4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ადამიანის პროგრესი მოთხრობაში ,,იგი“

spot_img

პირველყოფილი ადამიანები ცხოველებისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ. მათ არ შეეძლოთ ფიქრი, ვერ უყრიდნენ სიტყვებსა და აზრებს თავს, არ იცოდნენ, რა იყო მათი ცხოვრების არსი. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, ადამიანებმა ბევრი რამ შეიმეცნეს ცხოვრების შესახებ და სწორედ ეს პროგრესი არის აღწერილი მოთხრობაში ,,იგი“. ჯემალ ქარჩხაძე იყენებს მხატვრულ სიმბოლოებს, რათა უკეთ დაგვანახოს პიროვნების დაბადებისა და განვითარების რთული გზა. ნაწარმოების მთავარი გმირი დიდი წვალებისა და ტანჯვის ფასად აღმოაჩენს ადამიანის არებობის საიდუმლოს: თავისუფლებასა და სიყვარულს, რაც ღვთის უდიდესი საჩუქარია კაცობრიობისათვის.

მოთხრობაში ,,იგი“ აღწერილია პირველყოფილი, მაიმუნის მსგავსი ადამიანები, რომლებიც ისე იყვნენ მოხრილნი, რომ ხელები მიწაზე დასთრევდათ. მათი სახის გამომეტყველება სრულიად არაფერს გვეუბნებოდა. ტომი იყო განუვითარებელი და ჩაკეტილი. აქ ადამიანები არ მოიზარებოდნენ ცალკეულ ინდივიდებად, პიროვნებას არ შეეძლო ყოფილიყო სხვანაირი. თუმცა, ამ ადამიანებისგან გამოირჩევა ერთი განსხვავებული პიროვნება იგი – ე.ი. „ჩვენგან“ ანუ საზოგადოებისგან განსხვავებული.

იგის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა ძველი ბელადის „დაძინების ქარაფზე“ ასვლა და კვალის დატოვება. ამის შემდეგ მას უჩნდება კითხვები, მის „სხეულში გაკვირვება აწრიალდება“ და ცდილობს ამოხსნას საიდუმლო, რაც გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი ხდება. იგის თანამოძმეებისგან წელში გამართულობა ასხვავებს, რაც მასსა და თემს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცევა. მის სხვებისგან განმასხვავებელ ფიზიკურ ნიშანს ემატება სულიერი მხარეებიც, რომლის დამალვაც ძალზედ რთულია.

ნაწარმოებში კარგადაა ნაჩვენები ბელადის პორტრეტი, მას ისე ხატავს მწერალი, რომ მკითხველმა წარმოიდგინოს მისი არა მხოლოდ გარეგნობა, არამედ შინაგანი ბუნებაც. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ბელადის ძალაუფლება მხოლოდ ძალასა და შიშზეა დამყარებული, მას ინსტიქტები ამოძრავებს და არა გონება. ამიტომაც, იგის ასეთი ფერისცვალება შეუმჩნეველი არ რჩება მისთვის და თითქოს ეშინია, რომ ბელადის ტიტული არავინ ჩამოართვს, რადგან მას ახსოვს თავისი და მამა-ბელადის დაპირისპირება.

იგის პიროვნებად ჩამოყალიბებაში ეხმარება ხორციელი სიამოვნების განცდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის მერე იგის სხეულში ნის, მისი სატრფოს, სახე დამახინჯდა, ამან უდიდესი გარდატეხა მოახდინა მასში. ის მიხვდა იმას, თუ რა განასხვავებდა ხორციელ სიამოვნებასა და ჭეშმარიტ სიყვარულს. მან შეიგრძნო თავისუფლება და დაიწყო ხატვა, ანუ გახდა შემოქმედი. მოთხრობაში ბუნებრივად შემოიჭრება თემა ხელოვნებისა, რომელსაც ადამიანის გათავისუფლება შეუძლია.

საბოლოოდ, „სხვა ჯიშის“ არსება, ანუ იგი, გარიყა ტომმა და მისდამი დამოკიდებულება კიდევ უფრო გამწვავდა, რასაც იგის ,,დიდი დაძინების ქარაფზე“ ასვლის გადაწყვეტილებამდე მივყავართ. იგი წელში გამართული მიაბიჯებს ქარაფისკენ და, უკან მოხედვის დიდი სურვილის მიუხედავად, წინ მიდის, რაც მისი ღირსებების აღიარებაზე მეტყველებს. თავიდან იგისთვის გაუგებარია, როგორია ის კვალი, რომელსაც წვიმა ვერ წაშლის. მერე მიხვდება, რომ წვიმისას დარჩენილი ნატერფალი არ არის ის, რაც ადამიანისაგან რჩება – „იგიმ იცის, რა დარჩება მისგან“.

ნაწარმოების ფინალში კი მწერალი უკვე პირდაპირ გამოკვეთს მთავარ სათქმელს: ,,იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო“. იგისგან დარჩა თავისუფლება, იდეა, რამაც ის პიროვნებად აქცია. მისგან დარჩა იდეა, რომლის ინტელექტუალური. პროგრესული მემკვიდრე ზუც აცნობიერებს თავის ინდივიდუალურ სახეს და წელში გამართული აგრძელებს ცხოვრებას. სწორედ ეს ყველაფერი განასხვავებს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს პირველყოფილისგან. ნაწარმოების წაკითხვის მერე მკითხველს უჩნდება იმის მოლოდინი, რომ ზუ გახდება იგის ღირსეული მემკვიდრე.

ნინო აბჟანდაძე

ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები