ქართველი რომანტიკოსების შემოქმედება საკმაოდ რთული გასაგებია. უამრავ მოსწავლეს შეხვდებით, რომლებიც გულწრფელად იტყვიან, რომ მათთვის ქართული რომანტიზმიდან ბევრი რამ რჩება გაუაზრებელი, გაურკვეველი. წარმოდგენილი პარაფრაზი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს: მოსწავლეებმა კარგად გაიგონ და გაიაზრონ, რა წერია ცნობილი რომატიკოსის ლექსში. თანატოლებს ვურჩევ, ორიგინალის წაკითხვის მერე თვალი გაადევნონ მეორე სვეტის ტექსტს. ვეცადე, პარაფრაზირებისას მაქსიმალურად გამომეყენებინა ა. ჭავჭავაძის მიერ გამოყენებული ლექსიკური ერთეულები, რათა შემენარჩუნებინა, ნაწილობრივ მაინც, პოეზიის ხიბლი. ლექსის შინაარსობრივი მხარის გაცნობის მერე კვლავ თუ დავუბრუნდებით ორიგინალს, ბევრად მომგებიანი იქნება, რადგან ეს ნაწარმოები პოეტური ქმნილებაა და არა მხოლოდ შინაარსობრივ-კომპოზიციური ერთიანობა.
გოგჩა, ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი, ოდესმე ზვირთთა აღქაფებით ჰღელავს მრისხანედ; ზოგჯერ, ვით ბროლი გულ-უბრყვილო, წმინდა, უძრავი, თვის შორის ჰხატავს ცისა ლაჟვარდს და მთათა მწვანეთ.
მაგრამ ნაქცევნი მისთა კიდეთ ძაძით მმოსველნი, საგლოვო ნაშთნი შენობათა კვლავ ეროვანთა, სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი და სად დღეს ვჰხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა.
ჭმუნვათა თვისთა მნახველთაცა აზიარებენ უდაბურება, მჩუმარება, არა-რაობა. თვალსა და გულსა კაცისასა სევდით ავსებენ, და უნებლიეთ წარმოდგება ოხვრით ეს გრძნობა: აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი. აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო, აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი; მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!
ესე კამარა ძლივ საცნობო ყოფილ ტაძარად, სად კვლავ მეფენი მოწიწებით იდრეკდნენ მუხლთა, სად ღვთის დიდება მორწმუნეთა ესმოდათ მტკბარად, და ცისა მიმართ გრგვინვიდიან ხმანი ფსალმუნთა, –
დღეს ეს ნაქცევი, სახიერად მაჩრდილობელი, ჰხედავს თვის ქვეშე დამჩოქველად ოდენ პირუტყვთა, ზოგჯერ ნადირთა, ზოგჯერ მხეცთა, და ხან წარმვლელი მუნ შეაფარებს საქონელთა, შორით ზიდულთა!
ეს გროვა ქვათა სახე შლილის ოთხკუთხედისა ადგილ არს, სადა სავაჭრონი მდიდრად წყობილან; სომეხნი, მხნენი ხელოვანნი მომგებლობისა, პირსა ქვეყნისას ამა საქმით ადრივ ცნობილან.
მაშინ მათ შორის ხშირ ყოფილა ქურურთა მქონე არა-თუ ვერცხლით, ნდობითაცა ყოვლად მდიდარნი.
აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე; მათთა განთქმულთა შეძლებათა წარშლიან კვალნი!
მიხედე ამა ვრცელსა ვაკეს ქვა-ყრილსა ბნელად, კვლავ ასპარეზსა, სად ჰქონიათ ტაიჭთა სრბოლა, ჩოგნით ტაცება ჭაბუკ-მხედართ გამოსაცდელად, შუბთა ტრიალი, ჯირითთ ტყორცნა და ისართ სროლა.
ერთგზის ესეცა ქვანი შავნი, დღეს დახავსილნი, ურთიერთთანა კავშირობით ამაღლებულან; მკუთვნელნი მათნი, ბედნიერნი და კმაყოფილნი, ოდესმე მათში განცხრომილან და განშვებულან.
აქაცა მჯდარა ძალი მაღალს ტახტსა ამაყად, წყალობათა და რისხვის ფრქვევით მმართველი ერთა; აქაც უღრღნიათ შურსა, მტრობას გულები ხარბად; ტრფიალნი აქაც შემსჭვალვიან კვლავ ერთმანერთთა.
რავდენთ ბანოვანთ შვენებანი ახლად მშლილობნი ჭავლის სიწმინდეს მიუზიდავს ნაპირს ამ ტბისას; ვარდნი, ზამბახნი და მიხაკნი, და გიშრის მწყობრნი რავდენგზის ტურფად გარდუღია სარკესა წყლისას.
რავდენგზის მთვარეს, თავ-მომწონეს მათთან შთახედვით, უგრძნვია თვისი ჩაგრულ-ყოფა და მოღრუბლვილა! მაგრამ რა?!. დროსა მსრველის ცელით, ყოვლთა წარწყმედით, ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათებრ მოსთვლილა!.
|
ვრცელი ტბა, გოგჩა, როცა ზვირთებს მრისხანედ ააქაფებს, ხმით ჰგავს ზღვას. ზოგჯერ ის, ბროლივით გულუბრყვილო, წმინდა, უძრავი, აირეკლავს ცის სილაჟვარდესა და მთების სიმწვანეს.
სამგლოვიარო სამოსით (ძაძით) შემოსილი ტბის კიდეებზე საერო შენობათა ნაშთებია. აქ ოდესღაც დიდებული ქალაქები ყვაოდა, მათ ადგილზე ახლა მხოლოდ ბუებია და ნანგრევებია.
უდაბურება, სიჩუმე და არარაობა მნახველებსაც უზიარებენ თავიანთ ჭმუნვას. ადამიანის თვალსა და გულს სევდით ავსებენ და უნებლიედ წარმოიქმნება ასეთი გრძნობა: აი, დიდებული სასახლეების ნანგრევები. აი, ჩინებული ქალაქების აუცილებელი ხვედრი. აი, ჩვენი მომავლის სურათიც! მხოლოდ ახლანდელობაზე რატომ მიჯაჭვულხარ, დაბრმავებული!
ძლივს გასარჩევი ეს კამარა ყოფილი ტაძარია. მასში მეფეები მოწიწებით იდრეკდნენ მუხლს. იქ ღვთის დიდება მორწმუნეებს ტკბილად ესმოდათ და ზეცის მიმართ გრგვინავდა ხმა ფსალმუნისა.
დღეს ეს ნანგრევი, საჩრდილობლად რომ ქცეულა, უყურებს თავის შიგნით მხოლოდ პირუტყვს, ზოგჯერ ნადირ-მხეცებსა და გზად გამვლელების მიერ შეფარებულ, შორიდან მოზიდულ საქონელს.
ოთხკუთხედად დაშლილი ეს ქვათა გროვა ის ადგილია, სადაც სავაჭრო მდიდრული საქონელი ეწყო; სომხები, მომგებლობის ოსტატები, ამ საქმით ადრიდანვე იყვნენ ცნობილნი.
მათ შორის ბევრი ყოფილა არა მარტო ვერცხლით მდიდარნი, არამედ ნდობითაც.
დღეს ეს ყველაფერი მტვრადაა ქცეული. სახელგანთქმულთა შეძლების კვალიც გამქრალია.
შეხედე ახ ვრცელ ქვაყრილ ვაკეს, ასპარეზი რომ იყო და მასზე ტაიჭები დარბოდნენ, ჭაბუკი მხედრები გამოიცდებოდნენ ჩოგნით ტაცებაში, შუბთა ტრიალში, ჯირითის ტყორცნასა და ისრის სროლაში.
ერთ დროს ეს შავი, დახავსებული ქვები, ერთმანეთთან დაკავშირებით იყო ამაღლებული (აგებული იყო შენობები). მათი მკუთვნელები იყვნენ ბედნიერები და კმაყოფილნი. ისინი განცხრომითა და შვებით ცხოვრობდნენ აქ.
აქაც ყოფილა ტახტზე მჯდომი ძალაუფალი, წყალობისა და რისხვის ხალხზე მფრქვეველი. აქაც ყოფილა გულების ხარბად მღრღნელი შური და მტრობა, ყოფილა ტრფიალებით გამსჭვალვაც.
რამდენი ახალგაზრდა მშვენიერი ბანოვანი მიუზიდავს ამ ტბის ნაპირებს. ვარდი, ზამბახი, მიხაკი და გიშერი (მეტაფორებია ბანოვანთა სილამაზის აღმნიშვნელი) აუსარკავს წყალს.
თავმომწონე მთვარეს ბევრჯერ ჩაუხედავს ტბაში, დაჩაგრულად უგრძვნია თავი და ღრუბლით შებურულა. მაგრამ რა? დროს, ყოველივეს მომცელავს, ყოველივეს წარმწყმედელს, ყველა მშვენიერება გაუნადგურებია. |
ნატალი ამირანაშვილი – სსიპ ხონის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე