27 აპრილი, შაბათი, 2024

II-IV კლასკომპლექტში ჩატარებული ქართული და ინგლისური ენების ერთი ინტეგრირებული გაკვეთილი

spot_img
რეფლექსია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის II-IV კლასკომპლექტში ჩავატარეთ ქართული და ინგლისური ენების ინტეგრირებული გაკვეთილი. ინტეგრირებული სწავლების ეფექტიანობა სასწავლო პროცესში საკმაოდ მაღალია, რადგან ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს: მოსწავლეები სწავლობენ ერთი თემის/საგნის მეორესთან დაკავშირებას, რაც ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებას, შეძენილი უნარებისა და ცოდნის ტრანსფერს. სწორედ ეს იყო გაკვეთილის მიზანი: ქართულ და ინგლისურ ენებს შორის მსგავსება-განსხვავებების დადგენა, ენებს შორის პარალელების გავლება და საგანთა შორის ინტეგრირება, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობა და მულტილინგვური წიგნიერების გააქტიურება „მარტივიდან რთულისკენ“ სვლით, პრაქტიკულ სიტუაციაში გამოყენება.

პირველ ეტაპზე, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს როგორც ქართული, ასევე ინგლისური ანბანი; მოახერხეს ასოთა კლასიფიცირება (ხმოვანი-თანხმოვანი); აღმოაჩინეს, რომ ხმოვნების რაოდენობა ორივე ენაში ტოლია, ხოლო თანხმოვანი ინგლისურ ენაში ნაკლებია.

მეორე ეტაპზე, მოსწავლეებმა მოიფიქრეს მარცვალი და, ამ მარცვლის გამოყენებით, ორივე ენაზე, შეადგინეს სიტყვები; შემდეგ კი, ამ სიტყვების გამოყენებით, შეადგინეს ქართულ- და ინგლისურენოვანი წინადადებები.

ბოლო ეტაპზე, მოსწავლეებმა, ორივე ენაზე, შექმნეს მცირე ზომის ტექსტი, მათ მიერვე მოფიქრებული სიტყვებისა და წინადადებების გამოყენებით; წარმოადგინეს ტექსტები. მოსწავლეები მუშაობდნენ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ხალისით იყვნენ ჩართული აქტივობებში და კომპლექსური დავალების პირობების შესრულებას კარგად გაართვეს თავი.

გაკვეთილი შეესაბამებოდა ესგ-ს მოთხოვნებს, გათვალისწინებული იყო სამიზნე ცნებები და საფეხურის შედეგები, ქვეცნებები და მკვიდრი წარმოდგენები. დაგეგმილი, მიზნის შესაბამისი აქტივივობები, მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებს, მათ უნარებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. მოსწავლეები უზრუნველყოფილი იყვნენ საჭირო რესურსით.

ვფიქრობთ, ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტურად წარმართვას საგაკვეთილო პროცესში სოლო ტაქსონომიის გამოყენებამ შეუწყო ხელი. ამით ჩვენ, მასწავლებლებმა, შევძელით: გაგვეანალიზებინა მოსწავლეთა პასუხები – რა სირთულეების გადალახვა მოუწიათ, რა არის მათი პროგრესი; მოგვეცა საშუალება, განგვესაზღვრა თითოეული მოსწავლის მზაობის ნატურალური და უახლოესი ზონები. გაკვეთილი პროდუქტიული იყო, რადგან მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შექმნეს პროდუქტი – მცირე ზომის ტექსტი.

აღნიშნული კომპლექსური დავალების შესრულებისას, გააქტიურდა კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, სტრატეგიები (ხერხები), წიგნიერება და მულტილინგვური წიგნიერება.

თამუნა შანავა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

ზაზა შულაია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები