26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქართული ემიგრაციის მუზეუმმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადაინაცვლა

spot_img

5 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა.

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მორიგი ისტორიული თარიღი მოინიშნებაქართული ემიგრაციის მუზეუმს ვხსნით. რვა წელია, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრანტული მასალების მიმართულებით დიდი სამუშაო წამოვიწყეთჩამოვიტანეთ მნიშვნელოვანი არქივები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან. თუმცა დღევანდელი დღე მაინც სხვა მოვლენამ განაპირობათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც სრულიად უნიკალური მასალების უდიდესი საცავი იყო, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადმოვიდა. ეს არქივი, თავის დროზე, გურამ შარაძემ გადასცა უნივერსიტეტს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი, ბინა, გურამ შარაძის შვილის, რუსუდან შარაძის დიდი მეცადინეობით, დაიდოგილოცავთ! – ეს გიორგი კეკელიძის სიტყვებია, რომელიც მან თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა.

ქართული ემიგრაციის მუზეუმი, 1994 წელს, გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას სურდა, რომ საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა, მაგრამ, სამწუხაროდ, მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა, მისმა მკვლელობამ შეუშალა ხელი. მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ შეძლო – ქართული ემიგრაციის მუზეუმი უკვე ეროვნულ ბიბლიოთეკაშია.

მუზეუმი ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზს შეუერთდა და ამ თვალსაზრისით, ეროვნული ბიბლიოთეკა ქართული ემიგრაციული მემკვიდრეობის ცენტრი გახდა. მუზეუმში დაცულია ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების უნიკალური მემკვიდრეობის ნაწილი – ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა. 2017 წელს რუსუდან შარაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას გურამ შარაძის მემორიალური კაბინეტი (ბიბლიოთეკა, არქივი, ავეჯი და სხვა უნიკალური ექსპონატები) გადასცა.

 

 

 

 

 

რატომ გადმომისამართდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეს ძალიან სერიოზული არქივი, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და როგორ ხედავს მუზეუმის მომავალს – საუბრობს რუსუდან შარაძე.

➡ კონკრეტული არქივის ისტორიამცირე ექსკურსი

ეს არქივი არ უნდა აგვერიოს პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო არქივში, რომელიც მენშევიკებმა, გადარჩენის მიზნით, 1921 წელს,  საქართველოდან გაიტანეს და რომელიც დაცული იყო ჰარვარდსა და პარიზში. 90-იან წლებში გურამ შარაძემ მთლიანად დაუბრუნა საქართველოს, დღეს ეს არქივი დაცულია ეროვნულ არქივში. 80-იანი წლებიდან, გურამ შარაძეს ემიგრანტები ჩუქნიდნენ, ანდერძებითა თუ მიძღვნითი წარწერებით, ძალიან ღირებულ არქივებსა თუ მემორიალურ ნივთებს, ფერწერულ ტილოებსა და ა.შ. ამგვარად ჩვენს ბინაში უზარმაზარმა დოკუმენტაციამ მოიყარა თავი. ეს მამას საკუთრება იყო და მისი უფლება იყო, სახლში ჰქონოდა, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ქართული ემიგრაციის მუზეუმი, რომელსაც ანალოგი მაშინ მსოფლიოში არ ჰქონდა. მას შეეძლო, ეს მუზეუმი დამოუკიდებელ შენობაში განეთავსებინა, მაგრამ შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაკეთებულიყო. მისი მიზანი იყო, ამ უნიკალურ არქივებზე წვდომა ჰქონოდათ მეცნიერებს, სტუდენტებს, უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს.

➡ რატომ უნივერსიტეტში

მოგეხსენებათ, რომ თვითონ ემიგრანტებს ჰქონდათ ჩაფიქრებული, რომ საბოლოოდ მომხდარიყო უნივერსიტეტთან ლევილის ინტეგრაცია. მამას სურვილიც იყო ლევილის დაბრუნება და უნივერსიტეტთან შემოერთება, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ ამ ყველაფერთან წვდომის შესაძლებლობა. ეს მარტო არქივი არ არის, იქ ბევრი უნიკალური ხელნაწერია, მარტო ერთი რომ დავასახელო – ვიქტორ ნოზაძის  რუსთველოლოგიური შრომები, რომელიც ვიქტორ ნოზაძის ძმამ და რძალმა  აჩუქეს მამას გამოცემის უფლებით. მაშინ გამოუცემელი იყო და მამამ გამოსცა, ნოზაძის ფონდთან ერთად. მართლაც უნიკალური ხელნაწერები და ნაშრომებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რად ღირს  თუნდაც მარჯორი უორდროპის მიერ ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“, 1912 წელს ლონდონში გამოცემული, რომელიც ოლივერ უორდროპის ვაჟიშვილის მიძღვნითი წარწერით არის მამაჩემის მიმართ და ა.შ.

 

 

 

 

 

➡ რატომ გადმომისამართდა ეს არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკაში

შეიძლება ითქვას, რომ მამაჩემის მკვლელობის შემდეგ, „კბილებით შევინარჩუნეთ“ ეს მუზეუმი და უღრმეს მადლობას ვეტყვი, პირველ რიგში, რუსუდან კობახიძეს, დოდო კორსანტიას, ისინი ამ მუზეუმის განუყოფელი ნაწილი არიან. ჯერ კიდევ მამაჩემის სიცოცხლეში, უნივერსიტეტში დაიწყო რეორგანიზაცია, რათა იქ არსებული მუზეუმები გაერთიანებულიყო და ერთიანი სამუზეუმო ცენტრი ჩამოყალიბებულიყო (ზოოლოგიის მუზეუმი თუ ემიგრაციის, არ ჰქონდა ამას მნიშვნელობა, ყველა მუზეუმი ერთად უნდა ყოფილიყო). ეს ემიგრაციის მუზეუმის გაუქმების წინაპირობა იყო და მამამ, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადმოეტანა, გამართა კიდეც მოლაპარაკებები და ეს ასეც მოხდებოდა… გადაიტანდა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ არ დასცალდა.

მისი მკვლელობიდან მალევე, გადავწყვიტე, შემესრულებინა მისი სურვილი. ლევან თაქთაქიშვილს შევხვდი კიდეც, მოველაპარაკე. მაშინ გია ხუბუა იყო უნივერსიტეტის რექტორი, შევხვდი მას, მუზეუმი არ გამატანა, მაგრამ მომცა პირობა, რომ სანამ ის რექტორი იქნებოდა, მუზეუმს არაფერი შეეხებოდა,  შენარჩუნებული იქნებოდა ზუსტად ისეთი სახით, როგორც მამაჩემმა  ააწყო თავისი ხელით. მან დანაპირები შეასრულა. შემდეგ მოვიდა სანდრო კვიტაშვილი, აფუთფუთდა ისევ უნივერსიტეტში ჩაბუდებული „ჭინკების ბუდე“. რატომ ერჩოდნენ ამ მუზეუმს ვერ გეტყვით, სანდროსთანაც მივედი და იმანაც მომცა პირობა, რომელიც შეასრულა. ამაზე დეტალურად საუბარი შორს წაგვიყვანს, ერთადერთი მინდა ვთქვა გულისტკივილით, რომ დღემდე ვერ მივაღწიე იმას, რომ ამ მუზეუმს, სადაც ყველაფერი გურამ შარაძის პირადი საკუთრებაა, გურამ შარაძის სახელობის ემიგრაციის მუზეუმი დარქმეოდა.

უკვე ახალი ხელისუფლების პერიოდში, ლადო პაპავა იყო რექტორი, ის დამპირდა, რომ მიანიჭებდნენ სახელს, მაგრამ ის „ბუდე“, რომელიც იქ არსებობს, როგორც ჩანს ძალიან ძლიერია, რექტორს დიდი ძალა არ ჰქონდა.

საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადამეტანა. უღრმესი მადლობა გიორგი კეკელიძეს, ლევან თაქთაქიშვილს.

➡ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება

მამაჩემს უნდოდა ძალიან. შეიძლება მე მისი ხელით აწყობილი უფრო მიხარია და მისი ხელით შექმნილ ადგილას უფრო ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ იქნება მუდმივი, პატარა შესაძლებლობაზე ამ ექსპონატებს შეურევდნენ სხვა ფონდებს. მადლობა უნდა ვუთხრა რექტორს, გიორგი შარვაშიძეს, რომელიც უპრობლემოდ, მთელი გულითა და სულით გვერდით გვედგა.

➡ როგორ ხედავს მუზეუმის მომავალს

ქართული ემიგრაციის კვლევა, სააშკარაოზე აქტიურად გამოტანა, ახალგაზრდებისთვის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მარტო ახალგაზრდებისთვის. ეს ისეთი თემაა, რომ დღემდე არ არის ბოლომდე გამოკვლეული და მამაჩემმა მართლაც ტიტანური საქმე გააკეთა, იმდენი გამოკვლევა და წიგნი აქვს ამის შესახებ. მიუხედავად ამისა, ემიგრაციის თემა ბოლომდე არ არის გამოკვლეული. ვიცით როგორი იყო ის 70 წელი, მას შემდეგ კი, ემიგრაციის თემა კი არა, ადამიანები, დღემდე, თავის გადარჩენისთვის იბრძვიან. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის.

ეს იქნება მუდმივი, სანამ საქართველო იარსებებს, ასევე იარსებებს ეს ბიბლიოთეკა და შესაბამისად, ეს მუზეუმიც.

2017 წელს, სახლში რაც მქონდა, მამაჩემის უძვირფასესი არქივი, ბიბლიოთეკა, ავეჯი, ინვენტარი, უნიკალური მასალა მთლიანად გადავეცი ეროვნულ ბიბლიოთეკას – ახალ კორპუსში გაკეთდა გურამ შარაძის კაბინეტი, არაჩვეულებრივად განთავსდა ეს ყველაფერი და ძალიან კმაყოფილი ვარ. სასიხარულოა, მუზემი რომ დალაგდება, დაიწყება იმ კაბინეტის გადმოტანა და შეიქმნება ერთიანი სივრცე.

***

გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ ახალ მუზეუმთან ბევრი გეგმაა დაკავშირებული. ვფიქრობთ, ეს ძალიან აქტიური სივრცე იქნება ყველა ასაკის დამთვალიერებლისთვის.“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნილი ემიგრაციის მუზეუმი, თავისი მრავალმხრივი ისტორიული მასალით, ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია მოინახულოს.

მუზეუმის ექსპოზიციიდან, გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელი რუსუდან კობახიძე განსაკუთრებით გამოყოფს ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს – აკაკი ჩხენკელისადმი გადაცემულ ქართველთა ლეგიონის სამახსოვრო ნიშანს. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სიგელით პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს. მოგვიანებით ეს სიგელი გურამ შარაძემ საქართველოში ჩამოიტანა და დღეს, უნიკალურ მასალებთან ერთად, ქართული ემიგრაციის მუზეუმშია წარმოდგენილი.

აქ არის სახელმწიფო ბეჭდები, სტანდარტი და კიდევ სახელმწიფო ბეჭდების ლუქი, ანუ ნიმუში, როგორი იყო. აქ კიდევ მრავალი ექსპონატია ერთმანეთის თანმიმდევრობით წარმოდგენილი და ყველას ნახვა ამ ფორმატში ვერ ხერხდება.

რუსთველოლოგიური ნაშრომები, რომლებიც ამავე სტელაჟზეა განთავსებული, სრულიად ახალი სიტყვა იყო, შეიძლება ითქვას, გადატრიალება იყო რუსთველოლოგიაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ამავე დროს, ფილოსოფიური ნაშრომები. ამავე სტენდზეა ვიქტორ ნოზაძის ნივთები, კალისტრატე სალიას, აკაკი ჩხენკელის გამოცემები.“ – ამბობს ქალბატონი რუსუდანი.

პერიოდული გამოცემების, წიგნებისა და ქართველი პოლიტიკური ემიგრაციის არქივების გარდა, მუზეუმის მნიშვნელოვანი ნაწილია რუსთველოლოგიური ნაშრომები, რომელიც საზღვარგარეთ გამოიცემოდა და საბჭოთა წლებში ჩვენთან მიუწვდომელი იყო. „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე უცხოურ ენაზე ნათარგმნ ეგზემპლართან ერთად, მარჯორი უორდროპისეული თარგმანია დაცული, რომელიც ლონდონში, 1912 წელს, გამოიცა და მასზე ოლივერ უორდროპის შვილის ენდრიუს ავტოგრაფია – წიგნს გურამ შარაძეს ჩუქნის.

26 წლის შემდეგ  გურამ შარაძის შვილმა მამის სურვილი შეასრულა და მდიდარი ფონდები ეროვნული ბიბლიოთეკის მუდმივმოქმედ სივრცეში გადმოიტანა. ქართული ემიგრაციის მუზეუმის დათვალიერება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ბიბლიოთეკა ფუნქციონირებას აღადგენს.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

 

 

 

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები