„ვეფხისტყაოსნის“ ავტორს სათქმელის გადმოსაცემად უამრავი ხერხი აქვს გამოყენებული. საბოლოო ჯამში, რუსთაველის მიერ გამოყენებული ნებისმიერი ხერხი ემსახურება ნაწარმოების სრულფასოვნად წარმოჩენას. ტროპულ-მეტაფორული კალეიდოსკოპი, ფილოსოფიური წიაღსვლები, კომპოზიცია, კონტექსტი, გრამატიკული წყობა და არაერთი ნიუანსი ენობრივ-გამომსახველობით მაღალ თამასას ქმნის. ფაქტია, რომ ეს თამასა არის რუსთაველისეული და განუმეორებელი.
გთავაზობთ 81-ე სტროფის ანალიზს, რომელიც კიდევ ერთი დადასტურებაა რუსთაველის სახელოვნებო პროფესიონალიზმისა.
„ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია,
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:
არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია,
თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია”.
ამ სტროფის მთქმელი პოემაში როსტევან მეფის მონები არიან. ორასი მონადირებულ ცხოველთაგან 110 ავთანდილის ანგარიშზეა, ხოლო როსტევანისგან მოისრა 90. აქვეა ერთი მნიშვნელოვანი პასაჟიც: ავთანდილის გასროლილი ისრები ყველა მიზანს აღწევს, როსტევანისა კი მიწითა დასვრილი დაგვიხოციაო, – ამბობენ მონები. ეს უკვე ავთანდილის უპირატესობის დემონსტრირებაა.
როგორც პოემაშია ნაჩვენები, ეს უპირატესობა როსტევანს ახარებს. ზოგადად, როსტევანი „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა შორის გამორჩეულად კოლორიტული და ჰუმანური სახეა, თუმცა, ამ კონკრეტული სტროფის გამორჩეულობა ისაა, რომ ავტორმა მათემატიკური ამოცანა გამოიყენა მიზნის მისაღწევად. ასევე, ძალიან მნიშვნელოანია ორი სიტყვის „თამაშით“ მიღწეული გარითმვა: დაუხოცია-დაგვიხოცია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ზმნა-შემასმენელს ერთი ძირი აქვს, შინაარსობრივი სხვაობა დიდია. პირველი აღნიშნავს ცხოველთა სიცოცხლის მოსპობას, მეორე კი – ისრების გაწმენდას მიწისგან. ამ სიტყვათა წყვილი დაქტილური რითმის კლასიკურ ნიმუშს წარმოგვიდგენს.
საბა დეკანოიძე – გორისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე