27 აპრილი, შაბათი, 2024

ბავშვთა შორის კორონავირუსის ინფექცია სკოლებს არ უკავშირდება

spot_img

მისისიპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ანგარიშის თანახმად, ბავშვთა შორის კორონავირუსის გავრცელება,  დიდი ალბათობით, არ უკავშირდება სკოლას, თუკი ნიღბების ხმარება მკაცრად კონტროლდება. ეს მონაცემი უთუოდ უნდა გაითვალისწინონ სკოლებმა და საჯარო მოხელეებმა, რადგან ხშირად ისინი რთულ და საკმაოდ წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებებს იღებენ, სკოლების გახსნისა თუ დახურვის თაობაზე.

„კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელია ქცევის წესების დამკვიდრება, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის აფეთქება ბავშვებსა და მოზარდებს შორის – ოჯახებში იქნება ეს თუ სკოლებსა და ბავშვთა მოვლის პროგრამებში,“ –  ნათქვამია ანგარიშში.

კვლევამ დაადგინა, რომ ბავშვებსა და 18 წელზე უმცროს მოზარდებს, რომლებსაც ვირუსი ტესტით დაუდასტურდათ, ახლო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ პირებთან. გარდა ამისა, მათ სასწავლო დაწესებულებებში არც ისე მკაცრად კონტროლდებოდა მოსწავლეებისა და თანამშრომლების მიერ ნიღბის ტარება.

კორონავირუსით დაავადებულ პირთან ახლო კონტაქტი ამ ბავშვებსა და მოზარდებს საოჯახო შეკრებებზე – ქორწილებში, წვეულებებზე, დაკრძალვებზე – ჰქონდათ და არა სკოლაში.

ეს ბავშვები, ტესტის ჩატარებამდე ორი კვირის განმავლობაში, სკოლებში დადიოდნენ, მაგრამ ეს გარემოება არ უკავშირდება სადმე ვირუსის აფეთქების შემთხვევებს. როგორც ჩანს, და მშობლების განცხადებებიც ადასტურებს, სასწავლო ან აღმზრდელობით დაწესებულებებში მაინც საყოველთაოდ დამკვიდრებულია ნიღბების ტარება.

ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი ბავშვთა და მოზარდთა შორის ინფექციისთვის ის აქტივობებია, სადაც ნაკლებად სავარაუდოა ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება. ასეთი საფრთხე ყოველთვის გაზრდილია საოჯახო შეკრებებისა და ჯგუფური აქტივობების დროს, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ანგარიშში.

მართალია, კვლევა ერთ კონკრეტულ რეგიონში ჩატარდა, მაგრამ მისი შედეგები საყურადღებოა სკოლებისა და განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის.

თითქმის 10 თვეა აშშ-ში სკოლები დაკეტილია პანდემიის გამო და 50 მილიონი მოსწავლე სწავლობს ვირტუალურად ან ჰიბრიდული  მოდელით, რომელიც სკოლაში კვირაში ორჯერ ან სამჯერ მისვლას გულისხმობს. დიდ ქალაქებში სწავლება, ძირითადად, დისტანციურად მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ანგარიში დაეხმარება სკოლებისა და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებს, გადაწყვიტონ, ღირს თუ არა სკოლების გახსნა. ექსპერტები ჩივიან, რომ დღევანდელი მდგომარეობა სავალალოდ მოქმედებს მოსწავლეებზე და დღითი დღე იზრდება აკადემიური, სოციალური თუ ემოციური ზარალი.

სასკოლო ასაკის ბავშვთა შორის ინფექცია მატულობს. თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ანგარიშის თანახმად, სკოლები და სასწავლო დაწესებულებები არ არის გავრცელების ისეთი საშიში კერა, როგორც თავდაპირველად მიიჩნეოდა.

„აუცილებელია განუწყვეტელი მუშაობა, რათა თავიდან ავიცილოთ სკოლებსა და აღმზრდელობით დაწესებულებებში ვირუსის გავრცელება, – წერს ანგარიშის ავტორი, – ასევე აუცილებელია, განისაზღვროს სხვადასხვა ტიპის აქტივობები, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია“.

ლორენ კამერა

U.S. News

თარგმნა მარიამ ქაჯაიამ

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები