23 ნოემბერი, შაბათი, 2024

აჩრდილი – პარაფრაზი

spot_img

 

„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული.
შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,
ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული. 

 

 

მეცა ვტანჯულვარ, ჰე ბედკრულო, შენის ტანჯვითა,
შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია,
მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა,
შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია.

 

 

წარვლილთა დღეთა შენთა მახსოვს დიდებულება,
ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ -ძლიერი,

შენცა გფენია ქვეყნის მადლი – თავისუფლება,
ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი…

 

 

 

 

და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,
განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,
მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა
და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული.

 

 

ვიდრე ძე შენი არ გაიკვლელვს ზოგადს ცხოვრებას
და, მცნების ნათლით ზეაღზიდულ, ამაღლებული,
ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას,
იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული,

უქმისა დრტვინვით, გულის წვითა მწარე ცრემლს დაღვრის,

მაგრამ არ ირწმენს, წამებული, შენს აღდგენასა
და იგი ცრემლი ურწმენობის, ეჭვის და ტანჯვის
ჰღაღადებს მხოლოდ შისა შენის უძლურებასა.“

 

 

მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთან!.. მე ვარ შენი თანმდევი უკვდავი სული. შენი შვილების სისხლით გული მთლიანად გადაბანილი მაქვს, ამ გულში ვინახავ შენს აწმყოსა და წარსულს.

 

ჰე, ბედკრულო, მეც დავტანჯულვარ შენი ტანჯვით. შენი ცრემლითაც უტირია ჩემს თვალებს, მეც დავუტყვევებივარ შენს ნატვრას წარსულ დღეებზე, შენი აწმყოთი სული და გული მაქვს დაწყლულებული.

 

მახსოვს შენი გარდასული დღეების დიდებულება, ვიცი, რომ ერთ დროს შენც იყავი წარმატებული და ძლიერი. შენც გქონდა მინიჭებული ქვეყნის მთავარი მადლი _ თავისუფლება. ახლა კი ეს ყველაფერი, როგორც მტვერი, ისე გამქრალა.

 

 

დღეს, შენს ძეს (აქ: შთამომავლებს) არც სწამს შენი აღდგენის, მის გულში განწირულობის წყლული  ჩამდგარა. ტანჯვათა გამო, მას დაუკარგავს შენი რწმენა და მიუტოვებიხარ, როგორც დანგრეული ტაძარი.

 

სანამ შენი ძე არ გაკაფავს ცხოვრების გზას და ცოდნის სინათლით ზეაღზიდული და ამაღლებული, ჭკუით არ განჭვრეტს საზოგადო ცხოვრების დენას, იქამდე იქნება იგი უიმედო და შეწუხებული; იქამდე დაღვრის ტყუილუბრალოდ მწარე ცრემლს, შფოთვითა და გულის წვით. შენს ძეს არ სწამს შენი აღდგენის და მისი ურწმუნობის, ეჭვისა და ტანჯვის ცრემლი, შენს უძლურებაზე ღაღადებს მხოლოდ.

 

სესილი ერაგია – ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადასაგანმანათლებლო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები