27 აპრილი, შაბათი, 2024

KIU-ს კიბერუსაფრთხოების სატრენინგო პროგრამის მონაწილე, რომელმაც 66 წლის ასაკში გადაწყვიტა ახალი ცოდნის მიღება

spot_img

ლიანა ჩარკვიანი KIU-ს კიბერუსაფრთხოების სატრენინგო პროგრამის აქტიური მონაწილეა. იგი ა(ა)იპ რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დირექტორია და როგორც თავად ამბობს, სწავლა არასდროსაა გვიან. მეტიც, თვლის, რომ დღევანდელ ციფრულ სამყაროში კიბერრისკების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ცოდნის ფლობა. ამიტომაც გადაწყვიტა KIU-ს „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინგკურსის გავლა.

                                         

                                 ლიანა ჩარკვიანი

საკმაოდ აქტიური და დატვირთული რეჟიმი მაქვს. 66 წლის ასაკში ვსწავლობ დოქტორანტურაში. ჩემი დისერტაცია მედიაგანათლებას ეხება, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ყალბი ინფორმაციის ამოცნობა. ჩავთვალე, რომ კიბერუსაფრთხოების ცოდნა ყალბი ინფორმაციისგან დაცვის პრევენციაა. თან ეს სწორედ ის სიახლეა, რომლის გარეშე ინფორმაციულ ეპოქაში ჩვენი ცხოვრება სახიფათოა. KIU-ს „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინგკურსის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელიდან შევიტყვე და დავრეგისტრირდი. ამ სფეროში ჩემი ცოდნა საგრძნობლად გაიზარდა, რასაც წარმატებით გამოვიყენებ საქმიანობაში. რუსთავის სკოლის უფროსკლასელებისთვის უკვე ჩავატარე ინტერაქტიური ლექცია კიბერუსაფრთხოების თემაზე. პროფორიენტაციის მიზნით, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას გავუწევ კიბერუსაფრთხოების სპეციალობას, რათა ახალგაზრდებმა სამომავლო პროფესიად აირჩიონ“.

კურსის გავლისას, მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიღებასთან ერთად, ქალბატონმა ლიანამ ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო, რაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვნად დაეხმარა საქმიანი და პროფესიული კონტაქტების გაზრდაში.

„დღეს, ციფრულ სამყაროსთან ადაპტაციის პირობებში, ძალიან აქტუალურია ინტერნეტის უსაფრთხოებისა და სარგებლის საკითხების ცოდნა. და რადგან, სწავლა არასდროს არის გვიან, ჩავთვალე, რომ KIU-ს „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინგკურსის გავლა აღნიშნული საკითხების დეფიციტს შემივსებდა. ასეც მოხდა. გარდა ცოდნის მიღებისა, ტრენინგკურსზე გავიცანი არაერთი ახალგაზრდა, რომელთა გვერდით ვგრძნობდი, რომ ასაკი მხოლოდ რიცხვებია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მიღებულ ცოდნას ისევ ახალგაზრდებს გავუზიარებ და სხვა დაინტერესებულ პირებსაც ვასწავლი კიბერთაღლითებისგან თავის დაცვას,“ – განაცხადა ლიანა ჩარკვიანმა

გადამზადების პერიოდში ქალბატონი ლიანა KIU-ს კამპუსში ცხოვრობდა და, ტრენინგის მონაწილეებთან ერთად, საუნივერსიტეტო ქალაქში იღებდა განათლებას. კურსის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცოდნის გამდიდრების მიზნით, სხვა თემატური კურსების გავლასაც გეგმავს.

♦♦♦

შეგახსენებთ, რომ KIU-ს კიბერუსაფრთხოების სასწავლო ცენტრი, 2023 წელს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, USAID-ის მხარდაჭერით დაფუძნდა. KIU-სა და USAID-ს შორის პარტნიორობის მიზანია უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობა და კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება კიბერუსაფრთხოების სექტორში. პროექტის განხორციელებაში KIU-ს ეხმარებიან უცხოელი და ქართველი პარტნიორი ორგანიზაციები და, შედეგად, შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სამი სხვადასხვა დონის მოკლევადიანი კურსი: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი.

პროგრამის ფარგლებში, 320-მა მონაწილემ მიიღო ან გაიღრმავა ცოდნა. ასევე, KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანოს, აკადემიური პარტნიორი.

პროექტი ხორციელდება USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის – „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები