გოგი თოდუა
სსიპ ზუგდიდიდს მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის დირექტორი
⇒ სკოლის დირექტორი
დირექტორი სკოლაში საგანმანათლებლო ლიდერია, რომლისგანაც ყველა ელოდება სკოლის გადაქცევას წარმატებულ ორგანიზაციად, ვისაც ენდობა სასკოლო საზოგადოება და, შესაბამისად, სახელმწიფო.
⇒ სკოლის ლიდერის ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა
ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მათი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული.
⇒ სკოლის მართვის პრაქტიკა
სკოლა სახელმწიფოში პატარა სახელმწიფოსავითაა, სადაც წარმატება მიიღწევა დემოკრატიული პრინციპებით.
ღიაობაზე, საჯაროობაზე, ანგარიშვალდებულებაზე, თანასწორობაზე დაფუძნებული სასკოლო სისტემა მხოლოდ მოსწავლეზეა ორიენტირებული. არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც, დღეს, სასკოლო საზოგადოებას არ შეეძლოს გუნდური მუშაობით, გაზიარებული პასუხისმგებლობის პრინციპით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლა წარმატებით მონაწილოებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ფორმალურ და არაფორმალურ პროექტში, რომლის ბენეფიციარები სასკოლო საზოგადოებაა, მათ შორის: „USAID საბაზისო განათლების პროგრამა“, SHE’s GREAT! (კლუბი „გენდერი და ჩემი გარემო“) — ტრენინგები მოსწავლეებისთვის, USAID-ის სამოქალაქო განათლების 5-წლიანი პროგრამა მოსწავლეებისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ინოვაციების ცენტრთან ერთად სკოლის ტექნოკლუბების 3-წლიანი პროექტი, განათლების სამინისტროს პროექტი „პროფესიული განათლების დანერგვა სკოლებში“, „ტვინების ბრძოლა“ — გუნდური ინტელექტუალური თამაში, ეტალონი განათლება; ვთანამშრომლობთ აშშ-ის ორგანიზაციასთან „მშვიდობის კორპუსი“, ასევე ბრიტანეთის საბჭოსთან კავკასიაში და ა.შ. წარმატებულად ვმონაწილეობთ სასკოლო საგნობრივ თუ სპორტულ ოლიმპიადებში, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების 90%, ყოველ წელს, წარმატებით აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, წელს ათმა კურსდამთავრებულმა აიღო სახელმწიფო გრანტი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.
⇒ სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თანამშრომლობა
დირექტორსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული ამ ორი რგოლის მუშაობის ხარისხი სკოლაში. სამეურვეო საბჭოს როლი მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში, მართალია, საზოგადოების მზაობის მხრივ ვაწყდებით პრობლემებს, თუმცა მათი დაძლევაც შესაძლებელია ,დროთა განმავლობაში. სამეურვეო საბჭო უმაღლესი არჩევითი ორგანოა სკოლაში, ის ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, შინაგანაწესს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას, აკომპლექტებს დისციპლინარულ კომიტეტს, ირჩევს სკოლის დირექტორს და ა.შ. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია.
⇒ ზრდის თუ არა დღეს სკოლა აქტიურ მოქალაქეებს
შეიძლება ბევრი რამ გადასახედია და ასე მარტივად დიაგნოზს ვერ დასვამ. თუმცა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, საკანონმდებლო თუ სასწავლო პროგრამების დონეზე, ბევრად წინაა წასული დღევანდელი ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის წინა წლებთან შედარებით.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში და ეროვნულ სასწავლო გეგმაში ნათლადაა მოცემული პრიორიტეტები, რომლის შესრულებაც სკოლას წარმატებულ ორგანიზაციად აქცევს.
შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი კურსდამთავრებულები წარმატებებს აღწევენ როგორც ქვეყნის შიდა, ასევე გარე შრომით ბაზრებზე, ეს შეიძლება საწყის ნაბიჯებად ჩავთვალოთ, აგრეთვე ისიც, რომ ქრება გენდერული სტერეოტიპები. გვყავს კურსდამთავრებული გოგონები, რომლებიც დღეს სწავლობენ თავდაცვის აკადემიაში, პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებული, მომავალი არქიტექტორი, მფრინავი, საქართველოს ნაკრების წევრი ფეხბურთში, მოქმედი საქართველოს ჩემპიონი კრივში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გუნდის კაპიტანი რაგბში, საქართველოს ნაკრების წევრი მძლეოსნობაში და ა.შ. ეს პროფესიები მათი არჩევანი იყო, ხოლო სასკოლო საზოგადოებამ ხელი შეუწყო მათ მომზადებას და ბოლომდე მათი გულშემატკივრები ვიქნებით, გავიზიარებთ მათ წარმატებას.
⇒ სკოლის დირექტორის პროფესიული ზრდის ხელშეწყობა ჯერ კიდევ დაპაუზებულია…
მთლად ასე ვერ ვიტყვით… დირექტორი თვითონაც უნდა ზრუნავდეს პროფესიულ ზრდასა და წინსვლაზე. სასკოლო საქმიანობაში ჩართულობა ისედაც ზრდის დირექტორს, როგორც საგანმანათლებლო ლიდერს. ასევე, პერიოდულად, დირექტორები გადიან პროფესიულ ტრენინგებს. ვფიქრობ, დირექტორი უფრო საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დაცული და, ასევე, მისი შრომის ანაზღაურებაც პასუხისმგებლობის შესაბამისი უნდა იყოს.
⇒ საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლი ზოგად განათლებაში
ზოგადი განათლების ტერიტორიულ ორგანოს — რესურსცენტრს, ალბათ, მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს, რომ უკეთ გამოხატოს სკოლების მხარდაჭერა ყველა საკითხში და ყველა დონეზე.
⇒ სკოლების ავტორიზაცია
2022 წლის 30 მარტს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება (ამოქმედების თარიღი — 2022 წლის 06 აპრილი), რომლის მიხედვითაც, განახლდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, რომლებიც ეხება: ა) სკოლის ფილოსოფიას, ბ) სასკოლო კურიკულუმს, გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას, დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას.
სკოლები, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, ისედაც გავდიოდით თვითშეფასებას. უბრალოდ, დღეს გვთხოვენ დოკუმენტაციის წარდგენას და იმის აღწერას, როგორ ახერხებს სკოლა ამ ყველაფრის პრაქტიკაში განხორციელებას. ამ მოცულობის მასალის დოკუმენტალურად დამუშავება, როდესაც საუბარია მთელ სასკოლო ცხოვრებაზე, რთულად წარმოსადგენი იყო, თუმცა, ავტორიზაციის პროცესმა დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია.
ავტორიზაცია მთლიანობაში აწესრიგებს სისტემას და ერთგვარი ორიენტირია მოწესრიგებულ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. გამოიკვეთა, ასევე, საჭიროებები და, პირველ რიგში, ის, რომ უნდა ვისწავლოთ, თანამშრომლობის გზით, იმის დოკუმენტად გარდაქმნა, რასაც სასკოლო პრაქტიკაში ვაკეთებთ.