23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ოთარაანთ ქვრივის სახე

spot_img

ლიტერატურული სამყარო იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც იგი ხშირად წარმოაჩენს საზოგადოების სახეს. სიტყვიერებაში შეგვიძლია ვიპოვოთ იდეაფიქსად აღიარებული ზეადამიანებიც, რომელთა ნაკლებობას სოციუმი განიცდის.

„თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ იმიტომ, რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თვითოეული თავის კერძს ცხოვრებისას, და კეთილის-მოქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისდაგვარად იღვაწე და იმოქმედე კეთილი – სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა!” _ წერს ილია ჭავჭავაძე.  მართლაც, როგორ მიესადაგება ეს ამონარიდი „ოთარაანთ ქვრივ“’. ძნელია, იყო პირდაპირი ადამიანი. განსაკუთრებით გამოიხატება პირდაპირობის სიძნელე ჩაკეტილ, ქსენოფობ, არატოლერანტ სოციუმში. სოციუმში, რომელშიც აღიარებულია ერთი  აზრი და ის დომინირებს. საზოგადოების დამოკიდებულება როგორია? აქ კიდევ უფრო დიდ დესტრუქციულ გარემოებასთან გვაქვს საქმე. საზოგადოება (უფრო კი – ბრბო) აზრს არ გამოხატავს. ოთარაანთ ქვრივი არღვევს ყველა სტიგმას, სტერეოტიპს. მისთვის მხოლოდ ჭეშმარიტი სამართლიანი შეხედულებები და დამოკიდებულებები არსებობს და არა დოგმატიკური მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ყოველთვის ხდება ბრბოს განსჯის საგანი. მოგეხსენებათ, რომ ბრბოს ფსიქოლოგია გადამგებია. მიუხედავად წინამდებარე აშკარა და გარდუვალი ბრბოსმიერი საფრთხისა, ოთარაანთ ქვრივისთვის ზემოთ აღნიშნული არც ერთ ვითარებაში არ გამხდარა ხელშემშლელი ფაქტორი. ოთარაანთ ქვრივი იყო ქალი განსახიერებული ეტალონისა  და იდეალის, ბუნებრივია, იმ მოცემულობაში, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება. ილიას სურდა იდეალური ადამიანის სახე შეექმნა, რომელიც მისაბაძი გახდებოდა ჩვენთვის, სწორედ ამ მიზნით დაწერა ეს შესანიშნავი ნაწარმოები. ეს ქვრივი არის ის ქალი, რომელიც ყველა თანასოფლელს აკვირვებს თავისი პირდაპირობით, მას იმდენად საზარელ პიროვნებად აღწერდნენ, რომ დედები ბავშვებს ძილის წინ ეუბნებოდნენ, „დაჩუმდი, შე არგასაწყვეტელო, თორემ აგერ ოთარაანთქვრივი მოდისო“. ქვრივის შეხედულებები სხვადასხვა თემაზე განცვიფრებას იწვევს. ის ამბობს : „ფული რა არის? ხელის ჭუჭყია“ . მისთვის ღირსება უფრო ფასობს და უფრო ღირებულ, მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენს, ვიდრე მატერიალური მდგომარეობა. ტრაგიკული ბედის ქალს კარგად აქვს გაცნობიერებული მოქმედების იდეა. მის პერსონაჟში ილიას ბევრი თვისებაც იკვეთება. მწერალი ცდილობს, პერსონაჟის ენით  თავისი სათქმელი მკაფიოდ გამოსახოს. მას სურდა, რომ სწორედ ქვრივისებრ მიგვეცა არავისთვის უფლება ჩაგვრის, არ ვყოფილიყავით განურჩევლად მორჩილები ყველას მიმართ. სამართლიანობის აღდგენის გამო- ერთი ქათამიც კი არ შეარჩინა დიამბეგს. თუ საჭირო გახდებოდა რკინის ქალამანს ჩაიცვამდა, რკინის ჯოხს აიღებდა და ხელმწიფემდე ფეხით ივლიდა. საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად იცოდა, სწორედ ამიტომაც ჰქონდათ ასეთი შიში დედაკაცისა.

სიკეთის კეთება ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ქმედებაა, რაც ადამიანს შეუძლია. ამ მხრივ ოთარაათ ქვრივი გამორჩულია და ყველასგან განსხვავებით, იგი აკეთებს სიკეთეს უანგაროდ. ან ასეც შეიძლება ვთქვათ: მას არ სჭირდება ორი მადლობა – კაცთაგან არ ითხოვს ის ამას, სავარაუდოდ იმის გამო, ღვთისთვის იყოს სათნო. ქვრივი ავტორიტეტული, მაგრამ მოსარიდებელი ადამიანი იყო. ყველაზე მთავარი, რაც მთავარია, ის პირნათელია ქმრისა და შვილის წინაშე.

ქართულ მწერლობაში უფრო მეტად ტრაგიკული ქალის სახე არ მოიძებნება, ვიდრე ოთარაანთ ქვრივია. ავტორმა მისი პორტრეტიც კი არ დაგვიხატა, არც სახელი გვითხრა, მხოლოდ ხასიათის გადმოგვცა. გენეზისის თვალსაზრისით ოთარაანთ ქვრივს თავსაფრიანი დედაკაცი წააგავს (ნიკო ლორთქიფანიძის „თავსაფრიანი დედაკაცი“), მაგრამ მასშტაბურობა დიდად სხვადასხვაა. ოთარაანთ ქვრივი არ გაურბის და არ უჩოქებს ორ დიდ ტრაგედიას, თავსაფრიანმა დედაკაცმა კი, მნიშვნელოვანი ბარიერების დაძლევის მერე, ვერ გაუძლო ორ სიტყვას „საღირალი პატივი“!

მარიამ გრიგალაშვილი

თბილისის 186-ე საჯარო სკოლის XIა კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები