მაია (მანანა) მირცხულავა – თბილისის №82 საჯაროს სკოლის ისტორიის უფროსი მასწავლებელი
…25 თებერვალი
გათენდება ხვალ,
თებერვალო, საქართველოს
გაზაფხული ხარ…
და ასე მასწავლიდნენ სკოლაში მე, არანაირი დაფიქრება, მსჯელობა, ანალიზი და ვზეიმობდით თურმე ასეთ სამწუხარო ამბავს.
გავიდა წლები, გაიზარდნენ თაობები და ქართველთა დამოკიდებულება ამ დღისადმი და საერთოდაც, ამ მოვლენისადმი სრულიად შეიცვალა და …გავიხსენეთ, რომ 1921 წლის 25 თებერვალს „…თბილისს ეხურა თალხი …დუმდა სიონი და დუმდა ხალხი…“, თუმცა ისტორია ფაქტებით გვამცნობს, რომ არც ხალხი დუმდა და არც ეკლესიის მეთაური, მაგრამ ბოლშევიზმმა მაშინ იმძლავრა, იძალადა და ახალფეხადგმული ქართული სახელმწიფოს ჯერ ანექსია მოახდინა და ოკუპაციით დაასრულა.
ასე ვასწავლი ახლა მე; მოსწავლეები მოიძიებენ დამატებით მასალას იმ ეპოქაზე, მსჯელობენ მოცემული დროის მსოფლიო მოვლენებზე, შემდეგ რუსეთზე, როგორც მეზობელ აგერესიულ სახელმწიფოზე, გამოთქვამენ ვარაუდებს, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგოსაც კი. შემდეგში, დისკუსიის დროს, ისეც ხდება, რომ აზრს იცვლიან, ერთიანდებიან და ანალიზის შედეგად გავდივართ სახელმწიფო სტანდარტზე (ისტ.IX.5, ისტ.XII.4).
წარსულის, ამ ავადსახსენებელი 1921 წლის 25 თებერვლის, შემდგომი 70 წლის გახსენება არ გვსიამოვნებს, მაგრამ, როგორც ციცერონი გვასწავლის — ისტორია ცხოვრების მასწავლებელია და სწორედ ამიტომაც განვლილი, თავს გადახდილი შეცდომები უნდა გახდეს მომავალში ასეთივე უსიამოვნებების თავიდან აცილების ხერხის მიგნების მასწავლებელი.
რახან ცხოვრებამ ისტორიის მასწავლებლობის არც თუ ისე მსუბუქი ტვირთი ამკიდა და თან 1992 წლის იანვრიდან, ვალდებულებას ვგრძნობ ჩემი ქვეყნის მომავალ თაობას გადავცე; 1991წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, ისტორიის სახელმძღვანელოების ტექსტები თანდათან იხვეწება და ახლდება მიდგომები მოცემული საკითხის მიმართ (IX-XIIკლ.). ამჟამად არსებულ სახელმძღვანელოებშიც მშრალად გადმოცემული ტექსტია (თუმცა უკეთესი, ვიდრე წინა), რომელსაც ახლავს მცირე დოკუმენტური და ფოტო მასალა. თუმცა, მომავალ წელს ახალ სახელმძღვანელოებს ველოდებით, უნდა ვასწავლოთ საქართველოს ისტორია მსოფლიო ისტორიის ჭრილში, ვიმედოვნებ, გათვალისწინებული იქნება კვლევების დროს მასწავლებლების მიერ გამოთქმული მოსაზრებები თუ რჩევები და კონკურსში გაიმარჯვებს უფრო საინტერესო სამუშაო მასალებით, დავალებებით, საჭირო რუკებით, გაჯერებული სახელმძღვანელო. თუმცა სახელმძღვანელო არაა ერთადერთი რესურსი მოსწავლისთვის ცოდნის მისაღებად, ამისათვის არსებობს სხვადასხვა გზა, მაგალითად, არაფორმალური განათლება. ჩემს მოსწავლეებთან ერთად წლებია ვესწრები იმსა-სთან (საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია, პრეზიდენტი — ნანა ციხისთავი) არსებული „ნორჩ ისტორიკოსთა“ სკოლის მიერ (სულისჩამდგმელი — მანანა შეყილაძე) ჩატარებულ უამრავ ღონისძიებას. ჩემს კოლეგებთან და მათ მოსწავლეებთან ერთად ვეცნობით ოკუპაციის მუზეუმის ექსპონატებს, ვესწრებით ეროვნული არქივის, ხელნაწერთა ინსტიტუტის, ქართული ემიგრაციის, ქართულ-ებრაული მუზეუმის თანამშრომლების მიერ სპეციალურად ჩვენი მოსწავლეებისათვის გამართულ ლექციებს; ოკუპაციის თემაზე ჩატარებულ ღონისძიებათაგან გამოვარჩევდი ეროვნული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში (ეროვნული მუზეუმი პარტნიორი ორგანიზაციაა) და ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ჩატარებულ ღონისძიებებს. ლექციებს ატარებენ ჩვენი სკოლის მეგობრები, გამოჩენილი ქართველი მეცნიერები: ჯაბა სამუშია, ოთარ ჯანელიძე, რუსუდან დაუშვილი, რუსუდან კობახიძე, ნოდარ ბახტაძე სხვები.
წელს, პანდემიიდან გამომდინარე, ეს ცოცხალი ურთიერთობა შეიცვალა და მოსწავლეები ესწრებიან ონლაინ ლექციებს, რომელთა გააზრება შემდგომში მოხდება ონლაინ ან დასწრებით გაკვეთილებზე.
მოსწავლეები სწორედ არაფორმალურ გარემოში, ძალდაუტანებლად, ხშირად ადგილის უქონლობის გამო, კიბის საფეხურებზე ჩამომჯდარნი, იღებენ განათლებას და რაც მთავარია, უჩნდებათ კითხვები, რომელსაც სვამენ და პასუხებსაც იძიებენ, იგებენ, სწავლობენ, თუ როგორ შეხედონ მოვლენებს სხვადასხვა მხრიდან, რომ სწორად შეაფასონ, გააანალიზონ და შემდგომში, როდესაც ქვეყანას დასჭირდება, ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში, არ გაუჭირდეთ გამოსავლის პოვნა, შეძლონ სწორი გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც, თითქოსდა, გამოუვალი მდგომარეობიდან.
სწორედ ისტორიის, წარსულის ცოდნა-გააზრება იძლევა ამის საშუალებას.
მოსწავლეთა ნამუშვრები
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ ნებისმიერი ისტორიული მოვლენის წინაპირობის კარგად შესწავლა-გაანალიზება აძლევთ მოსწავლეებს შემდგომში ამ მოვლენების გარდაუვალობის თუ თავიდან აცილების გაგების შესაძლებლობას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სენსიტიური საკითხების სწავლება-გაანალიზება, რომელიც უკავშირდება ეროვნულობას, იდენტურობას და რახან 1921 წლის 25 თებერვალი სწორედ ასეთია, წლების განმავლობაში, IX-X-XI-XII კლასებში, როგორც ისტორიის ყველა მასწავლებელი, მეც, ამ ისტორიული ფაქტის უკეთ გასააზრებლად, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის სხვა წევრებთან ერთად, ვგეგმავ ოკუპაციისადმი მიძღვნილ კვირეულს, განაწილებული გვაქვს აქტივობები, თუმცა წელს, პანდემიის გამო, ნაწილობრივ შეზღუდულები ვართ. მაგალითად, წელს ვერ დახვდებიან მოსწავლეები თანასკოლელებს სამკერდე ნიშნებით, რომელსაც სპეციალურად ამ დღისთვის, თემატიკის შესაფერისად, მოსწავლეები სახლში ამზადებდნენ, კედლის გაზეთებს ვერ გამოფენენ და ყოველწლიური მოსწავლეთა კონფერენციაც განსხვავებულად, ონლაინ ჩატარდება. მიხარია, რომ ჩემმა მოსწავლეებმა სკოლაში დასწრებითი სწავლის განახლებისთანავე მკითხეს, თუ როგორ ჩავატარებთ წელს ოკუპაციის კვირეულს, ორმა მეთორმეტეკლასელმა — ოთარ მანჯგალაძემ და მარიამ ხუჭუამ — გამომიგზავნა გრაფიკულ დიზაინში ახლად დამზადებული ნამუშევარები, საინტერესო ხედვით. მარიამ ხუჭუა სხვა ნამუშევრითაც მონაწილეობს კონკურსში ამავე თემატიკაზე და პასუხს ელოდება 25 თებერვალს; მეთერთმეტეკლასელი სალომე ლომაია, რომელიც მომავალი მხატვარია, 1921 წლის ოკუპაციის თემაზე თავისი ხელით შექმნილ ანიმაციებს მიგზავნის. რადგან მოსწავლეები ინიციატივას იჩენენ, გამოდის, გასულ წლებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემა კარგად გააანალიზეს, ამაზე მათი ნაშრომების შინაარსობრივი მხარეც მეტყველებს.
გამოცდილება მიჩვენებს, რომ სწავლებისას საჭიროა მრავალმხრივი მიდგომა, მოსწავლე თანდათანობით, მსოფლიოში ზოგადად თუ რუსეთში მიმდინარე პროცესების ანალიზით უნდა მივიყვანოთ 1921 წლის 25 თებერვლის ანექსია-ოკუპაციის, ამ ისტორიული ფაქტის სწორად გაგებამდე. ზოგჯერ მოსწავლეს უჩნდება კითხვა, სად იყო ევროპა ამ უსამართლობის ჟამს, ან უფრო ადრე — რატომ არ მიგვიღეს ერთა ლიგაში, ან საქართველოს ყველა მოქალაქე რატომ არ დადგა ერთად. ყველა ამ და კიდევ სხვა კითხვას პასუხი აქვს — ეს მოხდა, წარსულია და დოკუმენტური წყაროებიდან გამომდინარე უნდა შევხედოთ რეალობას, აგრეთვე, უნდა ავიცილოთ მოგონილი, სასურველი ამბების სინამდვილედ გასაღება, სწორად დავსვათ კითხვები, შევახედოთ ყველა ფაქტს, რომელიც წინ უძღოდა, გავააზრებინოთ საერთაშორისო ვითარება, ყველა ამ ასპექტის გადასახედიდან დავანახოთ მოსწავლეებს შექმნილი რეალობა, აგრეთვე დავეხმაროთ გაიაზრონ, რომ ქვეყნის მოქალაქეებში არის და იქნება ქვეყნის მოწყობის განსხვავებული აზრი, ისტორიული წყაროების გაცნობისას ნახონ, რა ფაქტები მიეცა დავიწყებას და რატომ. ამ ყოველივეს გააზრებით მიიღონ ისტორიული მოვლენა როგორც ფაქტი, როგორც გამოცდილება იმიტომ, რომ შემდგომში, იმავე პროცესების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა როგორც ეროვნულ საკითხებში კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, აგრეთვე მეტი მუშაობა ქვეყნის გარეთ.
ახალგაზრდები უნდა მივიდნენ დასკვნამდე, რომ მომავალი არის განათლებაში, მხოლოდ განათლებით მიიღწევა ეკონომიკური წარმატებები, რაც ერთიანობის აღდგენისთვისაც მეტად მიმზიდველია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხებისთვის. მსოფლიო ამჟამად აღარაა მხოლოდ მაყურებლის როლში და სურს, დახმარება გაგვიწიოს შინაურ საქმეშიც, ამისათვის ჩვენ მხოლოდ ერთი რამ — სახელმწიფოებრივი ხედვა გვჭირდება და კიდევ იმის გაგება, რომ ჩვენი მომავალი განათლებული, შეუპოვარი ახალგაზრდების ხელშია!