გთავაზობთ ანალიტიკურ კომენტარს იმ სტროფის შესახებ, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვისაა ცნობილი. ჯერ თვალი გავადევნოთ სტროფს:
- ხრმალი გავტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა;
მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;
მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა,
ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.
ტარიელი უამბობს ლომ-ვეფხის დახოცვის ამბავს ავთანდილს. ინდოელი, მონათხრობის მიხედვით, ჯერ ლომს კლავს ვეფხვთან წაკიდების გამო, მერე – ვეფხვსაც. დინამიკა, რომელიც სტროფშია გადმოცემული, თითქოს სწრაფად და სულმოუთქმელად უნდა გადმოეცა ავტორს. სტრიქონები დაბალი შაირითაა დაწერილი, რაც მიგვანიშნებს სტროფის წაკითხვა-გადმოცემის შედარებით დაბალ სიჩქარეზე. რატომ გამოიყენა ავტორმა დაბალი შაირი? სავარაუდოდ, ტარიელის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთი ბობოქარი და ემოციური პროცესის გადმოცემა ვერ მოხერხდებოდა სხარტად. დაუძლურებული ტარიელისგან ამბის სწრაფი თხრობა არაბუნებრივი იქნებოდა. ბრასაკვირველია, ჩემი აზრი მხოლოდ ვარაუდია და არა – მტკიცებულება.
ახლა კი თვალი გავადევნოთ კოცნის მონდომების დეტალს. ტარიელისთვის ნესტან-დარეჯანი ასოცირებულია ვეფხვთან. როცა გაბრაზებულ მეფის ასულს ნახავს ამირბარი, კლდის პირზე გაწოლილ განრისხებულ ვეფხვს ადარებს და სატრფოს დაკარგვის მერე მხოლოდ ერთგვაროვნად იმოსება – მხოლოდ ვეფხვის ტყავის კაბითა და ქუდით. ასმათის მიერ შეკერილი კაბა-ქუდის ტარებით ის ნესტანის პატივისცემასა და სიყვარულს გამოხატავს. ტარიელი იმდენად მონატრებულია სატრფოს ხილვას, რომ ნამდვილ ვეფხვს დაუპირა კოცნა. მხეცის ბრჭყალებით „ნაწყენი“ სისხლის ღვრას ვეღარ უძლებს და გახელებული კლავს საყვარელი ადამიანის სიმბოლოს.
რატომ მიმართა ავტორმა კიდევ ერთხელ ტარიელის დაბნედის მომენტს ამდენად დიდი ყურადღებით? ეპიზოდში სიმძაფრე იმატებს, რომელიც ისედაც არ აკლია პოემის მთავარი გმირის თავგადასავალს. არსებობს ასეთი თქმულება:
სიმართლე ძალიან მოწყენილი იყო, რადგან მას ყურადღებას აღარ აქცევდნენ. მას ისედაც ვხედავთ და ყურადღება ზედმეტად რატომ უნდა მივაქციოთო, ამბობდნენ ადამიანები. მოწყენილ სიმართლეს იგავ-არაკი შემოხვდა და უხასიათობის მიზეზი გამოჰკითხა. იგავმა უთხრა, სიმართლეო, მე უამრავი ტანსაცმელი მაქვს, აიღე ხოლმე და შეიმოსეო. ამის მერე სიმართლე ზოგჯერ იმოსება იგავურად და ხალხის ყურადღებას იპყრობს.
ეს თქმულება იმისთვის მოვიხმე, რომ დოკუმენტური სიმართლე ხალხისთვის ნაკლებად მიმზიდველია და სიმძაფრე, გამონაგონის ოსტატურად მიწოდება მხატვრული ლიტერატურის ემოციური ზემოქმედების ინსტრუმენტია.
თეკლე მესხი – თბილისის N179-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე