4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

საბჭოური ბიუროკრატიზმი მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“

spot_img

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ის ნაწარმოებია, რომელიც მკითხველს გულგრილად არ ტოვებს. მწერალი საინტერესო სიუჟეტის ფონზე ახერხებს აღგვიწეროს XX ს-ის საბჭოთა საქართველოს ზოგადი ვითარება, ხელმძღვანელობასა და ხელქვეითთა შორის ურთიერთობა. მოთხრობაში იკვეთება უამრავი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელმძღვანელი თამაზის (თანამშრომლის) დამცირებას და ხელქვეითიც ჩვეულებრივ ნორმად აღიქვამს ამ ფაქტს. მეტიც, მას ისიც კი უკვირს, რომ კლიმი შეპასუხებას ცდილობს ხელმძღვანელთან. ეს მოწმობს ეპოქის ახალი სტილის მონურ სულისკვეთებას, იმ ეპოქისა, რომელშიც სიტყვის თავისუფლება შეზღუდული იყო და საკუთარი აზრის დაფიქსირება კარგს არაფერს მოასწავებდა. ამრიგად, ეპოქისადმი პროტესტი, თუნდაც შეფარვით გადმოცემული, სამოქალაქო სიმამაცეს წარმოადგენდა. ასევე ხაზგასასმელია, რომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მიუხედავად, მთავრობა და ხელმძღვანელობა ფორმალურად დაინტერესებული იყო პიროვნებებით, რომლებიც არ ჰგავდნენ სხვა რიგით მოქალაქეებს.

დოჩანაშვილის ეს მოთხრობა მოგვითხრობს ლიტერატურაზე, მკითხველზე, თავისუფლებასა და იმ წნეხზე, რომელსაც ნებისმიერ ტოტალიტარულ სახელმწიფოში განიცდიან მოაზროვნე და, განსაკუთრებით, ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანები. მოთხრობა 1973 წელს გამოქვეყნდა. ამ დროს საბჭოთა ცენზურა ისევ ძლიერია. ნაწარმოებში საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა შეიქმნას სულის გადარჩენის ინდივიდუალური სივრცე, რომელსაც შეაფარებს თავს და გაძლიერდება. მწერალი ირონიისა და იუმორის ზღვარზე ისე გვიმბობს საბჭოთა ადამიანის ტრაგიზმის შესახებ, რომ მკითხველი ერთბაშად საშინელებას მთელი სიმძაფრით ვერ გრძნობს, ეს შეგრძნება თანდათან მოდის. მაღალფარდოვანი სიტყვების, ყალბი პათეტიკის მიღმა, ჩვენ წინ გადაიშლება სინამდვილე, რომელსაც აუცილებლად უნდა გადაურჩნენ ვასიკო კეჟერაძე, კლიმი და მათნაირები. საბჭოთა სახელმწიფოს სჭირდებოდა წერა-კითხვის მცოდნე საზოგადოება ერთადერთი მიზნით პროპაგანდისტული ლიტერატურა წაეკითხათ. სწორედ საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩამოსხმული ინტელიგენციის ორ სახეს ვხვდებით მოთხრობაში: ხელმძღვანელი და უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, შემდეგში ჩამოლაბორანტებული თამაზი. ეს ორი პერსონაჟი ტიპური საბჭოთა ინტელიგენციის სახეს წარმოადგენს.

ლიტერატურა მოთხრობაში შეპირისპირებულია სოციოლოგიასთან. იგი, არსებითად, საბჭოთა რეჟიმის იარაღად და იდეოლოგიის გამოხტულებად არის წარმოდგენილი. ის საზოგადოების გაკონტროლების და მართვის საშუალებაა. ტოტალიტარული იდეოლოგიისთვის პიროვნება არ არსებობს, მისთვის ადამიანი უბრალოდ სტატისტიკური ერთეულია, დიდი მანქანის სტანდარტული ჭანჭიკი. ადამიანის თავისუფლების ერთადერთი, ასე თუ ისე, გადარჩენილი სფერო თავისუფალი დრო, ანუ პირადი ცხოვრებაც კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს და ლიტერატურას ამაში გარკვეული ფუნქცია ეკისრება. ავტორიც გვახსენებს, რომ „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“. ლიტერატურასთან ზიარებით ადამიანი თვითონაც შემოქმედი ხდება, ამის გამოხატულებაა ენისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება, ენობრივი თამაშიც, რომელიც უპირისპირდება და ძლევს საბჭოთა ბიუროკრატიას. იყო მკითხველიეს თავისთავად სასწაულია. მკითხველიეს სწორედ ისაა, როდესაც შეგიძლია, ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება“. იყო მკითხველი ეს უზარმაზარი ფუფუნებაა. ტოტალიტარულ ეპოქაში ჩინოვნიკებს არ უყვარდათ წიგნები, უფრო მეტიც წვავდნენ, მაგრამ ავიწყდებოდათ მთავარი, რაც ნათქვამი აქვს ბულგაკოვს რომანში „ოსტატი და მარგარიტა“ „ხელნაწერები არ იწვიან!“ კეჟერაძისნაირებს გადააქვთ ღირებული ნაწარმოებები თაობიდან თაობამდე.

 

ნატალი ბუსკივაძე
სსიპ გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები