9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

2023 წლის გამოცდები დასრულდა

spot_img

75 000-მდე გამოსაცდელის სამსახურში, წელს, 24 საგამოცდო ცენტრის 3 500-მდე თანამშრომელი იყო ჩართული, მათ შორის ის ახალგაზრდებიც, რომლებიც რამდენიმე წლის წინ თავად იყვნენ აბიტურიენტები. ისინი 2023 წლის გამოსაცდელების ყველაზე დიდი გულშემატკივრები იყვნენ.

წლევანდელი გამოცდები შეუფერხებლად, ყველა წესის დაცვითა და გამოსაცდელებისათვის კომფორტულ გარემოში თითოეულის დიდი შრომითა და ძალისხმევით ჩატარდა.

⇑⇓ საგნის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე, საგამოცდო ცენტრებს პატარებიც სტუმრობდნენ. სანამ მათი დედიკოები გამოცდას აბარებდნენ, ბავშვებზე, საგამოცდო ცენტრის ეზოში, მამები და ცენტრის თანამშრომლები ზრუნავდნენ.

ცენტრის კოორდინატორების დახმარებით, დედები საგამოცდო სექტორებს, მცირე ხნით, ტოვებდნენ, ჩვილების გამოსაკვებად და შემდეგ კვლავ აგრძელებდნენ ტესტზე მუშაობა.

 

 

⇑⇓ საგამოცდო ცენტრების თანამშრომლები, პოზიტიური განწყობის შექმნას მცირე დეტალებითაც ცდილობდნენ, მაგალითად, სამოსის ფერით. „ერთ-ერთ საგამოცდო დღეს სამსახურში მისვლისას სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ 5 თანამშრომელს ერთნაირი ფერის – ყვითელი სამოსი გვეცვა. თითოეულმა აღვნიშნეთ, რომ ლამაზად ჩანდა, ყველასაგან განსხვავებული ვიყავით. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ყველანი, მათ შორის, რეგისტრატორები და ადმინისტრაციის წევრებიც ყოველდღე ერთ ფერში გამოვწყობილიყავით.

ფერს შემთხვევითობის პრინციპით ვარჩევთ ხოლმე. იმ სამოსს ვიცვამთ მომდევნო დღეს, რომელი ფერიც ჩვენი გათამაშებით ამოდის. ტრადიციად ვაქციეთ დღის ბოლოს საერთო ფოტოს გადაღებაც. ამგვარი პატარა დეტალებით ვიქმნით და სხვებსაც ვუქმნით პოზიტიურ განწყობას,“ – 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი სოფიკო დავითაია.

⇑⇓ აბიტურიენტთა განწყობაზე არც უამინდობა უმოქმედია, რადგან მათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ზრუნავდნენ და საგამოცდო ცენტრამდე ქოლგებით აცილებდნენ. ეს კადრი 21 ივლისს დღის ფოტოდ იქცა.

 

 

 

 

⇑⇓ ცენტრის თანამშრომლები მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვისთვისაც პოულობდნენ დროს, ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის ეზოს მკვიდრს, მიუსაფარ ლეკვს სახელიც შეარქვეს – „ნამცეცა“ და ახალი პატრონიც გამოუჩნდა – ლუარა ლატარია „ნამცეცას“ გამოცდის ჩაბარების შემდეგ ცენტრის ეზოში შეხვდა. რეგისტრატორისგან მის შესახებ უფრო მეტი შეიტყო და სახლში შეკედლებულ 4 ძაღლთან ერთად „ნამცეცაზე“ ზრუნვის სურვილი გამოთქვა.

დასრულდა გამოცდები 2023, თავისი პატარ-პატარა ისტორიებით…

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები