძლო ონლაინ სწავლებაში ჩართვა, „მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი ბევრნი არიან“. მისი აზრით, პანდემიური განსაცდელის დროს მრავალი პრობლემა გამოიკვეთა – ელექტრონული მოწყობილობის უქონლობა, ინტერნეტით უზრუნველყოფისა და ხარისხიანი ინტერნეტის პრობლემა, მასწავლებლის კომპეტენციის, ასევე, ონლაინ გაკვეთილის ჩატარებისას, მშობლის ჩართულობისა და მზაობის საკითხი. „ერთი სიტყვით, პრობლემების მთელი კასკადი დაგვატყდა თავს. სანამ ყველა პრობლემას არ დავინახავთ, არ ვაღიარებთ და არ გავაანალიზებთ, მანამ, მარტივად რომ ვთქვათ, არაფერი მოგვარდება და არასოდეს გვეშველება. ამიტომ, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც ამაზე ზრუნვა დაიწყო. ბოლოს და ბოლოს, სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, კვლევის შედეგად, ბევრ კითხვას გაეცემა დეტალური პასუხი. სწორედ რომ რეალური მტკიცებულებები იდება ჩვენ წინ, შემდგომ ამას დაეყრდნობა პრობლემების აღმოფხვრის გეგმა და შედეგიც არ დააყოვნებს. ეს მარტივი პროცესი არ არის და არც ხანმოკლე, მაგრამ ერთადერთი გამოსავალია.

რაც შეეხება ე.წ. „სასწავლო დანაკარგებს“, რა თქმა უნდა, გვაქვს სწავლების ყველა საფეხურზე, სხვადასხვა ხარისხისა და სხვადასხვანაირად გამოხატული. როცა კათედრის შეხვედრებზე ამაზე ვსაუბრობთ, ყველა ვაცნობიერებთ ზარალის სიდიდეს. დაწყებით საფეხურზე უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა და აუცილებელია სწორედ ამ დარგის სპეციალისტების ჩართვა, თუმცა, არა მხოლოდ ამ საფეხურზეა საჭირო ფსიქოლოგის კონსულტაცია მოსწავლეებთან, რომლებსაც ხშირად არაფრისმთქმელ ეკრანებთან უწევდათ ურთიერთობა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი დანაკლისი საბუნებისმეტყველო საგნებმა განიცადა. ყველა ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრაზე მათემატიკის მასწავლებლები იმაზე საუბრობენ, რომ მომავალ სასწავლო წელს დიდი მუშაობაა საჭირო ხარვეზების აღმოსაფხვრელად. წიგნიერების დონის ასამაღლებლადაც დიდი სამუშაო გველოდება. სკოლაში ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მოსწავლეთა ფსიქოემოციური განწყობა, რომელიც პანდემიამ გაართულა, ცუდად აისახება მათ მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე. ვცდილობთ, ნაწილობრივ მაინც ვიპოვოთ აღმოფხვრის გზები. დამატებითი გაკვეთილები, საშაბათო და საზაფხულო სკოლა, არაფორმალური განათლების მოშველიება – ეს ის გზებია, რომლითაც ვეცადეთ, შეგვევსო რამდენიმე ღრიჭო მაინც. თუმცა, კარგად გვაქვს გააზრებული პრობლემის სიმძიმე, საკუთარი პასუხისმგებლობაც და ისიც, რომ ეს საკმარისი არ არის. ასეთ ვითარებაში რემედიაცია ერთადერთი გამოსავალია და ამ პროცესში ყველა ინსტანცია, ორგანიზაცია თუ სექტორი უნდა ჩაერთოს. ისიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ რემედიაცია ერთადერთი გამოსავალია, თუ არ გვინდა, რომ იმავე პრობლემებს შევეჯახოთ, როცა ისევ მოგვიწევს ონლაინ რეჟიმზე გადასვლა.

წლებია, ჩემი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მასწავლებლის, სატკივარი არის ის, რომ ჩვენ ვმკურნალობთ მხოლოდ სიმპტომებს, გამონაყარს კანზე, როცა ის შინაგანი რთული დაავადებით არის გამოწვეული და სანამ ამ დაავადებას არ აღმოვფხვრით, სნეულებას არ ეშველება. შესაბამისად, ზუსტი დიაგნოზის დასმა, სწორი მკურნალობის გეგმა და გააზრებული ნაბიჯებით სვლა არის ერთადერთი ხსნა.

ყველამ ვიცით, როგორც არ უნდა ვალამაზოთ და ვაფაროთ ხელი, „ჭირი თავსა არ დამალავს“ და ისეთი ჭირი, როგორიც პანდემიის პერიოდში განათლების სისტემამ, კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებმა გადაიტანეს, არამც თუ დაიმალება, არამედ, რაც დრო გავა, მეტი სიმძაფრით გამოვლინდება, თუ ყველამ ერთად არ ვიზრუნეთ მის აღმოფხვრაზე. და ეს ზრუნვა უნდა იყოს სისტემური, მასშტაბური, ყოვლისმომცველი, კომპლექსური და არ უნდა იყოს დამოკიდებული რომელიმე ან თუნდაც რამდენიმე მასწავლებელსა და რამდენიმე სკოლაზე, ან მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაციაზე. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს დიდი პასუხისმგებლობა და ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს პრობლემის აღმოფხვრაში.“

✅🟧 ათეულთა კლუბის წევრი, მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თემო სუყაშვილი მიიჩნევს, რომ თუ საგანმანათლებლო სისტემა არ იზრუნებს დანაკარგების რაიმე ფორმით აღმოფხვრაზე, ეს მომავალში აუცილებლად იჩენს თავს. „შესაბამისად, საჭიროა შედეგზე ორიენტირებული რემედიაციის პროგრამები, სკოლების გაძლიერება, მათთვის შესაძლებლობების მიცემა, მათ შორის, დამატებითი ფინანსური რესურსების ჩათვლით, რომ თავად დაგეგმონ, საჭიროებისამებრ, კონკრეტული აქტივობები, იქნება ეს საზაფხულო სკოლები, დამატებითი გაკვეთილები და ა.შ. თუმცა, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს სასწავლო დანაკარგებზე სრული სურათი გვქონდეს.

2020 წლის მარტში, როდესაც პირველად ჩაიკეტა სკოლები და დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, საზოგადოებაში ერთგვარი ეიფორია გაჩნდა. ბუნებრივია, ეს უკავშირდებოდა სიახლეს. გეტყვით, რომ თავიდან მეც თვითკმაყოფილების განცდა მქონდა. შემდეგ ნელ-ნელა წარმოჩინდა პრობლემები – ინტერნეტის შეზღუდულობა, არასაკმარისი ტექნიკური რესურსები და ტექნოლოგიური უნარები, მოსწავლეთა მოტივაციის კლება, ასევე, მოსწავლეთა გაუცხოება, სოციალური და კომუნიკაციის უნარების დაქვეითება (ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია).

პირადად მე, ონლაინ გაკვეთილების დროს, მაღალი დასწრება მქონდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პროცესში. სკოლაში დაბრუნების შემდეგ, ჩვენ ორი კატეგორიის მოსწავლეები დაგვხდნენ: პირველები, რომლებმაც მოახერხეს სწრაფი ადაპტაცია, გააგრძელეს ცოდნის მიღება და მეორე ნაწილი, რომლებიც საერთოდ არ ესწრებოდნენ ან შემოდიოდნენ, მაგრამ იყვნენ პასიურები…

შედეგად მივიღეთ ის, რომ დისტანციური სწავლის პერიოდში გაღრმავდა უთანასწორობა მოსწავლეებს შორის, ამავდროულად, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ჩამოვრჩით მსოფლიო ქვეყნებს. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ განათლების სამინისტროს არსებული მდგომარეობა, დღემდე, რეალურად არ შეუფასებია.

ვეცნობი პუბლიკაციებს, რომლებშიც აფასებენ დისტანციურ სწავლებას და ზოგადად კოვიდ პანდემიის გავლენა, მაგრამ მთავარი კითხვა – როგორ მოხდება ამ დანაკარგის ანაზღაურება, პასუხგაუცემელია. ამიტომ კვლევა, რომელიც „კოალიციამ განათლება ყველასთვის“ წარმოგვიდგინა ძალიან მნიშვნელოვანია. ფასდაუდებელი შრომა გასწიეს, ეს კვლევა – „პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება“ – რეალურად გვიჩვენებს იმ ჩავარდნებს, რაც ამ პერიოდში გვქონდა. მთავარია კვლევაში შემოთავაზებულია რეკომენდაციები რემედიაციისთვის, მათ შორის, განხილულია საერთაშორისო პრაქტიკაც.“

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები