„ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პირველი სართულის იატაკი ირყევა და ძალიან დიდი საფრთხეა, რომ ჩავარდეს, თუკი ბევრი ბავშვი ერთად შემოვა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ პირველი სართული ნაკლებად დავტვირთოთ, მეორე სართულზე კი ოთახების რაოდენობა არ გვყოფნის, სულ ცხრა ოთახია, მოსწავლეთა რაოდენობა კი 2000, მასწავლებელთა რაოდენობა — 57. ფიზიკურად შეუძლებელია სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვა. არ გვაქვს საკმარისი ინვენტარი. დაფა, სკამი, მაგიდა მწყობრიდანაა გამოსული სიძველის გამო. ძალიან გვეცოდებიან ჩვენი მოსწავლეები, ასეთ პირობებში რომ იმყოფებიან. შენობა ძველია და საშინელი სუნი დგას. ფანჯრები რომ არ გავაღოთ, სუნთქვა შეუძლებელია. წვიმის დროს წყალი ზედა მხრიდან სარდაფებში შემოდის და სიცხეში ორთქლდება, სარდაფიდან ოხშივარი და ჭაობის სუნი ამოდის, წყლის ბოლომდე ამოტუმბვაც ვერ ხერხდება. კარი და ფანჯარა თუ არ არის ღია, ოთახში გაჩერება შეუძლებელია“ — არ იფიქროთ საუკუნეების წინანდელ საგანმანათლებლო დაწესებულებას აღვწერდეთ, არა, ეს 21-ე საუკუნის ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შენობის უმძიმესი სურათია, რომელიც უკვე 7 წელია ასეთ პირობებში ფუნქციონირებს. ახლახან სასახლის ინფრასტრუქტურის პრობლემებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქუთაისში 2 000-მდე ბავშვი ღირსეული სასწავლო პირობების გარეშეა დარჩენილი.
„რამდენიმე თვის წინ ვეწვიეთ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, რომელიც წარმოუდგენელ მდგომარეობაშია. სასახლიდან გაყვანა 2011 წელს მოხდა, რამაც ათასი ბავშვი დატოვა ღირსეული სასწავლო პირობების გარეშე, ბავშვების ნაკადი 2000-მდე გაიზარდა. ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად მიუღებელია და გთხოვთ, მოხდეს შესაბამისი ინრფასტრუქტურის გამოყოფა.“ — განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. ამ განცხადებას წინ უძღოდა, ზაფხულში, მისი ვიზიტი სასახლეში, რომელმაც, როგორც ჩანს, გულგრილი ვერ დატოვა, რადგან ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
რატომ აღმოჩნდა 80 წლის ისტორიისა და დიდი ტრადიციების მქონე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ამ მდგომარეობაში? მიზეზი, ცალსახად, 2011 წელს სასახლის ყოფილ შენობაში იუსტიციის სახლის გადაყვანას უკავშირდება. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე კი, დროებით განთავსდა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბრეშუმის კომბინატის საერთო საცხოვრებლის შენობაში. გადასვლის დღიდან, სასახლის პედაგოგები უშედეგოდ ითხოვენ ახალ შენობაში გადაყვანას. სასწავლო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა ახალი დირექტორის მარინა მარჯანიშვილის მისვლის შემდეგ, კიდევ უფრო გააქტიურდა. მეორე წელია, დირექტორი დღეს არ კარგავს პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა, ჯერჯერობით, შედეგი არ ჩანს.
თამარ მეფის 105 ნომერში მდებარე სამსართულიანი შენობის ორი სართული მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს უკავია, მესამე კი — სამხატვრო სკოლას. რამდენიმე ათეული წლის შენობა, თავდაპირველად, ერთ-ერთი საწარმოს მუშების საერთო საცხოვრებელი იყო. მოგვიანებით, იქ ჯერ პროფსასწავლებელი გაიხსნა, შემდეგ კი — ლიცეუმი და კერძო სკოლა. ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ამ შენობაში, 2011 წლიდან, დროებით განთავსდა მას შემდეგ, რაც ირაკლი აბაშიძის გამზირიდან, ყოფილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შენობიდან გადმოიყვანეს. პარლამენტის მახლობლად მდებარე ყოფილ სასახლეში, რეკონსტრუქციის შემდეგ, იუსტიციის სახლი გაიხსნა. როგორც ქალბატონი მარინა გვიამბობს, ის გააფრთხილეს, რომ მოთხოვნას არანაირი აზრი არ ექნებოდა 2017 წლამდე, ვიდრე არქივის ახალი შენობის მშენებლობა არ დასრულდებოდა.
***
„1937 წელს, ქუთაისში, გაიხსნა პიონერთა და მოსწავლეთა სახლი, სადაც მუშაობა დაიწყო ქორეოგრაფიის, მომღერალთა, სასულე ორკესტრის, ფოტო და ნატურალისტთა წრეებმა. 1954 წელს პიონერთა სახლი სასახლედ გადაკეთდა. ამ გარემოებამ გამოიწვია მასში მოქმედი ჯგუფების ზრდა. დღეს მოღვაწე არა ერთ მწერალს, მხატვარს, ისტორიკოსს, მუსიკოსს თუ სხვადასხვა სახელოვნებო და სამეცნიერო წრის წარმომადგენელს ნათლობა სასახლის კედლებში აქვს მიღებული.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე დღესაც ჩვეული შემართებით აგრძელებს ფუნქციონირებას, მთელი დატვირთვით მუშაობს ესთეტიკა-ჰუმანიტარულ დისციპლინათა განყოფილება: ფოლკლორის, უცხო ენების, მხატვარ-დიზაინერთა, ხელოვნების მოყვარულთა, საქართველოს ისტორია-ეთნოგრაფიის კაბინეტების შემადგენლობით, ქართული ენა-ლიტერატურის, შემოქმედ-მოსწავლეთა, ხატვის, მეტყველების კულტურისა და მხატვრული კითხვის წრეები. აქვე ფუნქციონირებს: ხალხური, ცეკვისა და საკრავების ანსამბლები, გუნდი, საბავშვო სიმღერების სტუდია, დებატ და საინტერესო შეხვედრების კლუბები, ბავშვთა საესტრადო ორკესტრი ,,აისი”. ტექნიკურ-საბუნებისმეტყველო დისციპლინათა განყოფილებაში კი ფუნქციონირებს: საბუნებისმეტყველო, უმცროსკლასელთა, სპორტული, ტექნიკურ-მოდელირებისა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი კაბინეტები; სახალისო და უმაღლესი მათემატიკის, ჭადრაკის, სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელი, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ტურიზმის, ავიამოდელირებისა და საოფისე პროგრამების შემსწავლელი წრეები. სასახლეში, ყოველწლიურად, იმართება სასწავლო-შემოქმდებითი კონფერენცია, სხვადასხვა დონის საჭადრაკო ტურნირები, კონკურსები, სხვა საინტერესო ღონისძიებები. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, წლების მანძილზე, განვლილი აქვს ღირსეული გზა. ახალგაზრდობამ გადამწყვეტი როლი უნდა შეიტანოს ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობაში, ყოველივე ამას კი, სრულფასოვანი განათლება სჭირდება, რისი გარანტიც ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეა.“ — ასეთია სასახლის მოკლე ოფიცილური ისტორია, რომლის მიღმა, ამ გაუსაძლის, შეიძლება ითქვას, შეურაცხმყოფელ პირობებში, 31 მიმართულებით მუშაობს სხვადასხვა წრეები. სასახლეს კიდევ უფრო მეტ დატვირთვას სძენს ის, რომ არაფორმალური სწავლება უფასოა. ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სოციალურმა ფონმა კი ბენეფიციართა რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. არადა, როგორ გინდა უთხრა უარი მოსწავლეს, რომელიც ითხოვს, თუნდაც ასეთ გაუსაძლის პირობებში, სასახლის რომელიმე წრეში ჩარიცხონ და მის განათლებაზე იზრუნონ.
***
როგორც სასახლის დირექტორი ამბობს, მათთვის შესაფერისი შენობის გამოყოფის თხოვნით, ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, სხვადასხვა უწყებას არაერთხელ მიმართა. სასახლე ექვემდებარება კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას, რომელიც, თავის მხრივ, ქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია. ამჟამინდელი მერის, გიორგი ჭიღვარიას, დიდი თანადგომის მიუხედავად, პრობლემა დღემდე ვერ გვარდება, რადგანაც ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობები თვითმმართველობის საკუთრებაში არ არის, შენობა-ნაგებობები კერძო ან სხვადასხვა სამინისტროს საკუთრებაა.
მარინა მარჯანიშვილი: „გასაგებია, რომ ძველ შენობას არავინ დაგვიბრუნებს და ამას არც ვითხოვთ. 1982 წელს ქალაქის მმართველობამ, სპეციალურად სასახლისთვის, ააშენა კეთილმოწყობილი და ყოველმხრივ მოწესრიგებული შენობა 500-კაციანი დარბაზითა და სცენით. იუსტიციის სამინისტრომ, იუსტიციის სახლის იქ განთავსების შემდეგ, შენობის რეკონსტრუქცია მოახდინა და მთლიანად საკუთარ საჭიროებას მოარგო. მაგრამ რაღაც გამოსავალი ხომ უნდა ვიპოვოთ?
რადგან იუსტიციის სახლმა დაიკავა სასახლის ყოფილი შენობა, მოსვლის დღიდან (შოთა მურღულიას მერობის პერიოდშიც) ვითხოვდი, რომ იუსტიციის სახლის ყოფილი შენობა მაინც გადმოეცათ ჩვენთვის. ეს შენობა ტერიტორიულადაც იოლი მისადგომია, აღმაშენებლის ძეგლთან ახლოს მდებარეობს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ შენობაში იუსტიციის სამინისტროს არქივი დროებით განთავსდა, სანამ არქივის ახალი შენობის მშენებლობა დასრულდებოდა. 2018 წელს დასრულდა და შენობა დიდი ზეიმითაც გაიხსნა. არქივი დაბინავდა კეთილმოწყობილ და 21-ე საუკუნის შესაფერის შენობაში, მაგრამ სასახლე ისევ ქუჩაში დარჩა.
ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია, როგორც კი დაინიშნა, მეორე დღესვე მოვიდა სასახლეში (მანამდეც ინფორმირებული იყო ჩვენს პრობლემებზე), დაათვალიერა ის გაუსაძლისი პირობები, რომელშიც ამდენ ბავშვს და პერსონალს გვიწევს ყოფნა. თანადგომა გამოგვიცხადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იუსტიციის სახლის ყოფილი შენობა არ არის მერიის ბალანსზე და ამიტომ სხვის ბალანსზე არსებულ შენობაში ჩვენ ვერ შეგვიშვებდა. ქალაქის მერმა სამი წერილი გააგზავნა იუსტიციის სამინისტროში, შენობის დათმობასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, ამ პრობლემის გამო, საკითხის მოგვარება არ ხერხდება, ბატონი გიორგის დიდი მონდომების მიუხედავად.“
სასახლის კურატორი, მაია ასათიანი გულისწყვეტით გვეუბნება, რომ ტრადიციების მქონე მრავალი ათეული წლის სასახლე ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. „37 წელია, რაც სასახლეში ვმუშაობ და თამამად შემიძლია გითხრათ, ჩვენი სასახლე ყოველთვის ქუხდა — ეს იყო შემოქმედ ბავშვთა მექა. თუკი ვინმე სასახელო ადამიანი ჰყავს დასავლეთიდან ქვეყანას, ყველა ჩვენი აღზრდილია. 22 წლის ასაკში დავიწყე აქ მუშაობა ჰუმანიტარულ-ესთეტიკური განყოფილების ხელმძღვანელად და თავს სასახლის ერთ-ერთ მემატიანედაც მივიჩნევ. გამიჭირდება იმ წარმატებული ადამიანების ჩამოთვლა, რომელიც სასახლემ აღზარდა.
საოცარი ხატვის სკოლა გვქონდა ალექსანდრე ტოგონიძის მეთაურობით, ახლა ამ ტრადიციას ვიტალი კაპანაძე აგრძელებს; ასევე, შეიძლება ვიამაყოთ ქიმიის სკოლით, რომელსაც ალექსანდრე შენგელია ხელმძღვანელობდა და უდიდესი ტრადიციების სკოლა ჩამოაყალიბა: ავიასამოდელო წრე, არტურ არენშილდის ხელმძღვანელობით. აქვე აღვნიშნავ ჭადრაკის კაბინეტის დამსახურებას, რომელმაც საქართველოს არაერთი სახელოვანი მოჭადრაკე აღუზარდა. ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძეა (პედაგოგი — დავით ჩირაძე). სასახლეში დღესაც ტარდება მერაბ მეტრეველის სახელობის ტურნირები. ჩემს მოკრძალებულ თხოვნას ვახმიანებ — რად უნდა სახელმწიფოს ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა — გზების კეთება, სახლების და სასახლეების შენება, თუკი ბავშვისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენი მოსწავლეებისთვის კი სასახლე ისევე საჭიროა, როგორც გზა და სხვა ინფრასტრუქტურა. ეს რომ ასეა, სასახლის ბენეფიციარების რაოდენობის დასახელებაც საკმარისია — 2000 ბავშვი. შეიძლება ითქვას, ეს ქუთაისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ გაუსაძლის პირობებს ჩვენი მიზერული ხელფასიც ემატება — არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ შეურაცხყოფილებიც კი ვართ, ჩვენი ანაზღაურებით. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პედაგოგებს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, სასახლეს ახლაც ენთუზიაზმით სავსე არაჩვეულებრივი პედაგოგები ჰყავს. სხვაგვარად, დამერწმუნეთ, ასეთ ხელფასზე ადამიანი ვერ იმუშავებს.“
სასახლის მოსწავლე რაჟა ლაღაძე ამბობს, რომ აქ მისი მეორე ოჯახია, რადგან მას სასახლეში მაღალი დონის პროფესიონალი პედაგოგები, გულისხმიერი ადამიანები ხვდებიან და, რაც მთავარია: „ამ სივრცეში განათლება მისთვის ხელმისაწვდომია. ის სამ წრეზე დადის და არსად ფულს არ იხდის, რაც მისი ოჯახისთვის დიდი შეღავათია. დასანანია, რომ ამდენი ბავშვი და ასეთი პედაგოგები სრულიად გაუსაძლის პირობებში არიან.“
31-ე საჯარო სკოლის მოსწავლე მონიკა ხურცილავასთვის აღმოჩენა იყო, რომ სასახლეში სწავლა უფასოა. „ვერ წარმომედგინა დამატებით გაკვეთილზე ვინმე უფასოდ თუ დამიჯდებოდა და მამეცადინებდა. მართალია, სასახლე ქალაქის ცენტრიდან ძალიან შორსაა და ტრანსპორტითაც არ ვარ უზრუნველყოფილი, მაგრამ სწავლის სურვილი და პედაგოგთა კეთილგანწყობა კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს,რომ სასახლეში ვიარო. იმედი მაქვს, მომავალი სასწავლო წელი, ამ ყოვლად შეუფერებელ პირობებში არ დაიწყება.“
თუკი ხელისუფლების მხრიდან ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის აღსაზრდელთა ასეთ პირობებში ყოფნა აღქმულია, როგორც მიუღებელი მდგომარეობა, თუკი არაფორმალური განათლება ქვეყნის განათლების სისტემაში განიხილება, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი და პრიორიტეტული მიმართულება, თუკი ქუთაისის მოსახლეობის უმეტესი ოჯახისთვის უფასო სახელოვნებო თუ საგნობრივი წრეების არსებობა ერთ-ერთი გამოსავალია ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ ფონზე, თუკი მერის კეთილი ნება სასახლის სასარგებლოდაა მიმართული, თუკი პედაგოგების უმრავლესობა ანაზღაურებაზე წინ მოსწავლეთა ინტერესებს აყენებს და თუკი დირექტორის ორწლიანი ძალისხმევა პრობლემის მოგვარებას ხმარდება, მაშინ რატომ ვერ გადაწყდა ეს საკითხი სასახლის სასარგებლოდ? ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ღირსეული სასწავლო პირობების გარეშე დარჩენილ 2 000-მდე ბავშვზე? თუ ვთანხმდებით, რომ ყველა გზა ბავშვის ინტერესებზე გადის, მაშინ, ცალსახად, ამ პრობლემის დროულად მოგვარებაც შესაძლებელია. იმედია, როგორც სასახლის მასწავლებელი ამბობს, ხელისუფლება შეძლებს გამოსახლებულ მოსწავლეებს სათანადო ადგილი მიუჩინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვალსა და ხელს შუა გამოეცლება სასახლე, რომელიც ქუთაისელი ბავშვებისათვის არაფორმალური განათლების უალტერნატივო საგანმანათლებლო კერად რჩება.
ლალი ჯელაძე