30 აპრილი, სამშაბათი, 2024

მცირე პროზის შექმნა დაწყებით კლასებში

spot_img

დაწყებით კლასებში გრძელვადიან მიზნად სამი სასწავლო ცნებაა გამოყოფილი. ეს ცნებები პირველი კლასიდან მეექვსე კლასის ჩათვლით პროფესიული ვალდებულების შესრულების ორიენტირად რჩება მასწავლებელს. კონსტრუქტივისტული პრინციპებით სწავლებისთვის მასწავლებელი იყენებს კომპლექსურ დავალებას და სასწავლო შედეგების გარდა მკაფიოდ ჩანს, თუ რამდენად პროცესზე ორიენტირებული ხდება სკოლა.

მე-2 კლასში საყრდენ ტექსტად გამოვიყენე „ყაყაჩოსკაბიანი ჭიამია“. ეს მცირე პროზაული ნაწარმოები საუკეთესო კონტექსტმაგალითი აღმოჩნდა და გაგიზიარებთ გამოცდილებას.

ახალი იმაში აღარაფერია, თუ ვიტყვით, რომ ტექსტიც მრავალმხრივი რესურსია და არა მხოლოდ შინაარსის დასწავლის საშუალება. „ყაყაჩოსკაბიანი ჭიამაია“ კარგი რესურსია იმისთვის, რომ მოსწავლეებში გავააქტიუროთ ფუნქციური უნარები და მივაღწიოთ სასურველ მიზნებს.

დავალებად ავარჩიე მსგავსი ჟანრის ნაწარმოების შექმნა (მცირე პროზა), რომელშიც ზღაპრული ელემენტები გადმოცემული იქნებოდა თხრობისა და აღწერის მონაცვლეობით. ვიდრე დავალების პირობას გავაცნობდი ბავშვებს, მანამდე წინარე ცოდნა გავააქტიურეთ შეკითხვებით, რომელიც საკითხთან იყო დაკავშირებული.

– თუ გაქვთ ზღაპრები წაკითხული და რას შეეხება ის?

– როგორ იწყება და როგორ სრულდება?

– ვინ მონაწილეობს ზღაპრებში?

– როგორი მოქმედი პირები გვხვდება ზღაპარში? რით განსხვავდებიან ისინი?

– რატომ ამარცხებენ ბოროტ პერსონაჟებს კეთილი გმირები?

ამის შემდეგ წარვიდგინე მოსწავლეებს დავალების პირობა:

მოიფიქრე და დაწერე თხრობისა და აღწერის მონაცვლეობით ისეთი ტექსტი, რომელშიც გადმოცემული იქნება ჯადოსნური ამბავი. ტექსტს შეურჩიე სათაური. წერის დროს წარმოაჩინეთ სამი ნაწილი: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასასრული.

წერის დროს:

♦ წარმოაჩინე, რით დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა ამბავი თანამიმდევრობის აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენებით;

♦ გამოიყენე შთანბეჭდავი სიტყვები;

♦ გამოკვეთე დეტალები, რომლებიც ადამიანის ემოციებს (სიხარულს, სიყვარულს, დანანებას და ა.შ.) გამოიწვევს, ოღონდ ეს ემოციები უნდა დააკავშირეთ არაადამიანებს;

♦ გამოიყენე სხვადასხვაგვარი წინადადებები და დიალოგი.

წარდგენის შემდეგ აღნიშნეთ, რატომ თვლი, რომ შენ მიერ შექმნილი ამბავი საინტერესოა? როგორ შექმენი ტექსტი?

დავალების პირობის გააზრების მერე დავიწყეთ იმაზე საუბარი, თუ რაში დასჭირდებოდათ მოსწავლეებს დახმარება. აღმოჩნდა, რომ თხრობის ჩარჩოს, შთამბეჭდავი სიტყვების, ადამიანური ემოციების შესახებ უფრო მეტი უნდა გვესაუბრა. ამის გამო შევთავაზე ბავშვებს მცირე პროზის ჩარჩო:

შესავალი: სად და როდის იწყება მოქმედება?

 

ძირითადი ნაწილი: რით დაიწყო, როგორ გაგრძელდა ამბავი?

 

 

დასასრული: მოქმედების მხატვრულად დასრულება

 

 

ამის შემდეგ დავიწყეთ იდეების გაზიარება. ჩამოვწერეთ რამდენიმე იდეა და განვიხილეთ, რატომ იყო კონკრეტული იდეა ზღაპრული შინაარსის. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, იდეები შეეჯერებინათ და გაეზიარებინათ მოსაზრებები, რომელი იდეა უფრო შეუწყობდა ხელს დავალების შესრულებას.

აქტივობები დავუთმეთ ასევე:

♦ ტექსტის გაცნობას (კომენტირებული კითხვით);

♦ ტექსტიდან და პირადი გამოცდილებიდან შთამბეჭდავი სიტყვების გამოკვეთას;

♦ ტექსტიდან და პირადი ცხოვრებიდან გამორჩეული მომენტების გამოკვეთას;

♦ პერსონაჟების გარეგნობის აღწერას;

♦ ადამიანის თვისებების გადატანას სხვადასხვა საგნებზე;

♦ სხვადასხვაგვარი წინადადების აღმოჩენასა და მართლწერას ტექსტში;

♦ დიალოგს და მის მართლწერას.

ყველა აქტივობის შესრულებისას ვახსენებდი ბავშვებს, რომ კონკრეტული ცოდნა უნდა გამოეყენებინათ შემდეგში ტექსტის შესაქმნელად.

ამის შემდეგ მივეცი ბავშვებს დავალება შესასრულებლად. პირველი ვერსია კლასშივე შეიქმნა, რომლის გაუმჯობესება შინ გააგრძელეს და მერე წარმოადგინეს პრეზენტაცია (მხატვრული და გამართული კითხვით).

დავალების წარდგენის შემდეგ ყველა ბავშვი სცემდა პასუხს კითხვებზე:

√ რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი ზღაპრული ამბის გადმოცემაა?

√  აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით;

√  რით და როგორ გააუმჯობესე პირველადი ვარიანტი?

√  რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა; რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?

√  მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი  სტრატეგიები გამოგიყენებია?

√  შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?

 

ნანა ახობაძე

სსიპ ქალაქ თბილისის №147 და სსიპ ქალაქ თბილისის №123 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები